რატომ არ ჩქარობდა თეა დანელია მეორე ოჯახის შექმნას და როგორ მოხიბლა ის მომავალმა მეუღლემ „შკურკასავით“ ხელებით
ოთარ ტატიშვილის ბენდის ხელმძღვანელი, თეა დანელია სულ ცოტა ხნის წინ მეორედ გათხოვდა. მისი რჩეული ტელეოპერატორი რატი ბუაძეა, რომელიც თურმე შესაშურ ნებისყოფას ფლობს და თეას გული, როგორც იქნა, მოინადირა. ცოლს ხუმრობით ჯუჯღუნას ეძახის. ბედნიერი წყვილი მოვიხელთეთ და ჩავწერეთ.
თეა: გაძლება აქვს, იცოცხლე! თან, წინასწარ იცოდა, ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ, ყველაფერს ვამბობ. ისე, თქმაც არ არის საჭირო, ერთი-ორჯერ რომ შემომხედავ, მიხვდები, არ ვარ ადვილი გასაძლები. მაგრამ, როგორც კი მივხვდით, რაღაცეები ხდება, ეგრევე ეგ საკითხი გავარკვიეთ: რომ არც მთლად ანგელოზი ვარ, არც ფრთები ამომდის და არც არასოდეს ამომივა (იცინის). ყველაფერი უცებ არ მომხდარა, ურთიერთობამ მოიტანა. რაღაცეები დავინახეთ ერთმანეთში, რაც გვჭირდებოდა და გვაკლდა.
– რამ მოგხიბლა რატიში?
– საოცარი ბუნების ადამიანია. მომთმენი და კეთილი, ძალიან ბავშვურია, შეუძლია, სულ ისე მოიქცეს, რომ ბევრი ვიხალისო – მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ რატისთან თავს. თავიდან ეს მომენტი იყო, მერე ბევრი საერთო რაღაც აღმოვაჩინეთ: სულ ერთსა და იმავე რაღაცას ვფიქრობთ და ვაკეთებთ; რაც ძირითადად გინებით მთავრდება ხოლმე.
– რომელი უფრო მეტს უთმობთ ერთმანეთს – რატი სისხლს გიშრობს?
რატი: კი. ხანდახან შევუჩნდები და ვაწვალებ ხოლმე. არ მიყვარს, როცა ცუდ ხასიათზეა და ყველანაირად ვცდილობ, გამოვიყვანო...
თეა: ამ ბოლო დროს მაგარი რაღაც დამიმუღამა: მოკლედ, რომ ავქოთქოთდები, გადავირევი, სახეზე ნიანგი მაქვს ამოსული და საშინელებები მემართება, საყვარელი, გაღიმებული სახით წინ მიდგას და „ჯუჯღუნა-ჯუჯღუნას” მეძახის. ერთხელ საჭესთან ვზივარ და იმდენჯერ მითხრა, ჯუჯღუნაო, სიცილი ამიტყდა. ძალიან ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ მაინც გამეცინა – რომ ვიცინი, თვალები ლოყებში მემალება და ვეღარაფერს ვხედავ. ვეუბნები, ბიჭო, გაჩერდი, თორემ გადავიჩეხებით-მეთქი (იცინის).
– ესე იგი, შენ მძღოლი ხარ და მეუღლე გვერდით გიზის?
– ხან მე ვზივარ, ხან – რატი. მართვის მოწმობა ავიღე ივლისის ბოლოს, ეგრევე მანქანა ვიყიდე და ბათუმში წავედი. ყველა მეუბნებოდა, არ წახვიდე, ახალნაყიდი მანქანითო, მაგრამ არ დავუჯერე – მშვენივრად წავედი და წამოვედი. ბათუმში წასვლის წინა ღამეს მე და რატიმ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და ჩავედით გორამდე.
– ქალბატონო, გზაში მძღოლი კაცები არ გისიგნალებენ და იგინებიან?
– პირიქით, მე ვარ ეგეთი, ვიგინები რომელია! ერთხელ იყო შემთხვევა – ვზივარ საჭესთან და უკან მისხედან ჩემნაირი ფერხორციანი, მშვენიერი დაქალები. სადღაც მივდიოდით, არ მახსოვს. უცებ წინ დიდმა „ჯიპმა“ ჩაგვიჭრა გზა, თან ძალიან ცუდად. რაც კი რამე ცუდი სიტყვა ვიცოდი, ყველა ვთქვი კაცის ხმით, არაადამიანურად ვღრიალებდი (იცინის). ფანჯარა რომ ჩავწიე, კაცი გაშტერდა...
– სწრაფად დაჰყავს, რატი?
რატი: არა, რას ამბობ ძალიან კარგი მძღოლია!
თეა: განსაკუთრებით თუ ბავშვი მიზის მანქანაში, კდემამოსილების პიკი ვარ – 60-ით დამყავს. დედაჩემს ვეუბნები: დე, ერთი ჩამიჯექი მანქანაში, არ გაინტერესებს როგორ ვატარებ-მეთქი? მეუბნება: კი, შვილო, ჩაგიჯდები, მაგრამ მანამდე ყველა ახლობელს დავურეკავ და დავემშვიდობებიო. 60-ით მიმყავდა მანქანა და მეუბნებოდა, რა ჩქარა დადიხარო.
– თქვენი რომანტიკული ურთიერთობა როდის დაიწყო?
– 2012-ის, მარტში, საკუთარ დაბადების დღეზე მივხვდი, რომ რაღაც სხვანაირად იყო, სადღაც ძაღლის თავი იყო დამარხული. ურთიერთობაში რატი ჰიპერაქტიურია ჩემთან მიმართებაში. გარეგნულად კი ჩანს წყნარი. სულ იმაზე ფიქრობს, რით მასიამოვნოს. თან, ხომ გააჩნია რა ხერხებით ცდილობს.
– ძალიან ცუდი აზრის კი იყავი ადრე კაცებზე.
– ახლაც ცუდი აზრის ვარ, კი არ შემიცვლია (იცინიან). უბრალოდ გამონაკლისი წესს ადასტურებს.
– სახლში არ გაქვთ ოჯახური იდილია? რას აკეთებთ?
– ჩემს შვილს აქვს სათამაშოების დიდი ყუთი და ჩვენც მეტი რა გვინდა, ვერთობით, ვმაიმუნობთ ხოლმე.
– ბენდის ბიჭები რა აზრის იყვნენ თქვენს ურთიერთობაზე?
– ძალიან გაუხარდათ, თვითონ რატი ისეთი ტიპია, ერთი-ორჯერ რომ დაეკონტაქტო, ხვდები, რომ „ეგ არის”. დანარჩენებს უფრო გამადიდებელი შუშით და კრიტიკული თვალით უყურებდნენ. ის კი არა, რომ ვკამათობთ, ხშირად რატის მხარეს იჭერენ, მე უფრო მეჩხუბებოდნენ ხოლმე – რაღაც მომენტში მე „ვზადნავდი” ჩვენს ურთიერთობაში და იმიტომ... მე ხომ ანგელოზის ხასიათი მაქვს (იცინის). მეცოდებოდა ეს ბიჭი, არ მემეტებოდა ჩემნაირი ქალისთვის (იცინის). ასატანი ნამდვილად ვარ. ის, რომ ამას ეს სიამოვნებს, სხვა მომენტია. კაცები არიან ბენდის წევრები და ამის მხარეს იჭერენ. სხვა ქალიც რომ იყოს ბენდში, ის ხომ მეტყოდა: მიდი, გაატარე მანქანაშიო. ჩემს მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ რატი – მონათლეს და თემში მიიღეს. რაც უნდა თქვა: მე მიყვარს და სხვისი აზრი არ მაინტერეებსო, მაინც დისკომფორტია, როცა შენს გარემოცვას არ მოსწონს შენი რჩეული – მერე რაღაცეები ფუჭდება. რატის ჩემს მეგობრებთან უჩემოდაც კარგი ურთიერთობა აქვს.
– თეა, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და მეორე ოჯახის შექმნა. შენთან როგორ იყო ამ მხრივ საქმე?
– ძალიან გამიჭირდა.. ამის გამო რატიც ძალიან ვაწვალე. ერთხელ ცხელ უთოს ხელს რომ მოჰკიდებ, მერე სულ ფრთხილად უნდა იყო. ყველას ვბლოკავდი, რატისაც, მათ შორის. უბრალოდ, რატისთან ერთად ვმუშაობდი, ვმეგობრობდით და დისტანციის დაჭერა არ გამოვიდოდა. ძალიან შემეშინდა და დავიძაბე თავიდან, ჩავიკეტე, მაგრამ ამ კაცმა შეძლო ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს, ბოლომდე იბრძოლა. სულ ველოდებოდი რატისგან, რომ იტყოდა: ერთი ამის დედაც ვატირეო, მაგრამ არ უთქვამს და მშვენიერი ჯილდოც მიიღო (იცინის). უბრალოდ, ერთმანეთის გადაკეთება არ გვიცდია. ისე, ეს სერიოზული მაზოხისტია, მე რომ მიტანს. ექიმთან უნდა მივიყვანო.
– ფსიქიატრთან?
– მინიმუმ, ნევროპათოლოგთან.
რატი: აქედან ყველანი მივდივართ ნევროპათოლოგთან (იცინიან).
თეა: თუ იმკურნალა და გამოჯანმრთელდა, მერე მეც აღარ ვენდომები. მომწონს, ასეთი ავადმყოფი რომ არის.
– მეუღლის მშობლებმა როგორ მიგიღეს?
– ძლივს წამიყვანა რატიმ გასაცნობად. ოჯახის შექმნას რომ აპირებდა, დედამისმა უფრო ადრე გაიგო, ვიდრე მე. ძალიან მაგარი დედა ჰყავს, დაკომპლექსებული ვიყავი, ვკანკალებდი – არც ისე პატარა ვარ, შვილიანი, განქორწინებული, ხომ ხვდები, თან საქართველოში. პირველად პატარა ვიყავი, რომ გავიპარე და არ მქონდა ეს ყველაფერი გამოვლილი. მივედი და ტვირთი მომეხსნა გულიდან. ბებია ჰყავს ფანტასტიკური, გიჟდება ჩემზე. აკორდეონზე ბოშურ სიმღერებს უკრავს და მღერის. მეც მიმღერა.
– არ დატრიალდი დედამთილის საამებლად?
– ვინმე რამეს მაცლის? (იცინის). თეფშის გადადებას არ მაცლის. იჯექი, შენ დაღლილი ხარ, მუშაობო. ძალიან მაგარი ურთიერთობა გვაქვს. ნუნუშკას ვეძახი. ამას წინათ დავურეკე: დედი, მშია-მეთქი. ხანდახან ამას ეზარება და ვეუბნები, რატი, წამო, დედაშენთან წავიდეთ-მეთქი. პირველად რომ მივედი, ჯერ ყავა დავლიეთ, მერე ყავა გადაიზარდა ლიტრა-ნახევარ არაყში. მე უფრო მეტს ვსვამ, ვიდრე რატი.
– რატის როგორი სიმთვრალე აქვს?
რატი: ო, საშინელი სიმთვრალე მაქვს (იცინის). ვჩხუბობ და ვლეწავ ყველაფერს.
თეა: აბა, პათოლოგიური სიმთვრალე აქვს! ყველა უყვარს, სვამს 3-4 ჭიქას, ცეკვავს უგონოდ და ფანტასტიკურად. რატის ცეკვამ მომხიბლა, ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი. გუფის ქორწილში იმდენი ვიცეკვეთ, დავიმხეთ ყველაფერი. ილიკო სუხიშვილთან მივიდა, მეცეკვეო. ილიკომ უპასუხა, არ ვცეკვავ, ბოდიშიო (იცინიან). არადა მე გადავუხტი მერე. მეც მიყვარს მუსიკის რიტმისთვის სხეულის აყოლება. „ფარენგეიტში” წავედით მეგობრები და პირველად იქ იცეკვა. ბარმენი ფედიაა იქ, ყველაზე მაგარ კოქტეილებს ამზადებს. წამოდი, სადა ბანაობ, „ქრეიზი ორენჯი” უნდა გაგასინჯო-მეთქი, ვუთხარი. ორი დალია ზედიზედ. იმდენი იცეკვა, მოვიხიბლე.
რატი: 12 წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს.
– რატი, რა მოგეწონა თეაში?
რატი: ძუძუები (იცინიან). ღიმილმა მომხიბლა ძალიან.
თეა: მე მომეწონა ხელი, დეტალებს ვაქცევ ყურადღებას: ფეხსაცმელებს – წვეტიანი და ლაკის „ტუფლები” ხომ არ აცვია...
რატი: რამ მოაწონა ჩემი ხელები, „შკურკასავით” მაქვს (იცინიან).
– ზუკამ როგორ მიიღო რატი?
თეა: ბევრად უფრო პოზიტიურად, ვიდრე ველოდი. ყოველთვის ყველაფერს ვუყვები, ზუკაც იცნობდა რატის... მამას ეძახის, ხან კი – რატის... რას ფიქრობ-მეთქი, ვკითხე. მე რა უნდა ვიფიქრო, შენ რას ფიქრობო. არ ჰქონია ეჭვიანობის მომენტი.
– რატი, შენთვის ეს პირველი ქორწინებაა?
რატი: არა, განქორწინებული ვარ, მყავს 11 წლის ვაჟი. 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად და განქორწინება გადაწყვიტეთ.
– ჯვრისწერას გეგმავთ?
– კი, თუ უახლოეს მომავალში არა, მომავალში მაინც. წავიდეთ, ჯვარი დავიწეროთ და სახლში დავბრუნდეთ, არ მინდა. არც ის მინდა, რომ სეფა და 500-კაციანი სუფრა გვქონდეს.