რატომ დაიკარგა დედმამიშვილებს შორის კავშირი და ვის ეძებს ავადმყოფი დედა მარნეულის სოფელ თამარისიდან უკრაინაში
47 წლის სვეტლანა გარეგინის ასული ოგანიანი და 74 წლის ამალია ოგანიანი ეძებენ 46 წლის სეირან გარეგინის ძე ოგანიანს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას: 46 წლის სეირან გარეგინის ძე ოგანიანს. ჩემი ძმა 2001 წლიდან ცხოვრობს უკრაინაში. უკვე თორმეტი წელია, რაც ის სამუშაოდ უკრაინაში წავიდა. სამწუხაროდ, მასთან მხოლოდ ტელეფონით გვქონდა კავშირი, ისიც ერთხელ – ახალი ჩასული რომ იყო, დაგვირეკა. ყველაფერი ვცადეთ, რომ მას დავკავშირებოდით, მაგრამ უშედეგოდ. ძველ მისამართზე ჩვენ მას ვერ ვუკავშირდებით და თქვენი დიდი იმედი გვაქვს. იქნებ, თქვენ მაინც დაგვეხმაროთ სეირანის პოვნაში.
– როგორ დაიკარგა თქვენ შორის კავშირი და აქამდე თუ ეძებდით ძმას?
– ჩემი ძმა 12 წლის წინ წავიდა უკრაინაში, ქალაქ ახტირკაში. ჩვენ მისი ბოლო მისამართი გვაქვს, რომელზეც ვერ ვუკავშირდებით, ვურეკავდით ტელეფონზე, მაგრამ გვპასუხობდნენ, რომ ის იქ აღარ ცხოვრობს. სეირანმა მხოლოდ ერთხელ დაგვირეკა და გვითხრა, რომ მუშაობა დაიწყო (ფეხსაცმელების კერვით იყო დაკავებული), ასევე, შეგვპირდა, როცა საშუალება ექნებოდა, მაშინ დაგვირეკავდა, მაგრამ, მას შემდეგ აღარ დაურეკავს. სავარაუდოდ, ჩემმა ძმამ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და ამის გამო მასთან კავშირიც შეწყდა. სამწუხაროდ, ჩვენ უკრაინაში, ქალაქ ახტირკაში, არავინ გვყავს, რომ გვეთხოვა ძველ მისამართზე მისვლა და ადგილზე გარკვევა, თუ სად გადავიდა საცხოვრებლად სეირანი. მისი პოვნა ძალიან გვინდა, საქმე ისაა, რომ დედაჩვენი ავადმყოფობს და ძალიან განიცდის შვილთან კავშირის შეწყვეტას.
– ამბობთ, რომ თავად მასაც არ უცდია ამდენი ხნის განმავლობაში თქვენთან დაკავშირება. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
– ნამდვილად ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემმა ძმამ არც ერთხელ არ დაგვირეკა, მაგრამ, მან ხომ არ იცის, რომ დედა ცუდადაა. ძალიან მინდა, როგორმე ხმა მივაწვდინო. აქამდე მე არ ვიცოდი თქვენი რუბრიკის არსებობის შესახებ, თორემ, დიდი ხნის წინ მოგმართავდით. თქვენ შესახებ მითხრა დედაჩემის მეგობარმა, მერი გამსახურდიამ. მერიკო ბებია ამჟამად 75 წლისააა, ის ამ საქმეში ძალიან გვგულშემატკივრობს და გვერდში გვიდგას. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ლაპარტყავას, რომელიც ასევე გვეხმარება. დედაჩემი სულ ტირის და განიცდის, სულ იმას დარდობს, როგორაა მისი შვილი. მერიკო ბებიას (რომელიც ჩვენი მეზობელია) ჩვენზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ უნდა სეირანის პოვნა. ის ძალიან გულისხმიერი ადამიანია.
– სეირანი თქვენი ერთადერთი დედმამიშვილია თუ კიდევ გყავთ დები ან ძმები?
– დიახ, სეირანი ჩემი ერთადერთი დედმამიშვილია. მე ის ძალიან მიყვარს. როგორც გითხარით, დედასაც ძალიან ენატრება თავისი შვილი და ძალიან დიდი სურვილი აქვს, ნახოს. თუკი, ღმერთმა ქნას და, მას იპოვის, დარწმუნებული ვარ, ის ახლო მომავალში ჩამოვა და ინახულებს დედას. ჩვენ არ ვკარგავთ მისი პოვნის იმედს და თქვენი გვჯერა – ვიცით, რომ ბევრ ადამიანს დაეხმარეთ. იქნებ, ჩვენი ისტორიაც კარგად დასრულდეს და დედაჩემმაც ამ სიბერის დროს გაიხაროს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.