ენერგიის ხარჯვა მოხმარებული საკვების შეჯამებულ კალორიებს უნდა შეესაბამებოდეს
დღეს სრულფასოვანი და ჯანსაღი საკვების პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან კვების ხასიათი ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. ამავე დროს, მთავარია, საკვების არა რაოდენობა და გემო, არამედ მისი ბიოლოგიური ღირებულება. რაციონში ამ მაჩვენებლის გაზრდა, ეგრეთ წოდებული, ფუნქციური კვების პროდუქტების ჩართვით შეიძლება. მთავარია, ორგანიზმში მოხდეს ენერგიის ბალანსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ხარჯვა მოხმარებული საკვების შეჯამებულ კალორიებს უნდა შეესაბამებოდეს. აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რასაც ფუნქციური კვება უზრუნველყოფს.
ადამიანის ორგანიზმისთვის საკვები არა მხოლოდ პლასტიკური და ენერგეტიკული მასალის წყაროა, არამედ მისი ფიზიოლოგიური ფუნქციებისა და ბიოქიმიური რეაქციების რეგულირებაც შეუძლია. ფუნქციური კვების კონცეფციის თანახმად, საკვებ ორგანიზმზე თავის მარეგულირებელ ზემოქმედებას ნაწლავების მიკრობული ეკოლოგიის ნორმალიზაციის გზით ახდენს.
დაავადებებისგან თავის არიდება და მათგან განკურნება შეიძლება განსაზღვრული სახის ბაქტერიების შემცველი პროდუქტების მეშვეობით, ან ბაქტერიების ზრდის ხელშეწყობით.
ადამიანის ნორმალური მიკროფლორის მრავალრიცხოვან წარმომადგენელს შორის, დაახლოებით 70-80 პროცენტი ბიფიდობაქტერიებია. სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად როლს ნაწლავების მიკრობიოლოგიური სისტემების შენარჩუნებაში.
ნაწლავების აშლილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიფიდობაქტერიების დეფიციტი მიიჩნევა. ეს კი მინერალების, ცხიმებისა და ცილების ცვლის დარღვევას იწვევს. დადგენილია, რომ ბიფიდობაქტერიები მონაწილეობენ შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზში, დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ადამიანის ორგანიზმში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლექტობაცილები. ისინი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ათვისებას აუმჯობესებენ, ფერმენტულ აქტივობას ავლენენ, ნაწლავებში მჟავე-ტუტის თანაფარდობას არეგულირებენ და პათოგენურ მიკრობებს ანეიტრალებენ. ადამიანის ნაწლავებში დაახლოებით ხუთასამდე სახის სასარგებლო მიკროორგანიზმი ბინადრობს.
ბიფიდობაქტერიებს შეიცავს ყველი, ნაყინი, წვენები, რძე, საკონდიტრო ნაწარმი. მათი მოხვედრა ნაწლავებში სტიმულს აძლევს ბიფიდობაქტერიების ზრდას ორგანიზმში და მეტად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასევე, კარგია მაწონი, კეფირი, იოგურტი და სხვა. ფუნქციური კვების პროდუქტები სასარგებლოა ყველასთვის. ის აუცილებელია იმუნოდეფიციტისა და სტრესის დროსაც.
ადამიანის ჯანმრთელობასა და სექსუალურობაზე ლიმფურ სისტემას უდიდესი როლი აკისრია
სისხლის მიმოქცევის სისტემას ორგანიზმის აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება აკისრია. არტერიების საშუალებით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილს მიეწოდება, ვენების საშუალებით კი მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები გამოიდევნება. თუმცა, სისხლს ყველა არასასურველი ნივთიერება როდი გამოაქვს. შედარებით მავნე ნივთიერებების უვნებელყოფა და ორგანიზმის მათგან გათავისუფლება ლიმფური სისტემის წყალობით ხდება. სწორედ ამ სისტემაში იყრის თავს ყველა ტოქსინი, ვირუსი, მიკრობი, უჯრედთა დაშლის პროდუქტები და ასე შემდეგ.
ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების გამო ორგანიზმში უსიამოვნო ძვრები იწყება, კერძოდ, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ენერგიის ხარჯვა, მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი თითქმის არ იკლებს წონაში. ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა მხოლოდ ინტოქსიკაციითა და შეშუპებით როდი ვლინდება. ამ სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმუნიტეტის წინაშე – ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ლიმფურ კვანძებში გადაიტანება, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება. ამიტომ, ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ინფიცირებაც კი დაავადების განვითარებით მთავრდება.
იმუნიტეტის გაძლიერება ლიმფური სისტემის მწყობრში მოყვანის გარეშე წარმოუდგენელია. თუ მისი ფუნქციის ნორმალიზებაზე იზრუნებთ, ხელოვნური იმუნოსტიმულატორების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. თქვენი გარეგნული ხიბლი, შრომისუნარიანობა, წონა, სექსუალურობა და გუნება-განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიედინება ორგანიზმში ლიმფა.
ძარღვებში სისხლი წნევით გადაადგილდება. მის მოძრაობას გულის ტუმბოსებრი მუშაობა უზრუნველყოფს. ლიმფურ სისტემას, სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ასეთი ტუმბო არ გააჩნია. ლიმფა ლიმფურ ძარღვებში ამ უკანასკნელთა კედლის სუსტი შეკუმშვისა და ადამიანის კუნთების ზოგადი აქტივობის წყალობით მოძრაობს. ასაკთან ერთად, კუნთების აქტივობა თანდათან მცირდება, ძარღვების ტონუსიც იკლებს და ლიმფას კაპილარებში გადაადგილება უფრო და უფრო უჭირს. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ სისხლის დაბალი წნევის გამო უმცირესი ლიმფოკაპილარები იოლად იჭყლიტება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ გრძნობს კუნთებში, ქსოვილებსა და მყესებში განვითარებულ მიკროსპაზმებს, რომლებიც ლიმფის მოძრაობას აუარესებს. ამ მიკროსპაზმის განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოემოციური დაძაბულობა.
იმისთვის, რომ ლიმფამ ორგანიზმში თავისუფლად იმოძრაოს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად კონტრასტული შხაპის მიღება, რადგან ეს ყოველივე აკაჟებს ძარღვებს და აადვილებს შეკუმშვა-მოდუნებას, ანუ რელაქსაციას. ყველაზე კარგი და სასარგებლო კი ცურვაა, რადგან ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთებს ტონუსს ჰმატებს. ეს კი ააქტიურებს ლიმფური სისტემის ფუნქციას, არ აძლევს წიდებს დაგროვების საშუალებას და ადამიანიც თავს გაცილებით მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს.
რა იწვევს თიაქარს და როგორ ამოვიცნოთ მისი არსებობა
თიაქარი ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი, მაგალითად, მუცლის, შინაგანი ორგანოების, მუცლის კედლის, მენჯის, დიაფრაგმისა და ასე შემდეგ. ამ დაავადებას იწვევს ასაკი, მემკვიდრეობა, სიმსუქნე, მუცლის კედლის ტრავმა, პოსტოპერაციული ნაწიბურები და სხვა. ასევე, დაავადების გამომწვევია ყველა ის ფაქტორი, რაც განაპირობებს მუცლის შიდა წნევის მომატებას. ამას მიეკუთვნება მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე მშობიარობა, შეკრულობა, შარდვის გაძნელება, ხანგრძლივი ხველა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორსულობა, რადგან ამ დროს, მუცლის ღრუში წნევის მკვეთრ გაძლიერებასთან ერთად, მუცლის პრესი დუნდება და თხელდება. რაც შეეხება ბავშვებს, მათ ასაკში ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ფაღარათი, შეკრულობა, ყივანახველა, თიაქრის განვითარების ხელსაყრელ პირობას ქმნის. გარდა ამისა, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს თანდაყოლილი მანკი. გვხვდება მუცლის შიგნითა და გარეთა, ასევე, თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი. ძირითადად, მამაკაცებში ჭარბობს საზარდულის, ხოლო ქალებში კი ჭიპის და ბარძაყის თიაქარი. ამ დაავადების მქონე ადამიანს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა. უჩივის შრომისუნარიანობის დაქვეითებას. აგრეთვე, თიაქარს ახასიათებს გამობერვა და ტკივილი თიაქრის მიდამოებში. სხვათა შორის, თიაქარი ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა. მისი გართულებებიდან აღსანიშნავია ანთება და ჩაჭედვა. ჩაჭედვის შემთხვევაში, მუცლის ღრუში წნევის უეცარი აწევის გამო თიაქრის პარკში ჩვეულებრივზე მეტი ორგანო ჩამოდის. ამ დროს თიაქრის ფარის კუნთები სალტისებურად შემოეჭირება პარკში მდებარე ორგანოებს და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, ახშობს მათ სისხლძარღვებს. თიაქრის ჩაჭედვის დროს სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო. ამ დროს დაუშვებელია, მუცლის ღრუში მისი შესწორება. ამ მძიმე დაავადებისგან რომ დაიზღვიოთ თავი, აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ზედმიწევნით დაცვა. თიაქრის განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში, რომელიც მუცლის კედლის კუნთებს ამაგრებს. ასევე, აუცილებელია შრომის სწორად გადანაწილება, ორსულობის დროს კი მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, მშობიარობის შემდეგ მუცლის მასაჟი და ვარჯიში. ბავშვებისთვის აუცილებელია რაციონალური კვება და კუჭ-ნაწლავის მოქმედების რეგულირება. მათ არ უნდა ჰქონდეთ ჭინთვები. გაითვალისწინეთ ეს ყოველივე და ამ საშიში დაავადებისგან დროულად დაიცავით თავი.
როგორ ვუშველოთ თავს დაბალი წნევის დროს
ჰიპოტონია წნევის დაქვეითებას ნიშნავს. მას ახასიათებს აპათია, მოდუნება, საერთო სისუსტე, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება. ამ დროს ადამიანი დაბნეულია. ჰიპოტონიკი გამხდარი და ფერმკრთალია. მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს აღენიშნება ქოშინი. უჩივის თავის ტკივილს, ადვილად ღიზიანდება, დამოკიდებულია ამინდზე, დილით გამოუძინებლობის გრძნობა აქვს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი სუბიექტურია. როდესაც წნევა საგრძნობლად ეცემა, ადამიანი კარგავს ფერს, ხელისა და ფეხისგულები უოფლიანდება, დარღვეულია ორგანიზმის საერთო თერმორეგულაცია. ამ სიმპტომებს შეიძლება, დაერთოს კუჭში სიმძიმის შეგრძნება, უმადობა, გულძმარვა, მეტეორიზმი, შეკრულობა და სხვა. სხვათა შორის, მამაკაცებს ჰიპოტონიის ფონზე შესაძლოა, პოტენცია მკვეთრად დაუქვეითდეთ. ჰიპოტონიკებს მოსვენების დროს სახსრებისა და კუნთების ტკივილი აწუხებთ, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქრება. ეს იმის ბრალია, რომ დაბალი არტერიული წნევის გამო კუნთების სისხლით მომარაგება მცირდება. ფიზიკური დატვირთვის დროს კი, როცა სისხლის წნევა იმატებს, ხელახლა უმჯობესდება.
თუ დაბალი წნევა რომელიმე დაავადების სიმპტომია, უნდა ებრძოლოთ არა ჰიპოტონიას, არამედ მის გამომწვევ მთავარ მიზეზს. ეს კი შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, ინტოქსიკაცია, ალერგია, ასთმა, მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიები, ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა, არარაციონალური კვება და ზოგიერთი მედიკამენტის გადაჭარბებული მიღება.
არტერიული ჰიპოტონია ხშირად ართულებს ისეთი დაავადებების მიმდინარეობას, როგორებიცაა გულის მანკი, მიოკარდიტი, ლეიკოზი, ავიტამინოზი და ასე შემდეგ.
ჰიპოტონიის მკურნალობა გულისხმობს სასიცოცხლო ტონუსის მომატებას. ამისთვის კი აუცილებელია ჯანსაღი ძილი. კერძოდ, გამოიძინეთ 10 საათი მაინც. ძილის დროს სისხლი ძირითადად მუცლის ღრუს ორგანოებში გროვდება, ხოლო თავის ტვინის მომარაგება სისხლით შედარებით სუსტდება.
კარგია ფეხით სეირნობა, ცურვა, სპორტული ვარჯიშები.
ყველი და კარაქი, ყავა და შოკოლადი წნევის მომატებას უწყობს ხელს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ყავას ბუტერბროდიც მიაყოლოთ.