კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკშია რეკომენდებული ბავშვის დაინტერესება ჰობით და რატომ უნდა გაიხსენოთ შვილთან ხშირად საკუთარი ბავშვობა

რა არის ჰობი და როგორ შეიძლება მისი გამომუშავება მოზარდებში? ამის შესახებ ფსიქოლოგსა და  ფსიქოთერაპევტს,  საქართველოში ანალიტიკური  ფსიქოლოგიის განვითარების ჯგუფის წევრს, ანა ცინაძეს გავესაუბრეთ.

– რა არის ჰობი და  რის მიხედვით ირჩევს მას ადამიანი? 

–  სიტყვა „ჰობის“ წარმოშობას მეტად საინტერესო ისტორია აქვს.  მისი ფუძე გერმანულია. მეთვრამეტე საუკუნის გერმანიაში გლეხები  ასე სათამაშო ცხენს ეძახდნენ. თანამედროვე მნიშვნელობით კი „ჰობი“ პირველად  ინგლისელმა მწერალმა, ლორენს სტერნმა გამოიყენა, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, როცა გამოაქვეყნა თავისი რომანი „ტრისტრამ შენდის ცხოვრება და აზრები“. სწორედ ამ რომანშია ნახსენები პირველად სიტყვა „ჰობი“ ანუ „ცხენი“ როგორც „გატაცება“. მწერლის აზრით, სწორედ ასეთი „ცხენი“ მატებს ადამიანს ინდივიდუალურობას. სწორედ ის ეხმარება მას, იპოვოს საკუთარი თავი, გაიხსნას და უბრალოდ, მიიღოს სიამოვნება.   

თანამედროვე ინტერპრეტაციით, ჰობი არის ადამიანის რაიმე გატაცება, საქმიანობაა, რომელსაც ის დასვენების დროს მიმართავს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ის, რაც ერთი ადამიანისთვის პროფესიაა, მეორისთვის შეიძლება, ჰობი იყოს. მაგალითად,  შერლოკ ჰოლმსს ჰქონდა გატაცება –  ვიოლინოზე დაკვრა. ერთი ცნობილი მუსიკოსი კი, პირიქით, საკონცერტო ანტრაქტების დროს დეტექტიურ ამოცანებს ხსნიდა. გოეთე მშობლიური ქალაქის გარეუბნებში სეირნობისას იების თესლებს მიმოაბნევდა ხოლმე ირგვლივ და დღესაც ის ადგილები სავსეა იებით. მას ადგილობრივი მცხოვრებნი „გოეთეს იებს“ ეძახიან.   

დღეს ჰობის სახეობათა სპექტრი მრავალფეროვანია.  ერთი ადამიანი შეიძლება, გატაცებით უვლიდეს ყვავილების ბაღს, მეორე ქსოვასა და ქარგვაში სიამოვნებით ატარებდეს საღამოებს, მესამე მოუთმენლად ელოდებოდეს შაბათ-კვირას, რომ თევზაობით მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე. თუმცა, ჰობი სულ მუდამ მშვიდი და უდრტვინველი მდგომარეობის მომგვრელი როდია.  ზოგიერთისთვის ჰობი  სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობაა, როგორც მთასვლელობა, დაივინგი ან პარაშუტით ხტომაა. საერთო ნიშანი, რომელიც ყველა ზემოჩამოთვლილ საქმიანობას აერთიანებს, არის ის, რომ ადამიანი უდიდეს სიამოვნებას  იღებს, როცა საშუალება აქვს, დრო საკუთარ გატაცებას დაუთმოს. თითქოსდა, ერთი შეხედვით უბრალო რამ, ჰობი, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა ფსიქოლოგიური  თვალსაზრისით. ამ დროს ადამიანი  თავისუფლდება ყველანაირი შებოჭილობისგან, რომელიც მისი საქმიანობის შეფასებასთანაა დაკავშირებული. ადამიანი ბუნებრივ პირობებში, შინაგანი მისწრაფების კვალდაკვალ, ახდენს  თვითრეალიზებას და  აღწევს წარმატებას, რომელიც  საკუთარი თავის რწმენას მატებს და ავითარებს მას. ამას გარდა, როცა ადამიანს ჰობი აქვს, მან შეიძლება, გამოიყენოს პრობლემის გადაჭრის  არატიპური გზები, რომლებიც იმ მეთოდებისა და ხერხებისგან განსხვავდება, ძირითადი სამუშაოს შესრულების პირობებში რომ იყენებს. ჰოლანდიელი ფსიქოანალიტიკოსი, მანფრედ კეტს დე ვრიესი ამტკიცებს, რომ გატაცება, რომელიც პროფესიულ მოღვაწეობასთან არ არის დაკავშირებული, თავის ტვინის ისეთი უბნების გააქტიურებას იწვევს, რომლებიც მანამდე არ  გამოიყენებოდა. აქედან გამომდინარე, ჰობი ხელს უწყობს, ადამიანმა უკეთ შეიცნოს თავი და გაამდიდროს მის ხელთ არსებული სამოქმედო არსენალი.   ჰობის თანამედროვე  ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  –  ზრდის თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას გვმატებს, მოაქვს სულიერი კმაყოფილება და სიამოვნებას გვანიჭებს, გვამყოფებს  გაწონასწორებულ  მდგომარეობაში.

 –  რის მიხედვით ირჩევს ადამიანი ჰობის? არის თუ არა  ის კავშირში მის ხასიათთან? 

–  ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად  განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ჩვენზე ზემოქმედებას ახდენს ჰობის არჩევისას. ადამიანმა შეიძლება, აირჩიოს ჰობის ესა თუ ის სახეობა იმის გამო, რომ მოდური და პრესტიჟულია. ამ შემთხვევაში, ის ორ რამეს აქცევს ყურადღებას: ერთია, რომ ჰობი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს (თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება)  და მეორე, თუ რომელი ჰობია ამჟამად პოპულარული და პრესტიჟული.  ბევრი ჩვენგანი იძულებულია, ჰობი სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის შესაფერისად აირჩიოს. ამ  შემთხვევაში, რა თმა უნდა, ადამიანი არ მიჰყვება საკუთარ მისწრაფებას და შესაბამისად, ჰობი მიმბაძველობით სახეს იძენს. 

    ჰობის ვირჩევთ ასევე, ხასიათის თავისებურებებიდან  გამომდინარე. მაგალითად, ფიტნესი, ტენისი, ფეხბურთი, კალათბურთი, სერფინგი, ნადირობა  აქტიური ცხოვრების წესის გამოხატულებად ითვლება. ჩვეულებრივ, ასეთი ჰობის მქონენი მოძრავი, მოუსვენარი, კომუნიკაბელური და ტემპერამენტიანი ადამიანები არიან. ისინი ცხოვრების აზრს განუწყვეტელ მოძრაობასა და ახალი მწვერვალების დაპყრობაში ხედავენ. ადამიანები, რომლებსაც  უყვართ სიმშვიდე, არ არღვევენ საკუთარი ცხოვრების რიტმს  და ძნელად იტანენ მკვეთრ ცვლილებებს ისეთ ჰობის ირჩევენ, როგორიც კოლექციონერობაა. ისინი აზარტულნი და ამავე დროს, მორიდებული და მშვიდი ხასიათის არიან. მათი ეს გატაცება შეიძლება, იმ მოთხოვნილებით იყოს ნაკარნახევი, რომ შექმნან საკუთარი მინი-სამყარო, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით და რომელშიც მათ მიერ დადგენილი წესები და კანონები იქნება. 

ოთახის მცენარეებისა და შინაური ცხოველების მოვლით გატაცებული ადამიანები გამოირჩევიან წყნარი, მშვიდი, მზრუნველი და მომთმენი ხასიათით. 

– როგორ ყალიბდება ჰობი მოზარდებში? რა ასაკიდან  არის სასურველი, რომ მოზარდს ჰობისადმი ინტერესი გაუჩნდეს?  

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვს უკვე ჰქონდეს არჩეული გატაცება, რომელსაც ის სიამოვნებით დაუთმობს დროს. აუცილებელი არ არის, მოზარდმა თავი მხოლოდ იმ ჰობის მიუძღვნას, რომელიც ბავშვობის ასაკში აირჩია. მან შეიძლება, რაიმე ახალი გატაცებაც ნახოს. მთავარი ის არის, რომ მოზარდს პატარაობიდანვე აქვს  საყვარელი საქმე, იმის ჩვევა და გამოცდილება, თუ რამდენად სასიამოვნოა აკეთებდე იმას, რაც მოგწონს. ხშირად ისედაც ხდება, რომ მოზარდი ჰობის ირჩევს იმ საქმიანობათა სპექტრიდან, რომელიც მის თანატოლებშია გავრცელებული. პატივი ეცით თქვენი შვილის არჩევანს, თუ ამას ზიანი არ მოაქვს მისთვის და გარშემო მყოფთათვის! 

  მშობელს  შეუძლია, გამოხატოს თავისი  აზრი ჰობის ამა თუ იმ  სახეობასთან დაკავშირებით  და   რეკომენდაციაც  გაუწიოს  მოზარდ  შვილს. მაგრამ, არ შეიძლება მას თავს მოახვიოთ  თქვენი თვალსაზრისი და დაჟინებით მოითხოვოთ, გაიზიაროს. იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს მოზარდობის ასაკში რაიმე გატაცება ჰქონდეს, მშობელმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს: დააკვირდეს ბავშვს, რა მოსწონს, რისი გაკეთება უყვარს, რისკენ აქვს მიდრეკილება და აი, სწორედ იმ მიმართულებით მისცეს მას განვითარების შესაძლებლობა. 

–  როგორ განვავითაროთ ჰობისადმი ლტოლვა ბავშვობის ასაკში?

–  .ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლების ფაქტორი.  როგორც ცნობილია, ბავშვებთან  ურთიერთობის დროს, გაცილებით  ეფექტურია პირადი მაგალითი, ვიდრე შეგონებები. ამით  იმის თქმა მინდა, რომ  თუ მშობლებს აქვთ რაიმე  გატაცება და ამას ბავშვი ხედავს, მისთვის ეს მოვლენა ბუნებრივი და ჩვეული ხდება. ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვისთვის გაცილებით ადვილია, მომავალში ჰქონდეთ ჰობი, რომელსაც სიამოვნებით დაუთმობს თავისუფალ დროს.  ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თანდაყოლილი ნიჭი. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ დროს აუცილებელია,  გავითვალისწინოთ ის თანდაყოლილი ნიჭი ან უნარი, რომელიც ბავშვს აღმოაჩნდა. ასევე, გასათვალისწინებელი ფაქტორია, მშობლების არარეალიზებული  სურვილები. დედ-მამას ხშირად  უნდა, შვილში  მოახდინოს საკუთარი არარეალიზებული  სურვილების ასრულება. თითქოსდა, შვილის გაჩენით, მათ ამის  მეორე შანსი ეძლევათ.  რა თქმა უნდა, ეს არ არის  სწორი, რადგან შვილისა და მშობლის გატაცება ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, მინდა, მივმართო მშობლებს: პატივი ეცით შვილის არჩევანს, ხოლო თუ ეს გიძნელდებათ, გაიხსენეთ საკუთარი თავი ბავშვობაში –  რას განიცდიდით, როდესაც გაუგებრობას აწყდებოდით მშობლების მხრიდან. 

და კიდევ ერთი: თუ მოზარდი არაფრით ინტერესდება,  ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია, გააფართოოთ ბავშვის თვალსაწიერი. ეწვიეთ მუზეუმებს, თეატრებს; მოაწყვეთ ექსკურსიები; გააცანით ბავშვს სხვადასხვა აქტივობა თუ საქმიანობა, რომლითაც მისი თანატოლები არიან დაკავებული. ამ ძიებაში ბავშვმა შეიძლება, იპოვოს ის, რაც მის შინაგან მოთხოვნილებას უპასუხებს. ბავშვი, რომელსაც აქვს უნარი, თავდავიწყებით  აკეთოს ის, რაც მოსწონს  და ამას სისტემატურად აკეთებს, არც მოზარდობის და მით უმეტეს, არც ზრდასრულ ასაკში დაივიწყებს ამას. დროთა განმავლობაში მას,  რასაკვირველია, შეიძლება შეეცვალოს გემოვნება და რაიმე სხვა გატაცება ამოირჩიოს, მაგრამ მას უკვე ექნება ის უძვირფასესი გამოცდილება, რასაც თავისუფალი დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარება ჰქვია.

скачать dle 11.3