ვაშლი და მისი ნაყოფი
ანუ შენ რომ ჩემთვის ფრჩხილები არ დაგიძვრია?!
„ბი-ბი-სიმ“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ გენერალი პეტრეუსი, რომელიც რამდენიმე თვის წინათ თანამდებობიდან გადადგა ისეთი უწყინარი მიზეზით (ჩვენი სინამდვილისთვის, უწყინარი), როგორიც სიყვარულია (ფორმიანიც კაცია და ქალი შეუყვარდა), ციხეებში ერაყელთა წამებაში იღებდა მონაწილეობას.
მართალია, არ დადასტურებულა, რომ უშუალოდ ესწრებოდა წამების პროცესებს, თუმცა, ჩემი ბრიტანელი კოლეგების მტკიცებით, ინფორმაციას ფლობდა. უფრო მეტიც, დირექტივებსაც გასცემდა (როგორ უნდა ეწამებინათ უფრო ლაზათიანად). ბუნებრივია, ამ საქმიანობაში მარტოხელა არ ყოფილა, ერთი ისაა, რომ დანარჩენები რანგით ვერ გაუტოლდებიან.
„გარდიანმა“ დადგინა, როგორ მუშაობდა ერაყში დაკითხვის ამერიკული სისტემა: თითოეულ ციხეს დაკითხვის საკუთარი კომისია ჰყავდა, რომლებიც ინფორმაციის მიღების მიზნით წამების ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ: ელექტროშოკით დაწყებული და ფრჩხილების დაძრობით დამთავრებული. მაგალითად (მომყავს თვითმხილველის ციტატა): „მახსოვს 14 წლის ბიჭუნა, რომელიც მიაბეს ბიბლიოთეკის ერთ-ერთ სვეტზე. ისე იყო შეკრული, რომ ფეხები თავის მაღლა ჰქონდა. თან, მავთულებით სცემდნენ.“
ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება და დასრულდება მოვლენები, თუმცა, თუ ზემოთქმულს ჩვენში გავრცელებულ ციხის კადრებსა და პატიმრობიდან გათავისუფლებულთა ნაამბობებს დავუმატებთ, დასტურდება ოკუპანტის ლოგიკა: იაბლონია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ) ოტ იაბლოკი (ბუნებრივია, ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორი იგულიხმება) დალეკო ნე პადაეტ, ერთი ისაა, რომ ჩვენი აშშ-ელი მეგობრები მთლად საკუთარს კი არა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მაინც აძრობდნენ ფრჩხილებს.