როგორ წარმოიშობა ფიქრის შემდეგ ცოდვები და ვნებები და რა შემთხვევაში არის ადამიანი ბოროტისგან ნაკლებად დაცული
სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი კანონია, ვებრძოლოთ ბოროტის მხრიდან წამოსულ აზრებს. მათდამი აზრობრივი ბრძოლა ხშირად სხვადასხვა სახის უარყოფითი, დამთრგუნველი აზრების, წარმოდგენების, განცდების გაჩენაში გამოიხატება, რასაც მეტად კარგად შლის სინანულის საიდუმლო. მამა იოსებ ათონელი წერს: „გინდა‚ შემუსრო გველის თავი? თქვი შენი ფიქრების შესახებ აღსარების დროს. ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია; თუ შენთან აკავებ – ის იმალება, სინათლეზე გამოგაქვს და – ქრება. ხარობს მაშინ მაცხოვარი, გულისხმიერი ლოცვაც ძლიერდება და ნათელი მადლის კურნავს, ამშვიდებს შენს გულსა და გონებას“.
მამა გიორგი (თევდორაშვილი) (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): ნებისმიერი ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ ყოველთვის ადგეს ადრე და განსაზღვრულ დროს. როგორც კი ადგება, მაშინვე მოწიწებით უნდა გამოისახოს პირჯვარი, მადლობა გადაუხადოს ღმერთს, რომ მშვიდობით აღადგინა: „გმადლობ, შენ, ღმერთო ჩემო, მშვიდობით რომ აღმადგინე. მაკურთხე დღესაც, მომეცი შემწეობა, ეს დღეც ლოცვაში გავატარო, სიკეთე ვაკეთო და დამიფარე უხილავი და ხილული მტრებისგან”, – მერე კი წარმოთქვას იესოს ლოცვა. ამის შემდეგ ყოველი ქრისტიანი დაუყოვნებლად უნდა წამოდგეს და შეიმოსოს. სარეცელზე დიდხანს ნებივრობის უფლება არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს. ამის შემდეგ უნდა მოწესრიგდეთ და შეუდგეთ დილის ლოცვის კითხვას; მუხლმოდრეკილებმა, ყურადღებით, მოწიწებით და ღრმა სინანულის განცდით უნდა ილოცოთ და არა უყურადღებოდ და მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. ჩვენი ყოველი დილა უფალთან ურთიერთობით უნდა იწყებოდეს. ლოცვის კითხვის დროს წესიერად უნდა ვიყოთ შემოსილი: ქალებმა აუცილებლად უნდა დაიფარონ მანდილი და სიყვარულით, სიმშვიდით აღავლინონ ლოცვა. „ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენ ხართ“‚ – ასე აფრთხილებს პავლე მოციქული კორინთელებს თავის ეპისტოლეში. ნებისმიერი ქრისტიანის მოვალეობაა საკუთარ სულზე, სხეულზე ზრუნვა და ამისთვის სულაც არ არის საჭირო გარეგნული ბრწყინვალება, სამკაულებით მორთვა, ფერ-უმარილის წასმა. ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით კი მორწმუნე ქრისტიანს, ამშვენებს არა სამკაული, არამედ, საკუთარი შინაგანი სილამაზე. ჩვენი წინაპრების სილამაზე იყო გარეგნობა, შესამოსელი, სიტყვა-პასუხი და კდემამოსილება. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყოველთვის დაგვამშვენებს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, საქციელი და ის ლამაზი გარეგნობა, რომელიც იქნება ღვთისგან კურთხეული და, ამავდროულად, ჩვენი შინაგანი სილამაზით დამშვენებული და შევსებული.
– დღეს ადამიანები ჯვრებს ხშირად ისე ატარებენ, როგორც სამკაულს. ზოგს რამდენიმე ჯვარი ერთად უკეთია. ეს მიზანშეწონილია?
– ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში ატარებდნენ ქრისტიანები გულსაკიდ ჯვრებს. გულსაკიდი ჯვარი კი გვახსენებს მაცხოვარს, რომელმაც ადამიანთა ხსნისთვის ჯვარი იტვირთა, ჯვარცმის ტანჯვა დაითმინა და შეგვახსენებს, რომ უნდა ვიცხოვროთ ჯვარცმული ქრისტეს მცნებებით. ამასთანავე, ჯვარი არის იარაღი ბოროტი ძალის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის გვიცავს და დაგვიფარავს ბოროტი ძალის ზემოქმედებისგან – მისი ხილვა ყველაზე მეტად აფრთხობს ბოროტს. ის, ვინც არ ატარებს ჯვარს, არ იწერს პირჯვარს, ნაკლებად არის ბოროტისგან დაცული. ადამიანს ჯვრის ტარების უფლება ნათლობის შემდეგ ეძლევა და მას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ჯვარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძვირფასი ლითონისგან მზადდება, არ უნდა ვატაროთ ისე, როგორც რაიმე ძვირფასი სამკაული, ანუ, სამოსის ზემოდან და თვალისთვის დასანახავად. ჯვარი ყველამ უნდა ატაროს დაფარულად, სამოსის ქვეშ, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ქრისტიანობა, ქრისტეს მცნებები, უფლის, მოყვასის სიყვარული, გულში გვაქვს დამარხული და მისით ვსასოობთ. ჯვრის სამკაულად, თუნდაც‚ გულზე, ასევე, საყურედ ტარება, ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელია. ჯვარი ყოველთვის და ყველგან უნდა გვეკეთოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოროტი ძალა ადამიანს ყოველთვის თან სდევს და ცდილობს‚ მას რამე ავნოს, ჯვარი კი მისგან ყოველთვის და ყველგან დაგვიცავს.
– როგორ უნდა იმოსებოდეს ადამიანი ლოცვის დროს და, საერთოდ, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ, როდესაც ლოცვის დროს ცუდი, მაცდური ფიქრები მოსდის?
– „ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაბურულად ლოცულობს, ანდა წინასწარმეტყველებს და, ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავად ლოცულობს ანდა წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ვინაიდან, ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს“. ლოცვის კითხვის დროს ადამიანი წესიერად უნდა იყოს შემოსილი: ქალებმა აუცილებლად უნდა დაიფარონ მანდილი და სიყვარულით, სიმშვიდით აღავლინონ ლოცვა; მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს ლოცვის დროს თავზე, ვინაიდან, ის ღვთის ხატება და დიდებაა. ხოლო, რადგან დედაკაცია მამაკაცისგან შექმნილი, ამიტომ მას თავზე უნდა ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზებისა და უფლის გულისთვის, ანუ მანდილი, რომელიც მორჩილების სიმბოლოა. ქრისტიანმა უნდა მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ის ყველაფერს ღვთის სათნოდ აღასრულებს, მზად არის, აკეთოს სიკეთე და შეეწიოს მოყვასს. ყოველდღე თითოეულმა ადამიანმა მეოთხედი საათი მაინც უნდა დაუთმოს სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ფიქრს, განსაკუთრებით კი – გონებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოებაზე: ძე ღმერთის განკაცებაზე, მის მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე ფიქრს. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ, შეიძლება, ეს დღე თქვენთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს, ამიტომ, ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც ისურვებდით, გაგეკეთებინათ მაშინ, დაუყოვნებლივ რომ წარმდგარიყავით ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. ყოველ დილას მადლობა უნდა შესწიროთ უფალს, რომ მან დაგიფარათ განვლილ ღამეს, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ხართ და არ მომწყდარხართ საკუთარ ცოდვებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი წარდგა იმ ღამეს ღვთის სამსჯავროს წინაშე და თქვენთვის ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ყოველდღე უნდა ფიქრობდეთ იმაზე, რომ ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება და გსურს, რომ იყო ქრისტიანი და რომ წარსული დრო ტყუილად დაკარგე... ცოდვა ხშირად სწორედ ფიქრის დროს იბადება, ეს კი განსაკუთრებით ლოცვის დროს ხდება. ხშირად ადამიანს სწორედ ასეთ დროს მოსდის მაცდური ფიქრები, რომელთაგან გაშორებაც ძალიან უჭირს და შემდეგ მათ ხშირად ქმედებაში ახორციელებს. პირველი მომენტი ცოდვისა არის ნდომა, როცა ადამიანის ცნობიერებაში მხოლოდ გამოისახება ესა თუ ის საცდური. თუკი ადამიანი პირველ მომენტშივე მტკიცედ და დაუყოვნებლად უარყოფს ცოდვას, ის კი არ შესცოდავს, არამედ დაამარცხებს ცოდვას და ამ დროს ყველაზე ადვილია საცდურის დაძლევა. თუ ნდომა უარყოფილი და დაძლეული არ იქნება, ის გადადის გაურკვეველ მისწრაფებაში, შემდეგ კი – ცოდვის ჩადენის მკაფიო სურვილში. ამ დროს ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკას იწყებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია, არ აჰყვეს ცოდვის საცდურს და არ შესცოდოს, რაშიც მას საკუთარი სინდისი და ღმერთი დაეხმარება, თუკი მას მიმართავს. გაცილებით ძნელია ცოდვასთან ბრძოლა მაშინ, როცა ის, ხშირი გარემოების გამო, ადამიანს ჩვევად გადაექცევა. საერთოდ, ადამიანი ნებისმიერი ჩვევის შეძენის შემდეგ, ჩვევად გადაქცეულ ქმედებას ძალზე იოლად სჩადის, თითქოს შეუმჩნევლად, თავისთავად. ამიტომაცაა, რომ ჩვევად ქცეული ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლა უჭირს, რადგან, მისთვის უკვე ძნელია არა მხოლოდ საკუთარი თავის დაძლევა, არამედ, მოახლოებული ცოდვის შემჩნევაც. უმაღლესი ხარისხის ცოდვაა, როცა ის უკვე სრულებით იმონებს ადამიანს. არის ვნება ამა თუ იმ ცოდვისმიერი ტიპისა, ამ მდგომარეობაში ადამიანს უკვე აღარ შეუძლია, ეზიზღებოდეს საკუთარი თავი როგორც მანკიერება და მთლიანად ემორჩილება მას თავის განცდაში, მოქმედებასა თუ განწყობაში.