როგორ აღმოჩნდა რევაზ მაჩაიძე ნეირო-მეცნიერების სამოთხეში და არის თუ არა ნანოტექნოლოგიური ჩიპი თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის საშუალება
რევაზ მაჩაიძე – ნეირომეცნიერი, ჰარვარდის სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დაიბადა თბილისში, ამჟამად ცხოვრობს ბოსტონში, როგორც თავად უწოდებს – განათლების „ჰოლივუდში“, სადაც ცხოვრება და საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. იკვლევს თავის ტვინის დაავადებებს, კონკრეტულად კი – ტვინის სიმსივნეს; აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ ექსპერიმენტებს, რომლებიც ითვალისწინებს ნანოტექნოლოგიური წამლებისა და აპარატების დამზადებას.
რევაზ მაჩაიძე: თბილისში დავიბადე, წერეთელზე დავამთავრე მე-100 საშუალო სკოლა. შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე და მივიღე ქიმია-ბიოლოგ-ინჟინრის ხარისხი. ამერიკაში ჩამოვედი ინგლისურის სასწავლებლად. სამწუხაროდ, ინგლისური არ ვიცოდი, რადგან სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი. მოკლედ‚ ჩავედი ჯორჯიის შტატში და დავიწყე სწავლა ანტლანტის ინსტიტუტში. ექვს თვეში იმდენი შევძელი, დირექტორმა შემამჩნია და, მოტივაციის მიზნით, თავის თანაშემწედ დამაწყებინა მუშაობა.
– რა შედიოდა შენს მოვალეობაში?
– ჩემს მოვალეობაში შედიოდა ინსტიტუტის მენეჯმენტი – შესყიდვები და მომსახურე სერვისების მენეჯმენტი. როდესაც უკვე კარგად ვისწავლე ინგლისური და გავერკვიე ამერიკულ კულტურულ ცხოვრებაში, გადავწყვიტე, წინ წავსულიყავი. დავიწყე ჩემი პროფესიით სამსახურის ძებნა. თავიდან, გამოცდილების მისაღებად, სამი თვე ვმუშაობდი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ონკოლოგიის დეპარტამენტში. შემდეგ მუშაობა დავიწყე პიტსბურგის უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან პრესტიჟულია, განსაკუთრებით კი სამედიცინო სკოლა აქვთ ძალიან ძლიერი – ნეიროქირურგია აქვთ უმაღლეს დონეზე. აქ მუშაობა დავიწყე როგორც ნეირომეცნიერმა, პატარა მეცნიერი ვიყავი. როცა პატარა მეცნიერი ხარ და დიდი პროექტების ერთ-ერთი მონაწილე – დამხმარე პიროვნება ბევრ რამეს სწავლობ და პატარა საფეხურები გაბარია. შემდეგ ჩემი უფროსი დააწინაურეს და, ისე მოხდა, რომ მთელი ლაბორატორია გადავიდა ემორის უნივერსიტეტში. მოკლედ, ემორის უნივერსიტეტში უკვე დავბრუნდი როგორც სერიოზული, ძლიერი მეცნიერი და იქ დავიწყე ჩემი პროექტების განხორციელება.
– რა პროექტებზე მუშაობ?
– ემორის უნივერსიტეტში ძირითადად ვმუშაობდი თავის ტვინის კიბოზე და ვამზადებდი ნანონაწილაკებს, რომ შეგვესუსტებინა სიმსივნური განვითარება თავის ტვინში. ნანოტექნოლოგიური წამლები ახალი სიტყვაა მეცნიერებაში. თავის ტვინზე ნებისმიერი წამლის მოქმედება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ორგანოზე. შესაბამისად, უნდა გამოიგონო „სმარტ“ წამალი, ანუ, ძალიან ჭკვიანი წამალი, რომელსაც მიზანმიმართულად მოუწევს ბევრი დავალების შესრულება. მოგეხსენებათ, რომ ტვინის სიმსივნე ძალიან აგრესიულ სიმსივნურ ჯგუფს განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მეცნიერება მალე დადებს სასურველ შედეგებს, რაც აისახება კონკრეტული ადამიანების გადარჩენაში. მხოლოდ რეალობაზე დაყრნობით და ფაქტებზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ სიმსივნური დაავადების მკურნალობა სრულად იქნება შესაძლებელი. წამალს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით, საკმაოდ წარმატებული შედეგები ჰქონდა და დღეს ისევ მიმდინარეობს მისი დახვეწა, განვითარება. მის შესახებ სამეცნიერო ჟურნალებშიც დაიბეჭდა და სერიოზული წარმატება მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ემორის უნივერსიტეტი საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტია, გადავწყვიტე‚ მეცნიერული განათლება გამეფართოებინა და წავედი ჰარვარდის უნივერსიტეტში. მოკლედ‚ ჩამოვედი ჰარვარდში და დავიწყე ნეიროქირურგიის დეპარტამენტში მუშაობა. აქ მეცნიერება ბევრად მაღალ დონეზე დგას, უფრო დიდ საშუალებებს იძლევა და, იმავდროულად, მეცნიერული განათლების უმაღლესი მწვერვალია. რა თქმა უნდა‚ აქ დიდი გამოცდილება მივიღე. უკვე ორი წელია, ვმუშაობ და დღემდე მიკვირს ისეთი დონის ტექნოლოგიებთან და მეცნიერებთან მიწევს მუშაობა. ყოველდღე ისეთი მეცნიერული აღმოჩენები ხდება... რაც გუშინ და გუშინწინ წარმოუდგენელი იყო, დღეს წარმოსადგენი და რეალურია.
– მოკლედ, ნეირომეცნიერების სამოთხეში მოხვდი.
– ზუსტად ასეა. იმ ადამიანებთან, რომლებიც ნეირომეციერების „მამებად“ ითვლებიან, დღეს საქმიანი ურთიერთობა მაქვს და მათგან ბევრს ვსწავლობ. უმეტესობა ასაკოვანია და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მოკლედ, აქ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ იმუშაო, შენი პროექტები განახორციელო, სულ იღებ განათლებას და გასცემ კიდეც. ყოველდღე მიხარია სამსახურში წასვლა, თუნდაც სტუდენტებთან ურთიერთობა, რომლებიც ისეთ კითხვებს მისვამენ, მაგათ ასაკში მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მათგანაც ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი, რადგან, ისინი სხვანაირად არიან მოტივირებულები. უნივერსიტეტში როგორც სხვა იზრდება, ასევე უნდა გაიზარდო და გაჰყვე, ჩამორჩენა არ გამოვა, რადგან, ამის უფლებაც არ გაქვს. მუშა პროცესია, რომელიც სიამოვნებას განიჭებს. ერთი სიტყვით‚ დიდი მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომცა იმის საშუალება, ასე საინტერესოდ წარმართულიყო ჩემი კარიერა.
– ამ ეტაპზე ჰარვარდში რა პროექტებზე მუშაობ?
– ამჟამად ვმუშაობ ნანოტექნოლოგიურ ჩიპზე, რომელიც ითვალისწინებს სიმსივნური უჯრედების გამოკვლევასა და ამავე უჯრედების გენეტიკურად მკურნალობას. ჩიპი არის მაღალტექნოლოგიური, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს უჯრედების ხარისხიანი კვლევა, კერძოდ‚ გენეტიკურ დონეზე. ამავდროულად, შესაძლებელია რამდენიმე ათასი გენეტიკური წამლის მორგება. საბოლოოდ‚ ეს ყველაფერი მიმართულია კონკრეტული პიროვნების სრული განკურნებისკენ. გენეტიკურ წამლებს დიდი შედეგი მოაქვს და უკვე 100-პროცენტიან მკურნალობაზეა საუბარი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიბოს მკურნალობის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება და ეს დაავადება უკვე სრულად განკურნებადი იქნება. გარდა ამისა, ამ ჩიპის დახმარებით სხვა დაავადებების დიაგნოზირებაც არის შესაძლებელი. საერთოდ‚ თავის ტვინი საკმარისად ჭკვიანია და, თუ სასიამოვნო გარემოს შეუქმნი, თავად განკურნავს და მოაგვარებს საკუთარ პრობლემას.
– ამჟამად რა ეტაპზეა ნანოტექნოლოგიური ჩიპების გამოყენება და თუ მოხდება მათი პრაქტიკაში დანერგვა?
– სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით, ჩიპი მუშა პროცესშია და ოპტიმირებულია კონკრეტული დავალების შესრულებაზე. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი ბარიერის გადალახვა დასჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ლიცენზია მიიღოს. თუმცა‚ იმედს ვიქონიებ, რომ ის კლინიკებისთვის ხელმისაწვდომი მალე გახდება.
– კიდევ რომელ პროექტს გამოარჩევდი?
– იყო ასეთი პროექტი, სადაც ვიყენებდით ლითონის (რკინის) ნანოპარტიკლებს, რომლებიც ახდენდა თავის ტვინის სიმსივნეზე აკუმულირებას კონკრეტული ანტისხეულების მეშვეობით. ქიმიოთერაპიული წამლების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, სანამ კონკრეტულ ადგილამდე მივა, გზაში ყველაფერს ანადგურებს, ძალიან ტოქსიკურია და იმუნიტეტს ასუსტებს. ეს წამალი კი პოულობდა მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს და არ აზიანებდა გარემო პირობებს. რაც მთავარია‚ შესაძლებელი იყო მონიტორინგი გაგვეწია MRI-ით (Magnetic Resonance Imaging), რათა გაგვერკვია, თუ რამდენად სრულად ითვისებდა სიმსივნური უჯრედები ნანოპარტიკლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს იყო მულტიფუნქციური წამალი და, რაც მთავარია‚ სრული სურათი გვაძლევდა იმის საშუალებას, სწორად გვემკურნალა. მაღალი მაგნიტური ველის კონცენტრაციით ხდებოდა ლითონის ნანოპარტიკლების ვიბრაცია, რაც იწვევდა პარტიკლების გახურებას და ნანოპარტიკლები საბოლოოდ ახდენდა უჯრედის განადგურებას. ამ მხრივ ისევ მიმდინარეობს კონკრეტული კვლევა და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. იმედს ვიქონიებ, რომ მალე მოხდება ტრადიციული მკურნალობის ჩანაცვლება ახალი‚ უფრო ძლიერი მკურნალობის საშუალებებით.