უგემოვნო
ანუ, მანიაკები თუ „შემოიხედე, გენაცვალე“
ისე მოხდა, რომ უმცირესობა-უმრავლესობას შორის საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ მის გვერდით განვითარებული მოვლენების პათოსი შემდეგნაირია: ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო.
ჰოდა, რადგან გულმოკლულების სიმცირეს არ ვუჩივით, სავსებით, ბუნებრივია, რომ უმცირესობას „დარბევა“ 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი შეხლა-შემოხლა ჰგონია, უმრავლესობის მხარდამჭერებს – 26 მაისის (დანარჩენების ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ).
ერთი სიტყვით, უმცირესობას პოლიციიის უმოქმედობა არ მოსწონს, ამიტომაც, სახელდობრ, უმცირესოელმა ხალხის რჩეულმა ბ-ნმა ბეჟაშვილმა საპარალმენტო ტრიბუნიდან განგაშის ზარები დაარისხა (პოლიციელის მუნდირის ღირსების გადასარჩენად): „პოლიციელის შეურაცხყოფაა, როცა სამინისტროდან ათავისუფლებენ პროფესიონალებს და თანამდებობებზე ნიშნავენ ნათესავებსა და ოჯახის წევრებს“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 9 წელია, თანამდებობებზე ნათესავ-მეგობრები ინიშნებოდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ტრადიცია გრძელდება, რაც ბ-ნი ბეჟაშვილის პარტიამ დიდი რუდუნებით დაამკვიდრა.
თუმცა, ხსენებული ბ-ნი მხოლოდ ამაზე არ ჩერდება და იქვე განაგრძობს: „შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით წევრია დაკითხვაზე დაბარებული, ხალხმა უკვე ხუმრობით პოლიციას ლამის „შემოიხედე, გენაცვალე“ დაარქვა.“
საბოლოოდ, ხალხის რჩეული ასკვნის, რომ „უმრავლესობაც და უმცირესობაც პოლიციის ღირსებას უნდა უფრთხილდებოდნენ.“
თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, როდესაც ბ-ნი ბეჟაშვილი კონტროლის პალატას ხელმძღანელობდა (ეს კი პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე იყო), ასევე ათასობით ადამიანს იბარებდნენ დაკითხვაზე (ანუ, ტრადიცია აქაც გრძელდება), ზედაც, ისე საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ, რომ ფეხსაცმელებსაც კი ხდიდნენ, იქნებ მუნდირის ღირსების აღსადგენად პოლიციელებს ვთხოვოთ დაკითხვაზე დაბარებულთა ტანისამოსისგან განძარცვა?!
ხოლო, თუ ამას ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გავრცელებულ ახალ ვიდეოფირს დავუმატებთ, რომელშიც ერთ-ერთი პოლიციელი აზუსტებს: „მოკვდა?! ნახე, მოკვდა?!“ პირადად მე, მანიაკ პოლიციელს „შემოიხედე, გენაცვალე“ მირჩევნია.