დაბრუნება
„ძრწოდე, კავკაზო, ერმოლოვი მოდის“
მართალია, მან პირველი ოქტომბრის შემდეგ თითქმის უნუგეშოდ მიგვატოვა (ოღონდ მთლად ტარიელივით ველადაც არ გაჭრილა, ოკეანის გაღმა ფრიად ცივილიზებულ გარემოში ბრძანდებოდა ცივილური არსებებით გარშემორტყმული), მაგრამ, ალბათ, რადგან ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ბ-ნი შაშკინიც სამშობლოს დაუბრუნდა.
მოულოდნელი გაუჩინარება კი რამდენიმე მიზეზით ახსნა: ჯერ ერთი, მორალურად დავითრგუნე; მეორე, უსაფრთხოების მიზნით გავხიზნე ოჯახი და მესამე მიზეზიც დაახლოებით იმავე ოპერიდან იყო.
მომყავს ციტატა მისი განცხადებიდან, რომელიც თბილისის აეროპორტში გააკეთა: „ყველამ იცოდა, სადაც ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ანუ რა „სულიკოსავით“ მეძებდითო?!). თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება გადავწყვიტო, სად ვიყო“.
იქვე შეგვატყობინა, რომ ცნობები მის მიერ უზომოდ დიდი რაოდენობით პრემიების გამოწერის შესახებ გადაჭარბებულია, როგორც თავად ამტკიცებს, საკუთარი თავისთვის პრემიების გამოწერა უკადრებია (ვითომ მშრალი ხელფასითაა შესაძლებელი ნახევარ წელს აშშ-ში ცხოვრება?!).
ასეა თუ ისე, იგი დაბრუნდა, მეტიც, მზადაა, საჭიროების შემთხვევაში თვით სამართალდამცველ ორგანოებთან ითანამშრომლოს კიდეც. ჩვენ არ ვიცით, როგორ შეეყრება ის პროკურატურას ან რას ეტყვის ახალს გამომძიებლებს, მაგრამ, თუ არაერთგზის ნამინისტრალი ბ-ნ შაშკინის, ჯერ ერთი, აშშ-დან ჩვენთვის „ფეისბუქით“ გამოგზავნილი რამდენიმე უსტარით ვიმსჯელებთ და, ზედაც, ჩამოსვლის შემდეგ მისეულ კომენტარებს დავამატებთ, დიდი დაბრუნების მიზანსცენის პათოსი დაახლოებით შემდეგნაირია: „ძრწოდე, კავკაზო, ერმოლოვი მოდის!“