კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-8(634) 

– უფრო კონკრეტული გეგმა გაქვთ? – მკითხა ანდროპოვმა, რომელსაც მივუგე:

– დიახ. უმოკლეს დროში თვითმკვლელთა ბატალიონს მოვამზადებთ და ისინი შიშსა და ნგრევას დათესავენ ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში, დივერსიებს მოაწყობენ იქ და ამ აქციებიდან მიყენებული ზარალი არანაკლებ ეფექტური იქნება, ვიდრე სამხედრო ინტერვენციიდან მიყენებული ზარალი.

– ეს არც ისე იოლი საქმეა, – მითხრა ანდროპოვმა და პაუზა რომ გააკეთა, ვუთხარი:

– გარწმუნებთ, იური ვლადიმიროვიჩ, რომ აუცილებელი აქციაა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს.

– კეთილი. ამ საკითხს პოლიტბიუროზე გავიტან, თქვენ კი თავისუფლები ხართ.

ანდროპოვისგან რომ გამოვედით, მუხინმა მითხრა:

– რას ფიქრობ, მიიღებენ ჩვენს წინადადებას?

– თუ არ მიიღებენ, მაშინ, ჩვენი ქვეყანა განწირულია, – მივუგე მუხინს და ეს ლაპარაკი ამით დასრულდა.

ანდროპოვთან ჩვენი აუდიენციის შემდეგ წლები ისე გავიდა, არც არავის გამოვუძახებივარ ამ საკითხზე და არც საბჭოთა საგარეო პოლიტიკას ეტყობოდა, რომ ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდროპოვს კვირაში რამდენჯერმე ვხვდებოდი სხვადასხვა საკითხზე, მას ჩემი პატაკი ერთხელაც არ უხსენებია და მივხვდი, რომ პოლიტბიურომ ის უარყო.

ამერიკული ანტისაბჭოური ნავთობპროექტის განეიტრალების თემა მას მერე უფრო აქტიური გახდა, როდესაც ანდროპოვი გარდაიცვალა და „პერესტროიკა“ დაიწყო. თუმცა, არც „კაგებეს“ და არც ქვეყნის პარტიულ ხელმძღვანელობას არ უზრუნიათ, რომ ეს საფრთხე გაენეიტრალებინათ და ქვეყანა საშინელი კრახისგან ეხსნათ. პირიქით, როგორც კი გორბაჩოვი მომძლავრდა და საბჭოთა კავშირის დაშლის ამერიკული გეგმის განხორციელებას შეუდგა, პირველი პროვოკაცია მოაწყო. ახალი გენერალური მდივნის პირველი სამიზნე შეიარაღებული ძალები იყო. საჭირო იყო მათი მმართველი ელიტის მოშორება, ამას კი ამ ხალხის დისკრედიტაცია სჭირდებოდა. ამიტომ, გორბაჩოვმა „კაგებეში“ მოკალათებული მოღალატეების მეშვეობით, დასავლეთგერმანელ ახალგაზრდას, მათიას რუსტს პლანერით წითელ მოედანზე დაჯდომის საშუალება მისცა. საზღვრის დამრღვევი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის წითელ მოედანზე, თავისი თვითმფრინავის წინ, ავტოგრაფებს არიგებდა. ეს იყო ერთადერთი უპრეცედენტო შემთხვევა საბჭოეთის არსებობის ისტორიაში. ამიტომ, გორბაჩოვმა ჯერ საჰაერო ძალების სარდლობა მოხსნა, შემდეგ სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც მიაყოლა და პირველი ძლიერი დარტყმა საბჭოთა არმიას ამით მიაყენა. ცრუ დიდებით შემოსილმა, უდიდესი ღალატისთვის ნობელის პრემიით დაჯილდოებულმა, საბჭოეთის პირველმა პრეზიდენტმა ისე გაწირა მილიონობით ადამიანი, რომ წარბიც არ შეხრია და ამ სატანურ საქმეში მან  არმიისა და „კაგებეს“ ტრადიციული დაპირისპირება გამოიყენა. რუსეთთან დაკავშირებული პროვოკაცია, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ისტორია, გორბაჩოვმა ერთი პოლკოვნიკის დახმარებით განახორციელა, რომელიც შემდგომ  გენერალ-პოლკოვნიკობამდე აღაზევა და, დაიშალა თუ არა ჩვენი დიდი ქვეყანა, ის სუბიექტი ქვეყნიდან გაქრა და თან მილიარდ ორასი მილიონი დოლარის ღირებულების განძიც გაიტაცა... იმ სუბიექტის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, პირობითად მას სვინინს ვუწოდებ.

ქვეყნის საგანძურის დაბრუნებაზე ზრუნვა ახალი დაწყებული იყო და მისი ძალიან მცირე ნაწილი გვქონდა დაბრუნებული, როდესაც შჩუკინმა შეხვედრა მთხოვა. მოსკოვში რომ წავედი, მითხრა:

– გენერალ-პოლკოვნიკი სვინინი გახსოვს?

– დიახ. თუ არ ვცდები, დაიშალა თუ არა საბჭოთა კავშირი, ის უცხოეთში გაიქცა.

– უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ სვინინი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა, – მითხრა შჩუკინმა და მცირე პაუზის მერე დაამატა – ის მართლაც გაიქცა, როგორც გაირკვა, ბრაზილიაში და თან წაიღო მილიარდ ორასი მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, სვინინი რომ ჩვენს სიაში არ ფიგურირებს? – ვუთხარი შჩუკინს, რადგან ზეპირად ვიცოდი ეს სია და სვინინი იქ არ ეწერა.

– ვიცი, – დამიდასტურა შჩუკინმა, – ეს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან შევიტყვე. ჩვენ ვეძებდით გორბაჩოვის ფარულ ხელშემწყობს „კაგებეში“, სვინინზე გავედით და გატაცებული განძიც იქ ამოტივტივდა.

– ესე იგი, განძის დაბრუნების გამო არ დამიძახეთ?

– განძი, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, თუმცა, ჩვენს გეგმაში ეგეც შედის.

– მთავარი, ალბათ, სვინინის ლიკვიდაციაა.

– დიახ, ის მოღალატე უნდა განადგურდეს. მანამდე კი გატაცებულ ქონებას დავიბრუნებთ, – მითხრა შჩუკინმა, – რიოში შენ რამდენჯერმე ხარ ნამყოფი და კიდევ ერთხელ მოგიწევს იქ გამგზავრება.

– ზღაპრული ადგილია. ყოველთვის ვოცნებობდი იქ დასვენებაზე, მაგრამ, რამდენჯერაც იქ ჩავედი, ყოველთვის ან სამსახურებრივად ვიყავი მივლენილი, ან კონტრაქტს ვასრულებდი.

– რას იზამ, კოკი, ასეთი პროფესია გვაქვს. სამშობლოს სამსახურმა მოსვენება და სიამოვნება არ იცის. პირველ ყოვლისა – მოვალეობა! ხოლო, ვინც მოვალეობას ივიწყებს და ღალატის გზას ადგება, შენი სამიზნე ხდება. შენ კი, იმედია, ამ მიზანსაც გაანადგურებ.

სვინინი რიოში დიდ ფუფუნებაში და, რა თქმა უნდა, სხვისი სახელითა და გვარით ცხოვრობდა. ნაძარცვი განძი მას თავის ფეშენებელურ ვილაში ჰქონდა დამალული და ერთ ზურგჩანთაში იყო მოთავსებული. გენერალ-პოლკოვნიკს უზარმაზარი ალმასები, ბრილიანტები, ლალები და ზურმუხტები ჰქონდა გატაცებული სპეცსანახიდან, რომლის ნაწილიც მას ჩააბარეს, რათა საიმედოდ შეენახა. მან კი, ეს საიდუმლო რომ არ გამჟღავნებულიყო, სამი ადამიანი მოკლა, ეს უძვირფასესი ნივთები გაიტაცა და გაუჩინარდა.

სვინინს საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლის სახელით ვეწვიე და, როდესაც მარტო მოვიხელთე, ჯერ მისი ოთხი უზარმაზარი როტვეილერი დავხოცე მაყუჩიანი პისტოლეტიდან, შემდეგ მას მივუშვირე ლულა და ვუთხარი:

– გეგონა, ვერ მოგაგნებდით და შენს დარჩენილ ცხოვრებას სიამტკბილობაში გაატარებდი?

– „კაგებე“ სასტიკი უწყებაა, მას ვერსად გაექცევი. სამწუხაროდ, ეს ვერ გავითვალისწინე.

– „კაგებე“ აღარ არსებობს. მე სამართლიანობის აღსადგენად მოვედი. სადაა საბჭოეთის კუთვნილი ქონება?

– არც საბჭოეთი არსებობს, – მითხრა სვინინმა.

– სამწუხაროდ, ასეა და ამაში შენ და შენნაირებს მიგიძღვით ბრალი.

– აბა, რას მთხოვ? რაც არ არსებობს, იმას როგორ მთხოვ?

– ოფიციალურად არც შენ არსებობ, მაგრამ, აქ ხარ, ჩემ წინ. ჩქარა, გატაცებული ქონება გამოაჩინე!

– არ მაქვს, – მტკიცედ მითხრა სვინინმა. პასუხად წვეტიანი ხანჯალი ბარძაყში ჩავარჭვე, მერე სწრაფად ამოვაძრე და კბილებში გამოვცარი:

– ჩქარა, ქონება გამოაჩინე!

– ბუნკერში მაქვს შენახული... – ამოიკვნესა სვინინმა და ბარძაყზე დაიდო ხელი, საიდანაც თქრიალით მოსდიოდა სისხლი.

სვინინი თრევა-თრევით ჩავიყვანე ბუნკერში და სეიფიდან ნაძარცვი ქონება გამოვაღებინე.  როცა დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ადგილზე იყო, ისევ ზემოთ ავათრიე, სავარძელში ჩავაგდე და ვუბრძანე:

 – ახლა კი ის მითხარი, ვისი დავალებით აწყობდი პროვოკაციებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი!

– რაღა გინდათ, გატაცებული ქონება ხომ დაგიბრუნეთ? წადით, თავი დამანებეთ!.. – ამოიკვნესა სვინინმა, რომელსაც, რატომღაც, არ ეგონა, რომ სიკვდილით დავსჯიდი.

– კითხვაზე მიპასუხე, თორემ, მეორე ბარძაყსაც გაგიხვრეტ, – კბილებში გამოვცარი და ხანჯალი დავანახვე.

– პირადად გორბაჩოვის, – მითხრა სვინინმა, – მე ჯერ კიდევ სტავროპოლში ვმუშაობდი მასთან და მენდობოდა. ასეთი კარიერა სწორედ მისი დახმარებით გავიკეთე. ის მარწმუნებდა, რომ ასე იყო საჭირო. მათიას რუსტი რომ წითელ მოედანზე დაეშვა, ეს ჩვენ მოვაწყვეთ. მას ჩვენმა აგენტებმა ჩააგონეს, რომ წითელ მოედანზე დამჯდარიყო და სახელს გაითქვამდა, თან, დიდ ფულსაც იშოვიდა. რუსტი ძალიან ახალგაზრდა, ძალიან პატივმოყვარე და ძალიან ფულის მოყვარული ადამიანი იყო. მას ჩვენი დახმარებით ფინეთის ყურეში გაუხსნეს გზა და, ლენინგრადში რომ შემოფრინდა, ერთხანს ლენინგრადი-მოსკოვის მატარებელს დააჯდა კუდზე, შემდეგ სიმაღლე ასწია და მოსკოვში რომ შემოფრინდა, პირდაპირ წითელ მოედანზე დაჯდა. იმ დღეს, „პევეოს“ მორიგე სპეციალური პრეპარატით გააბრუეს და ქმედითუუნარო გახადეს, მისი ხელქვეითები კი დაათვრეს და ამგვარად შემოუშვეს რუსტი, რასაც საბჭოთა არმიის რღვევა, ამას კი საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.

– გორბაჩოვმა ეს იცოდა?

– იცოდა, თანაც, დეტალებში. ხოლო, ჩვენი გეგმები რომ არ გაშიფრულიყო, რადგან მას მოსმენების ეშინოდა, ანგარიშს ტყეში ვაბარებდი ხოლმე, მის აგარაკზე, ეგრეთ წოდებული საღამოს გასეირნების დროს. სანაცვლოდ თავბრუდამხვევ კარიერას მპირდებოდა და მარწმუნებდა, რომ მარშალი გავხდებოდი.

– ორი ვარსკვლავი დაგაკლდა მარშლობამდე, – ზიზღით მივუგე სვინინს და ვკითხე – ამ ყველაფერს თავად გორბაჩოვი  იგონებდა, თუ კონსულტანტები ჰყავდა? 

– ვფიქრობ კი არა, ზუსტად ვიცი, გორბაჩოვს ამ ყველაფერს ამერიკელები ურჩევდნენ, – სვინინმა პაუზა გააკეთა და განაგრძო, – თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გორბაჩოვს აიძულებდნენ ამის გაკეთებას.

– აიძულებდნენ?

– დიახ.

– რატომ ფიქრობ მასე?

– თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ ეს ყველაფერი ამერიკელების წისქვილზე ასხამდა წყალს. სინამდვილეში არანაირ ხალხის ზრუნვაზე არ იყო ლაპარაკი, როგორც ამას გორბაჩოვი მიმტკიცებდა.

– ხალხისთვის ზრუნვაზე?

– დიახ. გორბაჩოვი მეუბნებოდა, რომ, თუკი საბჭოთა არმიის ძველ ხელმძღვანელობას მოიშორებდა, ის ეკონომიკას წამოსწევდა და ხალხის მძიმე ცხოვრებას გააუმჯობესებდა. გორბაჩოვი მეუბნებოდა, რომ საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის ოთხმოცი პროცენტი არმიას მიჰქონდა და ხალხი იმიტომ ცხოვრობდა ასე ცუდად.

– კიდევ რას გეუბნებოდა ის იუდა?

– ძირითადად, ამას.

– თუ ჯერ კიდევ მაშინ მიხვდი, რომ გორბაჩოვი ამერიკისთვის მუშაობდა, რატომ არ მიიღე შესაბამისი ზომები?

– რა ზომები?

– რა და, რატომ არ აცნობე ამის შესახებ თუნდაც „კაგებეს“ ხელმძღვანელობას, შენ ხომ მაშინ „კაგებეს“ პოლკოვნიკი იყავი და ასეთი რამ სამსახურებრივად გევალებოდა?

სვინინმა გაკვირვებით შემომხედა, მწარედ ჩაეცინა და მითხრა:

– როგორ ფიქრობთ, ეს რომ მე „კაგებეს“ ხელმძღვანელობისთვის მეთქვა, ვინმე ცოცხალს დამტოვებდა? ხრუშჩოვს პირადად მოახსენეს, რომ მასზე შეთქმულება მზადდებოდა და ფაქტებიც დაუდეს, მან კი ეს ყველაფერი უგულებელყო და ინფორმატორები უკვალოდ გააქრეს. მე ვინ დამიჯერებდა, თანაც, დაუდასტურებელ ვარაუდს?

– რა ზღაპრებს მიყვები! შენ თვითონ არ მითხარი, რომ რუსტს შენმა ხალხმა ჩააგონა წითელ მოედანზე თვითმფრინავით დაჯდომა?! 

– ჰო, მაგრამ, ყველა ის ადამიანი, ანუ შემსრულებელთა ქვედა რგოლი მალევე მოიშორეს თავიდან და მხოლოდ მე დამტოვეს ცოცხალი. გასაგებია?

– გასაგებია. გამოდის, რომ გორბაჩოვს შემსრულებელთა სხვა ჯგუფიც ჰყავდა „კაგებეში“.

– არანაირი სხვა ჯგუფი, ჩემი ხალხი „ცეერუმ“ მოიშორა. ისინი სულ რვანი იყვნენ. ერთ მშვენიერ დღეს, რვავე ერთი ვერტმფრენით მიფრინავდა როსტოკის სამხედრო პოლიგონზე, როდესაც ვერტმფრენი ჰაერში აფეთქდა და ყველანი დაიღუპნენ. მართალია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენი გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ, „ცეერუს“ იქ ძლიერი აგენტურა და დივერსიული ჯგუფები ჰყავდა, ამიტომ, მათ ჩვენი ვერტმფრენის აფეთქება არ გაუჭირდებოდათ.

მე კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც გერმანიაში საბჭოთა ვერტმფრენი აფეთქდა და ხალხი დაიღუპა. მაშინ ამერიკელები გაკვრითაც კი არავის უხსენებია და ყველაფერი საბჭოთა მექანიკოსს დააბრალეს, რომელმაც მაშინვე თავი მოიკლა. ამიტომ, სვინინის სიტყვებმა უკიდურესად გამაღიზიანა და ვუთხარი:

– ის მოღალატეები სიკვდილს ნამდვილად იმსახურებდნენ, მაგრამ მათ გარდა, იქ სხვებიც დაიღუპნენ, მექანიკოსმა კი თავი მოიკლა, ან,  ალბათ, ისიც მოკლეს.

– ეგ უკვე აღარ ვიცი, – მხრები აიჩეჩა სვინინმა, – ჩემთვის დეტალები არავის უთქვამს. მე, უბრალოდ, მიმახვედრეს, რომ, თუ ჭკვიანად არ მოვიქცეოდი, მეც იგივე ბედი მელოდა.

– და, შენც ბოლომდე მოაწერე ხელი ღალატს, ხომ?

– აბა, რა უნდა მექნა?

– რა და, ყველაფერი გაგესაჯაროებინა. შემდეგ კი თუნდაც მიმალულიყავი.

– სად დავიმალებოდი?! მე ხომ მიწიდან ამომიღებდნენ. ასე კი გადარჩენის შანსი მქონდა.

– მერე, გადარჩი?

სვინინს თვალები გაუფართოვდა. მას ბარძაყის საშინელი ტკივილიც კი დაავიწყდა და მითხრა:

– ჩემგან რაღა გინდათ? ნაძარცვი ქონება ხომ დაგიბრუნეთ?

– სამშობლოს ღალატი არავის ეპატიება და ხანდაზმულობის ვადა მას არ გააჩნია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უკვე არც სამშობლო არსებობს, – მივუგე სვინინს და ტყვიით შუბლი გავუხვრიტე, შემდეგ პისტოლეტი იქვე დავაგდე და მისი ფეშენებელური ვილა იმავე შელახული „მერსედესით“ დავტოვე, რომლითაც იქ მივედი. „მერსედესი“ უკაცრიელ ადგილზე გადავჩეხე, რამდენიმე საათის შემდეგ კი, უკვე პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში მივფრინავდი. ძვირფასეულობით გატენილი სპორტული ზურგჩანთა ბარგში ჩავაბარე და ადგილზე რომ ჩავედი, უვნებლად მივიღე, საბაჟოც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავიარე და ქალაქში გავედი.

პარაგვაიდან ჩილეში ჩავფრინდი. იქიდან კი საოკეანე გემით ჩავედი სოჭში. ეს ვოიაჟი სამი კვირა გაგრძელდა. ასეთი გრძელი გზა უსაფრთხოების მიზნით ავირჩიე. რადგან, რიოშიც, ასუნსიონშიც და ჩილეშიც ძველი ნაცნობები მყავდა საბაჟოებზე, რომლებიც არცთუ დიდი ანაზღაურების ფასად ნებისმიერი ტვირთის გატანაზე ხუჭავდნენ თვალს.

თითქმის მთელი დედამიწა გამოვიარე და ზედმეტი სიტყვაც კი არავის დაუძრავს, მაგრამ, სოჭის საბაჟოს რომ გავდიოდი, სადაც, წესით, ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო, კინაღამ გავიშიფრე. წინასწარ ვიცოდი, რომ მეოთხე ხაზი უნდა გამევლო, კონტროლიორისთვის ათდოლარიანი ჩამეკუჭა ხელში და ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. მეც სწორედ ასე მოვიქეცი: მილიარდ ორასმილიონდოლარიანი ზურგჩანთა ბეჭებზე მქონდა მორგებული, მშვიდად შევედი საკონტროლო მეოთხე ხაზზე და ახალგაზრდა კონტროლიორს რომ მივუახლოვდი, წინასწარ გამზადებული ათდოლარიანი ხელში ჩავუკუჭე და ნაბიჯის გადადგმა დავაპირე, მაგრამ, შლაგბაუმმა არ გამიშვა. მებაჟემ საზღვარი არ გამიხსნა. მან ჯერ ჩემს დაჭმუჭნილ ათდოლარიანს დახედა, შემდეგ კოპები შეიკრა და კბილებში გამოსცრა:

– აქეთ გამოდით, მოქალაქევ, თქვენი ზურგჩანთა უნდა შევამოწმო!

ახალგაზრდა კონტროლიორის სიტყვები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, თუმცა, სიმშვიდე არ დამიკარგავს, საფულე გავხსენი და ის-ის იყო, ასდოლარიანი უნდა ამომეცურებინა, რომ კუშტმა ახალგაზრდამ მრისხანედ დაიქუხა:

– აბა, მოეშვი საფულეში ქექვას და გვერდით გადმოდი, ჩქარა!

სიმართლე რომ ვთქვა, იმ მომენტში ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. გაქცევით ვერსად გავიქცეოდი, იმ მებაჟისთვის კი მილიონი დოლარიც რომ მიმეცა, მაინც არ აიღებდა. გვერდზე გადგომა და ჩემი ჩანთის გახსნა კი რასაც გამოიწვევდა, ძნელი მისახვედრი არ იყო. ასეთ მომენტებში ფორტუნა თუ გიშველის და განგებამ არ დააყოვნა: ის-ის იყო, ახალგაზრდა მებაჟე მილიციის მოხმობას აპირებდა, რათა ძალით გავეყვანე გვერდზე, რომ უცებ ხანში შესული მებაჟე მოვიდა. მან ჯერ მე შემომხედა, შემდეგ კი თავის ახალგაზრდა კოლეგას ჰკითხა:

– ლიოხა, რაშია საქმე?

 ახალგაზრდა მებაჟე კოლეგას მიუბრუნდა და მიუგო:

– სტეპან ზახარიჩ, აი, ეს მოქალაქე ქრთამს მთავაზობდა, – ახალგაზრდამ ზახარიჩს დაჭმუჭნილი ათდოლარიანი მისცა და დაამატა – ეს კი კანონით ისჯება. მე არ ვაპირებდი მისი ზურგჩანთის შემოწმებას, ახლა კი ამის გაკეთება აუცილებელია. იქ ნამდვილად კონტრაბანდაა და უნდა შემოწმდეს.

– კეთილი, ლიოხა, შენ აბსოლუტურად მართალი ხარ. ვატყობ, რომ შტატში სულ მალე აგიყვანენ. მიდი, ბოლომდე გააკეთე შენი საქმე. მე კი ამ მოქალაქეს ჩანთას შევუმოწმებ, – უთხრა ლიოხას სტეპან ზახარიჩმა, რომელმაც მანამდე თვალი ჩამიკრა და მანიშნა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.

– სტეპან ზახარიჩ, ხომ არ დაგეხმაროთ? – ჰკითხა ლიოხამ თავის უფროს კოლეგას.

– არაა საჭირო, მარტოც გავუმკლავდები. შენ კი, მიდი, კარგად მუშაობ, – მიუგო ზახარიჩმა, შემდეგ მომიბრუნდა და მრისხანედ მიბრძანა:

– თქვენ კი, მოქალაქევ, ნუ აყოვნებთ ხალხს,  წამომყევით!

ზახარიჩს მორჩილად გავყევი და ოთახში რომ შევედით, ათასი ბოდიში მომიხადა:

– მაპატიეთ, ჩემო კარგო, კუჭი მაქვს აშლილი და ტუალეტში ვიყავი. ეს შტერი ლიოხა  პრაქტიკანტია და არ იცოდა, რომ უნდა გაეტარებინეთ. აი, თქვენი ზურგჩანთა, – ზახარიჩმა ზურგჩანთა გამომიწოდა და დაამატა – ამ კარიდან მიბრძანდით და ნურაფერზე იდარდებთ.

მე ჯერ საბაჟოს სათადარიგო კარიდან გავედი გარეთ. შემდეგ სტეპან ზახარიჩი მოვიხმე ხელით. რომ მოვიდა, ხელში ასდოლარიანი ჩავუკუჭე და ვუთხარი:

– ჩუ, ეს თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ. მაგრამ, გარწმუნებთ, ამ ზურგჩანთით ნარკოტიკები ნამდვილად არ გადამაქვს. იქ ცოტაოდენი სამკაულია და საბაჟოზე რომ გავატარო, ამდენივე დამიჯდება.

ასდოლარიანის დანახვაზე სტეპან ზახარიჩს ენა ჩაუვარდა და, სანამ ის რამეს მოისაზრებდა, მე უკვე შავ „ჯიპში“ ვიჯექი და სოჭის ცენტრისკენ მივდიოდი. წინ მხოლოდ მძღოლი იჯდა. უკან კი მე და შჩუკინი, რომელმაც მითხრა:

– მთელ ამ სცენას თავიდან ბოლომდე ვადევნებდი თვალს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ბედის რჩეული ხარ.

– ჰო, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – თითქმის მთელი მსოფლიო გამოვიარე ამ ჩანთით და არავინ დაინტერესებულა მისი შიგთავსით. აქ კი ლამის ცხვირმოუხოცავმა ბიჭმა ჩამომართვა ამხელა განძი.

– რას იზამ, ჩემო კოკი, ნუ დაგავიწყდება, რომ რუსეთში ხარ. რუსეთი კი ამოუცნობი ქვეყანაა და მას ბოლომდე ვერ ჩაწვდები.

– მართალს ბრძანებთ, – მივუგე შჩუკინს და ტიუტჩევის ცნობილი ლექსიდან ციტატა მოვიყვანე, რომელიც ამბობს, რომ რუსეთს ვერც გონებით ჩასწვდები და ვერც არშინით გაზომავ, რომ რუსეთის მხოლოდ უნდა გწამდეს...

მიუხედავად იმისა, რომ ტიუტჩევი გენიალური პოეტია, ბევრი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ რუსეთის უნდა გწამდეს და მიაჩნიათ, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა დაშალო, გაანადგურო და მიწასთან გაასწორო, რადგან მსოფლიოს საფრთხეს უქმნის.

შჩუკინს ჩემ მიერ მოყვანილ ციტატაზე გაეღიმა და მომიგო:

– ჩვენი მტრების შეცდომა ის არის, რომ ისინი ასე არ ფიქრობენ და ჩვენი განადგურება, მოსპობა და მიწასთან გასწორება სურთ.

– ჰოდა, ჩემო ძვირფასო ამხანაგო გენერალო, – სიტყვა გავაწყვეტინე შჩუკინს, – ძალიანაც ცდებიან. გაიხსენეთ მონღოლები, შვედები, თურქები, ნაპოლეონი და ჰიტლერი. ყველა რუსეთთან დამარცხდა და კიდევ ბევრი მოიტეხს კისერს, თუკი ჩვენი ქვეყნის დაპყრობა-განადგურებას შეეცდება.

– იცი, რას გეტყვი, ჩემო კოკი? კარგია, რომ რუსეთს შენს ქვეყნად თვლი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოზე მეტად რუსეთი არ გიყვარს, მაგრამ, კარგად გესმის, რომ ეს ორი მართლმადიდებლური ერი ერთად უნდა იყოს და ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს იმ უამრავ მტერს, რომლებიც გარს გვახვევია.

– დიახ, ნამდვილად.

– განა, ქართველმა ჯუღაშვილმა არ ააღორძინა რუსეთი? განა, რუსეთის დიად იმპერატორ პეტრე დიდს ქართველ ბაგრატოვანთა სისხლი არ უჩქეფდა ძარღვებში? ასე რომ, ჩვენ არა მხოლოდ სულით მონათესავე ერები ვართ, არამედ სისხლითაც და ამას ვერსად გაექცევი.

– დიახ, მართალს ბრძანებთ, – ვეთანხმებოდი შჩუკინს და დარწმუნებული ვიყავი, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო. მას, ისევე, როგორც მე, მიაჩნდა, რომ ერთიანი პოსტსაბჭოური სივრცის შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ სათავეში ამერიკის პირდაპირი აგენტი და სამშობლოს მოღალატე იმყოფებოდა. ჩვენ ისიც კარგად გვესმოდა, რომ ამ სივრცის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ათეულ მილიონობით ადამიანისთვის და ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძოდით.

ამასობაში ჩვენი „ჯიპი“ აგარაკების დახურულ ზონაში შევიდა და შჩუკინმა მითხრა:

– მოვედით. მოდი, ვნახოთ, რა მოიპარა სვინინმა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3