კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დატოვებს თუ არა სოფო გელოვანი საქართველოს და რატომ აშიმშილებს ის მეორე, „აყვანილ“ შვილს

28 წლის მომღერალი სოფო გელოვანი ბავშვობიდან დგას სცენაზე. სულ რამდენიმე წელია, რაც ის საქართველოში ფართო საზოგადოებამ გაიცნო, არადა, უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი მანამდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ წლების განმავლობაში უფრო პოპულარული იყო. ქართულ კონკურსში მონაწილეობამდე სოფომ რამდენიმე ქვეყნის კონკურსი მოიარა. საერთაშორისო კონკურსებზე 3 გრანპრის და 5 პირველი ადგილის მფლობელი გახდა. სოფო წელს, ნოდიკო ტატიშვილთან ერთად „ევროვიზიაზე“ წარადგენს საქართველოს. იმედია, მათი დუეტი წარმატებული აღმოჩნდება. 

სოფო გელოვანი: ბავშვობის ასაკიდან დავიწყე სიმღერა. როგორც ქართულ ოჯახებში ხდება ხოლმე, ჩემს ოჯახშიც სულ მღეროდნენ. ბებიიდან მოყოლებული, ყველა მღერის, მაგრამ, სცენაზე არავის უმღერია. ალბათ, ჩემზე, ზოგადად, საერთო გენებმა იმოქმედა. პირველად ანსამბლ „ნერგებში“ დავიწყე სიმღერა და კლავიშზე ვუკრავდი. მაშინ მივხვდი, რომ სიმღერა ძალიან ჩემი იყო და ვერ გავძლებდი ამის გარეშე. ბავშვები რომ ოცნებობენ – მე ექიმი გამოვალ, მე მასწავლებელიო, მე სულ ვამბობდი, რომ გავიზრდები, მომღერალი უნდა გამოვიდე-მეთქი. სულ მიკროფონი მეჭირა ხელში და სხვა სურვილი არ მქონია. სტუდენტობის პერიოდშიც სულ ვმღეროდი. ამ ანსამბლში რომ დავამთავრე მოღვაწეობა, მერე უკვე ინდივიდუალურად დავიწყე გამოსვლა. ამის შემდეგ უკვე კონკურსების პერიოდი დაიწყო. პირველად 15 წლისამ მივიღე კონკურსში მონაწილეობა. მხარში ყოველთვის მედგნენ ჩემი მშობლები, რადგან, თუ არ გაქვს დახმარება და გვერდში დგომა, არაფერი გამოდის, ძალიან რთულია. გვერდით ის ადამიანები უნდა გყავდეს, ვინც მოგიწონებენ და გეტყვიან, რომ ეს შენი საქმეა და ეს უნდა გააკეთო. ჩემს შემთხვევაში ეს დღემდე გრძელდება – ახლა ჩემი მეუღლე მიდგას გვერდში და ძალიან მეხმარება. იღბლიანი ადამიანი ვარ და გამიმართლა, რადგან, არაჩვეულებრივი მეორე ნახევარი მყავს. ზოგადად კი, რასაც ვიმსახურებთ, ალბათ იმას ვიღებთ. 

– ცოტა იღბალიც ხომ გვეხმარება ამაში?

– ჩემი პირადი აზრია, რომ იღბლის ანაბარა არ უნდა დარჩე არც კარიერაში და არც პირად ცხოვრებაში. კარგსაც და ცუდსაც ცხოვრების გზაზე მიმავალი იმკი. უბრალოდ არაფერი მოდის ცხოვრებაში. თუმცა, ვერ დავიწუწუნებ, მე ნამდვილად ვარ იღბლიანი. ცხოვრებაში ბევრი ეტაპი გავიარე და, რასაკვირველია, ჩავარდნებიც მქონდა და აღმავალი პერიოდებიც – ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუმცა, ჩემთვის, შემოქმედებითი და პირადი კუთხითაც, ყველაზე კარგი ეტაპი მაინც ის იყო, როცა სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი. იქ სხვანაირი ცხოვრების რიტმია, უფრო ჩქარი და სასიამოვნოდ დატვირთული.

– ახლა რა ეტაპი დგას შენს ცხოვრებაში?

– ახლა საკმაოდ საპასუხისმგებლო ეტაპი დგას ჩემს ცხოვრებაში – „ევროვიზიისთვის“ ვემზადები ნოდიკო ტატიშვილთან ერთად. ამან საერთოდ შეცვალა ჩემი გეგმები და ცხოვრების რიტმიც. ბევრი მეკითხება, ალბათ, ამ კონკურსისთვის იმიჯს შეიცვლიო. ყველას ვპასუხობ: მე არანაირად არ ვიცვლი იმიჯს და სცენაზე ისევ  ისეთი სოფო გელოვანი იდგება, როგორსაც იცნობთ. მე ისეთი ვარ, როგორსაც მხედავთ და შეცვლას არ ვაპირებ (იცინის). სხვათა შორის, მე და ნოდიკო ძალიან ვგავართ ერთმანეთს. 

– მსგავსებაში რას გულისხმობ?

– ჩვენს შემოქმედებით ცხოვრებას რომ გადახედოთ, ძალიან ჰგავს ერთმანეთს – ორივე ხშირად დავდიოდით კონკურსებზე, არაერთი გრანპრი და პირველი ადგილი გვაქვს აღებული, თუმცა, „ევროვიზია” არ ჰგავს სხვა კონკურსებს, იქ მარტო სიმღერას არ ექცევა ყურადღება. ბევრი ეტაპის გავლაა საჭირო. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ნოდიკო წონაშია მომატებული და დიეტაზეა, მე კი არ უნდა დავიკლო და სრულფასოვნად უნდა ვიკვებო. უნდა ნახოთ, რა დღეშია ნოდიკო, მას რომ ვუკრძალავ ჭამას და მე გემრიელად ვნაყრდები – ამის დანახვაზე ცოფდება (იცინის). ვეხუმრები ხოლმე, შენ ჩემი მეორე შვილი ხარ, ოღონდ, ნაშვილები, უნდა ვიზრუნო შენზე და, თუ არ დამიჯერებ, დაგსჯი – უფრო ბევრს შევჭამ და გაყურებინებ-მეთქი (იცინის). 

– სულ დაკავებული ხარ. ოჯახისთვის დრო რომ არ გრჩება, ამის გამო მეუღლის საყვედურების მოსმენა არ გიწევს? 

– ჩემი მეუღლე ის ადამიანია, ვინც ბოლომდე მიგებს და მიდგას გვერდში. ბედნიერებაა, როცა მომღერალს გეძლევა საშუალება, აკეთო შენი საქმე და საყვარელი ადამიანი უყურადღებობოს გამო არ გსაყვედურობს. ის რომ საყვედურებს მეუბნებოდეს, ნამდვილად ვერ ვიმღერებ და სცენაზე დისკომფორტი შემექმნება. გარშემო ისეთი ადამიანები მყავს, ვინც ყველა პირობას მიქმნიან, რომ ბედნიერი ვიყო. მიუხედავად დროის უქონლობისა, მაინც ვცდილობ, შვილისთვის დრო გამოვნახო და ხშირად ვისეირნო მასთან ერთად. სხვათა შორის, დათა ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ უყვარს, რომ ვმღერი (იცინის). რომ გავემზადები წასასვლელად, იბუტება, იცის, რომ უნდა ვიმღერო და ამბობს, არ მიყვარს რომ მღერიო (იცინის). მეგობრებშიც გამიმართლა და, რაც უნდა დაღლილი და მოწყენილი ვიყო, მათთან ურთიერთობით დადებითი მუხტით „ვიტენები“. „ჩაკეტილი“ ადამიანი ვარ – არ მიყვარს „ტუსოვკები“, ღამის კლუბები. განტვირთვა სახლში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში მირჩევნია – ეს ჩემი სრული კომფორტი და ბედნიერებაა. დეპრესიული ადამიანი არ ვარ, მშვიდი და გაწონასწორებული ვარ.  ჩემი პრინციპები და შეხედულებებიც მაქვს და მათ მყარად ვიცავ, არ გადავუხვევ. ბოლოს და ბოლოს, წარმოშობით სვანი ვარ (იცინის). მშვიდი ვარ, მაგრამ, პრინციპულ-სვანურ-გენეტიკურ სიფიცხესაც ვავლენ ხოლმე. ასეთ დროს ჩემი ქმარი ამბობს ხოლმე: ოჰ, გაიღვიძა შენში სვანურმაო (იცინის). 

– სვანებზე რომ ანეკდოტებს ყვებიან, არ ბრაზობ?

– არა, პირიქით, ბევრს ვიცინი ხოლმე. მაგრამ თუ ნამეტანია, ვამბობ – ეს გადაჭარბებულია, მთლად ეგრეც არ არის-მეთქი (იცინის). უფრო ჭორები მაღიზიანებს. ამას წინათ დაქალი მიყვებოდა: ერთ ადგილას მოვხვდი და ერთი გოგო იგიჟებდა თავს, სოფო გელოვანის ახლობელი ვარ, ქმარს გაშორდა, უეჭველი ვიციო. ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ ასეთი ბოროტული ჭორაობა ჩემზე. 

–  მამაკაცებს უყვართ, როცა საყვარელი მეორე ნახევარი სახლში გემრიელ კერძებს ახვედრებს.

– ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ საოჯახო საქმეებს ვასწრებ და წინსაფარაფარებული ვხვდები ჩემს მეუღლეს, მაგრამ, კარგი კერძების მომზადება  ნამდვილად ვიცი. უბრალოდ, დრო არ მრჩება, თორემ, რასაც ვაკეთებ, გემრიელს ვაკეთებ. დედა წარმოშობით აჭარელია და ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებს და ამაში გენეტიკურად დავემსგავსე, მაგრამ, ჯერ მისგან აჩმის გაკეთება ვერ ვისწავლე (იცინის). 

– სოფო, ამბობენ მიწვევა გაქვს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან და, შესაძლოა, სულ მალე საქართველო დატოვო – იქ გადახვიდე სამუშაოდ. ეს სიმართლეა?

– სხვათა შორის, რუსეთიდან და ისრაელიდან მოწვევები მქონდა, მაგრამ, ამ ბოლო დროს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან მაქვს სერიოზული შემოთავაზება. მოლაპარაკებები მიდის და ვნახოთ. „ევროვიზიის“ კონკურსიდან რომ დავბრუნდები, მერე დავფიქრდები ამაზე სერიოზულად და, არ არის გამორიცხული, დავთანხმდე კიდეც.

скачать dle 11.3