კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

აღაჯანაშვილი

ეს გვარი შედგენილია. აღა სპარსულად ნიშნავს ბატონს, ჯან კი ინდურ-სპარსულია და ნიშნავს ხელს. კონკრეტულ შემთხვევაში, ჯან მიმართვის საალერსო ფორმაა. აქედან მოდის გვარები: ჯანაშვილი, ჯანიაშვილი. 

საკუთარი სახელი აღაჯან მოხსენიებულია 1670 წლის მამულის ნასყიდობის წიგნში.

ამგვარად წარმოშობილი გვარებია: ამირჯანაშვილი, ახიჯანასშვილი, ბერიჯანაშვილი, ბერიჯანიანი, გოგიჯანაშვილი, გორიჯანიანი, გელიჯანაშვილი, მეგიჯანაშვილი, მამაჯანაშვილი.

საქართველოში 46 აღაჯანაშვილი ცხოვრობს: კასპში – 10, ყვარელში – 10, თბილისში – 5. არიან სხვაგანაც.

კვიცაძე-კვიციშვილი-კვიციაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კვიცა. 

ამავე ძირისაა გვარები: კვიციშვილი, კვიციაშვილი, კვიციანი. 

სოფელ კოდაში მცხოვრები დღევანდელი კვიცაძეები 1873 წლის აღწერით კვიციშვილები იყვნენ.

კვიციაშვილი გიორგი და მისი შვილები არაგვის საერისთავოში დუშეთის რაიონის სოფელ ეთვალიდან გადმოსულან. 

საქართველოში 56 კვიცაძე ცხოვრობს: თბილისში – 26, თეთრი წყაროში – 20, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.

ლალიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლალია.

ამავე ძირისაა გვარები: ლალაშვილი, ლალებაშვილი, ლალუაშვილი, ლალიშვილი.

ივანე და სოლომონ ლალიაშვილები 1873 წლის აღწერით მოიხსენიებიან დიდ თონეთში.

კოდაში მცხოვრებ ლალიაშვილებს ლალიანთას უძახიან.

საქართველოში 1 552 ლალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 625, დუშეთში – 189, გარდაბანში – 159. არიან სხვაგანაც.

კუჭიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კუჭა, კუჭია. 

მეტსახელი კუჭია შემონახულია ფოლადის გვარის სახინჯარში.

გვხვდება ტოპონიმები: კუჭიანი – ქიზიყში, კუჭია კი – ზესტაფონის რაიონში.

კუჭიაშვილები იყვნენ მებატონეებიც და ყმა გლეხებიც.

საქართველოში 78 კუჭიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, მცხეთაში – 36, კასპში – 6.

ლოლაშვილი-ლოლიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლოლა, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად იასამანს ნიშნავს.

თიანეთში მცხოვრებ ღვინია ლოლისშვილს 1829 წელს შეეძინა ქალი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ და სახელად უწოდა ქეთევან.

ლოლაშვილები სოფელ ასურეთში 1941 წლიდან ცხოვრობენ.

ამავე ძირისაა გვარები: ლოლაძე, ლოლიაშვილი, ლოლუა.

საქართველოში 480 ლოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 243, სიღნაღში – 120, დედოფლისწყაროში – 32. არიან სხვაგანაც.

246 ლოლიაშვილი: თბილისში – 132, გორში – 51, რუსთავში – 24. არიან სხვაგანაც.

ბექაური

გვარის ფუძეა ძველი ქართული საკუთარი სახელი ბექა. ამ სახელით ბევრი ისტორიული პიროვნებაა ცნობილი, მაგალითად, ბექა ოპიზარი.

მთიანეთში მცხოვრებ ბექაურთა თიკუნებია: აფთარაანი, შარვანიანი, ბაინდურიანი, დათვიანი, ლომიანი, ბატარაანი.

არაგვის ხეობის აღწერაში 1774 წელს მოიხსენიებიან გუდამაყრის ჭალის სოფელში ერისთავის ყმა და მისი სამოსახლო: „ბეჟანა ბექაურის შვილი ნადირა, ირემა და შიო. აქავ ბექაური ვეფხია“.

გადმოცემის მიხედვით, ამ გვარის მიმცემი ბექა და წიკლაურთა ფუძის დამდები წიკქვაი ძმები ყოფილან. ამ გვარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გუდამაყარში ცხოვრობდა ოთხი გვარის ხალხი: ბექაური, წიკლაური, აფციაური და ჩოხელი. ამ გვარების წარმომადგენლები ერთმანეთში არ ათხოვებდნენ ქალს.

თეთრიწყაროელი ბექაურები სოფელ მაქართადან არიან.

1853-1854 წლებში შამთაში მცხოვრები ბექაურები, შალვა ბექაურის გარდა, ბექაურიშვილებად ჩაეწერნენ.

გვხვდება, ასევე, გვარი ბექაძე.

საქართველოში 3 463 ბექაური ცხოვრობს: თბილისში – 468, თეთრი წყაროში – 417. არიან სხვაგანაც.

საბაური-სამქანაშვილი-ჩონიაშვილი

საბაურთა გვარი ტოპონიმ ცაბაურთადან მომდინარეობს. საბაურები ფშავის სოფელ ცაბაურთიდან ყოფილან გადმოსახლებულნი სოფელ ფანშეტში და სოფლის სახელი გაუგვარებიათ. 1774 წლის აღწერაში სოფელ ფანშეტში რამდენიმე კომლი საბაურია მოხსენიებული.

„ვინაიდან საბაურები ცოტანი იყვნენ, თან უნდოდათ, რომ უფრო მეტნი ყოფილიყვნენ, ორი გვარი მიიღეს – ჯერ სამქანაშვილები გახდნენ, შემდეგ – ჩონიაშვილები.

სამქანაშვილები შიდა ქართლის სოფელ კავთისხევში მისულან, ჩონიაშვილები კი ხევის სოფელ ქობიდან არიან. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სოფელ ფანშეტში არის კავთის წმიდა გიორგის სალოცავი, რომელიც სამქანაიძე-სამქანაშვილებს ამ ადგილას გადასახლების შემდეგ გადაუტანიათ.

საქართველოში 165 საბაური ცხოვრობს: თბილისში – 87, ბორჯომში – 4, გარდაბანში – 3. არიან სხვაგანაც.

159 სამქანაშვილი: ყაზბეგში – 100, თბილისში – 40, მცხეთაში – 7. არიან სხვაგანაც.

41 ჩონიაშვილი: თბილისში – 11, გარდაბანში – 8. არიან სხვაგანაც.

ჯიღაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიღა.

ამავე ფუძითაა ნაწარმოები გვარი ჯიღაურიშვილი. გვარის პირველ საცხოვრებლად მიჩნეულია საგარეჯოს რაიონი.

ჯიღაურნი დასახლებული პუნქტის სახელწოდებადაც გვხვდება. სოფელი ჯიღაურნი თავის დროზე ჯიღაურთა გვარის წარმომადგენლებით იყო დასახლებული. ისინი მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში უკვე გარე კახეთის სოფელ ბერთუბანში იყვნენ გადასახლებულები.

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, ჯიღაურები ერწოდან გადასახლდნენ სოფელ პატარძეულში. 1850 წლამდე იყო სოფელი ჯიღაურთა, ამჟამად კი მას ხადუელთა ჰქვია. იმ ადგილს, სადაც ჯიღაურები დასახლებულან, ჯიღაურთხევი ჰქვია. 

საქართველოში 342 ჯიღაური ცხოვრობს: თბილისში – 144, საგარეჯოში – 130, რუსთავში – 35. არიან სხვაგანაც.

ამურველაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამურველა.

მათი თავდაპირველი გვარი ამრუმელაშვილი ყოფილა.

1871 წლის აღწერით, მარაბდაში მოიხსენიება გოსტაბაშვილის ყმა – ოქრუა ამურველაშვილი.

ამურველაშვილები დიდ ენაგეთში სოფელ ერწოდან გადასულან.

საქართველოში 100 ამურველაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 49, თეთრი წყაროში – 41, გურჯაანში – 6. არიან სხვაგანაც.

ბოჟაძე

კროჭი გვარად ქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვაა და კოლოფს, სკივრს, ზანდუკს ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი – პატარას, მცირეს. გვარი კროჭი საჩოთიროდ ითვლებოდა, ამიტომ, ზოგმა აბაშიძედ შეიცვალა, ზოგმა საყვარელიძედ და ზოგმაც – ასათიანად. სინამდვილეში კი მათი ადრინდელი გვარი ბოჟაძე იყო.

სოფელ აბანოში მცხოვრები ბოჟაძე მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში.

ბოჟაძე ზაქარია მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში.

საქართველოში 305 ბოჟაძე ცხოვრობს: ხარაგაულში – 49, თბილისში – 34, ზესტაფონში – 34. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3