როგორ ეძებს ბიოლოგიურ დედას ქუთაისში მცხოვრები 27 წლის მამაკაცი და რისი იმედი აქვს მას
27 წლის იაკობ ხუნწარია ეძებს ბიოლოგიურ დედას ქალაქ ორიოლში (სახელი და გვარი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას. როგორც ვიცი, მე დავიბადე 1986 წლის 20 აგვისტოს, რუსეთში, ქალაქ ორიოლში. მაქვს დაბადებიდან თანდაყოლილი ნიშანი – მარჯვენა ხელზე, მაჯასთან, დიდი ხალი. როგორც გავიგე, ორიოლიდან 1987 წლის 11 ივნისს წამომიყვანეს. მაშინ 9-10 თვის ვიქნებოდი. სამწუხაროდ, დედის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, მაგრამ, მისი პოვნის იმედს არ ვკარგავ. სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ ნაშვილები ვარ და მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. თავად მე ქუთაისში ვცხოვრობ, ჩემი ბიოლოგიური დედა კი, თუ არ ვცდები, რუსეთში, ქალაქ ორიოლში უნდა იყოს. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში. უკვე 13 წელია, რაც დედას უშედეგოდ ვეძებ.
– როგორ გაიგე, რომ ნაშვილები ხარ?
– დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, ანუ, 13 წლის ვიყავი მაშინ, როცა ჩემმა მეზობელმა ბავშვმა, დიანამ წამომაძახა, რომ ნაშვილები ვარ. მახსოვს, გავოგნდი და მას შემდეგ ერთი დღეც არ გასულა, ამ თემაზე რომ არ მეფიქრა. ერთხელ ჩემმა აღმზრდელმა დედამაც მითხრა გაბრაზებულმა – თამარასგან არ უნდა გვეშვილეო. ასე დავრწმუნდი, რომ მართლაც ნაშვილები ვყოფილვარ. აღმზრდელი მშობლებისგან ვერაფერი გავიგე ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ. ისე კი, იციან, რომ მისი პოვნა მინდა, მაგრამ, არაფერს მეუბნებიან მასზე, შეიძლება, მათაც არ იციან და იმიტომ. გავიგე, რომ ჩემი დაბადების აქტი ¹288-ით არის რეგისტრირებული ქალაქ ორიოლის რესპუბლიკურ არქივში. ამ დოკუმენტში ეწერება დედაჩემის შესახებ რამე, ანუ, მისი ვინაობა მაინც, მაგრამ, მე, რასაკვირველია, არ შემიძლია ამ დოკუმენტის ნახვა.
– შენს აღმზრდელ მშობლებს რა რეაქცია აქვთ იმაზე, რომ დედას ეძებ?
– იციან, რომ მინდა დედის პოვნა და წინააღმდეგი არ არიან. უბრალოდ, შეიძლება, მათ ეს ფაქტი არ სიამოვნებდეთ, მაგრამ, მე ხომ უკვე სრულწლოვანი ვარ და, ვფიქრობ, მაქვს იმის უფლება, გავიგო, ვინ არის ჩემი ბიოლოგიური დედა. ეს ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებდა. ძალიან მინდა, რომ გამიგონ...
– დედის შესახებ რამე თუ იცი?
– მის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ის გავიგე (ეს ინფორმაციაც არაა შემოწმებული), რომ, დედაჩემი ეროვნებით რუსია და ქალაქ ორიოლიდანაა. როგორც გითხარით, იქიდან მიშვილეს. ვიცი, რომ ჩემს შვილად აყვანაში ჩარეულია ქალბატონი თამარა, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. შეიძლება, მან იცოდეს რამე დედაჩემის შესახებ.
– იაკობ, შენ არასდროს გინახავს დედა. მაინც, რით ახსნი მისადმი ასეთ ინტერესს, რაც თითქმის ყველა ნაშვილებ ადამიანს ახასიათებს?
– უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს, როგორია, რა იყო მისი მხრიდან ჩემი გაშვილების მიზეზი და, საერთოდ, უამრავი კითხვა მაქვს მისთვის დასასმელი. ვიცი, რომ მისი პოვნა ძალიან რთულია. ჩემს აღმზრდელ მშობლებს კი არ უნდათ, ამ საკითხში ჩემ გვერდში დგომა. დიდი იმედი მაქვს, იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ.
მინდა ასევე გითხრათ, რომ მე მაქვს ექსტრასენსული ნიჭი – შემიძლია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების დანახვა, მაგრამ, პირადად ჩემს ცხოვრებას ვერ ვხედავ. ამიტომ, არც დედაჩემის შესახებ შემიძლია რაიმეს გარკვევა, ყველაფერი, რაც ვიცი მის შესახებ, სავარაუდოა.
– ანუ, არც ის არის გამორიცხული, რომ შენი ბიოლოგიური დედა ქართველი იყოს და საქართველოში ცხოვრობდეს?
– ეს არა მგონია, თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა, მე სპეციალურადაც ამიბნიეს გზა-კვალი, რომ არ ვიპოვო დედაჩემი, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ვიპოვი მას თუ ვერა, მე მაინც დიდი მადლობელი ვიქნები ჩემი აღმზრდელი მშობლების, რომლებმაც გამზარდეს როგორც საკუთარი შვილი – მინდა, რომ მათ ეს იცოდნენ. უბრალოდ, ჩემს ბიოლოგიურ დედაზე ფიქრს ვერ ვანებებ თავს. ერთხელ სიზმარშიც კი ვნახე, თითქოს მას შავი ფერის თმა ჰქონდა და ძალიან ლამაზი იყო...
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.