რატომ ითვლებოდა გერმანელი ოტო ბაისჰაიმი ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ფიგურად მილიარდერებს შორის და რას საქმიანობდა ის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
89 წლის ასაკში გერმანიაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე კომპანია „მეტრო გრუპის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე „ჩაკეტილმა“ გერმანელმა მილიარდერმა ოტო ბაისჰაიმმა. იდუმალ ფიგურად ცნობილი ბაისჰაიმი იმდენად ერიდებოდა საჯარო ცხოვრებას, რომ სხვისი სახელითა და გვარით მოგზაურობდა, არ ურთიერთობდა პრესასთან და არ ჰყავდა მემკვიდრე. მილიარდერმა, რომლის კაპიტალი 2012 წლის მარტის მონაცემებით 3,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, უკანასკნელი წლები უკურნებელ სენთან ბრძოლაში გაატარა და, როგორც ჩანს, გამოსავალი სიკვდილში პოვა. ბაისჰაიმის დიდძალი ქონება, მისი ანდერძის თანახმად, ორ საქველმოქმედო ფონდზე გადანაწილდება და კულტურასა და ბიზნესპროექტების რეალიზებას მოხმარდება. „ადამიან-გამოცანად“ ცნობილი ოტო ბაისჰაიმის სიკვდილმა უამრავი კითხვა დატოვა პასუხგაუცემელი, უპირველეს ყოვლისა კი ის, მსახურობდა თუ არა იგი „ესესის“ სპეცდანაყოფ Leibstandarte-ში და უზრუნველყოფდა თუ არა პირადად ადოლფ ჰიტლერის უსაფრთხოებას.
ოტო ბაისჰაიმი 1924 წლის 3 იანვარს დაიბადა ესენში. მის მშობლებს, სოციალურად შეჭირვებულ პირებს, არ გააჩნდათ საშუალება, რომ შვილისთვის საჭირო განათლება მიეცათ და სკოლაში სწავლის ნაცვლად, ოტოს ტყავისგან ტანსაცმლის დამამზადებლის ხელობა შეასწავლეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იგი ესენის ერთ-ერთ მაღაზიაში ტყავის ნაკეთობათა გამყიდვლადაც კი მუშაობდა. სხვათა შორის, სწორედ მეორე მსოფლიო ომს უკავშირდებოდა ბაისჰაიმის ბიოგრაფიის ყველაზე ცნობილი და, ამავე დროს, ექსპერტებისთვის საკამათო ნაწილი. 1941 წლიდან ოტო ბაისჰაიმი მესამე რაიხის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ ქვედანაყოფში – Wafen SS-ის Leibstandarte-ში მსახურობდა, რომელიც ფიურერის პირადი ზედმხედველობისა და მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. „მესამე რაიხის“ აღორძინების 30-იან წლებში, „ლეიბშტანდარტის“ წევრებმა ადოლფ ჰიტლერს პირადად შეჰფიცეს ერთგულება, რის შემდეგაც მათი ძირითადი საქმიანობა ნაცისტური გერმანიის უმაღლესი თანამდებობის პირების პირადი დაცვის უზრუნველყოფა იყო. გერმანელი ჟურნალისტის, მიხაელ რატკეს ვერსიით, რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ზი დოიჩე ცაიტუნგში”, ოტო ბაისჰაიმი ოფიცერზე დაბალი ჩინით მსახურობდა ამ განყოფილებაში და მას არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა იმ საზიზღრობებში, რასაც ვაფენ-ესესელები სჩადიოდნენ. ომის ბოლო წლებში ბაისჰაიმი „ლეიბშტანდარტის“ პირველ სატანკო დივიზიაში იყო განაწილებული და ბავარიის ოლქში იყო დისლოცირებული, სადაც ჩაუვარდა კიდეც ტყვედ ინგლისელებს. ვარაუდობენ, რომ სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ ის ესესში მსახურობდა, ოტო ბაისჰაიმი გაურბოდა ყურადღების ცენტრში ყოფნას, რაც გამოიხატებოდა მის პათოლოგიურ თამაშში, სახელად „დამალობანა“.
ომის შემდგომ, ტყვეობიდან გათავისუფლებული ბაისჰაიმი დაკავებული იყო ელექტროსაქონლით ვაჭრობით. ამ სფეროში მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია და პატარა ფირმაც კი დააარსა. 60-იანი წლების დასაწყისში ოტო სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაეცნო „ქეშ ენდ ქერის” საბითუმო ვაჭრობის გამოცდილებას და გერმანიაში დაბრუნებულმა დააფუძნა ანალოგიური პროფილის ფირმა, რომელმაც სათავე დაუდო საბითუმო და საცალო ვაჭრობის უდიდესი ევროპული სავაჭრო სახლის – „მეტროს” იმპერიას. სხვათა შორის, დღემდე არ წყდება იმ საკითხზე დისკუსია, თუ როგორ მოახერხა დაწყებითი კაპიტალის არმქონე ბაისჰაიმმა გიგანტური კომპანიის დაარსება.
პირველი მარკეტი კომპანია „მეტრომ” 1964 წელს გახსნა ქალაქ მიულჰეიმ ან დერ რურში. „ქეშ ენდ ქერის” ამერიკული იდეა კარგად მოერგო გერმანიას, რადგან, გერმანიაში კარგად იყო განვითარებული საშუალო და მცირე ბიზნესი და, სწორედ ამ ფენის წარმომადგენლები: კიოსკების, რესტორნების, პატარა სასტუმროების, სხვადასხვა სახის სახელოსნოების მფლობელები იძენდნენ საჭირო პროდუქციას ბაისჰაიმის საბითუმო მარკეტში. დღეისათვის, კომპანიის დაარსების 49-ე წლისთავზე, გერმანიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს „მეტროს” 70-მდე მარკეტი, ხოლო მსოფლიოში მათი რიცხვი 500-მდე ავიდა. ბოლო მონაცემებით, კომპანიაში 72 ათასი ადამიანია დასაქმებული. თავდაპირველად ბაისჰაიმმა დასავლეთ ევროპა დაიპყრო, შემდგომ – თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. 1996 წელს დაიწყო აზიური ბაზრის ათვისება და, საბოლოოდ, „მეტროს” ფილიალები გაიხსნა ჩინეთში, იაპონიაში, ვიეტნამსა და ინდოეთში. სხვათა შორის, პირველი ინდური მარკეტი –„მეტრო ქეშ ენდ ქერი” 2008 წელს გაიხსნა ქალაქ ბანგალორში.
2009 წლის სექტემბერში „მისტერ მეტრომ”, როგორც უწოდებდნენ ბაისჰაიმს, საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა: მან „მეტროს” სხვა აქციონერებთან – ჰანელ და შმიდტ რუტენბეკების საგვარეულოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებიდან გამოსვლა დააპირა, ანუ, ბაისჰაიმმა გადაწყვიტა, თვითონ მართოს თავისი კუთვნილი აქციები, მანამდე დადებული პირობის თანახმად კი არც ერთ აქციონერს არ შეეძლო ერთპიროვნულად გადაეწყვიტა საკუთარი აქციების ბედი. ექსპერტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს კონცერნ „მეტროს” მისი ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერის გარდაცვალების შემდეგ.
ოტო ბაისჰაიმის სახელი რამდენიმე სკანდალსაც უკავშირდება: ბაისჰაიმს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ დახმარება გაეწია ტეგერნზეში მდებარე გიმნაზიისთვის და ამასთან დაკავშირებით სპეციალური საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, რომლის მეშვეობით 10 მილიონამდე ევროს შეწირვას აპირებდა გიმნაზიისთვის. ფონდს მხოლოდ ერთი პირობა ჰქონდა გიმნაზიის ადმინისტრაციასთან – სრული დახმარების მიღების შემდეგ სკოლა ბაისჰაიმის სახელობის უნდა გამხდარიყო. თავდაპირველად სკოლის დირექცია დაინტერესდა შემოთავაზებით, რადგან, უპრეცედენტო დახმარებით ტეგერნზეს გიმნაზია ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა გერმანიაში, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბაისჰაიმი თავის დროზე ნაცისტებთან თანამშრომლობდა და „ესესის“ ერთ-ერთ განყოფილებაში მსახურობდა, გიმნაზიის დირექტორმა უარი განაცხადა დახმარების მიღებაზე და მას მხარი დაუჭირეს მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც. სამაგიეროდ, ბაისჰაიმის დახმარებაზე უარი არ თქვეს ყოფილი საბჭოთა ოფიცრის შვილებმა, სახელგანთქმულმა მოკრივეებმა, ძმებმა ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოებმა, რომელთა საქველმოქმედო ფონდის – „ძმები კლიჩკოების” მთავარი დამფინანსებელი ყოფილი ნაცისტი ოტო ბაისჰაიმი იყო.
ოტო ბაისჰაიმის მეუღლე, ინგე, 1999 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხება მის კარჩაკეტილ ცხოვრებას, ბაისჰაიმი ისეთ მნიშვნელოვან პროცესებს არ დაესწრო, როგორიცაა მისი კომპანიის აქციების გატანა ფრანკფურტის ბირჟაზე გასაყიდად; ასევე, ის არ დაესწრო ბერლინის ცენტრში, პოტსდამის მოედანზე „ბაისჰაიმ-ცენტრის” გახსნის ცერემონიალს. შენობაში საცხოვრებელი და საოფისე ფართები განთავსდა და მილიარდერმა მისი აშენება თავის გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა. ცნობისთვის, „ბაისჰაიმ-ცენტრის” აშენება, სადაც, ასევე, განთავსებულია, ცნობილი სასტუმრო „რიც კარლტონი,” მილიარდერს 450 მილიონი ევრო დაუჯდა.
ბაისჰაიმის გვამი 2013 წლის 18 თებერვალს აღმოაჩინეს ბავარიაში, ქალაქ როტარ-ეგერნეს ვილაში, სადაც მილიარდერი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ატარებდა. „ბილდის” ცნობით, ბაისჰაიმი ბოლო პერიოდში დეპრესიისგან იტანჯებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა. ბაისჰაიმის მოსამსახურის თქმით, მან გასროლის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც აბაზანაში მილიარდერის გვამი აღმოაჩინა. 1988 წლიდან ბაისჰაიმი შვეიცარიის მოქალაქე იყო; ზაფხულობით იგი ბარეში ცხოვრობდა, ხოლო ზამთარში მაიამიში. გარდა ამისა, ის ფლობდა სახლებს პარიზში, ლუგანოსა და ბავარიაში. „ადამიანი-გამოცანა” ბაისჰაიმი ისე გარდაიცვალა, რომ არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია ჟურნალისტებისთვის, გარდა ამისა, მის შესახებ მისი კომპანიის თანამშრომლებმაც კი არაფერი იცოდნენ, სახეზეც კი ვერ სცნობდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ბაისჰაიმი უცხოეთში მოგზაურობის დროს ფსევდონიმებს იყენებდა, მაგალითად, მად ლუიჯი ფონტანა ან ბერნარ დეტუა ერქვა. გერმანელი მილიარდერის დატოვებული ქონება თანაბრად გადანაწილდება მის შვეიცარიულ და გერმანულ საქველმოქმედო ფონდებს შორის.