მთვარის რომელ ფაზაში გროვდება ორგანიზმში ცხიმები და როდის ჯობია განტვირთვის დღეების მოწყობა
თვის გარკვეულ დღეებში ბევრი ჩვენგანი უჩივის მომატებულ სისუსტეს, გაღიზიანებას, ჯანმრთელობის გაუარესებას, მგრძნობელობის მომატებასა თუ ემოციის მოზღვავებას და ვერ ხვდება, რა შეიძლება იყოს ყოველივე ამის მიზეზი. მთვარის ფაზები დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და მის შინაგან სამყაროზე. ნერვიულობას, გაღიზიანებას, სისუსტესა და უძილობას თავი რომ დააღწიოთ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ და შეასრულოთ მარტივი ასტროლოგიური რჩევები და რეკომენდაციები:
* თუ სავსე მთვარის პერიოდია, საძინებელი უნდა დააბნელოთ ფარდებით, რადგან, შესაძლოა, მთვარიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში მწარე კერძებს არ მიირთმევთ და ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახას წვეთების დალევა, რადგან ის ორგანიზმს ადუნებს, აწყნარებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს. ასევე, კარგია ამ მიზნით საძინებელში იის სურნელის სანთლის დანთება.
* სავსე მთვარის დღეებში, დაძინებამდე, ცაცხვის ყვავილების აბაზანაში ჩაწექით. ასეთი აბაზანა, ასტროლოგიური კუთხით, ადვილად მოგიხსნით მთელი დღის დაძაბულობასა და სტრესს ამ რთულ დღეებში.
* მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. თუ არ გინდათ, ასე მოხდეს, მაშინ, მთვარის შევსების დღეებში წვენების ან ხილის დიეტა დაიცავით და ასე განტვირთეთ ორგანიზმი, ტკბილეულს კი მაქსიმალურად მოერიდეთ.
* ზოგიერთ ადამიანს სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი განსაკუთრებული ლტოლვა და სურვილი უძლიერდება. გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად ყნოსოთ ვანილი, რადგან, მისი სპეციფიკური სურნელი ტვინს სიმაძღრის სიგნალს მიაწვდის. შედეგად, ტკბილეულზე მოთხოვნაც შესუსტდება და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებასაც ასცდებით.
* სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე მიირთვათ ცაცხვის ყვავილების ჩაი, საფეთქლები კი ლავანდის ზეთით დაიზილოთ.
სამწუხაროდ, ბევრი არ აქცევს ყურადღებას მთვარის გარკვეულ ფაზებს, რაც ორგანიზმს გარკვეულ პრობლემებს უქმნის.
ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ, ვარსკვლავების განწყობა და დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანი სამყაროს ნაწილია და ამიტომ ყოველთვის განვიცდით მისი სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას.
ჩვენს საცხოვრებელ ბინებში გამუდმებით მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის ფორმას. ასევე, როცა სახლში რაიმე ნივთს უცვლით ადგილს, ამით აუცილებლად ცვლით ცხოვრებაში რაღაცას. ასე რომ, თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რომელი ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ცხოვრება. ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში არსებულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს, იწოვს უარყოფით ენერგიებს და მათ ანეიტრალებს. ამიტომ, თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომლისთვისაც ვერცხლი მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ ვერცხლის სამკაული. თუ ასტროლოგიური თვალსაზრისით ის თქვენი ლითონი არ არის, მაშინ ვერცხლის ნივთები ბინაში იქონიეთ და ასე აავსეთ თქვენი საცხოვრებელი დადებითი ენერგიით. სავსე მთვარის დროს, შეგიძლიათ, ვერცხლის ნივთები მთელი ღამის განმავლობაში დააწყოთ ღია ფანჯარასთან ან აივანზე, რათა ისინი მაქსიმალურად აივსოს მთვარის ენერგიით, დილით კი სახლში შეიტანოთ, რათა მეტად აქტიურად ემსახუროს თქვენს ბინაში სასიკეთო ენერგიების მოზიდვას.
მეტი ყურადღებით მოეკიდეთ საცხოვრებელი ბინის მოწყობასა და გალამაზებას; ყოველ ნივთს მიუჩინეთ თავისი ადგილი, უსარგებლო ნივთები კი სახლიდან გაიტანეთ. ამით მეტ სიმშვიდეს, სიყვარულსა და ურთიერთგაგების ენერგიებს მოიზიდავთ და სასურველ და ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნით თქვენ გარშემო, რაც თქვენივე წარმატებების გარანტი გახდება.