რომელი ადგილი დაიკავა სექსუალური მამაკაცების რეიტინგში ინტელექტუალმა ვუდი ალენმა – მისი ფობიები და საყვარელი ქალები
ინტელექტუალი, ლიტერატურისმცოდნე, კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, მწერალი, ჯაზის მუსიკოსი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნიუიორკელი – საუბარია „ოსკარის” ოთხგზის მფლობელზე, მსოფლიო კინემატოგრაფიაში ახალი ჟანრის – „ინტელექტუალური კომედიის” შემქმნელ ვუდი ალენზე, ადამიანზე, რომელიც 77 წლის ასაკში აქტიურად მუშაობს და წელიწადში ერთხელ ახალი შედევრით ახარებს საზოგადოებას.
* ვუდი ალენი დაიბადა 1935 წლის 1 დეკემბერს ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ებრაულ ოჯახში. დაბადების მოწმობაში ალენის ნამდვილი სახელი და გვარია: ჰეივუდ ალენ სტიუარტ კენიგსბერგი. ვუდის ბებია და ბაბუა ემიგრანტები იყვნენ, რომელთა მშობლიური ენა გერმანული და იდიში გახლდათ. დედა – ნეტი, ბუღალტრად მუშაობდა საკონდიტრო მაღაზიაში, მამა – მარტინ კენიგსბერგი, პროფესიით გრავიორ-იუველირი იყო, თუმცა, ოფიციანტად მუშაობდა. ვუდის მშობლები მანჰეტენზე, ქვედა ისთ-საიდის კვარტალში იყვნენ დაბადებულები.
* ალენი ბავშვობიდან იდიშზე ლაპარაკობდა და პირველი რვა წელი ებრაელთა სკოლაში სწავლობდა, რის შემდეგაც მიდვუდის უფროს სკოლაში გადავიდა. სკოლაში ალენის მეტსახელი იყო „წითური”. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ალენი სუსტი და უმეგობრო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის შესანიშნავად თამაშობდა ბეისბოლს და კალათბურთს და ჰყავდა დიდი სამეგობრო, რომელსაც ხშირად უჩვენებდა ფოკუსებს.
* ფულის შოვნის მიზნით, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, ვუდიმ იუმორისტული ნაწარმოებების წერა დაიწყო საგაზეთო სვეტებისთვის. ამ პერიოდში მან პირველად გამოიყენა ფსევდონიმად „ვუდი ალენი“. 16 წლის ასაკში ვუდის იუმორისტული ნიჭი ცნობილმა კომიკოსმა მილტ კამენმა აღმოაჩინა და ის სამუშაოდ წაიყვანა პოპულარულ ტელეშოუში სიდ სიზერთან.
* ვუდი ალენი კლასიკური და ჯაზური მუსიკის დიდი მოყვარულია, რაც მის ფილმებშიც შეიმჩნევა. ამ ჟანრის მუსიკით გატაცებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ თავისი ფსევდონიმი ვუდიმ ამერიკელი ჯაზური კლარნეტისტის – ვუდი ჰერმანის პატივსაცემად აირჩია.
* ვუდი ალენი არასდროს უყურებს თავის ფილმებს, თუმცა, საუკეთესოდ მიაჩნია „კაიროს მეწამული ვარდი.
* ვუდის ძალიან უყვარს ვენეცია და ერთხელ დამწვარი თეატრის – „ლა ფენიცეს” აღდგენისთვის გაიღო თანხები.
* გასაოცრად ჟღერს, მაგრამ, ვუდი ალენი ჟურნალმა „ემპაირმა” 1995 წელს კინოისტორიაში ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგში 89-ე ადგილზე გაიყვანა.
* ვუდი ალენის კერპები არიან: ინგმარ ბერგმანი, გრუჩო მარქსი, ფედერიკო ფელინი, კოულ პორტერი და ანტონ ჩეხოვი.
* ვუდი ალენი 136-ჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა კინოჯილდოზე, ეს მეტია, ვიდრე ჩარლი ჩაპლინის, ბასტერ კიტონისა და ჰაროლდ ლოიდის ნომინაციები რომ გააერთიანო.
* ვუდის სცენარის დაწერა ხელით უყვარს და მხოლოდ დასრულების შემდეგ ბეჭდავს საბეჭდ მანქანაზე ან კომპიუტერზე.
* ალენი პროფესიონალურად უკრავს კლარნეტზე და ხშირად გამოდის თავის ბენდთან ერთად ახალ ორლეანში მდებარე კაფე „კარლაილში”. ალენის საყვარელი მუსიკოსია ურუგვაელი ალფრედო ზიტაროსა.
* თავისუფალ დროს ვუდის უყვარს ლუდის დალევა და ტელევიზორში ბეისბოლის ყურება.
* ესპანურ ქალაქ ოვიედოს ცენტრში ვუდი ალენის ბრინჯაოს ქანდაკება დგას.
* მია ფეროუსთან 12-წლიანი რომანის დასრულების მიზეზი გახდა ვუდი ალენისა და მიას აყვანილი შვილის – სუნის რომანი. ფეროუმ ღიად დაადანაშაულა ვუდი პედოფილიაში, თუმცა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. 1997 წელს ვუდი ალენი სუნიზე დაქორწინდა.
* ვუდი ალენი ვეგეტარიანელია.
* როგორც მია ფეროუს ბიოგრაფიაში წერია, ფრენკ სინატრა ვუდი ალენს დაჰპირდა, რომ ფეხებს დაუმტვრევდა სუნისთან რომანის გამო. სინატრამ დაპირების ასრულება ვერ მოასწრო.
* ვუდი ალენისა და მია ფეროუს საერთო შვილი, რონან შიმუს ფეროუ, 2011 წელს ჟურნალმა „ფორბსმა” 30 წლამდე ასაკის წარმატებულ ამერიკელებს შორის დაასახელა. რონანი ჰილარი კლინტონის თანაშემწე გახლდათ სახელმწიფო დეპარტამენტში.
* სუნიმდე ვუდი ალენს ორი ოფიციალური ცოლი ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით ხანგრძლივ რომანს მია ფეროუსთან. პირველი ცოლი – ჰარლინ როზენი მუსიკოსი იყო, ფორტეპიანოზე უკრავდა. მათი ქორწინება ხუთი წელი გაგრძელდა; მეორე ცოლთან, მსახიობ ლუიზა ლასერთან, ვუდიმ სამი წელი იცხოვრა. ამას გარდა, ვუდის რომანი ჰქონდა მსახიობ დაიან კიტონთან, რომელთან ერთადაც მან შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი – „ენ ჰოლი”.
* ვუდი ალენს არ უყვარს „ოსკარის” ცერემონიალებზე დასწრება. ის მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს ესტუმრა კინოდაჯილდოებას და კინოს მესვეურებს სცენიდან მოუწოდა, 11 სექტემბრის შემდეგ ნიუ-იორკში ფილმები გადაეღოთ. „ოსკარის” იგნორირების მიუხედავად, ალენი კინოაკადემიის ფავორიტია: იგი 14-ჯერ იყო დასახელებული ნომინანტად საუკეთესო სცენარის ნომინაციაში, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.
* გავრცელებული ვერსიის თანახმად, კინოთი ვუდი ალენი 3 წლის ასაკში დიანტერესდა, როდესაც დედამ კინოთეატრში წაიყვანა, სადაც მან „ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ნახა.
* ვუდი ალენის თქმით, მან გაცილებით მეტი ფული გამოიმუშავა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, ვიდრე თავისი ფილმების კინოგაქირავებიდან.
* მეხუთე ავენიუზე მდებარე თავისი პენტჰაუსი ალენმა 600 ათას დოლარად იყიდა და რამდენიმე წლის შემდეგ 17 მილიონად გაყიდა.
* ვუდი ალენს რამდენიმე ფობია აქვს: არახნოფობია (ობობების შიში), ენტომოფობია (მწერების შიში), ჰელიოფობია (მზის შუქის შიში), ცინოფობია (ძაღლების შიში), ალტოფობია (სიმაღლის შიში), დემოფობია (ბრბოს შიში), კარცინოფობია (კიბოს შიში), ტანატოფობია (სიკვდილის შიში), მიზოფობია (ბაქტერიების შიში). გარდა ამისა, ვუდი ალენს სასტუმროების საპირფარეშოებისა და აბაზანების შიშიც აქვს.
* ვუდი ალენი ყველაზე ასაკოვანია მათ შორის, ვისაც მიუღია „ოსკარი” საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაში – 2012 წელს ვუდიმ ფილმისთვის „შუაღამე პარიზში,” 76 წლის ასაკში მიიღო ჯილდო.
* ვუდი ალენის აზრით, კინემატოგრაფის ისტორიაში საუკეთესო ათი ფილმია: „დიდი ილუზია”, „მოქალაქე კეინი”, „ველოსიპედების გამტაცებლები”, „რასემონი”, „მეშვიდე ნიშანი”, „სიდიადის გზა”, „400 დარტყმა”, „რვა-ნახევარი”, „ბურჟუაზიის ფრთხილი მომხიბვლელობა” და „ამარკორდი”.
* სტენლი კუბრიკი ვუდი ალენის კანდიდატურას განიხილავდა ფილმში „ფართოდ დახუჭული თვალები”, თუმცა, მოგვიანებით როლი სიდნი პოლაკს გადასცა.
* 1960-იან წლებში ვუდი ალენი წამყვან ამერიკელ კომედიოგრაფად ითვლებოდა და ის იმდენად პოპულარული იყო, რომ 1969 წელს მისი ფოტო ამშვენებდა ჟურნალ „ლაიფის” გარეკანს.
* ვუდი ალენის ყველაზე ძვირად ღირებულ ფილმად 2002 წლის „ნეფრიტის მორიელის წყევლა” ითვლება, ხოლო, ყველაზე ხანგრძლივ ფილმად – „მატჩ-პოინტი” (ხანგრძლივობა 124 წუთი).