კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორმაგი აფერა

ბობ რულანდი ერთ-ერთ საუკეთესო დეტექტივად ითვლებოდა ბალტიმორში. არაერთი ურთულესი  დანაშაული ჰქონდა გახსნილი. ის ამაყობდა იმითაც, რომ მხოლოდ მის სეიფში ინახებოდა ცნობილი თაღლითის, ვინმე უოკინგის თითების ანაბეჭდი. პოლიციის კომისარიც კი რულანდთან მირბოდა დახმარების სათხოვნელად. უამრავი ცნობილი ადამიანი ყოფილა მისი კლიენტი. იმ დილით ბარონი ქრისტოფორ ვინკლერი ესტუმრა. ამ ახალგაზრდა კაცს შორიდან იცნობდა –  ოთხი თვის წინ, პიტსბურგში, გრაფინია კლერვილის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე შეხვდა. ბარონი თავის საცოლესთან, რუსი თავადის ასულ ანა ლუბიმოვასთან ერთად იყო.

ბარონს ღელვა ეტყობოდა:

– ძვირფასო ბობ რულანდ, თქვენი თავი, მგონი, ღმერთმა გამომიგზავნა. გულახდილად გეტყვით, პოლიციაში ვაპირებდი მისვლას და, რომ არა შემთხვევითი თანამგზავრი მატარებელში, ასეც მოვიქცეოდი.

– ანუ, ვინმემ გირჩიათ ჩემთან მოსვლა?

– დიახ, ერთმა სანდომიანმა მოხუცმა. ვაგონში ჩემ წინ იჯდა. შემატყო, რომ რაღაცაზე ძალიან ვნერვიულობდი და მიზეზი მკითხა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მის მიმართ სიმპათიით განვეწყვე. ის წერილიც ვაჩვენე, რომელიც გუშინ დილით მივიღე... და... 

– დალაგებით მომიყევით, რა ხდება, – მშვიდად შეაწყვეტინა ბობმა.

ბარონმა ამოიოხრა:

– ჩემი საცოლე დაიკარგა. ვშიშობ, რომ გაიტაცეს.

– რას მელაპარაკებით! კი მაგრამ, ის მშვენიერი რუსი, ანა ლუბიმოვა?! როგორ მოხდა ეს? თქვენ დანიშნულიც ხართ მასზე?

ბარონი გაწითლდა:

– კარგად ყოფილხართ ინფორმირებული. მაგრამ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ანა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ქალიშვილია და მე ის დღესაც მიყვარს, მაგრამ, დანიშვნით სხვაზე დავინიშნე.

– მართლა? უცნაურია...

– დიახ, შეიძლება, ქარაფშუტად ჩამთვალოთ, მაგრამ, თქვენ რომ ერთხელ მაინც ნახოთ სიუზან გრანიე, გამიგებდით. ის ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და თავი დამაკარგვინა. მე ასეთი ქალი არ მინახავს, ნამდვილი ვულკანია. მოკლედ, თავდავიწყებამდე მივედი. მანაც უპასუხა ჩემს გრძნობებს. უკვე ცოლად უნდა შემერთო, რომ მოულოდნელად გაქრა. ერთკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ კი, აი, ეს ბარათი მივიღე, – ბარონმა დეტექტივს იისფერი კონვერტი გაუწოდა.

რულანდმა გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა: „ღრმად პატივცემულო ბარონო! თუ ისევ გსურთ გულში ჩაიკრათ თქვენი მშვენიერი საცოლე, გირჩევთ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ხუთი ათასი დოლარი, ქალაქ ლინკოლნის ახლოს მდებარე ძველ სამლოცველოსთან მოიტანოთ. იქ ბებერი ნაძვი დგას, ფული მის  ქვეშ დადეთ და დილით თქვენი საცოლე დაგიბრუნდებათ. თქვენი უოკინგი“.

ბობმა თავის თანაშემწეს, ტომ ნაბორსკის დაუძახა:

– უცნაურად არ გეჩვენება, რომ მხოლოდ ხუთი ათას დოლარს ითხოვს?

ტომმა მხრები აიჩეჩა:

– უცნაური ის არის, რომ მოქმედების სფერო შეუცვლია. მისი დონისა და კვალიფიკაციის თაღლითისთვის ეს ცოტათი საეჭვოა.

– ტომ, რას გაიგებ, რა ხდება დამნაშავის ტვინში... ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, გულხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებით. პატივცემულ ბარონსაც თავისი საცოლის ნახვა ეჩქარება.

ბარონმა სწრაფად დაუქნია თავი და ხელი უხერხულად მოისვა პიჯაკის ჯიბეზე.

– თქვენ კიდევ გაქვთ რაღაც ჩვენთვის? – ჩაეკითხა დეტექტივი.

– დიახ, ეს ბარათი დღეს დილით, თქვენკენ მომავალს დამაწია შიკრიკმა. სიუზანის ხელწერა ვიცანი.

„... საყვარელო, მომეცა საშუალება, მწყემსი ბიჭის ხელით ეს ბარათი გამოგიგზავნო. არ ვიცი, შენამდე მოაღწევს თუ არა... ძალიან მეშინია... ვგრძნობ, აქ დიდხანს ვერ გავძლებ... მიშველე.“

ბობმა ტომს გადახედა, მერე ბარონს მიუბრუნდა:

– გასაგებია, თქვენო ბრწყინვალებავ. შეგიძლიათ, გვენდოთ. ხვალ იხილავთ თქვენს საცოლეს... ძებნას ახლავე ვიწყებთ.

სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა – კომისარი ჰანს მეისონი იყო:

– ბობ, იცი, რომ უოკინგი ბალტიმორშია?

– ვიცი, უკვე გამოაჩინა კლანჭები.

– როგორმე მოახერხე და ხელში ჩამაგდებინე. თითების ანაბეჭდები ხომ გაქვს, ამჯერად  არ უნდა დაგვისხლტეს...

– მართალია, მაძებარი ყოველთვის დაგეშილი უნდა იყოს, – გაიცინა ბობ რულანდმა.

ძველი სამლოცველო ნაპირჩამოთლილ კლდესთან იდგა. იქაურობა უკაცრიელი ჩანდა. მონჯღრეული ხის კარი ჯაჭვით ჩაეკეტათ.

– აქ უნდა იყოს, – თქვა ბობმა, როცა იქაურობა ყურადღებით დაათვალიერა. შენ გარეთ დარჩი, ტომ და მე შიგნით შევალ. სიუზან გრანიე აქ ჰყავთ გამოკეტილი და ჩვენ მას აუცილებლად ვიპოვით.

სამლოცველოს ბოქლომის საკეტი საკმაოდ ადვილად დაემორჩილა დანის პირს. შიგნით სრული სიცარიელე და ნესტი იყო, სიძველისა და შმორის სუნი ტრიალებდა. დეტექტივმა ხელისცეცებით მოსინჯა კედლები. მერე იატაკზე ჩაიმუხლა – მოეჩვენა, რომ ერთგან ფიცრები ცოტათი ამოწეული იყო. მოებღაუჭა და ნახა, რომ ფიცარი ადვილად დაემორჩილა. მეორე ფიცარიც რომ ააძრო,  ქვის კიბე გამოჩნდა. ჯიბიდან ფანარი ამოიღო და ქვემოთ ჩაანათა. ვრცელი ორმოს სიღრმეში ადამიანის ფიგურა შენიშნა – ეს სიუზან გრანიე უნდა ყოფილიყო.

– მიშველეთ, სერ, გამომიყვანეთ აქედან. ჩემი საქმრო მდიდარია, კარგად გადაგიხდით!

– მშვიდად, მის, ნუ ყვირით. აქ თქვენს დასახმარებლად ვარ, ბარონმა გამომგზავნა.

ქვის კიბის საფეხურები სველი იყო და სლიპინა. ფეხის მოჭიდება ჭირდა. დეტექტივი იძულებული გახდა, ნახევარ კიბეზე ჩასულიყო. ქალიშვილი მაგრად ჩაეჭიდა მხსნელს და ნელ-ნელა ამოვიდნენ. დეტექტივი  გააოგნა სიუზანის სილამაზემ. ასეთი ვნებიანი, მომხიბვლელი და დამატყვევებელი ქალი მანამდე არ ენახა. ახლა უკვე ესმოდა ბარონის, რომელმაც გადაწყვეტილება შეცვალა და ამით საკუთარი ღირსება საფრთხის ქვეშ დააყენა.

უკვე ბინდდებოდა. ამიტომ  დეტექტივმა თავის თანაშემწესთან და გათავისუფლებულ ულამაზეს ტყვესთან ერთად ადგილობრივ სასტუმროს მიაკითხა. ტანსაცმელი სამივეს სველი და დასვრილი ეცვა. ღამეს გაათენებდნენ, თავსაც მოიწესრიგებდნენ და დილით ბარონთან წარდგებოდნენ. დეტექტივი ამაყი იყო, თუმცა, რაღაც უცნაური ეჭვი თუ განცდა არ ასვენებდა. სიუზანმა გრაციოზული, კეკლუცი ღიმილით მადლობა გადაუხადა მხსნელებს, დაღლილობა და თავის ტკივილი მოიმიზეზა და ნომერში შეიკეტა. დილით კი მის კვალსაც ვერ მიაგნეს... სასტუმროს მომსახურე პერსონალმა არაფერი იცოდა. არავის დაუნახავს, სად წავიდა და როდის. დეტექტივმა მაშინვე პიჯაკის ჯიბეებზე იტაცა ხელი...

– ტომ, დავიღუპე, გამაცურეს... ღმერთო, ეს როგორ დამემართა, ნამდვილი იდიოტი ვარ! ჩემი გასაღებების აცმა... მე ის დავკარგე! ეტყობა, იმ ქალმა ამომაცალა, ბარონის საცოლემ.

– რაო? იმ სიუზენმა? შეუძლებელია! კი მაგრამ, რისთვის სჭირდებოდა?

– კიდევ ვერაფერს მიხვდით? უოკინგის ანაბეჭდები – აი, რისთვის დაიდგა მთელი ეს სპექტაკლი. დარწმუნებული იყავით, რომ ჩემი სეიფი ცარიელია.

დეტექტივის სიტყვები გამართლდა. სახლის კარიც ღია აღმოჩნდა და სეიფისაც, რომლიდანაც არაფერი იყო წაღებული, გარდა თითების ძვირფასი ანაბეჭდებისა. სამაგიეროდ, ვიღაცის მზრუნველ ხელს მის ადგილას იისფერი კონვერტი დაედო, ბარათით, რომელშიც ეწერა: „ღრმად პატივცემულო ბობ რულანდ, მომიტევეთ, რომ მომიხდა თქვენს ჯიბეში ხელის ჩაყოფა. მე უოკინგის თანაშემწე ვარ. თქვენ ხომ ენდობით თქვენს თანაშემწეს? ჰოდა, გამიგებთ. რაც შეეხება ბარონს, გადაეცით, რომ მართლა ძალიან სიმპათიურია და მე ის გულწრფელად მომწონდა. ვურჩევ, დაუბრუნდეს თავის საცოლეს და ქორწილს ნუღარ გადადებს. ანა შესანიშნავი ქალია. დარწმუნებული ვარ, ამ ამჩატებას აპატიებს და კარგ ცოლობასაც გაუწევს. ნუ გეწყინებათ, რომ ძვირფასი რელიკვია დაკარგეთ. ჩვენ მას საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით. თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელი – სიუზან გრანიე“...

скачать dle 11.3