ხალვათად და ჰაერზე
აპრილის თეზისების მოლოდინში
მართალია, დაანონსებული ინფორმაციით, პარტიაში მატება უნდა ყოფილიყო (გენმდივანმა ბ-ნმა მერაბიშვილმა დაგვაიმედა, რომ ახალ სახეს ელოდნენ, თანაც სხვა პარტიიდან), თუმცა, საბოლოოდ, ყველანი 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე მიგვიპატიჟა. მთლად ყველანიც არა, მხოლოდ პატრიოტები, რომელთათვისაც მთავარი საქართველოს პროდასავლური სვლაა და არა პარტიულ-მერკანტილური მოტივები.
რთული სათქმელია, რატომ დაანონსდა საპროტესტო აქცია თითქმის ორი თვით ადრე, განსაკუთრებით, ამ მეტეორების ცვენის ეპოქაში (რადგან 19 აპრილამდე, ამ კოსმოსის გადამკიდე, შესაძლოა, თუ მთლად თავში არ მოგხვდება, მეტეორის ნამსხვრევი ფეხებში მაინც გაგეჩხიროს).
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ დეცენტრალიზაციის თავგადაკლული მომხრეა და ამის მთავარ ატრიბუტად პარლამენტის ქუთაისში დატოვება მიაჩნია, ვფიქრობ, უპრიანიც იქნებოდა და პოლიტიკურად მართებულიც, თუკი საპროტესტო აქციას ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ გაშლიდნენ (თან, ჰაერზე და, ზედაც, ხალვათადაც იქნებოდნენ)!