როგორ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა კობა დავითაშვილი ცოლთან
არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც და ახლაც, როცა უმრავლესობამ ფართოდ გააღო მათთვის პარლამენტის კარი, არ დაღლილან ოპონენტების ქილიკით. მეტიც, მწვავე გამოსვლებითა და მწარე-მწარე ფრაზებით დაგვამახსოვრეს თავი. ერთ-ერთი მათგანი კობა დავითაშვილია, რომელსაც ამის გამო ხან დურბინდი და ტყვიის რეზინები ხვდება თავში, ხან თვალჩალურჯებულს ვხედავთ, ხანაც ჭიქის ნამსხვრევები დაფრინავს მის ცხვირწინ. მოკლედ, ჩვენი რუბრიკა „ცოლის თვალით” „ქარიშხალი ოლეგას” მეორე ნახევარს – ინგა ბიწაძეს შეხვდა, რომელიც ცოლის პოზიციიდან ახასიათებს ცნობილ პოლიტიკოსს.
– ინგა, როგორ აფასებთ ქმრის საჯარო გამოსვლებს?
– ყველა საქმეს გვერდზე გადავდებ და ვუყურებ კობას გამოსვლებს. ვცდილობ, ობიექტური ვიყო. არ მიყვარს რაღაც-რაღაცეებზე თვალების დახუჭვა.
– ეს კარგია, მაგრამ, ქართველ კაცებს, როგორც წესი, არ უყვართ, ქალი რომ რჩევებს იძლევა, თავის აზრს გამოთქვამს. კობა როგორ რეაგირებს თქვენს სიტყვებზე?
– თუ რაღაც არ მომეწონა, აუცილებლად ვეტყვი, თავს არ შევიკავებ. თვითონაც მეკითხება – რა მომეწონა, რა არ მომეწონა. მტკივნეულად განიცდის ყველანაირ შენიშვნას, არ მოსწონს კრიტიკა, მაგრამ, რომ არ ვუთხრა, ასეც არ შემიძლია.
– სერგო რატიანთან პირდაპირ ეთერში ჩხუბმა როგორ იმოქმედა თქვენზე? ალბათ, გულში ფიქრობდით: მოხვალ სახლში, კობა ბატონო...
– თავიდანვე იგრძნობოდა დაძაბულობა, ისე ნერვიულად ათამაშებდა სერგო რატიანი იმ ჭიქას, მივხვდი, აუცილებლად ისროდა და კობას ტელეფონით მივწერე, ძალიან გთხოვ, თავი შეიკავე-მეთქი. რა თქმა უნდა, ჩემი ესემესი არ წაიკითხა. იმედი მქონდა, სარეკლამო შესვენებაზე მაინც წაიკითხავდა, მაგრამ, არა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წუთით დავაპაუზე და ბავშვებს მივაქციე ყურადღება – პატარა რომ მყავს, სულ კუდში დევნა უნდა, რამე არ გააფუჭოს და, ეს დაპაუზებული გამომეპარა. ატყდა მობილურზე და სახლის ტელეფონზე რეკვა: უყურე, შენმა ქმარმა და რატიანმა პირდაპირ ეთერში როგორ დასცხეს ერთმანეთსო?! ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდნენ. მერე, რომ ვნახე რასაკვირველია, ნერვები მომეშალა, უემოციოდ ვერ ვუყურე. მას რომ ურტყამენ, მეც მხვდება. ერთხელ ასე დებატებში იჯდა ერთ-ერთ არხზე, მოვიდა სახლში და მეც ისე, გულუბრყვილოდ ვუთხარი რაღაც. ისეთი რეაგირება ჰქონდა, გადაირია – ისინი არ მეყოფოდნენ, ახლა კიდევ შენ დამემატე მესამეო. მეუბნება – ჩემი მოუსყიდველი მართლმსაჯული ხარ, ვერაფრით ვერ მოგისყიდეო.
– თქვენ რატომ ნერვიულობთ, ხომ იცით, კობა ის კაცი არ არის, ვინმეს თავი დააჩაგვრინოს. მშვენივრად იქნევდა ხელებს.
– ეს ყოველთვის ტელევიზიით ხდება და ისეთი იმიჯი აქვს, თითქოს კონფლიქტური ადამიანია, მაგრამ, სულაც არ არის ასეთი. თუმცა, პრინციპულია, არაფრით დაიხევს უკან. აი, ამასთან დაკავშირებით გიამბობთ ახლა: 15 წელი ვმუშაობდი ჯანდაცვის კომიტეტში და მაგის გამო წამოვედი სამსახურიდან, იმიტომ, რომ კობა ჩვენს კომიტეტში აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილედ. მოვიდა და მეუბნება – უარი ვთქვი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე, ხმალაძესთან ვიქნები კომიტეტში და ეს შენ გამო გავაკეთეო. ძალიან მესიამოვნა – ვიფიქრე, ღმერთო, რა ბედნიერებაა, ცხოვრებაში პირველად ამ კაცმა ჩემთვის რაღაც დათმო-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ მაინც გადაწყდა მისი მოადგილეობა. ასე, რომ, ტყუილად მიხაროდა.
– წეღან თქვით, რაც ეთერში მოხდა ამას წინდაწინ ვგრძნობდიო. ყოველთვის გაქვთ ასეთი განცდა?
– 7 ნოემბერს მქონდა წინათგრძნობა, კინაღამ მოვკვდი იმ დღეს, მთელი გულ-მუცელი მეწვოდა, ლუკმა ვერ ჩავიდე პირში.
– არ ნანობთ, რომ ქმრის გამო რაღაც-რაღაცეებზე უარი თქვით?
– არ ვნანობ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ვინერვიულე, მაგრამ, მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ძნელი იქნებოდა ქუთაისში მუშაობა. ბავშვებიც არ წამოვიდოდნენ, სკოლას და გარემოს არ შეიცვლიდნენ. ჩემთვის ისედაც ძნელია კობას იქ ყოფნა, ვნერვიულობ ამხელა გზაზე რომ მიდი-მოდის, ჩანთა მუდმივად ამოულაგებელი უდევს საწოლთან. რეგლამენტით შეზღუდული აქვთ კომიტეტების სხდომები, ხუთ დღეში უნდა მოასწრონ, არაადამიანურ პირობებში მუშაობენ – უჰაერობაში. კონდიციონერები კი არის, მაგრამ, ფანჯრები არ არის.
– როცა ოჯახში აქტიური პოლიტიკოსი გყავს, ძნელია, იცხოვრო მშვიდად და ეს, თავისთავად, დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. ორივე იურისტები ხართ. არ გიცდიათ, ქმარი ნელ-ნელა ჩამოგეშორებინათ პოლიტიკისთვის?
– არ ვიცი, ცუდია ეს თუ კარგი, მაგრამ, საერთოდ არ არის დამთმობი. ხომ შეიძლება, რაღაც მომენტში დათმო ადამიანმა, ყოველთვის არ იყო ბრძოლის წინა ხაზზე?! მაგრამ, არა, ბუნებით არის ასეთი, არ შეიცვლება და აზრიც არ აქვს ამაზე ლაპარაკს. ჩვენ არ გვიცხოვრია საქვეყნო პრობლემების გარეშე. ჩვენ არ ვართ ისეთი ცოლ-ქმარი, რომ მხოლოდ ჩვენთვის გვეცხოვრა; რომ, აი, ახლა კობა შემოვა, თავის პრობლემებს დატოვებს კარს იქით და ვიქნებით მშვიდად, გუგულებივით. ეს ცხრა წელიწადი კობა არის საშინელ დეპრესიაში.
– გარეთ ვიცით, როგორიცაა. ახლა ის გვითხარით, შინ როგორია.
– როგორიც გარეთ არის, ისეთია სახლშიც, არაფერი განსხვავება არაა. მოუწესრიგებელი არ არის, თავის ნივთებს უვლის. სახლში რომ შემოვა, გამოიცვლის ტანსაცმელს და ლამაზად, კოხტად გადაკიდებს; არსად არაფერი არ რჩება – როცა ჩამოდის, ყველაფერი უკლებლივ ჩამოაქვს, წესრიგი უყვარს. მართალია, თვითონ ამას არ აკეთებს, მისი მოწესრიგება მე მევალება, მაგრამ, უყვარს წესრიგი. სახლში არაფერში არ ერევა, ბავშვებთან როგორც თანატოლი, ისეა. არანაირ შენიშვნას არ ეუბნება, თავისუფლებას აძლევს, ყველგან უშვებს, ყველაფერს უსრულებს. თუ დასვენება უნდა, თავის ყურსასმენებს გაიკეთებს, მუსიკას უსმენს ან წიგნებს კითხულობს და ხმაურიც აღარ ესმის. ბავშვებმაც იციან, რომ მამა ისვენებს და არავინ გააღვიძებს. სახლში, ერთადერთი, შეიძლება, იმაზე გაბრაზდეს თუ მის კომპიუტერთან ვინმე დაჯდა. ტექნიკას რაც შეეხება, ვერ იტანს, როცა რაღაც უფუჭდება, თუ პატარა ხარვეზი აქვს, სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს. ყველას აუწყობს, დაულაგებს თავ-თავის ადგილზე.
– რომანტიკული თუ არის-მეთქი, მინდოდა, მეკითხა, მაგრამ...
– თუ ქვეყანაში კარგად არის საქმე, მაშინ ძალიან რომანტიკულია. საჩუქარსაც მოგიტანს, ერთ-ორ თბილ სიტყვასაც გეტყვის, მაგრამ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ვეხუმრები ხოლმე: ბიძინა გაახარა ღმერთმა, ქმარი დამიბრუნა, თორემ, ეგ რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, საერთოდ რა გვეშველებოდა-მეთქი. ამიტომ, მინდა, ბიძინას მადლობა გადავუხადო. მართლა ძალიან დეპრესიული იყო, ამის შემდეგ გამოვიდა მდგომარეობიდან, თორემ, არაფერი აღარ უხაროდა. 2007 წლის შემდეგ უფრო და უფრო დამძიმდა, ძალიან შეიცვალა, მერე მეხუთე ბავშვი შეგვეძინა – ანდრია და ბავშვის დაბადების სიხარულიც ვერ შევიგრძენით აგვისტოს ომის გამო, ჩემი შვილი თუ იყო, ვერც კი ვგრძნობდი, ისე ცუდად ვიყავი.
– ფინანსურად რთული პერიოდები თუ გქონიათ?
– კი, გვქონდა რთული პერიოდი. როდის, იცით? კობა რომ საკრებულოს წევრი იყო და აქციები იმართებოდა პარლამენტის წინ. გახსოვთ, ალბათ, მაშინ დასაჯეს, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი, რამდენიმე თვე ხელფასი არ მისცეს და ეს ძალიან ძნელი იყო, მხოლოდ ჩემს ხელფასზე ვცხოვრობდით. მშივრები არ ვიყავით, თორემ, დანარჩენი ყველაფერი აკლდათ ბავშვებს.
– ახლა, კობას რომ ჩაუსაფრდნენ სახლთან მოსაკლავად, იმაზე გადავიდეთ. გაარკვიეთ, ვინ იყო და, ბოლოს და ბოლოს, რა უნდოდა?
– ის ბიჭი ერთი თვე უთვალთვალებდა, მაგრამ, იმ პერიოდში ისე მოხდა, რომ კობას მანქანა გაუფუჭდა – უკნიდან დაეჯახა ვიღაც და ერთი თვე იყო პროფილაქტიკაში. ამიტომ, ყოველთვის ვიღაცას მოჰყავდა და მიჰყავდა – მოკლედ, ვერ დაიმარტოხელა მკვლელმა. გამოძიებამ დაადგინა ყველაფერი. მის ნივთებში კობას სურათი და ბილაინის ნომრები იპოვეს. როგორ იყო იცით? მეზობლები რომ გაეკიდნენ, მაშინ დაუცვივდა ეზოში ნივთები და, აი, მაშინ დაჭრა მეზობლის ბიჭი. თავიდან მეზობლის ქალს აედევნა რამდენჯერმე – მანქანით დადის და ის ეგონა დეპუტატის ცოლი – აბა, ჩემზე რას იფიქრებდნენ; მერე დაიწყეს კობას დევნა, მაგრამ, კობა ვერ ხვდებოდა ამას. ის კაცი მეზობლებმა შეამჩნიეს; ერთი ამერიკაში მიდიოდა ბინას ყიდდა; მეორეს რაღაც პრობლემები ჰქონდა და ყველამ თავის თავზე გაიფიქრა – რატომ მითვალთვალებს, რა უნდაო. ეს ბიჭი იყო ჩრდილოკავკასიელი, მამასთან ერთად ცხოვრობდა ორჯონიკიძეში და დედა და და ჰყავდა რუსთავში. ვანო მერაბიშვილს წამოსცდა – სამწუხაროდ, ქილერმა თავისი საქმე ვერ შეასრულაო. ის კი არ თქვა – საბედნიეროდო, სამწუხაროდო. ფსიქოლოგიური მომენტია: რასაც ფიქრობს ადამიანი, იმას ამბობს. ამ ამბიდან კიდევ ორი დღე იყო ის ბიჭი საქართველოში, ტელეფონის ნომრები იცოდნენ, იმ მანქანის ნომრები, რომლითაც მოძრაობდა, მშობლები სად ცხოვრობდნენ და მაინც ვერ დაიჭირეს. სახლში ორჯერ დარეკა – კობა რომელ საათზე გადის სახლიდანო. ვინ ბრძანდებით, ასე ადრიანად რომ რეკავთ-მეთქი. მეგობარი ვარო. მერე, თუ მეგობარი ხართ, არ უნდა იცოდეთ, როდის მიდის და მოდის-მეთქი? სასწაულებრივად გადარჩა კობა.
– არ ეუბნებით ხოლმე, რომ ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს და თავი უნდა შეიკავოს?
– კი, ვეუბნები. სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცი, რა არის სწორი და რა – არა. მაგრამ, თუ რაღაც დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს, ჰაერზე არაფერს იტყვის. უკვე კარგად ვიცი, რა ადამიანიც არის – არ შეუძლია ტყუილები, სადაც საჭიროა ამის გაკეთება იქაც კი არ შეუძლია.
– რას გულისხმობთ?
– არც ჩემთან ეხერხება ტყუილის თქმა. ზოგჯერ ხომ სიმართლეს ტყუილი გირჩევნია და, ხანდახან ვეუბნები: მომატყუე, რა მოხდება, ნუ მანერვიულებ-მეთქი, მაგრამ, არ შეუძლია.
– ეჭვიანი რომელი ხართ?
– თვითონ არ არის ეჭვიანი, მე კიდევ მაგის დროც აღარ მაქვს, ისე ვარ დატვირთული. თუმცა, ცოტა ეჭვიანობა, რატომაც არა, კარგია.
– ქმარზე ოდესმე გაგიგიათ რამე „ისეთი“?
– ყოველთვის ვიცოდი როცა ეგეთი რაღაც ხდებოდა. არც ის ადამიანი ვარ, „გავატარო“ – თუმცა, ისეთი სერიოზულიც არაფერი ყოფილა. მაგრამ, როცა ყოფილა, ყოველთვის თვითონვე უთქვამს. არ მინდა, მე ცოლი მერქვას და ის სხვა ქალთან პოულობდეს სითბოს. თუ სხვასთან ურჩევნია და ბედნიერია, მაშინ იქ იყოს.
– არ გწყდებათ გული, რომ თქვენი ცხოვრება არ არის საინტერესო და მრავალფეროვანი?
– მე არასდროს მრჩება დრო მეგობრებისთვის, სადმე წასასვლელ-წამოსასვლელად. რაც შეეხება გულდაწყვეტას, არ მწყდება გული, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ. კობა არც თვითონაც არის გართობის მოყვარული ადამიანი – სახლში უყვარს ყოფნა. სუფრასაც კი სახლში შლის ხოლმე როცა მისი მეგობრები მოდიან და არა რესტორანში. ასე რომ, მაგ მხრივ განსხვავებები არ გვაქვს – მეც მიყვარს ჩემი სახლი და მასაც. ისე, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ, არაფერში არ მზღუდავს, არ მეუბნება – იქ არ წახვიდე, აქ არ წამოხვიდეო...
– კობა რომ დიეტაზე იყო, მახსოვს, როგორ უწყობდით ხელს, დიეტურ კერძებს უმზადებდით. ახლაც არის დიეტაზე?
– ზაფხულში ენდოკრინოლოგთან იყო და მკურნალობა დაუნიშნა. სამი თვე გრამებით ვუწონიდი, რა უნდა ეჭამა, მაგრამ, ქუთაისში გადასვლის შემდეგ ამას ვეღარ ახერხებს.
– ჯანმრთელობას ხომ არ უჩივის?
– გერმანიაში იყო სამკურნალოდ, ოქტომბრის დასაწყისში ჩამოვიდა, მალებზე გაუკეთეს გამაყუჩებელი ნემსები და იმის წყალობით არის, რომ დადის. მერე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ, აღარ გაიკეთა. კისრის მალები აქვს ამოვარდნილი და მოძრაობა უჭირს. ამიტომ არ ჩანდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დროს.