რა პირობა შეუსრულა გიორგი ზერეკიძემ მამას გარდაცვალებამდე ციხეში და როგორ მიულოცეს მას სტუდენტობა ქსანში
გიორგი ზერეკიძე თავისუფალია – ციხეში გატარებული წლების შემდეგ მან საპატიმრო საქართველოში ყველაზე პატარა ასაკის პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. გიორგიმ ცხოვრების ახალი ეტაპი დიდი სიახლით დაიწყო – მომავალი იმ გოგონას დაუკავშირა, ვინც მას წლების განმავლობაში ელოდა. წარსულს ხშირად უბრუნდება ფიქრებით, ყველაზე მეტად კი მაინც იმ ემოციების გახსენება უჭირს, რაც მამის გარდაცვალებას ახლდა – მამის, რომელმაც გიორგის თავისუფლებას თავისი თავისუფლება, შემდეგ კი საკუთარი სიცოცხლე შესწირა.
გიორგი ზერეკიძე: 14 წლის ვიყავი, როცა დამიჭირეს. მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, ვერ წარმომედგინა, რა კვალიფიკაცია შეიძლებოდა მიენიჭებინათ ჩემი ქმედებისთვის. ალბათ, იცით, რომ პოლიციაში მამამ მიმიყვანა – ეგონა, განყოფილებაში შენიშვნას მომცემდნენ, გამკიცხავდნენ და გამომიშვებდნენ. თვითონაც ფიქრობდა, რომ ისეთი არაფერი მქონდა დაშავებული, რის გამოც შეიძლებოდა დავეპატიმრებინე, მით უმეტეს, რას წარმოიდგენდა, იმ სასჯელს თუ მომისჯიდნენ. ახლა, ამ გადასახედიდან, ცოტა ძნელია, სხვა ადამიანს გაუზიარო, თუ რას ვგრძნობდი, როდესაც მივხვდი, რომ პატიმარი ვიყავი. იმ ასაკში ვიწყებდი სამყაროს აღქმას. ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც პასუხს ვეძებდი და ყველა ჩემიანისგან ვითხოვდი, იყო: „რა დავაშავე, რატომ ვარ აქ?“ ამ შეკითხვაზე პასუხი არავის არ ჰქონდა. თავიდან ძალიან გამიჭირდა იმ გარემოსთან შეგუება – წარმოდგენა არ მქონდა ციხის წესებზე. პირველად რომ დაიძახეს – „დაჩკაო”, რაც, თურმე „ამანათს“ ნიშნავდა, მე მეგონა, მიშვებდნენ და, აბა, კარგად იყავით-მეთქი, ხელს ვუქნევდი ხალხს (იცინის) სულ მქონდა იმის განცდა, რომ გამომიშვებდნენ. როცა მითხრეს, რომ, მუხლი, რომელიც მე მომიყენეს, ათი წლიდან იწყებოდა და სამუდამო პატიმრობასაც კი ითვალისწინებდა, ეს ცარიელი ციფრები მეგონა – ვერ მივხვდი, რატომ უნდა ვყოფილიყავი ციხეში ათი წელი. საბოლოოდ, მართლაც ათი წელი მომისაჯეს.
– შენ დაპატიმრებისთანავე იმ პერიოდის ერთ-ერთი რეზონანსული და სკანდალური პატიმარი გახდი. შენზე ლაპარაკობდა საქართველოს პრეზიდენტი, შენს გათავისუფლებას ითხოვდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ამის გამო, შენ მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი აღმოჩნდა სასამართლო.
– თავიდან არ მსიამოვნებდა ის ხმაური, რაც ჩემ გამო იყო და უფრო ჩავიკეტე საკუთარ თავში. მერე მშობლებმა მითხრეს, რომ ეს იყო საზოგადოების თანადგომა ჩემ მიმართ, რაც ძალიან დიდი სტიმული გახდა ჩემთვის. არჩევანი, თუ საით უნდა წახვიდე, ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელია, მით უფრო – ციხეში. იქ ბეწვის ხიდზე გიწევს გავლა: შესაძლოა, იმ გარემოში ისეთი თვისებები მიიღო, რომლებსაც ვეღარასოდეს მოიშორებ, ან, პირიქით – ის დაკარგო, რასაც მერე ვეღარ დაიბრუნებ. ასაკით პატიმრებს შორის ყველაზე პატარა ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი ხშირად მახსენებდა ხოლმე თავის გამოსვლებში, რომ, თურმე, მე თბილისის რამდენიმე უბნის „მაყურებელი” ვიყავი, ციხეში არ მომირგია არანაირი სტერეოტიპი – როგორი ჩვეულებრივი ბიჭიც ვიყავი გარეთ, ისეთი ვიყავი ციხეშიც. ის სამყარო ჩემთვის აბსოლუტურად უცხო იყო, ჩვენს ოჯახს არანაირი შეხება არ ჰქონია კანონდარღვევებთან, ერთი ნაცნობიც კი არ გვყოლია დაკავებული, მაგრამ, თავის დამკვიდრება და საკუთარი პიროვნების შენარჩუნება არ გამჭირვებია. 2010 წლის დეკემბერში გამათავისუფლეს, მაგრამ, ორ თვეში შემითითხნეს ხულიგნობის ბრალდება და ისევ უკან შემაბრუნეს. ამჯერად უკვე გამოცდილი პატიმარი ვიყავი. მეორეჯერ რვა წელი მომისაჯეს, 19 წლის ვიყავი და 18 წელი მისჯილი მქონდა. ხუთი უკვე ვიჯექი-მეთქი, რომ ვეუბნებოდი პატიმრებს, ეგონათ, ვატყუებდი. მერე გვარს რომ გაიგებდნენ, – აა, შენ ის ხარო? – მეუბნებოდნენ (იცინის).
– შენს თავისუფლებას შეეწირა მამის თავისუფლება, შემდეგ კი მისი სიცოცხლე. როგორ გადაიტანე ის დღეები, როცა მამის გარდაცვალება გაიგე?
– ეს ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა – მამა ჩემს ამბავს შეეწირა. არ გვაპატიეს ოჯახს, ბოლომდე გაგვისწორდნენ, მე კი მომიკლეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი. პირველი დარტყმა მაშინ მივიღე, როცა გავიგე, რომ მამა და დედა დააკავეს – მე ხომ ვიცოდი, რომ მათ ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, ეს იყო აბსურდული ბრალდება. მამას პატარა ბიზნესი ჰქონდა და თავისთვის მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ, ჩემი დაკავების მერე მამაც და დედაც ავტომატურად ჩაერთნენ იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც მიშა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩემი მშობლები ერთ აქციას არ აცდენდნენ და მათ ესეც არ აპატიეს. როცა ჩემმა მოძღვარმა მამაჩემის გარდაცვალების ამბავი შემატყობინა, აგონიაში ჩავვარდი – ის ორი-სამი დღე კარგად არც კი მახსოვს. მამის დასაფლავებაზე „პატივი გვცეს“ და ოთხი საათით გამომიყვანეს ციხიდან, საფლავზე წასვლის ნებაც კი დამრთეს.
– იმ პერიოდში ციხეში ბევრ ცნობილ, გახმაურებულ საქმეზე იხდიდნენ პატიმრები სასჯელს. მათთან ურთიერთობა გქონდა?
– როდესაც ათი წელი მომისაჯეს, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ოთხი თვე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომათავსეს. იმ დროს იქ იხდიდნენ სასჯელს სულხან მოლაშვილი და დათო მირცხულავა. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. რადგან პატარა ვიყავი, სულ მეფერებოდნენ, მანუგეშებდნენ, მამხნევებდნენ. ისინი ხომ არ იყვნენ ჩვეულებრივი პატიმრები, ამიტომ მათთან ურთიერთობა იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ ვსაუბრობდით ბევრ თემაზე და ისინი თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით მაძლევდნენ კარგ რჩევებს. ციხეში ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ახალგაზრდისთვის ბევრს ნიშნავს. ბოლოს სასჯელს ვიხდიდი ვახო მაისაიასთან, ლევან გოგიჩაიშვილთან, მელორ ვაჩნაძესთან ერთად. ჩვენ სულ ერთად ვიყავით. როცა პოლიტპატიმრის სტატუსი განგვისაზღვრეს, მერე უკვე სხვა პატიმრების უფლებებს ვიცავდით.
– ციხეში ყოფნისას შენ გახდი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი.
– როცა მამა დააკავეს, მან მთხოვა, რომ ჩამებარებინა ეროვნული გამოცდები, სტრასბურგში წასვლამდე დამარეგისტრირა კიდეც, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მეც ციხეში დავრჩი და მამაც. ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი, მეცადინეობის თავი არ მქონდა. ლექტორები შემოდიოდნენ ციხეში და ამზადებდნენ ბავშვებს გამოცდებისთვის. მე არ ვესწრებოდი ამ მეცადინეობებს, მაგრამ, საღამოობით ჩემით რაღაცეებს მაინც ვკითხულობდი. იქ წიგნი ძალიან გეხმარება – საკუთარ თავს ფილმის პერსონაჟად წარმოვიდგენდი ხოლმე და რაღაც დროით ვწყდებოდი რეალობას. გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე განვაცხადე, მეც უნდა ჩავაბარო-მეთქი, რაც ყველას ძალიან გაუკვირდა. მაინც გამიყვანეს გამოცდაზე. თურმე, ამბობდნენ: მაინც ვერ ჩააბარებს და დავრთოთ გამოცდებზე გასვლის ნება, მერე დედამისის თავი სად გვაქვსო. დიმიტრი შაშკინი დაპირებული იყო, რომ, ყველა პატიმარს, ვინც გამოცდას ჩააბარებდა, გაათავისუფლებდა. ოთხივე გამოცდაზე გავედი, ბარიერიც გადავლახე და ჩავირიცხე შავი ზღვის უნივერსიტეტში. როგორც ვიცი, სამინისტროში დიდი ჩოჩქოლი ამტყდარა – როგორ გადაეგზავნათ პრეზიდენტისთვის ჩემი საბუთები და როგორ ეთქვათ, ზერეკიძემ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და, თანაც, დედამისის უნივერსიტეტში მოხვდაო. ამის გამგონეს, შეიძლება, ვინმესთვის თავზე დაეხია ჩემი საბუთები. ის ბავშვები, ვინც სტუდენტები გახდნენ, გაათავისუფლეს, მე კი ადგილი შემიცვალეს – ქსანში დიდების ციხეში გადამიყვანეს. რომ გაიგეს, ზერეკიძე ვიყავი, მანქანის უკან, მოფარებულში გამიყვანეს და „ასობად” მცემეს. ასე მომილოცეს სტუდენტობა. დედაჩემი ქსანში რომ ჩამოვიდა და ხილი შემომიტანა, ვუთხარი: რად მინდა ეს ხილი, ადვოკატი მომიყვანე, ნაცემი ვარ-მეთქი (იცინის).
– რამდენიმე თვის წინ გახმაურდა ციხის ძალიან მძიმე კადრები. შენ რა ინფორმაცია გქონდა ამ ფატების შესახებ, როცა პატიმარი იყავი?
– ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე მცემეს და მხოლოდ ორი კოპი დამრჩა – მეტი დაზიანება არ მიმიღია. მაგრამ, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მე ცემა მინახავს. როცა დამაკავეს გლდანის ციხეში, ვუყურებდი როგორ სცემდნენ 120 კაცს. ეს იყო ფსიქოლოგიური წნეხი. მე პატარა ვიყავი და ვერ მცემდნენ – იცოდნენ, რომ დედაჩემი დიდ ამბავს ატეხდა და ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. ის მძიმე კადრები, რაც საზოგადოებამ ნახა, ჩვენ თვალწინ არ მომხდარა, თუმცა, ვიცოდით, რომ ასეთი ტიპის ინციდენტები ხდებოდა. როდესაც ჩვენ, პატიმრებმა, ციხეში ამ კადრებს ვუყურეთ, ძალიან მძიმედ გადავიტანეთ, საშინლად დათრგუნულები ვიყავით.
– ახლა როგორ მიდის შენი ცხოვრება, რეაბილიტაცია რთულია?
– ფიქრებით ძალიან ხშირად ვარ იქ, წარსულში, მაგრამ, აქტიურად ვმუშაობ საკუთარ თავზე. ცოტა ხანი მართლაც მჭირდება რეაბილიტაციისთვის, თუმცა, ჩემი რეაბილიტაცია დაიწყო გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე – არჩევნების შემდეგ ციხეში ვიყავი, მაგრამ, თავს მაინც თავისუფლად ვგრძნობდი. ახლა ხშირად მაქვს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდნენ ციხიდან. მინდა, დავაფუძნო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე და არასრულწლოვანი პატიმრების უფლებებსა და რეაბილიტაციაზე. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რა მდგომარეობაში ვარდება არასრულწლოვანი, როცა ის გისოსებს მიღმა ხვდება.
– როგორც ვიცი, შენს ცხოვრებაში დიდი სიახლეა – ახლახან დაქორწინდი კიდეც. ვინ არის შენი რჩეული და სად გაიცანი – რაც გაიზარდე, მას მერე ხომ სულ ციხეში ხარ?
– ამიტომაც გავიცანი ბავშვობაში (იცინის). მე და მარიკა ვასაძე თანაკლასელები ვართ, მეორე კლასიდან ერთად მოვდივართ. პირველი გოგოა, ვინც შემიყვარდა და ეს სიყვარული დღემდე მომყვება. თუმცა, ეს მარტო სიყვარულიც არ არის, ჩვენ კარგი მეგობრებიც ვართ და მარიკას გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ. როცა ციხეში ვიყავი, მარიკა წერილებს მიგზავნიდა, მეც ვწერდი იქიდან. მარიკას წერილები რომ არ დაკარგულიყო, იმასაც უკანვე ვგზავნიდი. ძალიან რომანტიკული წერილები იყო. მარიკა ინახავდა ამ წერილებს და, ახლა ერთად რომ ვართ, ვკითხულობთ ხოლმე. მარიკა წლების განმავლობაში მელოდა. ცხოვრებამ დაგვაშორა, მაგრამ, ჩვენ მაინც არ დავშორდით, პირიქით, იმ წლებმა ეს სიყვარული უფრო განამტკიცა. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ არა ეს ინციდენტი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება-მეთქი და, ვერ ვხვდები, რა იქნებოდა სხვანაირად... ეს ჩემი წარსულია, რომლისაც არ მრცხვენია. ახლა ახალ გზას უნდა გავყვე – მჯერა, რომ წინ ყველაფერი კარგად იქნება.