რაც მეტი, მით უკეთესი
გზა ევროპისკენ – გისოსებზე
სალონიკის მერის უვადო პატიმრობა ხეირიანად არ მოგვენელებინა (მოგეხსენებათ, ის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის მიაბრძანეს, სადაც ჯერ არს, ზედაც, თანხის უკან დაბრუნებაც დაავალდებულეს), როდესაც მეორე, არანაკლებ გულისმომკვლელი, ამბავიც შევიტყვეთ: ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ხმათა უბრალო უმრავლესობით, პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.
კერძოდ, ჩეხმა კანონმდებლებმა თავიანთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რათა ამ უკანასკნელმა დაწვრილებით გამოიძიოს, შეესაბამებოდა თუ არა პრეზიდენტის მიერ ამ წლის დასაწყისში გამოცხადებული ამნისტია კონსტიტუციას.
ეს კონკრეტული ამნისტია კი, როგორც ირკვევა, ფინანსურ დანაშაულს ეხებოდა, მათ შორის, ბიზნესმენ ვინმე ტომას პიტრასა და ჩეხეთ-მორავიის საფეხბურთო ფედერაციის ყოფილი თავკაცის ფრანტიშეკ ხვალოვსკის. პირველი გადასახადებისთვის თავის არიდების გამო დაუჭერიათ, მეორე – 11 მილიონი ფუნტ სტერლინგის მითვისებისთვის. რაც მთავარია, საიმპიჩმენტო პრეზიდენტს ვადა გასულ კვირას ამოეწურა, ვინაიდან ჩეხეთს უკვე ჰყავს არჩეული პრეზიდენტი, რომელიც 7 მარტიდან შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.
ამის პარალელურად, რაკი უბედურება მარტო არ მოდის, გავიგეთ, რომ მილანის სასამართლოს იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსჯია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაპრემიერმინისტრალ ბერლუსკონის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას ედავებიან, რის გამოც 3 წლით და სამი თვით ციხე არც მის ძმა პაოლო ბერლუსკონის ასცდება.
სხვათა შორის, ამ კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურებით ერთ-ერთ ბანკს გარიგება ჩაშლია (წყაროდ ბ-ნმა ბერლუსკონიმ საკუთარი გაზეთი გამოიყენა).
ხოლო, თუ ზედაც რამდენიმე თვის წინათ ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის 10-წლიანი პატიმრობის შეფარდებას გავიხსენებთ, ევროჯახში თავის საფუძვლიანად დასაგულვებლად, ვფიქრობ, ერთი ბობოლ-ბობოლა ნაჩინოვნიკარის გისოსებს მიღმა მოთავსება, ჰაერივით აუცილებელია (თან, ზემოთქმულის გათვალისწინებით, ეს ის კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც რაც მეტი, მით უკეთესი!).