„ახალი მონასტრის“ სასწაულები
ჯორის ზურგზე დაუზიანებელი ტვირთი იხილეს
მოგზაურთა აღწერების თანახმად, მეჩვიდმეტე საუკუნეში „ახალ მონასტერში“ 100-დან 150-მდე ბერი იყო და ის ჰგავდა პატარა ქალაქს. აქ, აგრეთვე, იყო უამრავი ცხოველი, რომლებიც გამოიყენებოდნენ სხვადასხვა ტვირთის გადასაზიდად.
ერთხელ ერთმა მლოცველმა მიტილინის კუნძულიდან მონასტრისთვის ჩამოიტანა ზეთი და გადასცა ის პირუტყვის გამრეკის ხელით. მეხრემ დატვირთა ჯორი და გაუდგა გზას. როდესაც მათ მიაღწიეს წმიდა ფანურის ტაძარს, გზის ძნელად გასასვლელ უბანზე ცხოველმა წაიბორძიკა და ხრამში გადაიჩეხა მეხრესთან ერთად.
ცოტა ხანი გავიდა. ერთხელ გაისმა კაკუნი მონასტრის ჭიშკართან. შიგნით მყოფთ მოესმათ ჭიხვინი. მეკარემ გააღო ჭიშკარი და დაინახა... უფსკრულში გადაჩეხილი ჯორი. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ზურგზე მას ჰქონდა სრულიად დაუზიანებელი ტიკები ზეთით სავსე, მეკარემ ეზოში შემოიყვანა ცხოველი და ჩამოხსნა ტვირთი. ჯორი კი მიწაზე უგრძნობლად დაეცა და სულიც განუტევა. მან თავისი მისია აღასრულა.
როდესაც ქალმა გაიღვიძა, იგრძნო, რომ განკურნებული იყო
ჰიოსის კუნძულზე, სოფელ კალმასიას მკვიდრმა ღვთისმოსავმა ქალმა „ახალ მონასტერს“ შესწირა მთელი თავისი ქონება. ერთხელ ის ავად გახდა და აღმოჩნდა ძალზე მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. მისმა ნათესავებმა იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდნენ მას, მიატოვეს უბედური და საყვედურობდნენ მას მწარე სიტყვებით:
– დაგეხმაროს შენი „ახალი მონასტერი“, შენ ხომ მას გადაეცი მთელი შენი ქონება!
ის კი განუწყვეტლივ და მხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობელს დახმარებოდა მას.
და აი, ერთხელ, საღამო ხანს მას მოევლინა უცნობი ქალი. მიუახლოვდა მას, ანუგეშა და უთხრა:
– ნუ გეშინია, შენ სენისგან განკურნებული ხარ. აიღე ეს დუკატი. ახლა შენზე მე ვიზრუნებ.
– ვინ ხარ შენ? – ეკითხებოდა მას ავადმყოფი.
– მე „ახალი მონასტერი“ ვარ.
როდესაც ქალმა გაიღვიძა, იგრძნო, რომ განკურნებული იყო, მარჯვენა ხელში კი ეჭირა ოქროს დუკატი. დილით ის წავიდა მონასტერში, მოუყვა თავისი სიზმარი იღუმენ ანთიმოზს და მისცა მას მისთვის ღვთისმშობლის, უწმიდესი ქალწულის მიერ ნაჩუქარი დუკატი.