კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-8(634) 

ერთი საათის შემდეგ ზურაბი და რეზო ფიფია სამზარეულოში ესაუბრებოდნენ გარდაცვლილის უფროს ძმას, კახა ვერულიძეს. ის ასაკით ორმოციოდ წლისა იქნებოდა. ინტელიგენტური გარეგნობა ჰქონდა და ტანთ ელეგანტური კოსტიუმი ეცვა.

კახა შოკში ჩააგდო მომხდარმა. მისი დამშვიდება ძალიან დიდხანს ვერ შეძლეს. პოლიციელებს ძალის გამოყენებაც კი მოუხდათ, რადგან, ის თავგამოდებით ცდილობდა სასტუმრო ოთახში შესვლას. მაგრამ, ვიდრე ექსპერტები მუშაობას არ დაასრულებდნენ, ეს შეუძლებელი იყო. ბოლოს ზურაბმა ნაცად ხერხს მიმართა: გარდაცვლილის ძმა ძალით შეიყვანა სამზარეულოში, მოზრდილი ჭიქა კონიაკით შეუვსო და სთხოვა, დალიეო.

– რისთვის? – გაოცებით შეხედა კახამ.

– დალიე, შვებას მოგცემს, – ურჩია ზურაბმა.

კახას აღარაფერი უთქვამს, ჭიქა ხელში აიღო და ერთი მოყუდებით გამოცალა. შემდეგ კი სკამზე დაჯდა და თავი ჩაქინდრა.

– ჩვენ გვესმის, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, მაგრამ, ამ საუბარს ვერსად წაუვალთ. რამდენიმე კითხვაზე უნდა გაგვცეთ პასუხი, – განაგრძო ზურაბმა.

– გისმენთ, – თავის აუღებლად უპასუხა კახამ.

– რა კავშირი ჰქონდა თქვენს ძმას ანდრო სირაძესთან? – ჰკითხა ზურაბმა.

– ანდრო სირაძესთან?! – ჩაფიქრდა კახა, – წარმოდგენა არ მაქვს, ვისზეა საუბარი, ასეთ პიროვნებას არ ვიცნობ!

– ესე იგი, არც ნანა სირაძეზე გსმენიათ რამე? – ჩაურთო ფიფიამ.

– არა, პირველად მესმის...

– თქვენს ძმაზე რას გვეტყვით, რას საქმიანობდა, რით იყო გატაცებული? განსაკუთრებით  მისი სამეგობრო წრე გვაინტერესებს, – ჰკითხა ზურაბმა.

– მე და ვაჟას ორთაჭალაში მცირე საამქრო გვაქვს – სუვენირებს ვაწარმოებთ და ჩვენი პროდუქციით ვამარაგებთ რამდენიმე მაღაზიას; საჭიროების შემთხვევაში, ვაკეთებთ რესტავრაციასაც. გარდა ამისა, ვაჟა ხატავდა... გატაცებებზე რა გითხრათ?.. ვაჟა უცნაური ადამიანი იყო, ყოველთვის რაღაც ახალს ეძებდა.

– რაში გამოიხატებოდა ახლის ძიება? – ჰკითხა ფიფიამ.

– ყველაფერი მალე ჰბეზრდებოდა და ეს არ ვრცელდებოდა მხოლოდ ხატვაზე – მხოლოდ ხატვა იყო მუდმივი გატაცება. შეეძლო, დღეების განმავლობაში თავდავიწყებით ემუშავა. მე რომ არა, ჩვენი საამქროც დიდი ხნის წინ დაიხურებოდა. იქაურობაც არ აინტერესებდა. თვეში ორჯერ-სამჯერ თუ შემოივლიდა, ისიც ძალიან ცოტა ხნით. იქაურობას დახედავდა, თანამშრომლებს გამოელაპარაკებოდა და უკან გაბრუნდებოდა. ერთხანს ყვინთვამ გაიტაცა. აიყვანა მწვრთნელი, შეიძინა აღჭურვილობა და მთელი ზაფხული ჩაქვში გაატარა. მერე ხმელთაშუა ზღვაზეც იმოგზაურა. შემდეგ კი ასევე მოულოდნელად მიივიწყა. ცოტა ხანში მონადირე ნაცნობები გაიჩინა და სახლი სანადირო აღჭურვილობით, ეზო კი მონადირე ძაღლებით აავსო. ეს გატაცება რამდენიმე თვე გაჰყვა, მერე კი რბოლების ჯერი დადგა – მანქანის ძრავა გააძლიერა და შეშლილივით დაქროდა თბილისის ქუჩებში – რომელი ერთი გითხრათ. ბაღი თუ ნახეთ?

– რა თქმა უნდა, – უპასუხა ზურაბმა.

– აღარ მახსოვს, რამდენჯერ გადააკეთა. ხან ერთი სტილი იზიდავდა. ხან – მეორე. ბოლოს იაპონურმა დიზაინმა გაიტაცა და დაახლოებით ექვსი თვე იმუშავა. ორიოდ კვირის წინ კი აიჩემა, რაღაც არ მომწონს ამ ბაღში და უნდა გადავაკეთოო... ამ უცნაურობების გამო ვერ შექმნა ოჯახი – ვერც ერთ ქალს ვერ შეეგუა: გაიცნობდა ვინმეს, დაუახლოვდებოდა და ცოტა ხანში ივიწყებდა.

– მეგობარი ქალი თუ ჰყავდა?

– არა... ხანგრძლივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია, – თავი გაიქნია კახამ.

– გენო ბარათაშვილს ხომ არ იცნობთ? – ჰკითხა ზურაბმა.

– ბარათაშვილი... ბარათაშვილი... – ჩაფიქრდა კახა, – დიახ, გავიხსენე. მგონი, ვაკელი უნდა იყოს. პირადად არასოდეს შევხვედრივარ. თუ არ ვცდები, რბოლებით გატაცების პერიოდში გაიცნო.

– პისტოლეტის შესახებ რა იცით? – განაგრძო ზურაბმა, – საიდან ჰქონდა თქვენს ძმას მაყუჩიანი პისტოლეტი, ესეც მომდევნო გატაცება ხომ არ იყო?

– ვერაფერს გეტყვით. ვაჟა არასოდეს დაინტერესებულა საბრძოლო იარაღით. ნადირობით გატაცებამ რომ გაუარა, ყველა თოფი გაყიდა. წარმოდგენაც კი არ მქონდა, პისტოლეტი თუ ჰქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, არც მჯერა, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა. პისტოლეტი რომ ჰქონოდა, აუცილებლად მეცოდინებოდა, – უპასუხა კახამ.

– როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თქვენს ძმას თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება? – ჰკითხა ფიფიამ.

– თქვენ ასეთ კლასიფიკაციას მისცემთ ამ საქმეს? – გახედა კახამ.

– ჯერჯერობით ყველა ფაქტი ამაზე მიუთითებს, – თქვა ფიფიამ.

– როგორც გინდათ, ისე გამიგეთ, მაგრამ, მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობას. ვაჟა მოუსვენარი, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ის განსაკუთრებით ზრუნავდა თავის ჯანმრთელობაზე. უნდოდა, რაც შეიძლება დიდხანს ეცოცხლა და ღრმა მოხუცებულობამდე შეენარჩუნებინა ფორმა.

– ბოლოს როდის შეხვდით ერთმანეთს?

– ორი დღის წინ.

– რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ – ხომ არ ღელავდა ან ჩაფიქრებული ხომ არ იყო? – ჰკითხა ფიფიამ.

– არა, რას ამბობთ. პირიქით. შესანიშნავ ხასიათზე იყო. ორი დღის წინ ჩემი უმცროსი ვაჟის დაბადების დღე აღვნიშნეთ და, ბუნებრივია, ვაჟაც იქ იყო.

– თქვენ თვითონ რას უკავშირებთ მომხდარს? – ჰკითხა ფიფიამ.

– ვერაფერს გეტყვით. მე ახლაც არ მჯერა, რომ ამ წუთებში ჩემი ძმა გარდაცვლილი ასვენია გვერდით ოთახში, – ამოიოხრა კახამ.

– თქვენთვის ძნელი იქნება ამის მოსმენა, მაგრამ, მაინც უნდა გითხრათ: თქვენი ძმა მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, – თქვა ზურაბმა.

– მკვლელობაში?! – გაოცებით შეხედა კახამ, – ჩემმა ძმამ ადამიანი მოკლა?!

– ის მხოლოდ ეჭვმიტანილი იყო, მაგრამ, არსებობს დაზუსტებული მონაცემები, რომ ის იცნობდა გარდაცვლილს და მკვლელობის მომენტში მის ბინაში იმყოფებოდა.

– ვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი ჩემი ძმა?

– მე უკვე დაგისახელეთ მისი ვინაობა – ანდრო სირაძე, – უპასუხა ზურაბმა.

– ვერასდროს დავიჯერებ ამას. ვაჟა სრულიად უწყინარი ადამიანი იყო, ბოლოს მეოთხე კლასში იჩხუბა, – თქვა კახამ.

– როგორც ჩანს, თქვენ ბევრი რამ არ იცოდით თქვენი ძმის შესახებ! – ცივად შენიშნა ფიფიამ.

– რატომ ამბობთ ამას? – ნაწყენი სახით შეხედა კახამ.

– თქვენ არაფერი გსმენიათ ანდრო და ნანა სირაძეების შესახებ; არ იცოდით, რომ თქვენს ძმას პისტოლეტი ჰქონდა!.. არ... – ფიფიამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო. ამ დროს სამზარეულოში კრიმინალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, გურამ ბრეგვაძე შემოვიდა.

– ეს ნახეთ, – თქვა მან და ზურაბს ჩარჩოში ჩასმული საშუალო ზომის ფოტოსურათი გაუწოდა, – მოგეწონებათ!

ზურაბმა ფოტოსურათი ჩამოართვა და ყურადღებით დაათვალიერა. მასზე აღბეჭდილი იყო საშუალო ზომის კოტეჯი. კოტეჯის გვერდით ზურაბისთვის უკვე ნაცნობი შავი „ბეემვე” იდგა; უკან ზღვის სანაპირო მოჩანდა, წინა პლანზე კი ვაჟა ვერულიძე ორ ახალგაზრდა ქალთან ერთად იდგა. ერთ-ერთი მათგანი ნანა სირაძე იყო.

– ამ ფოტოსურათზე რას გვეტყვით? – კახას მიუბრუნდა ზურაბი.

– ეს ფოტო ამ ზაფხულს ქობულეთშია გადაღებული. ერთ-ერთი ქალი ვაჟას მეგობარი ლია დუმბაძეა. ის ერთადერთი ქალია, რომელმაც ვაჟას გაუგო, მაგრამ, მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. მის ოჯახს აგარაკი აქვს ქობულეთში და ვაჟა რამდენიმე დღით იყო ჩასული მასთან. მეორეზე ვერაფერს გეტყვით, არასდროს შევხვედრივარ, – უპასუხა კახამ.

– მისი ტელეფონის ნომერი და მისამართი მითხარით! – სწრაფად თქვა ზურაბმა და უბის წიგნაკი მოიმარჯვა.

 

* * *

ლია 34-35 წლის, ტანმაღალი, მიმზიდველი ქალი აღმოჩნდა. მან ყურადღებით დაათვალიერა ზურაბისა და რეზოს პირადობის მოწმობები და შინ მიიპატიჟა სტუმრები.

ზურაბისა და რეზოს გასაოცრად, დიასახლისი არ დაინტერესებულა მათი სტუმრობის მიზეზით.  მან სასტუმრო ოთახში დივანზე დაჯდომა შესთავაზა და ოთახიდან გავიდა. მალე უკან დაბრუნდა და ჟურნალის მაგიდაზე ყავა და შოკოლადი დააწყო. შემდეგ ზურაბის წინ ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა.

– არ გაკვირვებთ ჩვენი სტუმრობა? – ჰკითხა მან.

– დაახლოებით ვხვდები, რისი კითხვაც გინდათ, მაგრამ, იმედი უნდა გაგიცრუოთ – მე არაფერი ვიცი მომხდარის შესახებ, – უპასუხა ლიამ.

– რას გულისხმობთ? – დაიბნა ზურაბი.

– გუშინ საღამოს უბანში მომხდარ ჩხუბს. მართალია, ჩხუბი ჩემი ფანჯრების წინ მოხდა, მაგრამ, მე არაფერი დამინახავს. სახლში რომ დავბრუნდი, ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო და მომხდარის შესახებ მეზობლებისგან შევიტყვე.

– არა, ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენს სახლთან მომხდარი ჩხუბი, სრულიად სხვა მიზეზით გესტუმრეთ.

– რა მიზეზით? – გაუკვირდა ლიას.

– სამწუხაროდ, ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, – განაგრძო ზურაბმა, – თქვენი მეგობარი, ვაჟა ვერულიძე გარდაიცვალა!

– რა ბრძანეთ?! – თვალები გაუფართოვდა ლიას.

– ის რამდენიმე საათის წინ თავის ბინაში ვიპოვეთ მოკლული, – განაგრძო ზურაბმა.

– როგორ... – გაჭირვებით წარმოთქვა ლიამ.

– ჯერჯერობით ყველა გარემოება თვითმკვლელობაზე მიანიშნებს, – ჩაურთო რეზომ.

– თვითმკვლელობაზე?! არა, ეს შეუძლებელია... თუმცა, გუშინ... – თქვა ლიამ და ჩაფიქრდა.

– რა მოხდა გუშინ? – სწრაფად ჰკითხა ზურაბმა.

– გუშინ ვაჟამ ტელეფონით დამირეკა და სასწრაფოდ შეხვედრა მთხოვა. ძალიან აღელვებული მეჩვენა... – ლიამ საფეთქლები მოისრისა და შემდეგ განაგრძო, – არა, ეს ის სიტყვა არ არის. ვაჟას არასდროს ჰქონია ასეთი ხმა. შეშინებული მეჩვენა. ხმა უკანკალებდა. როგორ აგიხსნათ... იმდენად ემოციურად მელაპარაკებოდა, რომ მეც გადმომედო მისი შიში და მღელვარება.

– რომელ საათზე დაგიკავშირდათ ვაჟა? – ჰკითხა რეზომ.

– სამის ნახევარი იქნებოდა...

ზურაბმა და რეზომ ერთმანეთს გადახედეს – ამ დროისთვის ანდრო სირაძე უკვე მკვდარი იყო.

– ვაჟას მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ, დაჟინებული მთხოვდა, რომ სასწრაფოდ შევხვედროდი, – განაგრძო ლიამ.

– რატომ უთხარით უარი? – ჰკითხა ზურაბმა.

– მე და ვაჟა ბავშვობის მეგობრები ვართ. ის ჩემი თანაკლასელი იყო. შეხვედრაზე არასდროს ვეტყოდი უარს, მაგრამ, იმ დროს არაფრით არ შემეძლო ამის გაკეთება... საქმე ისაა, რომ მე ჟურნალისტი ვარ და იმ დროს ინტერვიუს ასაღებად ვიმყოფებოდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და შეხვედრა წუთი-წუთზე უნდა დაწყებულიყო. მე ყველაფერი ავუხსენი ვაჟას და პირობა მივეცი, რომ შეხვედრის შემდეგ დავუკავშირდებოდი. შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა. შემდეგ მე ვაჟას დავურეკე, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. რადგან იმ დღეს კიდევ მქონდა სამუშაო, რედაქციაში დავბრუნდი. დღის განმავლობაში რამდენჯერმე კიდევ დავურეკე ვაჟას, იმ იმედით, რომ ტელეფონს ჩართავდა, მაგრამ, ყურმილიდან მხოლოდ ერთი პასუხი მესმოდა: „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან”... ვურეკავდი სახლის ტელეფონზეც, მაგრამ, არავინ მპასუხობდა.

– მისი სახლში მონახულება არ გიცდიათ? – ჰკითხა რეზომ.

– რა თქმა უნდა. სამსახურიდან გვიან წამოვედი. დრო ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით შვიდი ან რვის ნახევარი იქნებოდა, მის სახლთან რომ მივედი, მაგრამ ვაჟა ზარზე არ გამომხმაურებია.

– მისი მანქანა ეზოში იდგა?

– დიახ, – დაუდასტურა ლიამ.

– არ გაგაოცათ იმ ფაქტმა, რომ მანქანა ეზოში იდგა და ვაჟა არც ერთ ტელეფონს არ პასუხობდა? – ჰკითხა ზურაბმა.

– უკვე საღამო იყო, სახლში კი არსად ენთო სინათლე და მე ჩავთვალე რომ ის შინ არ იყო.

– გასაგებია, მაგრამ, ადამიანი, რომელსაც ჰყავს მანქანა, რატომ უნდა წავიდეს სადმე ფეხით? – ჰკითხა რეზომ.

– ვაჟას ველოსიპედით სეირნობა უყვარდა. კვირაში ხუთი დღე მაინც სეირნობდა, – ლიამ პაუზა გააკეთა და შემდეგ ყრუ ხმით იკითხა – ის საღამოს გარდაიცვალა?

– დიახ... – უპასუხა ზურაბმა, – თავს ნუ დაიდანაშაულებთ. როდესაც თქვენ სახლთან იდექით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. თქვენ ვეღარაფერს შეცვლიდით.

– გისმენთ და არ მჯერა. ვაჟა არასდროს მოიკლავდა თავს – საამისო მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა!

– მაშინ, მოდი, ამ მიზეზზე ვისაუბროთ, – თქვა ზურაბმა.

– მიზეზზე?! – გაუკვირდა ლიას, – მე არაფერი ვიცი ამის შესახებ!

– ნანა სირაძეს თუ იცნობთ? – ზურაბმა სპეციალურად არ ახსენა ვაჟას სახლში ნანახი ფოტოსურათი. აინტერესებდა, გაერიდებოდა ლია პირდაპირ პასუხს, თუ არა.

– ამას ნაცნობობაც არ ჰქვია, უბრალოდ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს.

– ვაჟა თქვენზე ახლოს იცნობდა მას?

– იგივე შემიძლია ვთქვა მასზეც. მე ვერც კი ვხვდები, რატომ უკავშირებთ ვაჟას გარდაცვალებას ნანას.

– შეგიძლიათ, გვიამბოთ, სად და რა ვითარებაში გაიცანით ნანა სირაძე? – ჰკითხა რეზომ.

– რა თქმა უნდა. მაგრამ, არა მგონია, ეს რამეში დაგეხმაროთ... შარშან ზაფხულში ჩემს დასთან და მის შვილებთან ერთად ქობულეთში ვისვენებდი – ჩვენ იქ სახლი გვაქვს. მაშინ გავიცანი ნანა. ის და მისი მეუღლე ჩვენი კოტეჯის სიახლოვეს ოჯახური ტიპის სასტუმროში ცხოვრობდნენ. ზუსტად ვერ გეტყვით, რა საქმეები ჰქონდა ნანას მეუღლეს...

– ანდრო სირაძეს, – შეაშველა რეზომ.

– ჰო... ახლა გამახსენდა, მას ანდრო ერქვა, – თავი დაუქნია ლიამ, – ის დროდადრო რამდენიმე დღით სადღაც მიემგზავრებოდა და ნანა მარტო რჩებოდა. ალბათ, მოგეხსენებათ, რაც არის ოჯახური ტიპის სასტუმრო. ესაა ჭრელი, ხმაურიანი საზოგადოება – სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული ხალხი, მოუსვენარი ბავშვები, ღამით სასტუმროს ეზოში ლუდის მოყვარულთა „სასტავი”. მოკლედ რომ ვთქვა, სრული ქაოსი, სადაც დასვენება შეუძლებელია, მით უმეტეს, მარტო მყოფი ადამიანისთვის. ასეთ ვითარებაში თბილისელები და მეზობელ უბნებში მცხოვრები ადამიანები სწრაფად უახლოვდებიან ერთმანეთს. ასე გაგვეცნო ნანაც. მე და ჩემს დას ის პირველი შეხვედრისთანავე მოგვეწონა. ნანა მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, საკმაოდ განათლებული და საინტერესო მოსაუბრე, მაგრამ, ჩვენ მაინც ვერ დავუახლოვდით ერთმანეთს.

– რატომ? – ჰკითხა რეზომ.

– უბრალო მიზეზის გამო: ჩემს დას სამი შვილი ჰყავს და ჩვენ, ძირითადად, მათით ვიყავით დაკავებულები. ნანა ზღვაზე მხოლოდ დილით ან საღამოს დადიოდა. ჩვენს პატარებს კი დღისით ერჩივნათ საჭყუმპალაოდ გასვლა. თანაც, ჩვენ ქობულეთში ბევრი ნაცნობი გვყავს, რომლებთანაც დროდადრო სტუმრად მივდიოდით. ხან კი ისინი მოდიოდნენ ჩვენთან. ნანა მხოლოდ მაშინ ახერხებდა ჩვენთან მოსვლას, როცა ანდრო სადმე მიემგზავრებოდა. ასე რომ, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა. ის რამდენიმე დღეში ერთხელ, ერთი საათით თუ შემოივლიდა ჩვენთან. როგორც წესი, ამ დროს ყავას ვსვამდით და ვსაუბრობდით. შემდეგ ნანა და მისი მეუღლე თბილისში გაემგზავრნენ და ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. მას შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.

– როგორ გაიცნეს ვაჟამ და ნანამ ერთმანეთი? – განაგრძო ზურაბმა.

– ესეც ქობულეთში მოხდა. როცა ვაჟამ იცოდა, რომ იქ ვიყავით, აუცილებლად გამონახავდა რამდენიმე დღეს და ჩამოგვაკითხავდა ხოლმე – ჩვენი ოჯახისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იმ ზაფხულსაც ასე მოხდა – ვაჟა ერთი კვირით გვესტუმრა. ვაჟა თბილისიდან ორი დღის ჩამოსული იყო, ნანამ რომ შემოგვიარა და მაშინ გაიცნეს ერთმანეთი.

– სულ ეს იყო?

– სულ ეს იყო. ვაჟასაც ნანასავით, საღამოს უყვარდა ზღვაზე ყოფნა და ისინი რამდენჯერმე ერთად იყვნენ პლაჟზე. ერთ საღამოს ვაჟა მოწყენილი დაბრუნდა პლაჟიდან. როცა ვკითხე, რატომ არ ხარ ხასიათზე-მეთქი, მიპასუხა, რომ ზღვიდან დაბრუნებისას ანდროს გადააწყდნენ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოსულიყო ქობულეთში.

– მათ შორის შელაპარაკება ხომ არ მოხდა? – სწრაფად ჰკითხა რეზომ.

– მათ შორის არაფერი მომხდარა. ანდრომ მხოლოდ ნანას უთხრა – მანქანაში ჩაჯექი, დანარჩენზე სახლში დაგელაპარაკებიო. ვაჟა გაოცებული იყო, რატომ გაბრაზდა ანდრო – რა მოხდა, ზღვაზე ვიყავით ერთად. ამით რამე ხომ არ დავაშავეთო?

– მას შემდეგ აღარ შეხვედრიან ერთმანეთს?

– არა... მას შემდეგ ნანა ჩვენთან აღარ მოსულა, ორიოდ დღეში კი ვაჟაც გაემგზავრა თბილისში, – თქვა ლიამ.

– თბილისში თუ ხვდებოდნენ ერთმანეთს?

– არა, რას ამბობთ! ვაჟა ხომ ნიავი იყო – ერთს ჩამოიქროლებდა და გაქრებოდა. ნანა კი – გათხოვილი ქალი. არა... გამორიცხულია. ვაჟა არასდროს დამიმალავდა ამას, – ლიამ პაუზა გააკეთა და შემდეგ იკითხა, – რატომ ანიჭებთ ამას ასეთ დიდ მნიშვნელობას?

– ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ვაჟას დაღუპვა სწორედ ნანა სირაძეს უკავშირდება, – უპასუხა რეზომ.

– რა სისულელეა!.. უკაცრავად... – სწრაფად დაამატა ლიამ, – ზაფხულში მომხდარ მცირე გაუგებრობას, რომელიც აღარავის ახსოვდა, როგორ უნდა გამოეწვია ადამიანის სიკვდილი.

– ქობულეთში გადაღებული ფოტოსურათი თუ გახსოვთ? – ჰკითხა რეზომ.

– მახსოვს... ის ფოტოსურათი ჩემმა დამ გადაიღო. ვაჟა ჩემსა და ნანას შუაში ჩადგა და ჩემს დას სთხოვა, მსოფლიოში ორ ულამაზეს ქალთან ერთად გადამიღე სურათიო. მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ეს ხუმრობა იყო, უმნიშვნელო ხუმრობა და მეტი არაფერი.

– ის ფოტო ვაჟას თავის საძინებელ ოთახში, საწოლის გვერდით, ტუმბოზე ედო. ადამიანი, რომელიც გართობად, უმნიშვნელო ხუმრობად აფასებს ამას, ასე არ იქცევა! – შენიშნა ზურაბმა.

– რა გინდათ ჩემგან? – უღონოდ ჩაილაპარაკა ლიამ.

– ვაჟა თქვენი უახლოესი მეგობარი იყო. ჩვენ ვიცით, რომ მას და ნანა სირაძეს გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდათ და, თქვენ, როგორც მის მეგობარს, უნდა გცოდნოდათ ეს! – ხმა გაიმკაცრა ზურაბმა.

– მე არ ვაპირებ თქვენთან სხვისი ცხოვრების დეტალების განხილვას! – არ შეეპუა ლია.

– ჩვენ სადაქალოში არ ვჭორაობთ, ქალბატონო ლია. თქვენ საბურთალოს რაიონის კრიმინალური პოლიციისა და პროკურატურის გამომძიებლები გესაუბრებიან! – უცვლელი ტონით განაგრძო ზურაბმა.

– ნანა დაკითხეთ. ის თავად აგიხსნით, რა ურთიერთობაც ჰქონდა ვაჟასთან!

– გარკვეული მიზეზების გამო, ძიების ამ ეტაპზე ამისგან თავს ვიკავებთ. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ურთიერთობის ყოველი დეტალი. თქვენ, შეიძლება, იცოდეთ ის, რასაც ვერ ან არ გვეტყვის ნანა სირაძე!..

– რა მიზეზებს გულისხმობთ?

– იმას, რომ ორი დღის წინ ანდრო სირაძე მოკლული აღმოაჩინეს თავის ბინაში და ამ წუთებში მისი მეუღლე ნაცნობ-მეგობრებისგან სამძიმარებს იღებს!

– ანდრო მოკლეს?! – გაოგნებულმა იკითხა ლიამ, – ვინ?

– მის მკვლელობაში თქვენი მეგობარი ვაჟა ვერულიძე იყო ეჭვმიტანილი. მაგრამ, ცნობილი გარემოებების გამო, მისი დახმარების გარეშე გვიწევს ამ ისტორიაში გარკვევა!.. – ზურაბმა მზერა გაუსწორა ლიას და ისე დაამატა: – ასე რომ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ კითხვას: რა ხდებოდა ვერულიძესა და სირაძეებს შორის?

ნანა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ალაპარაკდა:

– ვაჟა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამას ვერასოდეს მოისმენდით ჩემგან. არა იმიტომ, რომ ეს რაიმე საშინელ საიდუმლოებასთანაა დაკავშირებული, უბრალოდ, ასე სურდა ვაჟას. ქობულეთის შესახებ სიმართლე გიამბეთ – იქ ვაჟასა და ანდროს შორის მართლაც არაფერი მომხდარა. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც ვაჟამ მითხრა, რომ თავი ვერ შეიკავა და ნანა თბილისში მოძებნა – ასეთი საქციელი მას არ ახასიათებდა, მაგრამ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ ნანამაც რაღაც ნახა მასში. თქვენ მკითხეთ, ჰქონდათ თუ არა მათ ურთიერთობაო... ახლა გპასუხობთ: დიახ, ჰქონდათ!.. მოგვიანებით კი ვაჟამ უფრო გამაოცა – ორიოდ თვის წინ ის ნანასთან ქორწინებაზე ალაპარაკდა...

– გათხოვილ ქალზე აპირებდა დაქორწინებას?! – გაუკვირდა რეზოს.

– მე არ ვიცი, რა ჰქონდათ მათ გადაწყვეტილი. უბრალოდ, ვამბობ იმას, რაც ვაჟასგან მოვისმინე – მას ამის სურვილი ჰქონდა. არ ვიცი, რა მოხდა შემდეგ. დაახლოებით ორი კვირის წინ კი ანდრომ სახლში მიაკითხა და მათ შორის მოხდა ჩხუბი. იმ ჩხუბის შესახებ უბნელებისგან შევიტყვე, თავად ვაჟას ჩემთვის არაფერი უთქვამს და მას შემდეგ ნანაც აღარ უხსენებია. მე ჩავთვალე, რომ მან ყველაფერი სწორად შეაფასა, ის გიჟური აზრი თავიდან ამოიგდო და, რადგან თვითონ არაფერს ამბობდა, მეც არ ვახსენებდი მომხდარს... კიდევ გაინტერესებთ რამე?

– ჯერჯერობით აღარაფერი, მაგრამ, შესაძლოა კიდევ მოგვიწიოს შეხვედრა, – უპასუხა ზურაბმა და რეზოს ანიშნა, წავედითო.

* * *

გურამმა ჩაფიქრებული მზერა მოავლო მაგიდის გარშემო მსხდომ საგამოძიებო ჯგუფის წევრებს. შემდეგ ზურაბს მიუბრუნდა და უთხრა:

– ან ეს კაცი მოაშორე აქედან, ან მე დავწერ განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ!

– ვის გულისხმობ? – დაიბნა ზურაბი.

– შენით ვერ ხვდები, ვის უნდა ვგულისხმობდე?! აი, იმას! – ფიფიაზე მიანიშნა გურამმა.

– შენ რამე ხომ არ გეშლება?! – ფეხზე წამოიჭრა რეზო.

– მშვიდად, მშვიდად... – მხარზე ხელი დაადო ზურაბმა და, როგორც კი ის დაჯდა გურამს მიუბრუნდა, – მაინც, რა არ მოგწონს ამ კაცში?

– ცუდი ფეხი აქვს... თარსია! – უპასუხა მან.

– რას გულისხმობ?

– გახსოვს, რა გითხარი ვერულიძის ბინაში? – ღმერთს ვთხოვ, რომ ამ ორ საქმეს რამე არ მიემატოს-მეთქი!

– მერე?

– მერე ის, რომ დღეიდან სამ მკვლელობაზე მოგვიწევს მუშაობა. მაგას რა ენაღვლება? – გურამმა დამცინავად გახედა ფიფიას, – ბალასტად უნდა გდიოს უკან, სამივე საქმემ კი ჩვენს კისერზე უნდა გადაიაროს!

– რას ამბობ, – გაიკვირვა ზურაბმა, – რომელი მესამე მკვლელობა, მე რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ?!

– ახლავე შეიტყობ... – ამ სიტყვებთან ერთად, გურამმა საქაღალდე გადაშალა, საბუთები გადაათვალიერა და ლაპარაკი განაგრძო – ამ საქაღალდეში ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებია. პირველი დასკვნა სირაძის სხეულიდან ამოღებულ ტყვიას ეხება – მას უკვე იცნობთ. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ტყვია „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან იყო გასროლილი; შემდეგი, მეორე დასკვნა უკვე ვერულიძის საქმეს ეხება. რა სისტემის პისტოლეტით დაიღუპა ის, ისედაც გასაგებია. ამ სიტუაციაში მთავარი თავად იარაღია. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ორივე შემთხვევაში ვერულიძის სახლიდან ამოღებული იარაღი იყო გამოყენებული.

– ეგ ისედაც მოსალოდნელი იყო, – ჩაურთო ზურაბმა, – მაგრამ, რა მესამე საქმეს გულისხმობდი წეღან?

– ეს ყველაზე საინტერესოა, – გახედა გურამმა, – ბალისტიკურმა ექსპერტიზამ მომცა დასკვნა, რომ იმავე იარაღით ორი თვის წინ მოკლეს ვინმე ნინუა და იმ საქმეს დღესაც იძიებს კრწანისის სამმართველო!.. ასე რომ გილოცავთ!

– ამის დედაც! – შეიგინა ზურაბის მოადგილემ, – ესღა გვაკლდა! ამ ორი საქმის გადამკიდე, დღედაღამ ქუჩაში მიწევს წანწალი და ახლა მესამეც შემოგვეტენა!

– რას გაიხარებს კრწანისის სამმართველო?! – დაამატა გიამ, – წყნარად, მშვიდად გადმოგვაბარებენ საქმეს – ახლა იმათ იმტვრიონ თავიო!

– ნუ წუწუნებთ!.. ვაკე-საბურთალო ავტონომიური რესპუბლიკა არ არის. ჯერჯერობით ყველანი თბილისის პოლიციაში ვირიცხებით და ამ ქალაქში მომხდარი ნებისმიერი დანაშაული ყველა რაიონის სამმართველოს გამოსაძიებელია!

– ეგ გასაგებია, მაგრამ, რა მოხდებოდა ჩვენი საქმეები რომ წაეღო კრწანისს? – ჩაილაპარაკა ზურაბის მოადგილემ.

– კარგი, გეყოთ, – ზურაბი გურამს მიუბრუნდა, – რა ვიცით იმ მკვლელობის შესახებ?

– ბევრი არაფერი. მე მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა მაქვს, ძირითად საქმეს თქვენ თვითონ გამოითხოვთ კრწანისის რაიონიდან. დასკვნაში კი მითითებულია, რომ ორი თვის წინ თბილისში მცხოვრები 53 წლის ალექსანდრე ნინუა მოკლული აღმოაჩინეს საკუთარი სახლის წინ. მკვლელობა დაახლოებით საღამოს 10 საათზე იყო ჩადენილი. მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგონიათ. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ნინუა მანქანიდან გადმოდიოდა – მკვლელი უკნიდან მიუახლოვდა და ორი ტყვია დაახალა კეფაში. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის ორი მასრა. იმავე სისტემის იარაღის ტყვიები აღმოჩნდა გარდაცვლილის ჭრილობებში... ბალისტიკოსების დასკვნით, მკვლელობა ჩადენილია იმ იარაღით, რომელიც ჩვენ ვერულიძის ბინიდან ამოვიღეთ, – სულ ეს არის.

– ეს სერიოზულად ცვლის ვითარებას, – თქვა ზურაბის მოადგილემ, – გამოდის, რომ, უბრალოდ ქალის გამო მოდავე კაცთან კი არა, პროფესიონალ ქილერთან გვქონია საქმე!

– ქილერები თავს არ იკლავენ, – შენიშნა გურამმა, – ამაში ფულს არავინ გადაუხდით!

– მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, – თქვა ფიფიამ, – სამივე მკვლელობა ერთი იარაღითაა ჩადენილი.

– ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს, – ჩაილაპარაკა ზურაბმა, – იარაღი შეიძლება გაყიდონ, ან, უბრალოდ, მიუგდონ ვინმეს. ასეთი არიფი ამ ქალაქში ბევრი მეგულება – იპოვის სადარბაზოს კუთხეში მიგდებულ, შავი ცელოფნის პარკში გახვეულ „მაკაროვს” და გაიხარებს: ღმერთო, ეს რა კარგი დღე გამითენდაო. ერთი თვის შემდეგ კი იმ იარაღს სახლიდან ამოუღებენ და ჰკითხავენ: აბა, იღბლიანო, აგვიხსენი, როგორ აღმოგაჩნდა ბალიშის ქვეშ „მაკაროვი”, რომლითაც ერთი წლის წინ სოლოლაკში ორი კაცი მოკლესო?! მოკლედ, იმ იარაღის წარმოშობა ჯერ კიდევ გასარკვევია. ვილაპარაკოთ იმაზე, რაც უკვე ფაქტად ითვლება. რა მოგვცა შემთხვევის ადგილების გამოკვლევამ?

– აქაც ვერაფრით დავიტრაბახებთ. მოკლედ არ გვიმართლებს, ნაღდად ვიღაცამ დაგვთარსა. ასეთი აბდაუბდა საქმე ჯერ არ შემხვედრია, – გურამმა შეფარვით გახედა რეზოს.

– კარგი, რა, თუ ძმა ხარ, – უკმაყოფილო იერით თქვა ზურაბმა, – სერიოზულ საქმეზე ვლაპარაკობთ!

– სერიოზულად კი ასეთი ვითარება გვაქვს: სრულიად დადასტურდა ვერსია, რომ ვერულიძე სირაძის ბინაში იმყოფებოდა. მისი ანაბეჭდები აღმოჩნდა კარის გარე სახელურზე და თავად კარზეც. ორიოდ სიტყვა მინდა გითხრათ კარის შიდა მხარეს აღმოჩენილ ანაბეჭდზე: ანაბეჭდი იმაზე მიუთითებს, რომ ვერულიძემ კარი ხელის მიწოლით გააღო. ამაში არაფერია უცნაური, რომ არა ერთი დეტალი – ვერულიძის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა სახელურზე.

– და, რას ნიშნავს ეს? – ჰკითხა რეზომ.

– როგორ უნდა გააღო დაკეტილი კარი სახელურზე შეუხებლად?..

– გამოდის, რომ, როცა ვერულიძე ბინაში იმყოფებოდა, კარი ნაწილობრივ ღია იყო, – თქვა ზურაბმა, – შემდეგ კი მან კარი ხელისკვრით გააღო.

– აბსოლუტურად მართალი ხარ, მაგრამ, მხოლოდ ასეც არ არის საქმე. ხელისგულის ანაბეჭდი კი ნაწილობრივ გადღაბნილი იყო. ასეთი ანაბეჭდი რჩება მაშინ, როდესაც საგანს კი არ აწვებიან, არამედ ურტყამენ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენება. წარმოიდგინეთ სურათი: ვერულიძე მიდის სირაძის ბინაში და კარის გარე სახელურზე ტოვებს ანაბეჭდს. რამდენადაც მახსოვს, მასპინძლები კარს შიგნიდან თავად უღებენ სტუმრებს. რა ხდება ამის შემდეგ?! ვერულიძე შედის ბინაში და კარს ნაწილობრივ ღიას ტოვებს – ამას აკეთებს ცივსისხლიანი და ანგარიშიანი მკვლელი, რომელიც მაყუჩიანი პისტოლეტითაა შეიარაღებული. შემდეგ ვერულიძე ერთი სუპერპროფესიონალური გასროლით კლავს სირაძეს და, რატომღაც, კისრისტეხით გარბის ბინიდან, მაგრამ,  კარის გასაღებად ხელს კი არ ჰკიდებს სახელურს, არამედ,  კარს ურტყამს ხელს და ამას აკეთებს მკვლელი, რომელმაც იცის, რომ ისინი მარტონი იყვნენ ბინაში, თანაც გასროლის ხმა არავის გაუგია!.. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რა მოიმოქმედა ყოველივე ამის შემდეგ ვერულიძემ!.. რამეს ხედავთ ამაში ლოგიკურს?! 

– ნაღდი ბარდაკია, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ზურაბმა.

– ახლა მეორე ბარდაკი მოისმინე, რომელსაც ოფიციალურად ვერულიძის უცნაური თვითმკვლელობის უფრო უცნაური დეტალები ჰქვია, – თქვა გურამმა და საქაღალდეს მიუბრუნდა.  

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3