ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუაროთ სუროს და რა პირობები შევუქმნათ მას?
პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება. ამიტომ, მთელი წლის განამვლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოაშრობთ, თორემ, ფოთლები დაეჭმუჭნება. სურო იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც. კარგად ხარობს ჰოლშიც, ზამთრის ბაღშიც და დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება. ასე რომ, სურო სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ – გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.
კითხვა: რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფო კალანჰოე?
პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმისა და ფერის არსებობს, თუმცა, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობის კალანჰოეს თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა, თუმცა, იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.
კითხვა: რა სიხშირით მორწყვა სჭირდება იაპონურ არალიას?
პასუხი: იაპონური არალია ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – შედარებით იშვიათად. თუ ფოთლები მოიწყენს, ესე იგი წყალი უნდა. ფოთლებს სიმუქეს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაანოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.
კითხვა: როგორ შევუნარჩუნო ციპერუსს მუდმივი ტენიანობა? როგორც ვიცი, თურმე, ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნესტი...
პასუხი: ციპერუსი ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომელთაც მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად ციპერუსიანი ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით, რათა წყალი არასდროს მოაკლდეს – ასე მცენარეს მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება და ფესვებიც მუდამ ტენიანი ექნება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.
კითხვა: როგორ მოვუარო ჯუჯა პალმას ოთახის პირობებში?
პასუხი: ეს პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. ის კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. არ უყვარს ბევრი წყალი, თუმცა, ზაფხულში რეგულარულად სჭირდება მორწყვა. ზამთარში კი, როცა პალმა ზრდას წყვეტს, მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა გამოუშრება. თუ ეს მცენარე სიმშრალეშია, რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.
კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო ყვავილობა სპარსულ იას?
პასუხი: სპარსულ იას დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ამ მცენარეს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, იის ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და ეცადეთ, ნათელი ადგილი შეურჩიოთ.