სიახლეები
მვილას უცნაური მეგობარი
მას შემდგომ, რაც საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი იან მვილა, მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელად, რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ყაზანის „რუბინის” ფეხბურთელი გახდა, ფრანგულ პრესაში ახალი სკანდალი აგორდა. ფეხბურთელს არასრულწლოვან მეძავთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში დაედო ბრალი და რუსეთიდან მისი შესაძლო გამოწვევის საკითხი მანამ იდგა, სანამ თავად 16 წლის მეძავმა დაკითხვის დროს არ განაცხადა, რომ მართლაც იცნობს იან მვილას, მაგრამ, თავის მეგობრად მიაჩნია და სწორედ ამ ფაქტით ახსნა, რომ მის მობილურში მვილას ტელეფონის ნომერი აღმოჩნდა. თავად ფეხბურთელი წაყენებულ ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებდა და აცხადებდა, რომ უდანაშაულოა.
უსეინ ბოლტი და NBA-ს ვარსკვლავები
ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერმა, იამაიკელმა უსეინ ბოლტმა მონაწილეობა მიიღო ეგრეთ წოდებულ NBA-ს უიკ-ენდის ფარგლებში გამართულ ვარსკვლავთა მატჩში. საგამოფენო მატჩში ბოლტთან ერთად საკალათბურთო მოედანზე გამოვიდნენ წარსულში ლეგენდარული კალათბურთელები: დიკემბე მუტომბო და კლაიდ დრექსლერი; ქალთა საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლები, მუსიკოსები, ჟურნალისტები, მსახიობები და, ასევე, ამერიკის განათლების მინისტრი არნე დუნკანი. ვარსკვლავთა გუნდების მთავარი მწვრთნელები იყვნენ ამერიკის „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ 2013 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეები: ჯეიმს ჰარდენი და რასელ უესტბრუკი.
კეიტ აპტონის მორიგი კრუიზი
20 წლის ლამაზმანმა კეიტ აპტონმა კვლავ დაამშვენა ცნობილი ჟურნალის – „სპორტს ილუსტრეიდის” პირველი გვერდი. იუნიორებს შორის მსოფლიოს ექსჩემპიონმა ცხენოსნობაში სპორტს ადრეულ ეტაპზევე დაანება თავი და ამჟამად ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და პოპულარულ მოდელად ითვლება, რომელსაც ძირითადად სექსუალური თეთრეულის ან საცურაო კოსტიუმების რეკლამაში იღებენ. ახალ ფოტოსესიაში აპტონმა ანტარქტიდაზე, საკრუიზო ლაინერზე, მინუს ტემპერატურაზე პრაქტიკულად შიშველმა იპოზიორა და თავისი თაყვანისმცემლების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. ცნობისთვის, პირველად ყოფილი ცხენოსანი აპტონი ჟურნალის გარეკანზე 2011 წელს გამოჩნდა.
ეტოოს მეუღლის სკანდალური ფოტოები
მახაჩკალის „ანჟისა” და კამერუნის ნაკრების ვარსკვლავი, სამუელ ეტოო თავს ბედნიერად გრძნობს რუსეთში და მილიარდერ სულეიმან ქერიმოვის ფავორიტ ფეხბურთელად ითვლება. ეტოო დაღესტნის ნაცვლად, ძირითადად მოსკოვში, ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და არ გამორიცხავს, რომ კარიერას იქ დაასრულებს. ამჟამად რუსეთის ჩემპიონატში შესვენებაა და სამუელი ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა, სადაც მის მეუღლეს, ჟორჟეტას, საკმაოდ სკანდალური ფოტოები გადაუღეს პაპარაცებმა. ეტოო 2007 წლიდან ცხოვრობს ჟორჟეტასთან ერთად და ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაპარაცებმა მის მეუღლეს შიშველ მდგომარეობაში გადაუღეს რამდენიმე ფოტო. აღნიშნულ ფაქტზე ოჯახის რეაქცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ მოსკოვში ფეხბურთელი და მისი ოჯახი დაცვით გადაადგილდებიან.
მორბენალი ინვალიდის საბედისწერო გასროლა
სამხრეთაფრიკელი მორბენალი ოსკარ პისტორიუსი, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ ორივე ფეხის ამპუტაციის შემდეგ დიდ სპორტში დაბრუნდა და პროთეზებით იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებებში, დიდ შარში გაეხვია: ვალენტინობის დღეს მან თავისი მეგობარი გოგონა, მოდელი რევა სტენკამპფი, სიცოცხლეს გამოასალმა. რევას ოსკარისთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა და მალულად შეიპარა ოსკარის ბინაში, ოსკარს კი ის მძარცველი ეგონა და ცეცხლი გაუხსნა პისტოლეტიდან. მოდელი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ოსკარმა მაშინვე გამოიძახა პოლიცია. ამჟამად სასამართლო სხდომა მიმდინარეობს და პისტორიუსის მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია.
მარადონა მამა გახდა
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი, 52 წლის დიეგო მარადონა, მეხუთედ გახდა მამა. „ბარსელონის”, „ნაპოლისა” და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავს ვაჟი ვერონიკა ოჰედამ გაუჩინა, რომელსაც დიეგო რამდენიმე თვის წინ დაშორდა. პატარა დიეგო ფერნანდო ბუენოს-აირესის ერთ-ერთ სამშობიაროში ვალენტინობის დღეს გაჩნდა. „დედა და ჩვილი თავს მშვენივრად გრძნობენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვერონიკას წარმომადგენელმა. დიეგო ფერნანდოს გარდა, დიეგო მარადონას კიდევ ოთხი შვილი ჰყავს: ორი ქალიშვილი კლაუდია ვილაფესგან და ორიც ქორწინების გარეშე – ბიჭი და გოგონა.
ბექჰემის 17-ათასიანი სასტუმრო
38 წლის ინგლისელი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი აქტიური სპორტული კარიერის მიტოვებას არ აპირებს და სულ ახალახან ხუთთვიანი კონტრაქტი გააფორმა პარიზულ კლუბ „პარი სენ ჟერმენთან”. ცნობილია, რომ ბექჰემი პარიზში ოჯახის გარეშე იცხოვრებს და მთელ ხელფასს ბავშვთა დახმარების ფონდში რიცხავს. ბინას კი ვარსკვლავური პერსონა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ და ძვირად ღირებულ სასტუმრო „ბრისტოლში” დაიდებს, 320 კვადრატული მეტრი ფართობის აპარტამენტებში, რომლის ფასი ერთ დღე-ღამეში 17 ათასი ევროა. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ფეხბურთელის დებიუტი ახალი კლუბის შემადგენლობაში. მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თქმით, ბექჰემი პსჟ-ს მაისურს პირველად თებერვლის ბოლოს მოირგებს.
ჰემილტონის ახალი ქომაგი
ბრიტანელმა მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა „ფორმულა 1-ის” ახალი ეტაპის დაწყებამდე რბოლის მესვეურებს უჩვეულო წინადადებით მიმართა: ჰემილტონმა თავისი ძაღლისთვის, ბულდოგ როსკოსთვის, რბოლის ყველა ეტაპზე დასწრების აბონემენტის გაცემა ითხოვა. ჰემილტონის ოთხფეხა მეგობარს ბერნი ეკლსტოუნის უწყებამ სპეციალური საშვი გაუკეთა და ამიერიდან მსოფლიოს ჩემპიონ ჰემილტონს გრანპრის გათამაშებების დროს, ტრიბუნიდან მეგობარ გოგონასთან ერთად ბულდოგიც უქომაგებს.