რატომ ტიროდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს ზურაბ ჟვანია კრწანისის რეზიდენციის დარბაზის ბუხართან
ვალერი ხაბურძანიამ თანამდებობა საკმაოდ უხმაუროდ დატოვა და არც 9-წლიანი „ნაციონალური“ მმართველობის წლებში უაქტიურია, თუმცა ახლახან გაირკვა, რომ შესაძლოა, დაბრუნდეს და, მეტიც, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალაც შექმნას. დაბრუნება სავსებით ბუნებრივი სურვილი და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მკვიდრის უფლებაა, თუმცა მაინც უჩვეულოა, როდესაც უშიშროების ყოფილი მინისტრი კონკრეტული პოლიტორიენტაციის სურვილს ამჟღავნებს. თუმცა არანაკლებ საინტერესოა, 2003 წლის რევოლუციის ვალერი ხაბურძანიასეული ხედვა და სიტუაციის ანალიზი, რასაც ექსმინისტრი თვითონ მოგვიყვება.
– საბოლოოდ, მაინც როდის აპირებთ ჩამოსვლას?
– რატომღაც, ფიქრობენ, რომ მე უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდე და გავშალო პარტიული საქმიანობა. ეს შეხედულება მცდარია. თუ ჩამოვალ, მხოლოდ პირად საქმეებზე და, ამავდროულად, შესაძლოა, გავმართო კონსულტაციები და შეხვედრები, მაგრამ აქტიურ პარტიულ საქმიანობას საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ თუ დავიწყებ. ისიც დამოკიდებულია იმ სიტუაციაზე, რაც იმ დროისთვის შეიქმნება. ზოგადად, ვაპირებ პრორუსულ პარტიებთან ან ასეთი შეხედულების მქონე ჯგუფებთან და ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ, თუ ამ საქმიანობის საფუძველი არ იქნა, ძალით თავს ვერ მოვახვევ ვინმეს?!
– რას გულისხმობთ სათანადო საფუძვლებში და რატომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ჯერ არ დასრულებულა ორხელისუფლებიანობა და ამიტომ რუსეთი მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გადადგამს რეალურ ნაბიჯებსო. თქვენც ფიქრობთ, რომ ორხელისუფლებიანობაა და ამის დასრულებას ელოდებით?
– ნუ გავართულებთ, საქმე გაცილებით მარტივადაა. იმდენად, რამდენადაც დღეს პრორუსული ვექტორი არ არის მოდაში საქართველოში, სანამ ელექტორატი არ იქნება გულახდილი და უფრო თამამი, მანამდე პოლიტიკურ პროცესებში, მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არასერიოზულია. ასეთ პირობებში პრორუსმა კანდიდატმა რამდენი ხმა უნდა დააგროვოს?! წაგებულ ბრძოლაში შესვლას აზრი არ აქვს. ეს არის მომავლის პერსპექტივა. ახლა მიდის ნიადაგის მოსინჯვა და, თუ რეალობა მოგვცემს საშუალებას, რომ ეს ანგარიშგასაწევი ძალა იყოს, მაშინ იქნება ეს აქტივობა, თუ არადა, პარტიული აქტივობა არ იქნება. ამდენად, დავაკვირდებით, თუ პროცესები ამის საშუალებას მოგვცემს, ეს გადაიზრდება აქტიურ პარტიულ საქმიანობაში, მაგრამ ეს იქნება 2014 წლისთვის, მანამდე არანაირი აქტიურობა არ იგეგმება.
– არის ერთი უხერხული მომენტი, თქვენ იყავით საქართველოს უშიშროების მინისტრი და ყოფილი უშიშროების მინისტრი აყალიბებს პრორომელიღაც პარტიას, არ აქვს მნიშვნელობა ეს პროამერიკულია, პროფრანგული თუ პრორუსული.
– არანაირ უხერხულობას არ ქმნის, რადგან მე ვიყავი საქართველოს უშიშროების მინისტრი და იმისდა მიხედვით, რა სჭირდებოდა ქვეყანას, ვაკეთებდი გარკვეულ აქცენტებს. სჭირდებოდა ამერიკელებთან ურთიერთობა? ვაკეთებდი აქცენტებს ამერიკელებთან ურთიერთობაზე? გვჭირდებოდა რუსებთან ურთიერთობა? ვაკეთებდი აქცენტებს რუსეთთან ურთიერთობაზე; გვჭირდებოდა ამ ორი ურთიერთობის ერთმანეთთან შერწყმა? ვაკეთებდით ამის შერწყმას. მე ვიყავი მინისტრი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი, ვინც შეძლო ამერიკის სადაზვერვო სამსახურისა და „ეფესბეს“ ერთ მაგიდასთან დასხმა და ერთი საქმიანობისთვის გაერთიანება.
– მე მახსოვს ინტერვიუში, რომელიც თქვენგან ავიღე, როდესაც უშიშროების მინისტრი იყავით, თქვით, მოვახერხე ამერიკული და რუსული ინტერესების საქართველოში ერთმანეთთან დამთხვევაო. მაშინ არ გაგიშლიათ ეს თემა. რაში გამოიხატებოდა ინტერესების დამთხვევა?
– მაშინ იყვნენ პირები, რომლებსაც ამერიკელები ეძებდნენ და რომლებიც იმყოფებოდნენ პანკისში და იყვნენ პირები, რომლებსაც ეძებდნენ რუსები და ისინიც იმყოფებოდნენ პანკისში. ჩვენ ვაღიარეთ ფაქტი, რომელიც ორივე მხარემ იცოდა. ერთობლივად დავსხედით სამივე მხარე, შევადგინეთ გეგმა და ამ გეგმის მიხედვით გაიწმინდა პანკისის ხეობა. რის შედეგადაც ხეობა საქართველოსთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა და ორივე მხარემაც დაიკმაყოფილა თავისი ინტერესები.
– მხოლოდ ეს ერთი მცირე ეტაპი იყო?
– ეს არ ყოფილა პატარა ეტაპი, ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და შემდგომში ნარჩენი პროცესების გამო ეს თანამშრომლობა გრძელდებოდა. სანამ მე ვიყავი უშიშროების მინისტრი, რუსეთის, ამერიკელებისა და ჩვენი ერთობლივი საქმიანობა ანტიტერორისტული მიმართულებით მიდიოდა ძალიან აქტიურად. შემდგომ პერიოდში საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს მიმართულება შეასუსტა და რუსეთთან ურთიერთობაც გაფუჭდა.
– საბოლოოდ, დღესაც ვერ გავარკვიეთ 2003 წლის პროცესებში რუსეთის მონაწილეობის დოზა. რა მოხდა რეალურად?
– საქართველოში მაშინ მიმდინარე პროცესებზე 50 პროცენტი გავლენა მოახდინა მასმედიამ და, კერძოდ, „რუსთავი 2-მა“, ალბათ, 20-25 პროცენტი იყო ცალკეული პოლიტიკური ძალების აქტივობა და დანარჩენი 20 პროცენტი მოდიოდა საგარეო ძალების ზემოქმედებაზე, უპირველესად, აშშ-ზე და, მათ შორის, რუსეთზეც, მაგრამ ეს საგარეო ფაქტორი უფრო პასიური იყო. მაშინ პროცესები გადაწყდა საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით. ხალხი იყო გაბრაზებული, ხალხს უკვე მოსწყინდა როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება და ამ პროცესების შედეგი იყო, რაც მოხდა. აიძულეს პრეზიდენტი გადამდგარიყო. ეს არ ყოფილა არანაირი რევოლუცია. პრეზიდენტი აიძულეს, გადამდგარიყო, ის გადადგა და მისი ადგილი დაიჭირა ახალმა ჯგუფმა, რომელმაც შემდგომში მოახდინა რევოლუცია. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის დროს ჩამოყალიბდა ვოლუნტარისტული ავტოკრატია.
– თქვენ თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარების გამო 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტს შეექმნებოდა საფრთხე? თუ გააფრთხილეთ ედუარდ შევარდნაძე?
– არსებული ოპერატიული და პოლიტიკური ინფორმაციის ანალიზი გვაძლევდა იმის თქმის საშუალებას, რომ „მოქალაქეთა კავშირი“, მკვდარი ორგანიზაცია, რომლის რეანიმაციაც მოახდინეს დროებით, ვერ შეძლებდა არჩევნებში გამარჯვებას. ამიტომ შევარდნაძეს შევთავაზეთ ალტერნატიული ვარიანტი, თუმცა ამან შემდგომში გაგრძელება ვერ ჰპოვა.
– კერძოდ?
– მე ვთავაზობდი შევარდნაძეს, შეექმნა ალტერნატიული სია და პრეზიდენტი არ ჩასდგომოდა სათავეში არც ერთ პოლიტიკურ ძალას. იგი უნდა ყოფილიყო ნეიტრალური და არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს შეესრულებინა არბიტრის როლი. შესაბამისად, პოლიტიკურ მოღვაწეობას დაამთავრებდა თავის ვადაში და პოლიტიკური არენიდან წავიდოდა უფრო ღირსეულად, ვიდრე ეს მოხდა ნოემბრის მოვლენების შემდეგ. ეს შეთავაზება იყო, მაგრამ გაგრძელება ვერ მოჰყვა იმის გამო, რომ არც შევარდნაძემ დაიჯერა ბევრი რამ და იმ ძალებმაც იმხდალეს, რომლებსაც უნდა შეექმნათ ალტერნატიული სია. შემდეგ ითქვა, რომ პროცესებში მე მივიღე მონაწილეობა, რაც აბსურდია. გახსოვთ, ალბათ, სწორედ იმ პარლამენტმა, რომელიც 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და გამოაბუნძულეს, ტაშისკვრით დაამტკიცა ახალი მთავრობა.
– საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომელმაც ხელი შეუწყო პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილების იმპერატორის რანგში აყვანას.
– დიახ, მინისტრებსაც კოცნიდნენ და რუსული ჟარგონი რომ გამოვიყენო, „გააპრავეს“ ყველაფერი. ამდენად, გაუგებარია, მე რას მაბრალებენ. ეს ერთი და იგივე ჯგუფი იყო: „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა, რომელიც მას გაემიჯნა. ცოტა ხნით რომ გადაწეულიყო არჩევნები, მას სააკაშვილი წააგებდა, იმიტომ რომ გაიზრდებოდა კონფრონტაცია მასსა და ჟვანია-ბურჯანაძეს შორის და შევარდნაძე მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდებოდა.
– მაგრამ ვიტალი ხაზარაძით შევარდნაძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებდა.
– ვიტალი ხაზარაძე არ იქნებოდა ახალ სიაში. თუ არჩევნების შედეგები გაუქმდებოდა და ახალი არჩევნები დაინიშნებოდა, რა თქმა უნდა, უკვე გადავარწმუნებდით შევარდნაძეს, რომ სხვა, ახალი სახეებით შეედგინა სია და თვითონ არ ეხელმძღვანელა არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ შანსი ნულის ტოლი იქნებოდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როდესაც ჟვანია-სააკაშვილი გამოემართნენ კრწანისის რეზიდენციისკენ, რომელიც ხალხით იყო გარშემორტყმული. შევარდნაძემ გადაწყვიტა მათთან გასვლა და მიმართა მხოლოდ ავთანდილ ჯორბენაძეს, შენ გამომყევიო. ისეთი სახით გავიდა, რომ მაშინვე ვუთხარი პაპაშვილსა და ნარჩემაშვილს, შევარდნაძე გადადგება-მეთქი. მათაც ეგონათ, რადგან რუსეთთან რაღაც ურთიერთობები მქონდა და ივანოვიც ჩამოფრინდა, რაღაც ვიცოდი და მითხრეს, რა იცი, მოსკოვიდან გითხრესო. მოსკოვი რა შუაშია, ამ კაცს სახეზე ეტყობა, რომ გადადგება და ყველას ასე დაგვტოვებს ხახამშრალს-მეთქი. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი. ერთ საათში თუ საათ-ნახევარში კარი იღება, გამოდის გაფითრებული მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ – შევარდნაძე. მივხვდი, რომ ამათგან ვერაფერს გავიგებდი. შევედი დარბაზში და ვხედავ, ჟვანია ბუხრისკენ მიბრუნებული დგას და ბეჭები უთამაშებს. ხელი დავადე მხარზე, შემოტრიალდა, ტიროდა.
– რა ატირებდა?
– ისეთ რაღაცეებს მელაპარაკა ბატონი ედუარდი თავის ოჯახსა და მეუღლეზე, რომ გული ამიჩუყდაო. მივხვდი, რომ ჟვანიასგანაც ვერაფერს გავიგებდი, სასწრაფოდ გამოვბრუნდი. ჩამოვრბივარ კიბეებზე და ამ დროს მესმის შევარდნაძის ცნობილი ფრაზა: მივდივარ, სახლში. აი, ასე მარტივად ხდება ყველაფერი. ხალხს უყვარს გართულება და ხან კრემლის და ხან ვაშინგტონის ხელის ძიება, არადა, ზოგჯერ ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება პოლიტიკაში, იმიტომ რომ ამ პოლიტიკას ხშირად მარტივი ადამიანები ქმნიან. შევარდნაძეს არც ერთი ჩვენგანისთვის არ უთქვამს, რომ გადადგებოდა და ჩვენთვის მოითხოვდა გარანტიებს.
– ეს სწორი სვლა იყო მისი მხრიდან?
– მე ვფიქრობ, რომ ეს უპასუხისმგებლო სვლა იყო. სხვათა შორის, ბოლომდე მენდობოდა და ბოლო წუთამდე რაღაც დავალებებს მაძლევდა, მაგრამ, საბოლოოდ, ისე წავიდა, ყველანი ხახამშრალი დაგვტოვა, მათ შორის, ის ხალხიც, რომლებსაც მართლაც რაღაც გარანტიები სჭირდებოდა. არავისთვის არანაირი გარანტია არ აუღია და აბა ნახეთ, დღევანდელი ხელისუფლება როგორ იბრძვის თითოეული თავისი წევრისთვის?!
– ერთია, რომ შევარდნაძე ბოლო წუთამდე გაძლევდათ დავალებებს, მაგრამ მეორე მხარესთან თუ გქონდათ კონტაქტი?
– კონტაქტები მქონდა მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილთან. ერთადერთი კაცი, ვინც ხვდებოდა, რა ხდებოდა და იზიარებდა ჩემს პოზიციას, იყო ზაზა შენგელია, რომ დროებით დაგვეთმო, დაგვეფიქსირებინა რეალური შედეგი პროპორციული სისტემით არჩევნებში. ლაპარაკი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 36 ადგილის მიცემაზე. ესენი ამბობდნენ, 30 დავუწეროთო, იმიტომ რომ ის 6 ადგილი აკლდებოდა ვაჟა ლორთქიფანიძეს პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის. სხვათა შორის, ვაჟა ლორთქიფანიძე ხვდებოდა რეალობას, მაგრამ, თუ ეს 6 ადგილი დააკლდებოდა, ისიც გადადიოდა „ქორების“ მხარეს, რომლებიც ამბობდნენ, ამათ დედას ვუტირებთ, ვერაფერსაც ვერ გაბედავენ, ალყას შემოვარტყამთ პარლამენტს და ყველას დავიჭერთო. ნახეთ ვინმე დაჭერილი და დაპატიმრებული?! მე შეუვუშალე ხელი, დაეპატიმრებინა იმ უწყებას, ვისი ფუნქციაც ეს იყო.
გაგახსენებთ, პარლამენტს სამ კორდონად ჰქონდა შემორტყმული შინაგანი ჯარი და კიდევ იდგა დაცვის სამსახურის ორი კორდონი. პირველი, ვინც მათკენ გადავიდა, იყო გულუას ბატალიონი, ანუ პირველად შინაგანი ჯარი გადავიდა „ნაციონალების“ მხარეს. მე მაშინვე ვთქვი, რომ შინაგანი ჯარი ხალხს ვერ ესროდა. შემდეგ ამის გამოც მდებდნენ ბრალს, შენ რომ თქვი, ვერ ესვიან, ამან ფსიქოლოგიურად იმოქმედაო. მადლობა მითხრან, რომ არავინ დაიღუპა, თორემ არა მარტო ჩემი გვარი და ჯილაგი ამოიშლებოდა საქართველოდან.
– რადგან ახლა პრორუსული ძალის ჩამოყალიბება გადაწყვიტეთ, ესე იგი, აღარ გგონიათ, რომ აშშ-სა და რფ-ის ინტერესების თანხვედრა შეიძლება საქართველოში?
– მე იმიტომაც ვლაპარაკობ პრორუსულ ვექტორზე, რომ მინდა, გაჩნდეს ძალა, რომელიც დასავლეთის მიმართულებას კონკურენტს გაუჩენს. დღეს დასავლეთის მიმართულება ხვდება, რომ საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს და, როგორც სეთური ალოდინებდა ხალხს, ისე ველოდებით „ნატოსა“ და ევროკავშირს. ნუთუ ძნელია ჩვენი ამ ორგანიზაციებში მიღება, თუ ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა?!
– ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს ნამუსი: რა პარამეტრით ვაკმაყოფილებთ „ნატოსა“ და ევროკავშირის სტანდარტებს?
– იღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას, როდესაც სჭირდებოდათ. ალბანეთის დონე შეესაბამებოდა მათ სტანდარტებს ან ბალტიისპირეთის, როდესაც მიიღეს?! მაგრამ მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს პროდასავლური კურსიო. სად გვაქვს ეს კურსი? ხომ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ?! უბრალოდ ხდება ჩვენი კუბიზაცია: როდესაც ამოვარდნილი ხარ რეგიონული პრობლემატიკიდან და მოკავშირეებსა და პარტნიორს ეძებ სხვა კონტინენტზე, ხდება შენი კუბიზაცია.
– როდესაც პრორუსულ ძალაზე ვსაუბრობთ, არის გადაულახავი პრობლემა – 2008 წლის ომი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ომი სააკაშვილმა დაიწყო თუ არ დაიწყო, პროვოკაციას წამოეგო თუ თვითონ მოაწყო. ამ ომში დაიღუპნენ ჩვენი თანამემამულეები და დავკარგეთ ტერიტორიები.
– იცით, სერბეთში 2008 წელს არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ „ევროპული სერბეთისათვის“. დაახლოებით იგივეა, ჩვენთან რომ პრორუსულ პარტიას გაემარჯვა. სერბეთს წაართვეს ნამდვილი სერბეთი, დაბომბეს „ნატომ“ და ევროკავშირმა, მაგრამ ის ხალხი მიხვდა, რომ ერთია ემოცია, მეორეა რეალობა: მათ ევროკავშირთან აქვთ საზღვარი და რუსეთთან იდენტიფიცირება ვერანაირად ვერ ხდება. ამდენად, რაციო ჰკარნახობს მათ, რომ ევროკავშირთან უნდა იყვნენ.
– მაგრამ აშკარაა, რომ ევროკავშირი რუსეთზე გაცილებით უკეთესია.
– ჩვენ გვინდა ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ არ გვაქვს საამისო კვალიფიკაცია. მე კარგად ვიცი ეს თემები და ჰაერიდან არ მომსვლია პრორუსული პარტიის შექმნის აზრი.