კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიხიბლა ბარბრა სტრეიზანდი თინათინ ჯაფარიძის მიერ პირადად მისთვის დაწერილი სიმღერის მუსიკით და რა სთხოვა მას სელინ დიონმა

თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ, ჩემს საყვარელ რესპონდენტებს შორის, პირველ ადგილზე ნიჭიერი მუსიკოსი, სოცრად თბილი, ენერგიული, ხალისიანი, ჭკვიანი, თავისი საქმის პროფესიონალი თინათინ ჯაფარიძეა. როგორც ჟურნალისტისთვის,  მასთან საუბარი ერთი დიდი სიამოვნებაა – პირველივე წუთებიდან გრძნობ, როგორ გადმოდის შენზე მისი ხალისიანი განწყობა, ენერგიული ტონი.

თინათინ ჯაფარიძე: თვე-ნახევრის წინ ვიყავი მანჰეტენზე ახალი ჩინური დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე. პრემიერის შემდეგ ჩემგან ინტერვიუ აიღეს – აინტერესებდათ ჩემი აზრი. ორი დღის შემდეგ დამირეკა იმ არხის დირექტორმა, რომლისთვისაც ჩაიწერა ეს ინტერვიუ და მითხრა: ვიცი, რომ მუსიკოსი ხართ, ბროდვეის შოუს ამზადებთ, მაგრამ, ოდესღაც ჟურნალისტიკითაც იყავით დაკავებული; ამიტომ, მინდა შემოგთავოზოთ, რომ გააკეთოთ საკუთარი გადაცემა ჩინეთის არხზე. ამერიკაში არის მათი მთავარი ოფისი, მაგრამ, აჩვენებენ ყველა ქვეყანაში, სადაც ჩინურად მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობსო. ვიცოდი‚ ჩემი რეჟიმის გამო ვერ დავთანხმდებოდი, მაგრამ, იმდენად ინტერესიანი ვარ, მაინც მივედი ტელევიზიაში. დაახლოებით ორსაათ-ნახევარი გავატარე არხის დირექციასთან. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მთავაზობდნენ, კულტურაზე გამეკეთებინა გადაცემა, შემდეგ შემომთავაზეს‚ იქნებ, გაეროზე გააკეთო და გახდები გაეროს ბიუროს შეფი, ანუ გაეროში ამ არხის წარმომადგენელიო. ეს რომ ხუთი წლის წინ ყოფილიყო, არც დავფიქრდებოდი. მაშინვე ვერ ვუთხარი უარი, არადა‚ გამომიტანეს კონტრაქტი – ანკეტა უნდა შემევსო. სახლში რომ მოვედი‚ უკვე დამხვდა დირექტორის მოადგილის წერილი: ძალიან მოგვეწონეთ, იქნებ, გაეროზე გააკეთოთ გადაცემა,  თუ გინდათ, კულტურაზეც – ამაზეც შევთანხმდებით. გეყოლებათ თქვენი ოპერატორი, ორი ასისტენტიო... მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ღამის 3 საათი იყო, დედას და მამას დავურეკე, გავაღვიძე და ყველაფერი მოვუყევი. მათ მითხრეს: ძალიან კარგია, საინტერესო, მაგრამ, შენი არ არის, აბსოლუტურად სწორ გზაზე დგახარ, ბროდვეის პრემიერას უახლოვდები, რა დროს ჩინეთიაო. ორი კვირის განმავლობაში არხის დირექციასთან მიწერ-მოწერა მქონდა. ბოლოს, როდესაც უარი ვუთხარი, მაშინ დავრწმუნდი, რომ დავღვინდი – ისე გამართულად ვუთხარი უარი, ამას ადრე ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, რადგან, დამაინტერესებდა. უარის მიუხედავად, დირექტორმა მითხრა, თუ გადაიფიქრებთ, აუცილებლად დაგვირეკეთო. ჩემს მუსიკალურ დირექტორს თავიდანვე არ გავუმხილე, მხოლოდ მაშინ ვუთხარი, როცა უარი ვთქვი. გაგიჟდა კაცი – „ტონის“ ჯილდოზე გვაქვს გეზი აღებული და შენ კი ჩინეთის ტელევიზიაში აპირებ მუშაობასო?! დამაფიცა, რომ არასდროს დავთანხმდები ამ წინადადებას.

– ბროდვეის შოუს პრემიერას უკვე უახლოვდები?

– უკვე გვქონდა პირველი საჩვენებელი საღამო, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. მოსულები იყვნენ ბროდვეის პროფესიონალები და ჩემი რამდენიმე მეგობარი. ამის შემდეგ ბარიშნიკოვთან სარეპეტიციო დარბაზში გვქონდა რეპეტიციები, ბროდვეის მაღალი ფენა ჩაერთო – ის ადამიანები, რომლებსაც ყველასთან აქვთ ნამუშევარი. რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა კონსილიუმები. პირველი საჩვენებელი საღამო უფრო კაბარეს ფორმატში იყო. ამიტომ, ბროდვეის თეატრალურ სპექტაკლად გადაკეთებას დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ისტორიაა და მთავარ როლში ვარ, მაინც ვცდილობდი‚ ზედმეტად არ ჩავბმულიყავი, რადგან, ეს ადამიანები თავის საქმეში გიგანტები არიან. რამდენიმე სიმღერა ამოვიღეთ, რამდენიმე დავამატეთ და დღეს გვაქვს 20 სიმღერა. ეს ჩემთვის‚ როგორც კომპოზიტორისთვის‚ ძალიან კარგია, მაგრამ, როგორც მომღერლისთვის ნაკლებად სასიამოვნოა – 20 სიმღერა უნდა შევასრულო, ვითამაშო და თან ბევრ რამეზე ვიფიქრო... პრემიერის დღე უკვე დაგეგმილია, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი. ჩვენი რეჟისორის მარჯვენა ხელი მაიკ ტაისონთან ერთად არის წასული, რომელსაც‚ ასევე‚ ბროდვეის შოუ აქვს და პრემიერისთვის ემზადება. მოკლედ, ტაისონი ჩემი კონკურენტია – ცოტა ხნით წამართვა ეს ადამიანი. ჩვენ საერთო გვყავს სცენის მენეჯერი, რომელიც რეჟისორის მარჯვენა ხელია. ის შაბათს ჩამოდის. ძალიან მალე იქნება პრემიერა. 

– მუსიკალური დირექტორის თქმით, „ტონის“ ჯილდოსკენ გაქვს გეზი აღებული.

– მათ იციან ის ინგრედიენტები, რაც „ტონისთვის“ არის საჭირო, ისევე, როგორც ფილმის რეჟისორმა იცის, რა იქნება მომგებიანი „ოსკარის“ მისაღებად. ამიტომ, რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობენ. შოუს სახელიც შევუცვალეთ, „მატრიოშკა“ დავარქვით, რომელმაც დიდი როლი ითამაშა კონცეპტუალურად ჩემს კარიერაში. როდესაც სცენარი გადავწერეთ, იმდენად შევცვალეთ, რომ ფორმატი აბსოლუტურად ორიგინალურია, როგორც ამბობენ, არც ერთ შოუს არ ჰგავს. ამ ცვლილებამ განაპირობა ის, რომ სხვა სახელი იყო შოუსთვის საჭირო. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, სხვა დეტალების მოყოლის საშუალებას არ მაძლევენ: შოუში „მატრიოშკა“ მე არ ვარ, ეს არის მესამე პერსონაჟი. როგორც კი მომცემენ უფლებას, ექსკლუზიურად თქვენ მოგიყვებით. შოუში ვიქნებით: მე – ქართველი გოგონა, აფრიკელ-ამერიკელი – თიმოთი და რუსი „მატრიოშკა“. ფაქტობრივად‚ ჯერ არავინ იცის, რომ ეს შოუ გახდა „მატრიოშკა“. 

– ძალიან დამაინტერესე და დამაინტრიგე... ახლა‚ რაც შეეხება სხვა საქმეებს: როგორც ვიცი, ბარბრა სტრეიზანდისთვის და სელინ დიონისთვის აპირებდი სიმღერების დაწერას. ამ მხრივ რა სიახლეებია?

– ბარბრასთვის დავწერეთ სიმღერა, გავუგზავნეთ იმ ადამიანს, რომელიც პირადად არჩევს მისთვის რეპერტუარს. მოისმინეს და ძალიან მოეწონათ მუსიკა, ჩანაწერი. რაც შეეხება ტექსტს, გვითხრეს: 27 წლის გოგონამ 70 წლის ქალს დაუწეროს ისეთი ტექსტი, როგორიც მას უნდა,  არარეალურიაო. ბარბრა აგვისტოში უშვებს ალბომს, სადაც მხოლოდ დუეტები იქნება. გვირჩიეს: მუსიკა ძალიან კარგია, არ შეიძლება ამ სიმღერის გადაგდება. თქვენ შეგიძლიათ‚ ეს სიმღერა დუეტად გადაწეროთ ან დაელოდოთ შემდეგ ალბომს, სადაც სოლო მასალები იქნებაო. მე და ჩემმა თანაავტორებმა ვცადეთ სიმღერის დუეტად გადაწერა, მაგრამ, გაირკვა, რომ არ გამოდის და, იმის გამო, რომ გავუგზავნოთ, კარგი სიმღერა ფუჭდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შემდეგი ალბომის გამოშვებას დაველოდოთ და პარალელურად ვიმუშაოთ ტექსტზე. ორ წელიწადში იქნება მომდევნო ალბომი. ძალიან არ ვჩქარობ, მაგრამ, ფაქტია, რომ ელოდებიან სიმღერას. ბროდვეის შოუშიც სპეციალურად ბარბრას მივუძღვენი ერთი სიმღერა. უნდა დავპატიჟო პრემიერაზე, თან‚ იმ დროისთვის მისთვის დაწერილი სიმღერაც მზად იქნება. სელინ დიონსაც დავუწერე ფრანგული სიმღერა, მაგრამ, ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორიაა, რომელიც ბევრმა არ იცის: სელინ დიონი და ლარა ფაბიანი ყოველთვის ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ და ლარას სელინზე პრესაში რამდენჯერმე არცთუ სასიამოვნო რამ აქვს ნათქვამი. ეს არ ვიცოდი და ეს სიმღერა დავწერე ლარა ფაბიანის ყოფილ ქმართან ერთად, რომელმაც ლარას ყველა სიმღერა დაუწერა. მოვასმენინე მის პროდიუსერს და ძალიან მოეწონა – აუცილებლად უნდა მოვასმენინო სელინსო. როგორც ვიცი, ის სელინის მეუღლეს ესაუბრა, მან არც კი მოისმინა სიმღერა, როცა გაიგო, რომ  რიკ ალისონთან ერთად იყო დაწერილი. პროდიუსერს უთხრეს: დარწმუნებული ვართ, კარგი სიმღერა იქნება, მაგრამ, არ აქვს აზრი‚ მოვასმენინოთ. როგორც კი რიკ ალისონის სახელს დაინახავს, კატეგორიულ უარს იტყვის და თინას გაუფუჭდება საქმე. ამიტომ‚ მარტო სელინისთვის დაწეროს, რიკის გარეშეო. მოკლედ‚ ინგლისურ სიმღერას დავუწერ, როგორც კი ინგლისურ ალბომზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც უნდა გაუკეთოს ჩვენმა საერთო პროდიუსერმა ქრისტოფერ ნილმა. ამიტომ, ჩემთვის გარანტიაა, რომ აუცილებლად მოისმენს სელინი, იცის, რომ უნდა დავუწერო, თანაც, თვითონ გამოთქვა ინტერესი.

– ცოტა ხნის წინ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა ქეთი ორჯონიკიძემ, კახი კავსაძესთან ერთად გადაგიღო ფილმში.

– ქართულ-ამერიკული მოკლემეტრაჟიანი ფილმია, ჰქვია „ქართული პური“.  პატარა რომ ვიყავი‚ ნანუკა ხუსკივაძის შვილთან, აკასთან ვმეგობრობდი, ერთად ვისვენებდით ოქროყანაში. ბატონი კახი რომ ამოდიოდა, სულ „მეპრესტიჟებოდა“ მისი ნახვა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მასთან მომიწია მუშაობა. ბატონი კახი თამაშობს მეპურეს, მე ვარ ნიუ-იორკში ქართული რესტორნის მეპატრონის მეუღლე, ბატონი კახის ბოსი. არც ისე სასიამოვნო როლი მაქვს და ამიტომ ბატონი კახის მერიდებოდა, სულ მინდოდა, მოწიწებით მესაუბრა მასთან, მაგრამ, ქეთი მეჩხუბებოდა. დუბლების შუაში სულ ვეფერებოდი. ბატონი კახი მე მიცნობდა, როგორც მომღერალსა და კომპოზიტორს, ვერ დამაკავშირა იმ თინუკასთან. ერთხელ საგრიმიოროში უკითხავს, ვისი შვილიაო. უთხრეს – გივი ჯაფარიძისა და ქეთი ჩიჩუასიო. ვაიმე, არ გამაგიჟოთ, ეს ხომ პატარა თინუკაა, ჩემებთან ერთად რომ ისვენებდა ოქროყანაშიო...

скачать dle 11.3