ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორი ნიადაგი შევურჩიოთ გასამრავლებლად გლორიოზას?
პასუხი: ამ მცენარის ნიადაგი უნდა შემზადდეს შემდეგნაირად: 4 წილი გადამწვარი კომპოსტი, 2 წილი ფოთლოვანი მიწა და 1 წილი სილა. სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ჩასარგავი მასალა ჰორიზონტალურად უნდა დადოთ, ზემოდან, 2-3 სანტიმეტრზე, მოაყარეთ მომზადებული სუბსტრატი.
კითხვა: როგორი პირობები შევუქმნა ფუქსიას, რომ კარგად იყვავილოს?
პასუხი: ფუქსია კარგად რომ გაიზარდოს და იყვავილოს, ყველაზე კარგია ნახევრად ჩრდილიანი გარემოს შექმნა. არ დადგათ ჩრდილოეთის მხარეს ფანჯარაზე, რადგან, ასეთ ადგილას ფუქსია ხანგრძლივად ვერ იყვავილებს. გახსოვდეთ, რომ, როდესაც მცენარეს ყვავილობა დაეწყება, არც ადგილმდებარეობა შეუცვალოთ და არც შეაბრუნოთ სხვა მხარეს – ეს მის ყვავილობაზე ცუდად იმოქმედებს.
კითხვა: როგორ მოვუარო გლორიოზას, რომ კარგად გაიხაროს?
პასუხი: გლორიოზას გასამრავლებლად საჭიროა ძველი ამონაყარის გამოყენება. ყველაზე კარგი დრო მის გასამრავლებლად იანვარია. მცენარე მორწყეთ ზომიერად. მას უყვარს კაშკაშა სინათლე, ამიტომ, სასურველია, დადგათ აღმოსავლეთ ან დასავლეთ ფანჯრებზე. სექტემბერში მას დასვენების პერიოდი ეწყება. როგორც კი შეამჩნევთ მისი ღეროს გაშრობას, მაშინვე შეწყვიტეთ მორწყვა, ეს მოხდება დაახლოებით ზამთრის სეზონზე.
კითხვა: სად ხარობს უკეთ კსიფიუმი და როგორ მოვუარო?
პასუხი: ეს მცენარე კარგად იზრდება და ხარობს როგორც ღია გრუნტში, ასევე, ოთახის პირობებში. მცენარე ბოლქვებით მრავლდება. ოთახის პირობებში, სასურველია, შეურჩიოთ მოგრძო ქოთანი, სადაც შესაძლებელია რამდენიმე ბოლქვი ერთად მოთავსდეს. ამ დროს ნიადაგი უნდა იყოს კარგად დრენაჟირებული, ამიტომ, მასში სილა და ტორფი შეურიეთ. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 17-20 გრადუსს, ნიადაგი არ უნდა გამოშრეს, მაგრამ, არც ხშირი მორწყვა სჭირდება. ქოთანი უნდა მოთავსდეს ნათელ ადგილას. ეს მცენარე დაბალ ტემპერატურასაც უძლებს. ტემპერატურის შენარჩუნებით ნოემბერში მის ამონაყარსაც მიიღებთ. როგორც ქოთანში, ისე ღია გრუნტში, მცენარეს სჭირდება ჰაერგამტარი ნიადაგი. მისთვის ძალიან კარგია ბევრი სინათლე და ტენი. ამ პირობების გათვალისწინებით, მას გაუხანგრძლივებთ ყვავილობას, თქვენ კი მშვენიერ კსიფიუმს მიიღებთ.
კითხვა: როგორ პირობებში ვამყოფო სტრეპტოკარპუსი?
პასუხი: ესაა ულამაზესი ოთახის მცენარე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყვავის – ყვავილები მორიგეობით იშლება. მას ძალიან უყვარს სინათლე, თუმცა, არ მოსწონს მწველი მზე და მოარიდეთ ასეთ ადგილს. მისთვის საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა. ასეთ ტემპერატურაზე სტრეპტოკარპუსი მთელი წლის განმავლობაში ყვავის. თუ 13 გრადუსზე ქვემოთაა ტემპერატურა ის აღარ იყვავილებს. ზაფხულში უხვად მორწყეთ, ოღონდ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწის ზედაპირს შეშრობა აცადეთ. სიგრილეში წყალი იშვიათად დაუსხით. შეგიძლიათ, სველკენჭებიან ლანგარზე დადგათ, რათა მშრალი ჰაერის გამო ფოთლები არ გაუყავისფრდეს. 3-4 კვირაში ერთხელ დაუსხით გაზავებული, ნახშირმჟავა კალიუმის შემცველი სასუქი. თუ დამჭკნარ ყვავილებს მალევე მოაშორებთ, ამით ყვავილობის პროცესს გაუხანგრძლივებთ. ეს მცენარე დაახლოებით 25 სანტიმეტრი იზრდება. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, სტრეპტოკარპუსს ადვილად გაზრდით.