როცა ხელებს შენი არ ესმით
მოძღვარმა საკნის კარი შეაღო. პატიმარი საწოლზე იჯდა, ჭერზე მიშტერებული მზერით. სქლად შებინტული ხელები მუხლებზე ეწყო. კარის ჭრიალზე თავი ნელა მოატრიალა...
– კარგია, რომ მოხვედით, მამაო... მინდოდა, თქვენთან ლაპარაკი. არავის ჩემი არ ესმის. მოსამართლეს აფერისტი ვგონივარ, ადვოკატს – გიჟი. ექიმი ამბობს, რომ შესაძლოა, ვარ კიდეც შეშლილი, მაგრამ განსაკუთრებული შეშლილი... რაში გამოიხატება ჩემი შეშლილობის განსაკუთრებულობა? მას რომ ჰკითხო, თავის ვერსიას შემოგთავაზებთ, მაგრამ რეალობა სხვანაირია – მე არ მომიკლავს ჰოვარდ ბრეტნერი. ვაღიარებ, რომ მინდოდა მისი სიკვდილი. საშინლად მძულდა და მის დანახვაზე ერთიანად ვკანკალებდი... მაგრამ, არ მომიკლავს... ეს მათ გააკეთეს, ჩემმა ხელებმა... ხელისგულებმა... თითებმა... საშინელმა ობობებმა – მე ისინი დავსაჯე... თავადაც ხედავთ... მამაო, თქვენ იწერთ ჩემს საუბარს?
– პოლიციამ თქვენ, ჰოვარდ ბრეტნერის უსულო გვამის გვერდით გიპოვათ. სისხლში ამოსვრილი... უამრავი ჭრილობით. ის გაგუდული იყო და თვალებიც დათხრილი ჰქონდა. თქვენ გვერდით ბუჩქების საკრეჭი მაკრატელი ნახეს. სავარაუდოდ, ამ მაკრატლით მიაყენეთ დაზიანებები. მე ვეთანხმები ექიმს, თქვენი სულიერი მდგომარეობა განსაკუთრებულ და სასწრაფო ყურადღებას იმსახურებს. თუმცა, მოსამართლე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი გამოიგონეთ, რათა მართლმსაჯულებას თავი აარიდოთ.
– მოსამართლე სხვას ვერაფერს იტყვის, მაგრამ ჰოვარდ ბრეტნერი მე არ მომიკლავს. მამაო, უნდა მომისმინოთ და შეეცადოთ, არ გამაწყვეტინოთ. სინდისი სუფთა მაქვს. მკვლელი არ ვარ და არც ჯოჯოხეთის მეშინია. პირველი მკვლელობა ჩემმა ხელებმა, რომლებიც მხოლოდ ჩემი სხეულის ნაწილებია და საკუთარი ნებით მოქმედებენ, ადრეულ ბავშვობაში ჩაიდინეს... დღემდე ცუდი სიზმარი მგონია. რვა ან ცხრა წლის ვიქნებოდი. მშობლებმა სახლში მარტო დამტოვეს... იადონი გვყავდა, გულზე არ მეხატებოდა, არც მას ვუყვარდი და იმიტომ. რამდენჯერმე მწარედ ჩამინისკარტა. მაგიდასთან ვიჯექი და ნახატებიან წიგნს ვფურცლავდი. ერთბაშად ჩემი ხელები უცნაურად ამოძრავდნენ, თითქოს ბრძანებებს დაემორჩილნენ. თითები ჯერ შეიკუმშნენ, მერე გაიშალნენ და მაგიდის გაპრიალებულ ზედაპირზე ობობის საცეცებივით ამოძრავდნენ. გაოგნებული ვუყურებდი. მინდოდა, ისევ წიგნის ფურცვლა გამეგრძელებინა, მაგრამ, ვერ შევძელი. თითები იკრუნჩხებოდნენ... იკლაკნებოდნენ და გალიისკენ მიიწევდნენ...
ღვთის მსახურმა ოფლი მოიწმინდა.
– მამაო, მისმენთ? მე არ მინდოდა იადონის მოკვლა... მეცოდებოდა კიდეც, შეძრწუნებული ვუყურებდი მათ ნამოქმედარს. ეს საშინელება იყო, ნამდვილი კოშმარი...
– რა, რა ჩაიდინეთ?
– ჩემმა თითებმა იადონს ჯერ კისერი გადაუმტვრია, მერე ნაკუწებად დაგლიჯა.
– უფალო, შეგვიწყალე... – მოძღვარმა ამოიოხრა.
– დიახ, მამაო, ერთადერთი, უფალმა უწყის ის, რაც ჩემს თავს დატრიალდა. გონზე რომ მოვედი, ის, რაც იადონისგან დარჩა, მიწაში ჩავმარხე. ყველა კვალი მოვსპე, მშობლებს კი ვუთხარი, რომ გალიის კარი დამრჩა ღია და იადონი გაფრინდა... ცოტა დრო რომ გავიდა და შოკიდან გამოვედი, ვიფიქრე, სიზმარი დამესიზმრა-მეთქი. ხელები ისევ მორჩილად ასრულებდნენ ჩემს დავალებებს... მაგრამ, შინაგანი ხმა ჩამძახოდა, რომ ერთ დღესაც ხელახლა „გაიღვიძებდა“ მასში ჩაბუდებული ბოროტი ძალა.
– და... გაიღვიძა?
– დიახ. ხუთი წლის წინ. წვეულებიდან მივდიოდი. თანამშრომლებთან ერთად ცოტა დავლიე კიდეც. ჩვეულებრივი საღამო იყო. არაფრით გამორჩეული... სახლთან თითქმის მისული ვიყავი, რომ მეზობლის გოგონა დავინახე. ცხრა წლის ლაწირაკი. ერთ-ერთი იმ მოზარდთაგანი, განსაკუთრებული ზრდილობით რომ არ გამოირჩევიან. როცა შემთხვევით, ქუჩაში მხვდებოდა, ცხვირს იბზუებდა, თითქოს ადამიანი კი არა, რომელიმე მღრღნელი დაინახაო. მაგრამ, მისი მოკვლა თავში აზრადაც არ გამივლია. როცა მივხვდი, რომ ჩემმა თითებმა გადაწყვეტილება მიიღეს და მათ ვეღარ დავიმორჩილებდი, ძალიან შემეშინდა..
– შვილო, ჩემო..
– არ გამაწყვეტინოთ, მამაო... თორემ გამბედაობა აღარ მეყოფა. მე კი, ყველაფერი უნდა მოვყვე. მოკლედ, ხელებმა მაჯობეს. გამიტაცეს თავისი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად... უძლური ვიყავი. თითებმა თავისით გაიწიეს გოგონას კისრისკენ და სალტესავით შემოეჭდნენ. უჭერდნენ და უჭერდნენ... მაგრად, კიდევ მაგრად... გოგონამ დაიხრუტუნა და არ ვიცი, ერთბაშად რა მოხდა. თითებმა ერთი წამით ადროვეს გონებას, ძალაუფლება ხელში აეღო და მეც, უკვე გონების ხმას აყოლილი, რეალობას დავუბრუნდი, გავიქეცი იმ ადგილიდან, სანამ დამიჭერდნენ. საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა. პოლიციამ თავდამსხმელის კვალს ვერ მიაგნო.
– ექიმისთვის არ მიგიმართავთ?
– არა, მამაო... რომელი ექიმი დაიჯერებდა ჩემს ისტორიას... მაგრამ, ზომები მივიღე... ეზოში ხმელი ფოთლები და ძველმანები მოვაგროვე, ცეცხლი წავუკიდე და კოცონში ხელები ჩავყავი – სერიოზული დამწვვრობა მივიღე. რამდენიმე თვე ვმკურნალობდი და მიხაროდა, რომ ბოროტი დემონი სამუდამოდ დავამარცხე. შეხედეთ, მამაო... ჩემი დემონები აქ არიან. თუმცა, რა უნდა დაინახოთ... ბინტებით მაქვს შეხვეული.
– მომიყევით, ბოლო მკვლელობა როგორ ჩაიდინეთ, – მოძღვარმა საყელო შეიხსნა. ჰაერი არ ყოფნიდა.
– მკვლელობა? ამდენი ტყუილად გელაპარაკეთ? მამაო, მე მკვლელი არ ვარ. ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება. იცით, რეალურად როგორ იყო? დილით ჰოვარდ ბრეტნერი შემხვდა და შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაძახა. მაშინვე არ გამოვკიდებივარ. არა, რა სისულელეა. მე ხომ მკვლელი არ ვარ. მართალია, მძულდა, მაგრამ ადამიანებს ან სძულთ, ან უყვართ და ეს სრულიად ბუნებრივია. სიძულვილი ხომ დანაშაული არ არის?! ვიცი, რასაც მეტყვით, რომ თქვენი გადმოსახედიდან ესეც დანაშაულია... მაგრამ, მკვლელი მართლა არ ვარ... ახლავე დაგიმტკიცებთ. როცა ვიგრძენი, რომ ჩემი თითები იღვიძებდნენ, მე ჰოვარდ ბრეტნერის ეზოში შევედი და იქ, ბუჩქების საკრეჭი მაკრატელი ვიპოვე. დამინახავს, როგორ კრეჭდა ხოლმე ის ამ მაკრატლით ბუჩქებს.
– და მისი მოკვლა ამ მაკრატლით გადაწყვიტეთ?
– ო, არა, არა, მე ხომ მკვლელი არ ვარ. მაკრატელი იმიტომ მინდოდა, რომ ჩემი ურჩხულები დამესაჯა. თითები მომეჭრა მისთვის... გესმით? აი, ვის მოკვლას ვაპირებდი სინამდვილეში. მეტი არაფერი მახსოვს... მამაო, მართლა არაფერი...
– ღმერთო, დიდებულო, შენ მკვდარი ჰოვარდ ბრეტნერის გვერდით გიპოვა პოლიციამ. ის დაახრჩვეს. ცოლმა გაიგონა, როგორ გააღო ჰოვარდმა კარი და ვიღაცას დაელაპარაკა. ეს ვიღაც შენ იყავი... როცა იატაკზე მძიმე ნივთის დავარდნის ხმაც გაიგონა, სავარაუდოდ, თავისი ქმრის უსულო სხეულის, პოლიციაში დარეკა... ის შენ მოკალი, საბრალო არსებავ...
– მე მკვლელი არ ვარ, არა! – პატიმარმა მთელი ხმით იბღავლა და ბედი თქვენი, მამაო, რომ ხელები შებინტული მაქვს...