მამათა შეგონებანი
გაბრიელ ეპისკოპოსი: მწუხარება ორნაირია: ერთი ღმრთისმიერი, მეორე – სოფლიური. ღმრთისმიერი მწუხარებისას კაცი თავის უღირსებასა და ცოდვაზე სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა, ბოროტი ქმნა და ამით ზეციური მამა გაამწარა. ასეთი სულიერი მწუხარება კეთილია და პატიოსანი. იგი კაცის გულში გააჩენს სინანულსა ცხოვრებისასა, როგორც იტყვის წმიდა მოციქული პავლე. ამით კაცის მოქცევა და ცხონება იწყება. სოფლიური მწუხარება ისაა, როდესაც კაცი, რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებაზე სწუხს. ზოგიერთი რაიმე უბედურების დროს ტირის და დარდობს, მაგრამ ღმერთზე აღარ ფიქრობს და ავიწყდება, რომ მწუხარებაცა და სიხარულიც, ბედნიერებაც და უბედურებაც, ყველაფერი ღმრთისგანაა. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და სასოება არ დაკარგოს, იგი მხოლოდ სოფლიური ნუგეშის მოკლებას ნაღვლობს. ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს და გამოიკვლიოს, თუ რის გამო დაემართა ეს უბედურება და ის ცოდვები მოინანიოს, რომელნიც მისი უბედურების მიზეზნი შეიქნენ, იგი თავის მდგომარეობას ხან ღმერთს აბრალებს, ხან ეშმაკს და ხან სხვა კაცს. ასეთი სოფლიური, ხორციელი მწუხარება სიკვდილს აჩენს და კაცს კლავს.
თეოფანე დაყუდებული: აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ რომელი საქმეა, თვისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისთვის სათნო და რომელი – ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უმეცრებაში ამყოფებს, ორმაგად სცოდავს: იმით, რომ არ იცის უფლის ნება და იმითაც, რომ ყოველ ღონეს არ ხმარობს მის გასაგებად, ანუ, განგებ იმყოფებს თავს სიბნელეში.
ეპისკოპოსი პეტრე: მწუხარებით გამოცდას, რომელსაც ღმერთი უშვებს ადამიანისთვის, მიზნად აქვს მართალთა აღზრდა მიწაზე და მათი დაჯილდოება იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ცხადია, ამქვეყნიური მწუხარება სამზადისია ადამიანისთვის. მწუხარება არის ის, რაც ათვინიერებს ადამიანს, განარიდებს მას წუთისოფელს, განამტკიცებს მის ხასიათს, ასუფთავებს მის არხებს და ამაღლებს, რამდენადაც ის მწუხარებაშია.
იოსებ ათონელი: რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მიღწევებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს.
ეფრემ ასური: ზღვაში ჩაგდებული ქვა უმალ გაუჩინარდება და ვეღარავინ დაინახავს მას. ასევე, ჩვენი ცოდვებიც ჩაიძირება ღმერთის უსაზღვრო მოწყალების უფსკრულში და სრულიად განქარდება ზეციური მართმსაჯულების თვალისთვის, ოღონდ კი გულწრფელად მოვინანიოთ ისინი.