რა მეთოდებს მიმართავს ნარკომანი ახალ-ახალი ნარკოტიკული საშუალებების შესაქმნელად და რატომ არის აუცილებელი აფთიაქებში ნაყიდი მედიკამენტების კონტროლი
აწ უკვე უმცირესობა, მანამდე კი სახელისუფლო ძალა, ჩივის, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანაც გაიოლდა და ნარკომომხმარებელთა რაოდენობაც გაიზარდა (ყოფილი შს მინისტრი გვარწმუნებს, რომ თბილისურ სადარბაზოებში ნახმარი შპრიცების გროვებია). მეორე მხრივ, სულ ბოლო ამნისტიით ნარკომომხმარებლები გათავისუფლდნენ და მერვე მოწვევის პარლამენტი შესაბამისი ცვლილებების პაკეტსაც ამზადებს, რის მიზანიც ნარკომომხმარებლების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაა. ჩვენი საზოგადოებისთვის ამ, მართლაც, აქტუალურ თემაზე ნარკოლოგი გელა ლეჟავა გვესაუბრება.
– თუ გაქვთ ოფიციალური მონაცემი, რომ მართლაც გაიზარდა ნარკოტიკების შემოდინება ქვეყანაში და გაიოლდა მათი შეძენა?
– მე ასეთი მონაცემი არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს, მაგრამ ინფორმაცია მაქვს და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების სია და მათი ოდენობები არასრულია და, ამდენად, ამ ტიპის ნარკოტიკების მოხმარება არ იწვევს პასუხისმგებლობას. ეს ნარკოტიკები, ეგრეთ წოდებული „სპაისები“ არ არის შეტანილი ამ სიაში და ეს არის არსებული კანონმდებლობის ერთ-ერთი ნაკლი. ამის შესახებ მე გარკვეული ინფორმაცია მივაწოდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომ გადაიხედოს ეს საკითხი და „სპაისები“ შევიდეს ჩამონათვალში.
– შევახსენოთ მკითხველს, რომ არ შეიძლება, დავაკისროთ პირს პასუხისმგებლობა იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, რომელიც კანონმდებლობით არ არის აღიარებული ნარკოტიკულ საშუალებად.
– საკითხი ასე დგას: ჩვენი კანონმდებლობა იცნობს ანალოგის ცნებას. ანალოგი ნიშნავს ნივთიერებას, რომლის ქიმიური ფორმულაც შეიძლება, არ ვიცოდეთ, მაგრამ ის ისევე მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, როგორც ცნობილი ნარკოტიკი. მაგალითად, ცნობილია, რომ მარიხუანა ზემოქმედებს ფსიქიკაზე და „სპაისიც“, ფაქტობრივად, არის ხელოვნურად შექმნილი, მარიხუანის მსგავსი ნივთიერებების შემცველი პრეპარატი. მარიხუანაში არის რამდენიმე მოქმედი ქიმიური ნივთიერება, ერთ-ერთი წამყვანია ტეტრაჰიდროკანაბიოლ 9, თუმცა შეიცავს სხვა ქიმიურ ნივთიერებებსაც, მაფია კი ამზადებს ტეტრაჰიდროკანაბიოლის მსგავს ნივთიერებას. რადგან მარიხუანა შესულია ნარკოტიკების გაეროს ჩამონათვალში, ნარკომაფიამ გონებამახვილობა გამოიჩინა და შექმნა, დაახლოებით, 100-მდე ნივთიერება, რომლებიც მოქმედებენ როგორც კოკაინი, ჰეროინი, მარიხუანა და ასე შემდეგ. მაგრამ ვინაიდან მათი ფორმულა განსხვავდება იმ ფორმულისგან, რომელიც შესულია გაეროს სიაში, ამიტომ პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება მათ გამოყენებაზე, შექმნასა და გადატანაზე. „სპაისებიც“ ამ ჯგუფს განეკუთვნება.
– აქვე დავაზუსტებ: როდესაც პირს ამოწმებენ, იმყოფება თუ არა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, თუ „სპაისი“ აქვს მიღებული, ესე იგი, მისი გამოვლენის საშუალებაც უნდა იყოს, რომ პასუხისმგებლობა დააკისრო. გვაქვს „სპაისების“ გამოვლენის საშუალებები?
– იმის გამო, რომ ჩვენთან ეს ნივითიერებები ერთეულად გვხდებოდა და ამიტომ არ იყო შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების სიაში, მათთან ბრძოლის არც არანაირი საშუალება არ გვქონდა, მათ შორის, არც მათი გამოვლენის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ჩემი კოლეგებისგან, რამდენიმე დღეში შემოიტანენ მათი დადგენისთვის საჭირო ნივთიერებებს, იმიტომ რომ „სპაისების“ გავრცელების მძლავრი სტიმულია, თუკი არ არსებობს მათი აღმოჩენის საშუალება. საერთოდ, ნარკოტიკის გავრცელებას ორი მძლავრი სტიმული აქვს: ერთი, რაზეც მოგახსენეთ და, მეორე, რადგან ვერ დააკავებ პირს „სპაისის“ მოხმარების გამო, მისი ფასი უფრო იაფია. მოგეხსენებათ, ნარკოტიკს, ძირითადად, ფასი ედება იმის გამო, რომ პასუხისმგებლობაა მაღალი, თორემ მისი გადატანა-გადმოტანა კაპიკები ღირს.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიდრე კანონმდებლობაში შეიტანდნენ „სპაისებს“, შეიკრიბნენ სპეციალისტები და გადაწყვიტეს, რომ „სპაისებზეც“ გავრცელდეს იგივე პასუხისმგებლობა, რაც უკვე არის მარიხუანაზე. ჩვენთანაც შეიძლება იმავეს გაკეთება, რადგან კანონში გვაქვს ანალოგის ცნება და ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილია, რომ ესენი არის მარიხუანას ანალოგები. ამიტომ ჩვენი მოსაზრებაა, რომ შეიკრიბონ ნარკოლოგები, პროკურორები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები და გადაწყვიტონ, რომ ეს ანალოგები უნდა გაუთანაბრდეს მარიხუანას. ერთი ვარიანტია, პირდაპირ პარლამენტმა შეიტანოს ცვლილება უკვე არსებულ კანონში და, მეორე, ამ რამდენიმე უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით დადგინდეს, რომ პასუხისმგებლობა გავრცელდეს მარიხუანის ანალოგების გამოყენებაზეც.
– მას შემდეგ არა, რაც გამოვლენის საშუალება იქნება?
– ჯერ პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავისთავად შეუშლის ხელს ანალოგების შემოტანას. ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ გამოვლენის საშუალებების შემოტანაზე.
– თქვით, რომ კანონს ეს ხარვეზი აქვს, ნარკომაფიაც აქტიურად მუშაობს და ამიტომ ახალ-ახალი ნარკოტიკული საშუალებები ჩნდება. ესე იგი, ეს პრობლემა იყო პირველ ოქტომბრამდეც?
– პირველ ოქტომბრამდე კანტიკუნტი ცნობები გვქონდა იმის შესახებ, რომ ეს „სპაისები“ გაჩნდა საქართველოში. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ექიმთან ხვდებოდა ასეთი პაციენტი, მაგრამ არა მარტო „სპაისები“, სხვა ნივთიერებებიც შემოდის. შექმნილია ასამდე ახალი ნივთიერება, რომელიც გვაქვს ჩამონათვალში, მაგრამ არ არის განსაზღვრული ოდენობები, იმიტომ რომ პროკურატურა ძალიან ჩქარობდა. არ მინდა, წიხლი დავაჭირო, მაგრამ მაშინ პროკურატურას თავისი ინტერესები ჰქონდა და არ მოგვცეს საშუალება, ბოლომდე მიგვეყვანა პროცესი. მათ უნდოდათ, რომ ახალი პარლამენტის შეკრებამდე მიეღოთ ეს კანონი და მგონი, ამის გამო არ მოგვცეს ამოსუნთქვის საშუალება. ამიტომაც ვერ დავაზუსტეთ ოდენობები, გარდა ამისა, ბევრი სხვა მომენტიც იყო შესატანი, მაგრამ დროის არქონის გამო ვერ მოვახერხეთ.
– გარდა მარიუხანისა, ჩვენთან რომელი ნარკოტიკული საშუალებებია გავრცელებული? ვგულისხმობ შემოტანილ ნარკოტიკულ საშუალებებს და არა ადგილზე დამზადებულს.
– შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავა და ამიტომ ტრადიციული ნარკოტიკის, ჰეროინისა და სუბოტექსის, შემოტანა ძალიან შემცირდა და მათი ფასი გაიზარდა, ამიტომ ნარკოტიკების ძალიან ბევრი მომხრმარებელი გადაერთო სააფთიაქო საშუალებებზე.
– რასაც თვითონ ამზადებენ?
– დიახ და, სხვათა შორის, ეს მხოლოდ საქართველოს ტენდენცია არ არის. წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც უკეთესი კანონმდებლობა და კონტროლის მექანიზმია, მარიხუანის შემდეგ მეორე ადგილზეა აფთიაქებიდან გატანილი ნივთიერებების მოხმარება. ჩვენთან ხომ რეცეპტი არ არის საჭირო მედიკამენტის შესაძენად და არანაირი ბარიერი არ არსებობს? ამიტომ ყველა გადაერთო სააფთიაქო საშუალებებზე.
– ფორმულებს, რასაკვირველია, აქ არ ვიტყვით, მაგრამ ფართოა ამ მეთოდით დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების სპექტრი?
– ერთი გზა არის, რომ ესა თუ ის ნივთიერება პირდაპირ მიიღო დიდი რაოდენობით; მეორე, მიიღო არა იმ გზით, რა გზითაც უნდა მიიღო, მაგალითად, დასალევი აბია და ვენაში შეგყავს; მესამეა, როდესაც გარკვეულ ზეგავლენას ახდენ და ცვლი მის ფორმულას, მაგალითად, ასეთია, „კრაკადილი“ და ასე შემდეგ. ამდენად, ძალიან ბევრი მეთოდია, რომ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო სააფთიაქო საშუალება ნარკოტიკად გამოიყენო. ამის გათვალისწინებით, საჭიროა არა მარტო შესაბამისი კანონმდებლობა, არამედ სხვა ზომების მიღებაც. ბევრი ღონისძიებაა, მაგრამ ერთ-ერთი ღონისძიება უნდა იყოს კონტროლი ყველა მსგავსი ტიპის ნივთიერებაზე
– იმ მედიკამენტების, რომლებისგანაც შესაძლებელია ნარკოტიკის დამზადება?
– დიახ. მაგალითად, შემოვიდა რაღაც პრეპარატის 100 000 დოზა. ინტერნეტში უნდა იყოს მარაგების ბაზა, როგორც ამერიკაშია და ძალიან კარგი შედეგები მიიღეს, საიდანაც გაკონტროლდება, სად და რამდენი წავიდა ეს მედიკამენტი: რომელ ქალაქებსა და აფთიაქებში. მიყოლაა საჭირო. 16-წლამდე ბავშვებს არ უნდა მივყიდოთ ისეთი საშუალება, რომელსაც არ სჭირდება რეცეპტი, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია ნარკოტიკის დასამზადებლად. 10 ცალ ასეთ ტაბლეტს იყიდის სკოლის მოსწავლე, მიაყოლებს ლუდს და მიიღებს თრობის ეფექტს.
– ასე მარტივად ხდება?!
– დიახ და ეს ძალიან მოდებულია, განსაკუთრებით, გოგონებში და ეს ღუპავს ჩვენს ბავშვებს. ამიტომ მე ვამბობ, ასეთი წამლები უნდა იყიდებოდეს პირადობის მოწმობით. რადგან, როდესაც საეჭვო პრეპარატს ვყიდულობ, შემიძლია, ვიყიდო რამდენიმე აფთიაქში, მაგრამ, თუ პირადობის მოწმობის გარეშე არ მომყიდიან, სურათი შეიქმნება. ეს სისტემა ჩემი მოგონილი არ არის და ჩვენთანაც აუცილებლად უნდა დავნერგოთ.
– სახლის პირობებში დასამზადებელი ნარკოტიკის ფორმულას ვინ ავრცელებს?
– ის კომპანიები, რა თქმა უნდა, ანონიმურად, რომლებიც უშვებენ ამ მედიკამენტებს. მაგალითად, „კრაკადილი“ რუსეთში დაიბადა და საფრანგეთშიც კი დაიწყეს ამ რუსეთიდან ნასესხები „კრაკადილის“ გამოყენება, იმიტომ რომ სხვებთან შედარებით იაფი ჯდება.
– და შეუდარებლად სწრაფადაც კლავს ადამიანს.
– დიახ. საფრანგეთში ამას იყენებს დეკლასირებული ხალხი, ბომჟებს რომ უწოდებენ, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ. აქვე გეტყვით, რომ დღეს საფრანგეთის ნარკოლოგიურ კლინიკებში პაციენტების 40 პროცენტს აქვს დამოკიდებულება მარიხუანისადმი. ანუ ყველა დანარჩენი არის 1, 5 ან 7 პროცენტი, მარიხუნაზე დამოკიდებული კი 40 პროცენტია.
– მარიხუანისადმი ძალიან მსუბუქი დამოკიდებულებაა: ჰგონიათ, რომ არ არის მავნე, დაბოლდები, გაიცინებ და ამით მთავრდება.
– მარიხუანისადმი დამოკიდებულება გვიან ვლინდება, ამას რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე დრო სჭირდება, მაგრამ მარიხუანას აქვს სხვა მძიმე შედეგი, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. იცით, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირება 18 წლამდე მთავრდება და ადამიანს თავის ტვინში აქვს სიამოვნებისა და უსიამოვნების განმსაზღვრელი ბირთვები. როდესაც ახალგაზრდობიდან იწყებ ნარკოტიკის მიღებას, ამ ბირთვების ფორმირება სხვაგვარად ხდება. იცვლება მისი ფორმირების ხასიათი და ის, რაც ადრე სიამოვნებას გგვრიდა, აღარ გგვრის, რაღაც მეტი გჭირდება, რომ სიამოვნება მიიღო. მეორე მძიმე შედეგი ისაა, რომ მარიხუანა, განსხვავებით თითქმის ყველა სხვა ნარკოტიკისგან, მცირე დოზებშიც კი აჩენს კმაყოფილების განცდას და სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აზიის ბევრ ქვეყანაში ღარიბი ხალხი იმიტომაც არის ბევრი, რომ მარიხუანას ეწევიან. ესე იგი, მარიხუანის მწეველს უქრება მოტივაცია, რამე სხვა აკეთოს, გარდა იმისა, რომ მარიხუანა იშოვოს. აღარ ვამბობ, რომ მამაკაცებში იწვევს იმპოტენციას, კიბოს. რაც მთავარია, დადგენილია, რომ, თუ მოზარდმა დღეს მოწია მარიხუანა, ის მეორე დღეს ვეღარ იღებს იმ ნიშანს, რასაც ჩვეულებისამებრ, იღებდა, ანუ მეხსიერებაზე ცუდად მოქმედებს.
– თუმცა მე მომისმენია მომხმარებლებისგან, ტვინს ხსნისო. ასეა?
– ვიღაც ამბობს, მე ვეწევი და ლექსებს ვწერო, მაგრამ, ალბათ, უკეთეს ლექსებს დაწერდა, რომ არ მოეწია. მარიხუანის გამოყენება აღქმას ცვლის. დავუშვათ, მხატვარია და ხატავს სახლს, იგივე ვრცელდება მუსიკოსზეც, მარიხუანის გავლენით შესაძლოა, აღქმა შეეცვალოს. რაღაც დიდს ვერ შექმნის, მაგრამ განსხვავებული იქნება. ოღონდ ეს ეხება მხატვარსა და მუსიკოსს, რაც გამონაკლისია, დანარჩენი 99 პროცენტი ხომ ჩვეულებრივი ადამიანია?! მაგალითად, უიტნი ჰიუსტონს ყველაფერი ჰქონდა: გარეგნობა, ხმა, მდგომარეობა და ნარკოტიკმა დაღუპა. ასეთი შემთხვევა უამრავია.
– როგორ აფასებთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ნარკომომხმარებლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ და მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრებას?
– არც ერთი ნარკოლოგის და მგონი, არც ერთი პოლიციელის ამოცანა არ არის, რომ ვიღაც ციხეში ჩასვას. ჩვენი ამოცანაა, რომ ნარკოტიკის პოტენციალურ მომხმარებელს შევუქმნათ იმის განცდა, რომ ეს მას უამრავ უსიამოვნებას მოუტანს. ეს არის ნარკომანიასთან ბრძოლის ძირითადი ფაქტორი. ჰეროინის მომხმარებელმა რომ იცოდეს, დღეს თუ ჰეროინი მოწია, ათი წლის განმავლობაში წკეპლით სცემენ, აღარ მოწევს. ეს არის ძირითადი ასპექტი. ეს უნდა იყოს დანაშაულის შესაფარდისი. მეც ვფიქრობ, შეიძლება, ციხეში არ ჩასვა, მაგრამ ადმინისტარციული ღონისძიებები უნდა გაატარო. ლაპარაკია 3 000-ლარიან ჯარიმაზე, ეს ნამეტანია, ამიტომ არსებობს დასავლეთში ღონისძიებების მთელი კომპლექსი: ყოველ მეორე დღეს უნდა გამოცხადდეს პოლიციაში შესამოწმებლად, ორ დღეში ერთხელ ჩააბაროს შარდი ქიმიურ ანალიზზე, შეიძლება, მიუსაჯო, რომ საღამოს ექვსი საათის შემდეგ არ გავიდეს სახლიდან, შეეზღუდოს მანქანის მართვის უფლება და ასე შემდეგ, მაგრამ ამას სჭირდება ფული. უნდა გავეცნოთ დასავლეთის ტრადიციას და გადმოვიტანოთ ქართულ ნიადაგზე. კანონის ერთი მუხლის შეცვლით პრობლემა არ გადაწყდება. ღონისძიებათა კომპლექსი უნდა გატარდეს. უნდა შეიქმნას ჭეშმარიტი სპეციალისტების სპეციალური ჯგუფი, განიხილავს ამ მასალას. გარდა ამისა, ფინანსების საკითხია მნიშვნელოვანი, ღონისძიებების და ფინანსების შეჯერება.