კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიწყო ლიკა ყაზბეგის სიყვარულის ისტორია რუსთავის ციხის პატიმართან და ვინ შეაპარა მან თავის ქორწილში

წლევანდელი 14 თებერვალი დიზაინერ ლიკა ყაზბეგისთვის განსაკუთრებული იყო – სიყვარულის  დღეს ლიკა საკუთარ „ვალენტინს“ შეხვდა. პირველი პაემანი ქორწილის დღედ იქცა, რომლისთვისაც პატარძლის მეგობარმა იზრუნა.  მართალია, ქორწილი ერთობ არაორდინარულ გარემოში – რუსთავის ციხეში, დირექტორის კაბინეტში შედგა, მაგრამ, მას არც ხელისმომკიდეები დაჰკლებია, არც საქორწილო ტორტი და არც თაიგული, რომელიც ბოლოს  ციხის  გარეთ, ტელევიზიაში მოხვდა... 

– ლიკა, ვინაა შენი რჩეული და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ჩემი რჩეული არის გიორგი ჯელაძე, რომელიც, უკვე ხუთი წელია, სასჯელს იხდის. ჩვენ ერთმანეთი წლების წინ, საერთო ახლობლის მეშვეობით გავიცანით, თითქოს ფლირტიც იყო ჩვენ შორის, მაგრამ, ამ ურთიერთობას გაგრძელება არ მოჰყოლია – ჩვენ მალე „დავიშალეთ” და ჩვენს გზებს გავუყევით. წლების განმავლობაში მის შესახებ  თითქმის არაფერი გამიგია,  თუ არ ჩავთვლით ერთ მშვენიერ დღეს, როცა გიორგი  ციხიდან ტელეფონით დამიკავშირდა.  ამ სატელეფონო ზარამდე  ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა, ლალი მოროშკინამ მითხრა, რომ  გიორგი მას  ჩემი ტელეფონის  ნომერს სთხოვდა და ლალის  უნდოდა, რომ ჩემგან ნებართვა აეღო. რამდენიმე თვეა, მასშტაბურ პროექტზე მიწევს მუშაობა და გათხოვებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი,  მაგრამ, გიორგის ზარებმა ისე ამიფორიაქა ცხოვრება, საქმეს გულს ვეღარ ვუდებდი. დაიწყო ჩვენი გაუთავებელი სატელეფონო საუბრები: გიორგი მირეკავდა დღისით, ღამით... სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული. ერთ დღესაც, მითხრა: შენ ჩემი ცოლი გახდებიო, მე არაფერი მითქვამს. პრინციპში, ხელი ტელეფონით მთხოვა (იცინის).

– როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება მამაკაცზე, რომელსაც არ იცნობდით?

– მე ძალიან ბევრს არ ვფიქრობ გადაწყვეტილებების მიღებისას. რამდენიმე ადამიანი კი მეუბნებოდა, დაფიქრდი, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამო, მაგრამ, მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და არ შევცვლიდი. ვაღიარებ, რომ   ჩემი ოჯახის წევრებმა და ახლო მეგობრებმაც კი არ იცოდნენ, რას ვაპირებდი.  თუმცა, ან რა უნდა სცოდნოდათ – ორ კვირაში დაიწყო და ქორწინებით დასრულდა ყველაფერი.  სიმართლე გითხრათ, ჯერ ბოლომდე არც კი გამიცნობიერებია, რა გავაკეთე. ხანდახან საკუთარი თავი რომანის ან ფილმის პერსონაჟი მგონია. ცხოვრებაში ბევრი არაორდინარული პროექტი მაქვს  გაკეთებული, მაგრამ, უკვე ვხვდები, რომ ეს  ჩემი ცხოვრების  განსაკუთრებული პროექტია (იცინის). 

– გიორგი მალე გათავისუფლდება ციხიდან?

– გიორგის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს და, იმედი მაქვს, რომ ის ამ წელს გათავისუფლდება. მისი ნებართვის გარეშე საქმის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ის ციხეში მხოლოდ იმის გამო ზის, რომ მასზე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი იყო გადაკიდებული. გიორგის პირველი ქორწინებიდან ჰყავს 8 წლის შვილი, ულამაზესი ანა-მარია, რომელსაც აუცილებლად  დავაყენებ  საბავშვო პოდიუმზე.  

– ქორწილის ამბავი მომიყევით, როგორ შედგა ქორწილი ციხეში?

– ქორწილი გვქონდა ციხის დირექტორის, ბატონი გელას კაბინეტში, რომელიც გიორგის მეჯვარეა.  ციხეში მოვიდნენ რეესტრის სამსახურის წარმომადგენლები, ხელის მოწერას ესწრებოდა ორი სასულიერო პირი. გიორგის ჰყავდა სამი მეჯვარე – ციხის დირექტორი და ორი პატიმარი. ჩემი მეჯვარეები იყვნენ ლალი მოროშკინა და ჟურნალისტი გოგა ბერიძე. ლალის წინა ღამეს უზრუნია ყველაფერზე –  საქორწილო ტორტზე,  თაიგულზე,  დირექტორის კაბინეტიც კი მორთული დამხვდა. 

– როგორც ჩანს, ლალი მოროშკინას კარგად „უხანუმია.”

– კი, მისი წვლილი ჩვენს დაქორწინებაში ძალიან დიდია. რომ არა ლალი, ჩვენ შორის, ალბათ,  არაფერი არ მოხდებოდა. სანამ ციხეში წავიდოდი,  კონსულტაცია  გავიარე პატიმრის ცოლთან, რომელმაც მითხრა, რომ პატიმრის ცოლობა ერთგვარი რომანტიკაც კი იყო და ეს მართლაც ასეა –  ქორწინება ციხეში ჩემთვის ძალიან ეგზოტიკური აღმოჩნდა. იმასაც თუ დავამატებთ, როგორი მორთული დამხვდა ის ოთახები,  სადაც  მე და გიორგის ორი დღის გატარების უფლება მოგვცეს,  შთაბეჭდილებებისგან დაბნეული ვიყავი – პატიმრებს გულებითა და ბუშტებით ჰქონდათ მორთული იქაურობა. იმ გარემოში თითქოს დავმუნჯდი,  გიორგისაც კი ვერ ველაპარაკებოდი; შეხვედრის დროსაც ისე გადავკოცნე, როგორც  ნაცნობს აკოცებ. ბევრი რამ  ბუნდოვნად მახსოვს. 

– როგორ მოაგვარეთ ტექნიკური საკითხები, რაც  ციხეში ქორწილის გადახდას  უკავშირდებოდა? 

– მე შევხვდი მინისტრს, სოზარ სუბარს და ვთხოვე, გაეწია დახმარება. თვითონაც გაუხარდა ეს ამბავი – ეს იყო ნათელი წერტილი იმ მძიმე ამბების შემდეგ, რაც ციხეებთან არის დაკავშირებული. მე ციხეში ერთხელაც არ ვიყავი ნამყოფი და იქაურმა გარემომ ცოტა დამაბნია.  ციხეში ორი ჩემოდნით მივედი – ხომ იცით ქალების ამბავი... იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ გაითვალისწინეს და ძალიან დამიდგნენ გვერდში, ჩემი ორი ჩემოდანი მაინც „შეათხელეს”  (იცინის). 

– ქორწილი ვალენტინობას განგებ დაამთხვიეთ?

– არა, პირიქით, ვალენტინობამ დაგვამთხვია ჩვენ. როდესაც შევუკვეთეთ საქორწინო ბეჭდები, იუველირმა გვითხრა, რომ ბეჭდები მზად იქნებოდა სამ დღეში და ეს სამი დღე ზუსტად დაემთხვა ვალენტინობას. გიორგიც ძალიან მაჩქარებდა,  მაგრამ, ახლა ვფიქრობ, მას რომ არ ეაქტიურა, ალბათ, ეს ასე მალე არ გადაწყდებოდა. ბევრი არაორდინარული რამ მოხდა იმ დღეს, მაგრამ ქორწილი მართლაც რომ  ძალიან  ორიგინალური გამოვიდა. გვქონდა ულამაზესი ტორტი, რომლის გაჭრაც გიორგიმ ძალიან გააპროტესტა: პატიმარს დანის აღების უფლება არ აქვს და „სროკი” არ დამიმატონო, – ხუმრობდა.  მე მეცვა „მარიონელას“ ძალიან ლამაზი საქორწილო კაბა, რომელზეც ჩემმა მეგობრებმა და პარტნიორებმა  იზრუნეს. გიორგიმ არ იცოდა, საქორწილო კაბით რომ მივიდოდი. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ორივეს ჩვეულებრივ უნდა გვცმოდა, მაგრამ, ეს კაბა მაინც გავიყოლე თან.  ალბათ ორმოცდაათჯერ მაინც მცმია საქორწილო კაბა ფოტოსესიების დროს, მაგრამ, ციხეში შესულს, ძალიან მომინდა იმ კაბის ჩაცმა საკუთარ ქორწილში. გიორგი ჩემმა სიურპრიზმა ცოტა არ იყოს დააბნია. საქორწინო ცერემონიალის შემდეგ გავაკეთეთ პატარა სუფრა, 10-15 სტუმარი გვყავდა და მათი უმეტესობა პატიმრები  იყვნენ; ერთადერთი,  ვინც შევაპარე ჩემს ქორწილში,  ჩემი ჟურნალისტი მეჯვარე იყო. 

– სიძისთვის  ბეჭდის შერჩევაში ვინ გეხმარებოდათ?

– ჩემი დედამთილი. გიორგის თითის ზომა აუღო იუველირმა პატიმარმა, მაგრამ, ვერ ყოფილა მაღალი დონის იუველირი – ბეჭედი  მარცხენა ხელზე გავუკეთე, რადგან, მარჯვენა ხელის თითზე არ ჩაეტია, ახლა მეუბნება, როგორც კი გარეთ გახვალ, ბეჭედი გამიდიდეო. დღეს   ცოტა ხნით გამოვედი გარეთ და ვერ მოვახერხე  მისი სურვილის შესრულება, წუთები მაქვს დათვლილი.   

– თაფლობის თვეც უცნაური გაქვთ. 

– დიახ, მაგრამ, ჩემნაირი ადამიანისთვის ეს არის ეგზოტიკა, შვილებისთვის მოსაყოლი  მექნება, მინდა, მადლობა გადავუხადო სასჯელაღსრულების მინისტრს თანადგომისთვის.  გიორგის  გათავისუფლებამდე, როგორც კანონი და წესი მოითხოვს, ოფიციალურ პაემნებზე ვივლი, გათავისუფლების შემდეგ კი ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება. ოჯახის შექმნა მაინც ლატარიაა. მე მგონია, რომ გიორგის სახით „ჯეკპოტი“ მოვიგე, ასე ფიქრობს, გიორგიც.

– საქორწინო თაიგული ისროლეთ?

– რა აზრი ჰქონდა? ირგვლივ მხოლოდ პატიმარი ბიჭები იყვნენ. ამიტომ, საქორწინო თაიგული გარეთ გამოვიტანე და “მაესტროზე”  სტუმრობისას ნანიკო ხაზარაძეს ვაჩუქე...     

скачать dle 11.3