ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მყავს ამერიკული კოკერ-სპანიელი. გაზაფხულისთვის ლეკვებს ველოდები. რას გვირჩევთ, სახლში გააჩინოს ლეკვები თუ კლინიკაში?
პასუხი: თუ ვეტერინარის ჩარევა არ იქნება საჭირო და ადვილად იმშობიარებს თქვენი ძაღლი, მაშინ სახლში შეიძლება მისი მშობიარობა ვეტერინარის დახმარებით. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა დასჭირდა, აუცილებლად კლინიკაში უნდა მიიყვანოთ.
კითხვა: რამდენია ძაღლის ნორმალური ტემპერატურა და ნიშნავს თუ არა ძაღლის თბილი ცხვირი, რომ მას სიცხე აქვს?
პასუხი: საერთოდ, ძაღლის ნორმალური ტემპერატურა 38.5-დან 39 გრადუსამდეა. ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა გაუზომონ ძაღლს სიცხე. ტემპერატურის გაზომვა ცხოველის უკანალიდან, ანუ სწორნაწლავიდან ხდება. რაც შეეხება თბილ ცხვირს ამ დროს შეიძლება, მას მართლაც ჰქონდეს სიცხე. თუმცა, თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ ცხოველს მაღალი ტემპერატურა აქვს, აუცილებლად გაუზომეთ.
კითხვა: თუ შეიძლება მითხარით, რა პერიოდულობით არის რეკომენდებული ძაღლის დაბანა?
პასუხი: გააჩნია, რა ჯიშის ძაღლი გყავთ. ზოგადად, გეტყვით, წინა ბანაობიდან აუცილებლად ერთი თვე უნდა იყოს გასული. ძაღლს ბეწვის ქვეშ აქვს ცხიმოვანი საფარველი, რომელიც დაბანის დროს ირეცხება და ძაღლი „შიშველი” რჩება, რადგან, ცხიმოვანი საფარველი, ასე ვთქვათ, ძაღლის ტანსაცმელია. არსებობს ჯიშები, მაგალითად, იორკშირ-ტერიერი, რომელსაც 7-10 დღეში ერთხელ უნდა დაბანა. რაც შეეხება გაწმენდას, შეგიძლიათ რამდენჯერაც მოგესურვებათ, იმდენჯერ გაწმინდოთ თქვენი ძაღლი.
კითხვა: თქვენი აზრით, პატრონის მიმართ კატა უფრო ერთგულია თუ ძაღლი?
პასუხი: ეს კატაზე და ძაღლზეა დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, პატრონზეც, თუ როგორ უვლის ცხოველს და როგორი განწყობით არის მისადმი. ისე, ერთგულება ძაღლს უფრო აქვს, კატა ცოტა ეგოისტია.
კითხვა: რა ასაკიდან შეიძლება ძაღლის კასტრირება?
პასუხი: ძაღლის კასტრირება მხოლოდ 6 თვის ასაკიდან არის შესაძლებელი, ანუ, იმ ასაკიდან, როცა ცხოველს სასქესო ორგანოები ჩამოუყალიბდება.