როგორ აქცია თაღლითმა მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დამნაშავედ და როგორ გააქრო მან სახლში სისხლის კვალი
35 წლის ზურაბ ყ-შვილი საავადმყოფოში სხეულის დაზიანებით მოათავსეს, მას ზურგის არეში ცივი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაზარალებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ ჭრილობები მიაყენა უცნობმა, რომელიც სადარბაზოსთან დახვდა და სიგარეტი მოსთხოვა. იგივე დაადასტურა დაჭრილი მამაკაცის მეუღლემ, რომელიც დაზარალებულს ახლდა.
ამონაწერი ლელა კ-იას ჩვენებიდან: „მეუღლე სამსახურიდან არ იყო მოსული. სადარბაზოდან ჩოჩქოლი შემომესმა, კარი გავხსენი და გავედი. კიბეზე ჩემი მეუღლე ჩაჩოქილიყო, ახლოს რომ მივედი, სისხლის კვალი შევნიშნე. ზურას სისხლი ზურგიდან სდიოდა – მაშინვე ავტომანქანაში მოვათავსე და საავადმყოფოში წამოვიყვანე. გზაში მითხრა, რომ უცნობი მამაკაცი დაესხა თავს, რომელმაც ჯერ სიგარეტი მოსთხოვა, შემდეგ კი შეაგინა. მათ შორის ჩხუბი სწორედ ამ მოტივით მოხდა”. შემთხვევის ადგილზე და საავადმყოფოში მივიდნენ ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებიც. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ შესაძლებელი გახდა დაზარალებულის დაკითხვაც, რომელმაც მეუღლის ჩვენება დაადასტურა, მან განაცხადა, რომ დაზიანებები უცნობმა, 30 წლამდე მამაკაცმა მიაყენა, რომელიც სადარბაზოში შეეჩეხა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიკითხნენ ზურაბ ყ-შვილის მეზობლები. მათ განაცხადეს, რომ სადარბაზოში ხმაური არ გაუგიათ. მომხდარის შესახებ ვერაფერს ყვებოდნენ ვერც ის მეზობლები, ინციდენტის დროს სადარბაზოს წინ რომ იყვნენ შეკრებილნი და ნარდს თამაშობდნენ. არც ხმაური გაგვიგია და არც საეჭვო ადამიანი შეგვინიშნავს სადარბაზოდან გამოსულიო, განაცხადეს მათ.
სამართალდამცველებმა უცნობი თავდამსხმელის კვალის ძიება დაიწყეს. მის შესახებ გარდა სტანდარტული გარეგნული მონაცემებისა, თითქმის არაფერი იყო ცნობილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას – ინციდენტის გახმაურებიდან ძალიან მალე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვო გარემოებებს მიაგნეს. სისხლის კვალი, მხოლოდ სადარბაზოსა და კიბეებს შერჩენოდა, კვალის ნაწილი კი, რომელიც აშკარად სახლშიც შედიოდა, ახალი მორეცხილი იყო. ვის უნდა დასჭირვებოდა სახლში სისხლის კვალის გაქრობა? როგორც ზურაბ ყ-შვილის მეუღლე აცხადებდა, მას დაჭრილი ქმარი სახლში არ შეუყვანია, პირდაპირ ავტომანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა. სისხლის კვალის გაქრობის შესახებ, ლელა კ-იამ სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ სისხლის კვალი თვითონ „შეიტანა” სახლში, და მისი მოწმენდა 15 წლის ქალიშვილს სთხოვა. თუმცა, ქმრის დაჭრით აღელვებულ ქალს, თუ რატომ უნდა ეფიქრა სისხლის სასწრაფოდ გაწმენდაზე, ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერდა.
სამძებრო-ოპერატიულმა სამსახურმა დაადგინა, რომ ზურაბ ყ-შვილი სამაკლერო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ ბინაში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ერთი ოთახი ოფისისთვის ჰქონდა დათმობილი. ამიტომ ბინას ორი შესასვლელი ჰქონდა – ერთი ქუჩიდან, მეორე კი სახლიდან. მოგვიანებით, დაზარალებულის მეზობლებმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ ამ ოფისიდან ხშირად ისმოდა ხმაური და ბევრი უკმაყოფილო და აღელვებული კლიენტიც უნახავთ. შესაბამისად, ინციდენტი რომ დაჭრილის საქმიანობასთან ყოფილიყო დაკავშირებული, სავსებით რეალური გახლდათ. ზურაბ ყ-შვილი კარგი რეპუტაციით არც მეზობლებში სარგებლობდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მან მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მიატოვა და რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, ისევ პირველ ცოლს, ლელა კ-იას დაუბრუნდა. სამართალდამცველები, უცნობ დამნაშავესთან ერთად, დაზარალებული მამაკაცის საქმიანობის შესწავლასაც შეუდგნენ. დაზარალებულმა მორიგ დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდასხმის ფაქტი და რამდენიმე ახალი დეტალიც „გაიხსენა” თავდამსხმელის გარეგნობასთან დაკავშირებით. თუმცა, მოულოდნელად, გამოძიების მიმართულება აბსოლუტურად შეიცვალა. საქმეში გაჩნდა ახალი მტკიცებულება – ინციდენტის მეორე დღეს პოლიციაში გამოცხადდა 57 წლის ჯულიეტა კ-ძე, რომელმაც განაცხადა, რომ ზურაბ ყ-შვილს დაზიანებები თავად მიაყენა.
ქალბატონი, რომელიც პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა დანაშაულის აღიარებისთვის, ზურაბ ყ-შვილის ყოფილი სიდედრი იყო. აღელვებული ქალბატონი სამართალდამცველებთან ჩადენილი დანაშაულის დეტალებს მოყვა.
ამონაწერი ჯულიეტა კ-ძის ჩვენებიდან: „ზურაბ ყ-შვილი ჩემი სიძე გახლდათ. როცა პირველ ცოლს გაშორდა და ცოლად ჩემი შვილი მოიყვანა, საცხოვრებლად ჩვენს სახლში გადმოვიდა. თავიდანვე მისი და ჩემი ქალიშვილის, ნინოს შეუღლების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ შვილს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. პედაგოგი ვარ, ათეული წლების განმავლობაში სკოლაში ვმუშაობდი ქართული ენის მასწავლებლად. ყველამ იცის მთელი ცხოვრება პატიოსნად ვიცხოვრე და ასე გავზარდე ჩემი შვილიც. მაგრამ, ამ კაცმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. პირველი შვილი რომ ეყოლათ, ცოლ-ქმარს ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მეორე შვილის შემდეგ, ყველაფერი აირ-დაირია. ზურამ ჯერ ჩემი მეუღლის კუთვნილი ავტომობილი გაყიდა ჩუმად და ისე გააყალბა საბუთები, ჩვენ არაფერი ვიცოდით. ერთ დღეს მოვიდნენ მყიდველები და ავტომობილი წაიყვანეს. ამის გამო ცოლ-ქმარს შორის სკანდალი მოხდა, მაგრამ ჩემი შვილის ხათრით გავჩუმდი, მათ საქმეში არ ჩავერიე. მეუღლე დაღუპული მყავს, სახლში მხოლოდ ქალები – მე და ჩემი შვილი ვიყავით. ზურასგან „დამცველი” არავინ გვყავდა, ამიტომაც როგორც უნდოდა, ისე იქცეოდა. მერე აიტეხა, ბიზნესი უნდა წამოვიწყოო და კუთვნილი აგარაკი გაგვაყიდინა ნაფეტვრებში. სად წაიღო ის ფული, ვერ გავიგეთ. მოიტყუა, დამაყაჩაღესო, როცა ვუთხარი, პოლიციაში განეცხადებინა, სასტიკად შემეწინააღმდეგა. მალევე მივხვდი, რომ თამაშობდა და ფული წააგო, რა უნდა მექნა? მე ხომ ვერ განვაცხადებდი პოლიციაში მის ნაცვლად? ორ წელიწადში იმდენი ვალი დაიდო, სახლში მევალეების რიგი გვედგა. ამის გამო, ბინაც კი გავყიდეთ და სამოთახიანიდან პატარა ბინაში გადავედით საცხოვრებლად. მერე თაღლითური გზით ის ბინაც დაგვაკარგინა – იპოთეკური კრედიტი აიღო და უბინაოდ დავრჩით. ჩემი ქალიშვილი სამუშაოდ უცხოეთში წავიდა, მე და ბავშვები კი ნაგირავებ ბინაში გადავედით. მალე პირველ ცოლს შეურიგდა და ჩვენი ფულიც თან გაიყოლა – გვიან გავიგე, რომ ჩემს ქალიშვილს, ჩემს მალულად, 6 ათასი დოლარი გამოუგზავნია მისთვის. პროცენტი, რომელიც ამ ფულს დაერიცხება, ბავშვებს შეეშველებაო, უთქვამს ნინოსთვის. მაგრამ, იმ ფულიდან კაპიკიც არ მოუტანია. რამდენჯერ დავურეკე, ფული მოგვიტანე-მეთქი, მაგრამ მასხარად მიგდებდა, ხან კი ტელეფონზეც არც მპასუხობდა. მერე მითხრა: წადი და მიჩივლე, ვერ დამიმტკიცებ, თქვენგან ფული რომ წამოვიღეო. ბოლოს მემალებოდა, ტელეფონის ზარსაც აღარ პასუხობდა. ავდექი და სახლში მივადექი. ისე ვიყავი გამწარებული, არც ვიცოდი, რას ვაკეთებდი. დანა სახლიდან წავიღე, მხოლოდ ერთი მოტივით: ვიფიქრე, შევაშინებ, თავს შენს სახლში მოვიკლავ და ამ ორ მცირეწლოვან ბავშვს შენ გიტოვებ-მეთქი. სახლში რომ მივადექი, ისე ცინიკურად მიმიღო, ლამის სირცხვილით მოვკვდი. არც აპირებდა, სახლში შევეყვანე, მაგრამ ცოლმა ურჩია: ხმაურს მეზობლები გაიგებენ და ოფისში შემოიყვანეო. ჩხუბი რომ დავუწყე, ფანჯრებიც კი დახურა, გარეთ ხმა არ გავიდესო. თავიდან ვთხოვე, ამდენი რამ შეგრჩა ჩვენგან, უსახლკაროდ დაგვტოვე და ბავშვებს მაინც ნუ მიტოვებ მშიერს, ის ფული დაგვიბრუნე-მეთქი. მე საერთოდ არ მაქვს თქვენი ვალი, შენმა შვილმა ის ფული მაჩუქაო. მერე ჩემი შვილის ლანძღვა დაიწყო. ეს ვეღარ ვაპატიე. დანა ხელჩანთაში მედო. ზურა მაგიდასთან იჯდა, ჩემგან ზურგშექცევით, ამოვიღე დანა და ორჯერ დავარტყი. არც კი ვიცი, ეს როგორ ჩავიდინე. ხმაურზე ოთახში მისი მეუღლე შემოვარდა, დანა იქვე მივაგდე და სახლიდან გავიქეცი. მთელი ღამე ვიფიქრე, რა გამეკეთებინა. ბოლოს გადავწყვიტე, საკუთარი ფეხით მოვსულიყავი პოლიციაში. პედაგოგი ქალი დამნაშავედ მაქცია და მეტი რისი უნდა მეშინოდეს?”
სამართალდამცველებმა ჯულიეტა კ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. სისხლის სამართლის საქმე ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის დაფარვის მუხლით აღიძრა ზურაბ ყ-შვილისა და მისი მეუღლის, ლელა კ-იას მიმართაც. გამოძიების პროცესში დადგინდა ზურაბ ყ-შვილის მიერ ჩადენილი თაღლითური დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდი. გამოჩნდა დაზარალებული ქალბატონი, ლამარა კ-ძე, რომელმაც განაცხადა, რომ ზურაბ ყ-შვილმა და მისმა მეუღლემ საბუთების გაყალბებით, თაღლითურად მიითვისეს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით 15 ათას დოლარად გაყიდეს. ცოლ-ქმრის მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა ნუსხა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მათ მიერ თაღლითურად მითვისებული ქონება კი „სოლიდური” მტკიცებულებაა დანაშაულისათვის, რომელიც თაღლითობის მუხლით კვალიფიცირდა. გამოძიებისთვის უკვე ისიც ნათელი გახდა, რატომ მალავდა ზურაბ ყ-შვილი ინციდენტის დეტალებს და როგორ გახდა ამ დანაშაულში მისი თანამზრახველი მისივე მეუღლე. ქალმა ჯერ თავად სცადა სამედიცინო დახმარების გაწევა დაჭრილი ქმრისთვის, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გარდაუვალი იყო, სისხლის კვალის მოწმენდა შვილს დაავალა. ქმრის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ ლელა კ-ია დაუკავშირდა ჯულიეტა კ-ძეს და დაზარალებული დამნაშავეს დანაშაულის დაფარვაზე შეუთანხმდა: პოლიციაში არაფერს ვამბობთ მომხდარზე. 10 წელს მაინც მოგისჯიან და შენს შვილიშვილებს უპატრონოდ არ დავტოვებ, შენც ნუ გაახმაურებ, რაც მოხდაო. თუმცა, დამნაშავესა და „დაზარალებულებს” შორის „შეთანხმება” არ შედგა – ყოფილი პედაგოგი, დანაშაულის აღიარების მიზნით მაინც მივიდა პოლიციაში. ასე რომ, თაღლით ცოლ-ქმარს მათ მიერ მოფიქრებულმა თავდასხმის ვერსიამ ვეღარ უშველა.
სასამართლომ გაითვალისწინა ჯულიეტა კ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები: ქალბატონის ასაკი, ემოციური მდგომარეობა, ორი მცირეწლოვანი ბავშვის მეურვეობა, დანაშაულის აღიარება საკუთარი ნებით და მიუსაჯა პირობითი მსჯავრი ორი წლის ვადით. მართლმსაჯულებას ვერ გაექცა თაღლითი ცოლ-ქმარი – ზურაბ ყ-შვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მის მეუღლეს, ლელა კ-იას კი 5 წელი მოუწევს გისოსებს მიღმა ყოფნა.