კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის სასარგებლოდ თქვა უარი სამეფო ტახტზე ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა და რა როლი დაეკისრება სამეფო ოჯახის ცნობილ ეტლს 2013 წლის 30 აპრილს

2013 წლის 28 იანვარს, თავის 75 წლის იუბილემდე სამი დღით ადრე, ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა გააკეთა განცხადება, რომ 30 აპრილს, დედოფლის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, ოფიციალურად გადადგება ტახტიდან და სამეფო გვირგვინს თავის უფროს შვილს, ორანიეს პრინც ვილემ-ალექსანდერს დაუთმობს და, ნიდერლანდების სამეფოში პირველად 1890 წლიდან, სამეფო ტახტზე მამრობითი სქესის მონარქი ავა. ამგვარად, ტახტზე ასვლიდან 33 წლის თავზე, ბეატრიქსი ოფიციალურად დაემშვიდობება დედოფლის წოდებას, ხოლო პრინცი ვილემ-ალექსანდერი უკანასკნელი 123 წლის განმავლობაში პირველი მეფე გახდება ნიდერლანდებში... 

* ბეატრიქს ვილჰელმინა არმგარდი, ნიდერლანდების დედოფალი, ორანიე-ნასაუს პრინცესა  და ფონ ლიპე-ბისტერფელდის პრინცესა, დაიბადა 1938 წლის 31 იანვარს, 09:27 საათზე სუსტდეიკის სასახლეში ბარნში (ჰოლანდია). 1940 წლის მაისში სამეფო ოჯახი დიდ ბრიტანეთში გადავიდა, იქიდან კი მალევე კანადაში, ოტავაში გაემგზავრნენ, სადაც სტორნოუესი ვილაში ცხოვრობდნენ, სანამ მათი სამშობლო ნაცისტური გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული. ომის პერიოდში მამამისი, პრინცი ბერნარდი და ბებია, დედოფალი ვილჰელმინა, ლონდონში ცხოვრობდნენ. ნიდერლანდების ტერიტორიაზე სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით 1945 წლის 2 აგვისტოს დაბრუნდა.

* ჰოლანდიელი მონარქები და, კერძოდ, დედოფალი ბეატრიქსი ნათესაურ კავშირში იმყოფება რუსეთის სამეფო ოჯახთან. 1980 წელს ჰოლანდიის ტახტზე ასული მისი უდიდებულესობა ბეატრიქს ვილჰელმინა არმგარდ ფონ ორანიე-ნასაუ,  რუსეთის იმპერატორის, პავლე პირველის ქალიშვილის, ანა პავლოვნას შვილთაშვილია. აღსანიშნავია, რომ დედოფალ ბეატრიქსს ნათესავებად ეკუთვნიან ცნობილი რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის შთამომავლები. ცნობილი ფაქტია, რომ 1868 წელს პუშკინის ქალიშვილი ნატალია ცოლად გაჰყვა ნიკოლაუსს, ვილჰელმ მე-4 ორანიელის შვილს, რომელიც ლუქსემბურგის ჰერცოგის – ადოლფისა და მისი მეუღლის, იმპერატორ პავლე პირველის შვილიშვილის, ელიზავეტა მიხაილოვნას ახლო ნათესავი იყო.

* დედოფალ ბეატრიქსის მეუღლე, გერმანელი დიპლომატი კლაუს ფონ ამბსბერგი, 11 წლით უფროსი იყო ბეატრიქსზე. მეორე მსოფლიო ომის დროს კლაუს ფონ ამბსბერგი „ჰიტლერ-იუგენდის” ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ომის შემდეგ ბუნდესვერში ოფიცერ-ტანკისტად მსახურობდა. ბეატრიქსმა და კლაუსმა ერთმანეთი კრონბერგში, პრინც მორიც ჰესენელის მიერ მოწყობილ წვეულებაზე გაიცნეს. ცნობილია, რომ ბეატრიქსის მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ შვილის დაქორწინებას ყოფილ ფაშისტზე. კლაუსი 2002 წელს გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლო წლებში იგი პარკინსონის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

* დედოფალი ბეატრიქსი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მონარქად ითვლება მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით, სამეფო ოჯახის ქონება 300 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო არაოფიციალურით – 4,5 მილიარდ ევროს. ყოველწლიურად ნიდერლანდების მთავრობისგან დედოფალი 4 მილიონი ევროს დახმარებას იღებს. აღსანიშნავია, რომ დედოფალი და მისი შვილები არ იხდიან არანაირ გადასახადს. სამაგიეროდ, ბეატრიქსის დები, პრინცესები ირენა და ქრისტინა, იხდიან ყველა გადასახადს, არ იღებენ არანაირ დახმარებას სახელმწიფოსგან და საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენის მიზნით, ისინი ჩვეულებრივი მოკვდავებივით მუშაობენ. გაცილებით რთულ მდგომარეობაშია ბეატრიქსის დეიდა, პრინცესა მარგრეტი, რომელსაც ხშირად უწევს დედოფალთან ერთად გამოჩენა მაღალი დონის შეხვედრებზე, ამასთან, თავის გარდერობზე მან თვითონ უნდა იზრუნოს და საკუთარი ხარჯებით იყიდოს ისეთი ხელთათმანები, ხელჩანთა და კაბა, რომ სამეფო კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს. დედოფლისა და მისი ოჯახის შენახვა ჰოლანდიელებს წელიწადში 4,5 მილიონი ევრო უჯდებათ.

* ნიდერლანდების სამეფო ოჯახი ცნობილია ოქროს ეტლით, რომელიც სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. ეტლი, რომელიც ძმებ სპაიკერების მიერ არის დაპროექტებული და აგებული,  ამსტერდამის მოსახლეობამ პირველად 1898 წელს იხილა, როდესაც დედოფალი ვილჰელმინა სამეფო ტახტზე ავიდა. გავრცელებულია ვერსია, რომ ეტლი ბაჯაღლო ოქროსგან არის დამზადებული, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში ეტლი მოოქრული ტექტონის ხისგან არის დამზადებული, მისი ზოგიერთი ნაწილი მხატვრობით არის დეკორირებული. მთლიანად ეტლი ჰოლანდიური რენესანსის სტილშია დაპროექტებული და მის სამართავად რვა ცხენია საჭირო. სავარაუდოდ, 2013 წლის 30 აპრილს ამ ეტლით გაისეირნებს ნიდერლანდების ახალი მეფე ვილემ-ალექსანდერი.

* რამდენიმე წლის წინ ჰააგაში, დედოფლის სასახლესთან ახლოს, ქუჩის ნაგვის ყუთში, სასახლის მომსახურე პერსონალმა სამეფო ოჯახის კონფიდენციალური დოკუმენტაცია აღმოაჩინა, სადაც ეწერა: დედოფლის საგარეო ვიზიტების გრაფიკი 2010 წლის ბოლომდე, საიდუმლო ინფორმაცია სამეფო ოჯახის წევრებზე;  ქიმიური იარაღის შესახებ მიღებული საიდუმლო განკარგულებები და სხვა. დოკუმენტაციაში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ 2010 წელს დედოფალი, სავარაუდოდ, უარს იტყოდა სამეფო ტახტზე და ნიდერლანდების სამეფოს მეთაური მისი ვაჟიშვილი, პრინცი ვილემ-ალექსანდერი გახდებოდა, ხოლო, თუკი ისიც უარს იტყოდა მეფობაზე, მაშინ  ნარინჯისფერ ქვეყანას ისევ ქალი უხელმძღვანელებდა – ვილემ-ალექსანდერის მეუღლე. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს რომ არ შეესაბამებოდა, ბოლო დროის მოვლენებმა ცხადყო, თუმცა, იმ დროს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის ფაქტმა სამეფო ოჯახის ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

* სამეფო ოჯახის წარმომადგენლის საჯარო შეურაცხყოფა ჰოლანდიაში კანონით ისჯება. მაგალითად, შვიდდღიანი პატიმრობა და ჯარიმის გადახდა 400 ევროს ოდენობით, დააკისრეს 47 წლის მამაკაცს, რომელმაც დედოფალ ბეატრიქსს სახალხოდ უწოდა „მეძავი”: ამსტერდამის მცხოვრებმა პოლიციელებთან კამათის დროს დედოფალს „მეძავი” უწოდა და დეტალურად აღწერა, თუ როგორ მოიქცეოდა მასთან, თუკი მიეცემოდა შანსი დედოფალთან სექსუალური კავშირის დამყარებისა. 

* პრინცი ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდი დაიბადა 1967 წლის 27 აპრილს უტრეხტში. იგი პრინცესა ბეატრიქსისა და პრინც კლაუსის პირველი შვილია. 1980 წლის 30 აპრილს, მას შემდეგ, რაც დედოფალმა იულიანამ ოფიციალურად განაცხადა უარი გვირგვინზე და დედოფლად ბეატრიქსი აკურთხეს, პრინც ვილემ-ალექსანდერს პრინც ორანიეს ტიტული მიეკუთვნა. თავის ძმებთან, პრინც იოჰან ფრიზოსთან და პრინც კონსტანტინთან ერთად, ვილემ-ალექსანდერი დრაკენშტეინის სასახლეში იზრდებოდა. იგი განათლებით ისტორიკოსია, ლეიდენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 2013 წლის 30 აპრილს პრინცი ვილემ-ალექსანდერი ოფიციალურად გახდება მეფე ვილემ-ალექსანდერი, თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ახალი მეფე სამეფო სახელად ვილემ მეოთხეს აირჩევდა. ვილემ-ალექსანდერის მეუღლე, პრინცესა მაქსიმა, ნიდერლანდების დედოფალი გახდება, ხოლო მათი უფროსი ქალიშვილი, პრინცესა კატარინა-ამალია – ტახტის მემკვიდრე და ორანიეს პრინცესა. 

* ნიდერლანდების მომავალი დედოფალი მაქსიმა დაიბადა 1971 წელს ბუენოს-აირესში. მამამისი, ხორხე სორეგიეტა, სოფლის მეურნეობის მინისტრი გახლდათ 1970-იანი წლების არგენტინაში, დიქტატორ ვიდელის მმართველობის პერიოდში. მაქსიმამ და ვილემ-ალექსანდერმა ერთმანეთი 1999 წელს ესპანეთში, ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე გაიცნეს, ხოლო 2002 წელს ოფიციალურად დაქორწინდნენ. სამეფო წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს: უკვე ნახსენები პრინცესა კატარინა-ამალია, პრინცესა ალექსია იულიანა მარსელა ლაურენტინი და უმცროსი, პრინცესა არიანა ვილჰელმინა მაქსიმა ინესი.

* დედოფალი ბეატრიქსის მეორე შვილი და პრინც ვილემ-ალექსანდერის უმცროსი ძმა, პრინცი იოჰან ფრიზო, 2012 წლის თებერვლიდან კომაშია და, ექიმების თქმით, მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობს. პრინცი ავსტრიაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ყოფნის დროს ზვავში მოყვა და, მიუხედავად იმისა, რომ იგი მალე იპოვეს, მას ტვინი დაუზიანდა, მას შემდეგ ის ჰააგის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მის სანახავად თვეში რამდენჯერმე მიდის დედოფალი ბეატრიქსი. 

скачать dle 11.3