კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მკვლელი ცნობილი ქართველი პროფესორი

მოპარული ატლასი

ნონამ კარი გააღო, სახლში შევიდა და ძალიან უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. პროფესორი არ შემოეგება და მოახლე გოგონას გულმა რეჩხი უყო. მან პროფესორის კაბინეტს მიაშურა და გაქვავდა. გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ვასილ ლეონიძე სავარძელში იჯდა, თავი მარცხნივ ჰქონდა გადაგდებული და გაშავებულ სახეზე ეტყობოდა, რომ გარდაცვლილი იყო. იატაკზე ნიტროგლიცერინის ღია კოლოფი ეგდო და აბები ხალიჩაზე ეყარა. პროფესორის კაბინეტი არეულ-დარეული იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ  იქ ვიღაც რაღაცას ეძებდა. ნონამ შეჰკივლა, სასტუმრო ოთახში გავიდა და მილიციას გამოუძახა.

მილიციის ოპერჯგუფი, პროკურატურის გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები ერთდროულად მივიდნენ პროფესორის სახლში. მილიციის კაპიტანმა დიმიტრი მიქაძემ ფაქტის მოკვლევა დაიწყო. რაც სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებდა, ის გახლდათ, რომ პროფესორის კაბინეტი არეულ-დარეული იყო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ პროფესორი ვასილ ლეონიძე ინფარქტით გარდაიცვალა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

კაპიტანმა დიმიტრი მიქაძემ იმავე საღამოს დაკითხა ბათუმიდან ჩამოსული პროფესორის ქალიშვილი ლია. მას მამის კაბინეტი დაათვალიერებინა და მხოლოდ ამის შემდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც ლიამ აღმოაჩინა, რომ 1881 წელს პეტერბურგში გამოცემული გეოლოგიური ატლასი იყო დაკარგული. საქმე ქურდობის მუხლით აღძრეს. მანამდე კი მიქაძემ ლიას ჰკითხა:

– დარწმუნებული ხართ, რომ წიგნი მართლაც გაქრა? იქნებ ის მამათქვენმა ვინმეს ათხოვა?

– გამორიცხულია, – თავი გააქნია ლიამ, – მამა წიგნებს არავის ათხოვებდა.

– რამე ბიბლიოგრაფიული ან სხვა ღირებულება ხომ არ ჰქონდა დაკარგულ წიგნს. იქნებ, ის ათასები ღირდა?

– არ მგონია. მართალია, ძალიან ძველი იყო, ვაისმანის გამოცემა, მაგრამ ასეთი ფასი მაინც არ ექნებოდა. აქ სხვა რამეშია საქმე. მით უმეტეს, რომ მამის სეიფები ხელუხლებელია. იქ კი, საკმაოდ ბევრი ძვირფასეულობაა შენახული.

– რას გულისხმობთ?

ლია ლეონიძე კედელზე დაკიდებულ უცნობი მხატვრის რეპროდუქციას მიუახლოვდა და ნახატი ჩამოხსნა. შემდეგ კედელში ჩამონტაჟებული ორი სეიფი გახსნა და კაპიტანს უთხრა:

– აი, ნახეთ, სეიფები ხელუხლებელია.

დიმიტრი მიქაძემ საქმე ქურდობის მუხლით აღძრა და პროფესორის მოახლე, 19 წლის ნონა მურვანიძე დაკითხა. გოგონამ მიქაძეს უთხრა, რომ პროფესორის ცხედარი დილის 10 საათსა და 15 წუთზე აღმოაჩინა. გამომძიებელმა კი მეზობლებისა და გასტრონომის გამყიდვლის დაკითხვების შემდეგ გაარკვია, რომ პროფესორი ლეონიძე დაახლოებით დილის 9 საათზე ჯერ გასტრონომში შევიდა და სიგარეტი „საქართველო“ იყიდა, შემდეგ აფთიაქში შეიარა და  ნიტროგლიცერინის კოლოფი შეიძინა. როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტმა ცხადყო, პროფესორი სულ 30 წუთის განმავლობაში იყო გარეთ. მიქაძის ვარაუდით, ქურდი სწორედ ამ დროს შევიდა სახლში და ატლასი მოიპარა. კაბინეტში დაბრუნებულ პროფესორს კი, როდესაც მან ატლასის გაუჩინარება შეიტყო, ინფარქტმა დაარტყა და მოკლა.

– უცნაური ქურდობაა, – თქვა მიქაძემ, – ქურდმა არანაირი კვალი არ დატოვა და მხოლოდ ატლასი მოიპარა.

პროფესორის ნაამბობი

65 წლის ქართველი პროფესორი ვასილ ლეონიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ აკადემიურ წრეებში. მას კარგად იცნობდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში. ამიტომ მის დასაფლავებაზე საბჭოთა კავშირის მრავალი ქალაქიდან ჩამოვიდნენ. ლეონიძე დიდი პატივით დაკრძალეს. მეორე დღეს დიმიტრი მიქაძეს ლია ლეონიძემ დაურეკა და უთხრა.

– გამარჯობა. მე ლია ლეონიძე ვარ, თქვენთან საქმე მაქვს და შეხვედრა მინდა.

– ჩემთან მობრძანდით.

– არა, აჯობებს, თქვენ მოხვიდეთ. თუ, რა თქმა უნდა, გცალიათ. ირკუტსკელ პროფესორს, მამაჩემის მეგობარს, ლეონიდ ვაისმანს თქვენთან შეხვედრა სურს. ის სასტუმრო „საქართველოში“ ცხოვრობს და თუ თანახმა ხართ, დღეს, 3 საათზე შევხვდეთ.

დიმიტრი მიქაძე ლია ლეონიძეს სასტუმროსთან შეხვდა. შემდეგ ისინი ირკუტსკელი პროფესორის ნომერში ავიდნენ. ლიამ კაპიტანი ვაისმანს გააცნო. 75 წლის პროფესორი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. მან პაპიროსი გააბოლა და კაპიტანს უთხრა:

– ლიამ მითხრა, რომ ვასილ ანდრეევიჩის გარდაცვალების მიზეზი, მამაჩემის გამოცემული წიგნის დაკარგვა გამხდარა.

– მამათქვენის წიგნის? – გაიმეორა მიქაძემ.

– დიახ, ახალგაზრდავ, მამაჩემის. მამა ცნობილი მეცნიერ-გეოლოგი იყო და ციმბირის გეოლოგიური რუკა ჰქონდა შედგენილი. 1881 წელს გამოცემული წიგნის კი, რომელსაც ვასილ ანდრეევიჩის სიკვდილი მოჰყვა, სულ რამდენიმე ეგზემპლარია დარჩენილი. მათ შორის, ერთი მე მაქვს, ირკუტსკში. როგორც ეტყობა, სულმნათი ვასილ ანდრეევიჩ ლეონიძის გარდა, კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ციმბირული საგანძურის არსებობის სჯერათ. მე კი, სიმართლე გითხრათ, ამის არ მჯერა. მამა ცოტა უცნაური კაცი იყო. ზოგჯერ ცინიკურადაც კი ხუმრობდა და ვფიქრობ, ხმები ციმბირული საგანძურის შესახებ მისი გავრცელებულია. ეს, ჩემი აზრით, მისი ყველაზე დიდი ხუმრობა იყო. თუმცა, ამ ხუმრობას ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კაპიტანმა მიქაძემ ბევრი ვერაფერი გაიგო ვაისმანის სიტყვებიდან და ჰკითხა:

– ბოდიში, მაგრამ ვერაფერი გავიგე... რაზე ლაპარაკობთ?

ვაისმანმა გაიღიმა და მიუგო:

– საქმე ის არის, ახალგაზრდავ, რომ გავრცელებული ცრურწმენით, რომელიც საკმაოდ პოპულარულია გეოლოგიურ წრეებში, მამაჩემის გამოცემულ გეოლოგიურ ატლასში მინიშნებულია ადგილი, სადაც ციმბირის უმდიდრესი ალმასის საბადო მდებარეობს. ამის მიხედვით, ვინც იმ არეალს მიაგნებს, ალმასებს ძალიან ადვილად, დიდი სირთულეების გარეშე ამოიღებს. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ ვინც ამ საბადოს მიაგნებს, ალმასებს მიწიდან ამოიღებს. მე ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ აზრის მიმართ. ვასილ ანდრეევიჩს კი სჯეროდა და ჯიუტად განაგრძობდა ძიებას. მან ზეპირად იცოდა მამაჩემის წიგნი და ვფიქრობ, ამ კუთხით წარმატებასაც მიაღწია.

– რას გულისხმობთ? – ჰკითხა მიქაძემ.

– იმას, კაპიტანო, რომ პროფესორმა ლეონიძემ ატლასის საიდუმლო ამოხსნა. ამიტომაც, წიგნი რომ მოჰპარეს, იმდენად იმოქმედა ამ ფაქტმა, გული გაუსკდა.

მიქაძემ გაიღიმა და ვაისმანს უთხრა:

– თქვენ არ თქვით, რომ ციმბირული საგანძურის ისტორიას სკეპტიკურად უყურებთ?

– ვუყურებდი. იმის შემდეგ კი, რაც მოხდა, მჯერა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.

– თუ თქვენი ვარაუდი სწორია, გამოდის, ბოროტმოქმედი თქვენს კოლეგებში უნდა ვეძებოთ, – უთხრა მიქაძემ ვაისმანს, მან კი მიუგო:

– მეტსაც გეტყვით. დარწმუნებული ვარ რომ ამ დანაშაულის ჩამდენი ვასილ ანდრეევიჩის უახლოესი კოლეგაა...

„ინჟინერა“

ვაისმანის მტკიცების მიუხედავად, მიქაძეს მაინცდამაინც არ სჯეროდა ციმბირული საგანძურის ამბავი. თუმცა, პროფესორ  ლეონიძის კოლეგებიც დაკითხა და გაარკვია, რომ ეს ისტორია ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ არავის სჯეროდა. პროფესორმა ნაკაშიძემ კი მიქაძეს უთხრა:

– ცხონებული ვასო რომანტიკოსი იყო და ვფიქრობ, ეს დანაშაული მისნაირმა, ოღონდ ბოროტმა ადამიანმა ჩაიდინა.

გულმოდგინე ძიების მიუხედავად, მიქაძე ჩიხში შევიდა. საქმე ადგილიდან არ იძროდა. მონდომებულ კაპიტანს გაუმართლა და როდესაც ოპერატიულ ცნობებს კითხულობდა, აღმოაჩინა, რომ პროფესიონალი ქურდი ჯემალ კაპანაძე, მეტსახელად „ინჟინერა“, ორთაჭალჰესთან, მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. მიქაძე კარგად იცნობდა ინჟინერას და ის ეჭვმიტანილთა სიაშიც ჰყავდათ შეყვანილი, რადგან კაპანაძე ქურდთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც სუფთად მუშაობს და არანაირ კვალს არ ტოვებდა. ამიტომ მიქაძე არ გამორიცხავდა, რომ ინჟინერასაც შეეძლო პროფესორის გაქურდვა. თუმცა, როცა კაპიტანმა კაპანაძე მოიკითხა, აღმოჩნდა, რომ გაუჩინარდა. ოპერატიულ ცნობებში ამოკითხულმა ინფორმაციამ კი ის კვლავ ინჟინერას კვალზე დააყენა. ამიტომ, მიქაძემ პროზექტურას მიაკითხა, სადაც კაპანაძის გვამის ექსპერტიზა ტარდებოდა. პროზექტურაში კაპიტანს გაკვეთის დასკვნა მისცეს, რომელშიც ეწერა: „მამაკაცი 2 კვირის მკვდარია. მას ჯერ მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში, შემდეგ გრძელი, მჭრელი იარაღით ოთხი შემავალი ჭრილობა მიაყენეს გულის არეში, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა“.

ინჟინერას მკვლელობის საქმეს მაიორი ჯანელიძე იძიებდა, რომელმაც მიქაძეს უთხრა:

– კაპანაძე 15 დღის წინ გაუჩინარდა. ბოლოს ის ლევან გაგუასთან ერთად ნახეს. გაგუა ინჟინერას მეზობელი, პატივცემული ადამიანია. თავის ჩვენებაში მან აღნიშნა, რომ ჯემალი იმ საღამოს ეზოში შეხვდა, ფეხბურთზე ესაუბრა და მას შემდეგ აღარ უნახავს.

– ლევან გაგუა, ლევან გაგუა... – იმეორებდა მიქაძე, – რა ნაცნობი გვარია...

– პროფესორი გაგუა – თქვა ჯანელიძემ, – გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, ძალიან პატივსაცემი ადამიანი.

გეოლოგიის პროფესორის გაგონებაზე მიქაძეს გონება გაუნათდა, თუმცა ჯანელიძესთან არაფერი შეიმჩნია. კოლეგას დაემშვიდობა და კაბინეტში დაბრუნდა.

ციმბირული საგანძური

კაპიტან დიმიტრი მიქაძეს 56 წლის ლევან გაგუა ვასილ ლეონიძის საქმეზე დაკითხული არ ჰყავდა, მაგრამ მას ესაუბრა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დარჩა. გაგუა და ლეონიძე, გარდა იმისა, რომ კოლეგები იყვნენ, ლეონიძე გაგუას კურატორიც იყო სადოქტორო დისერტაციის დროს. ამიტომ, კაპიტანი თითქმის დარწმუნებული გახლდათ, რომ ლეონიძის ბინა ინჟინერამ გაქურდა გაგუას შეკვეთით, მერე კი, გაგუამ ქურდი მოკლა და მტკვარში გადააგდო. თუმცა, ამ ვერსიას კაპიტანი არ ახმაურებდა, რადგან ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნდა. ამიტომ, კაპიტანმა სხვა გზა აირჩია და გაგუას ფარული თვალთვალი დაუწყო. ამისთვის კი მიქაძემ სტაჟიორი თაზო ქვარცხავა გამოიყენა. თაზო დღედაღამ უთვალთვალებდა გაგუას. ერთი კვირის შემდეგ კი კაპიტანს უთხრა:

– პროფესორმა ირკუტსკის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი აიღო და ზეგ მიფრინავს.

ქვარცხავას სიტყვები მიქაძეს არ გაჰკვირვებია და გაგუას დაკავება თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ გადაწყვიტა. კაპიტანი დარწმუნებული იყო, რომ გაგუას თან ექნებოდა ლეონიძის სახლიდან წაღებული 1881 წელს ვაისმანის მიერ გამოცემული ატლასი. ეს კი გაგუას ბრალეულობის უტყუარი დასტური იქნებოდა. თუმცა, მიქაძემ ისიც იცოდა, რომ თუკი გაგუას ვაისმანის წიგნს არ აღმოუჩენდა, მას სამსახურიდან გააგდებდნენ.

პროფესორი ლევან გაგუა მიქაძემ და ქვარცხავამ აეროპორტის დარბაზში დააკავეს, ოთხი მოწმის თვალწინ გაჩხრიკეს და 1881 წელს ვაისმანის მიერ გამოცემული გეოგრაფიული ატლასი აღმოუჩინეს. ლია ლეონიძემ დაადასტურა, რომ წიგნი მამამისის ბიბლიოთეკიდან იყო მოპარული. გაგუას აღიარების მეტი არაფერი დარჩენოდა და მან თქვა, რომ ინჟინერას ჯერ წიგნი მოაპარინა, შემდეგ კი, მოკლა და მტკვარში გადააგდო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ციმბირული საგანძური მართლაც არსებობდა და ვაისმანის ატლასში ეს საიდუმლო ლეონიძემ და გაგუამ ერთობლივად აღმოაჩინეს. თუმცა, საბოლოო კოორდინატების დასადგენად გაგუას ატლასი სჭირდებოდა. ამიტომ, მან ეს წიგნი ინჟინერას მოაპარინა და მარტო აპირებდა ციმბირში ალმასების მოპოვებას.

გაგუა გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მოგვიანებით, მას ეს განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს და პროფესორი 2 წლის შემდეგ მკაცრი რეჟიმის ციხეში გარდაიცვალა.

ციმბირული საგანძური კი მსოფლიოში ცნობილი საბადო ლაზურნაიაა, სადაც დღემდე უამრავ ალმასს მოიპოვებენ.

скачать dle 11.3