როგორი იყო ეთერ ბერიაშვილის უცნაური გზა სიღნაღიდან მოსკოვის ყველაზე პოპულარულ მიუზიკლ „მამა მიამდე“
გააკვირვო ვინმე ხმით რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა, ეთერ ბერიაშვილის ხმამ ეს შეძლო. ენერგიული, ენაწყლიანი, საოცრად პოზიტიური მომღერალი სიახლეების დიდი მოყვარულია. მან კარიერა ჯაზ-ბენდთან ერთად დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზ-შემსრულებელია მოსკოვში.
ეთერ ბერიაშვილი: ჩემი გზა ცოტა უცნაურია. ჯერ იყო მოსკოვი, მერე სიღნაღი და შემდეგ ისევ მოსკოვი. ბავშვობა მოსკოვში მაქვს გატარებული, შემდეგ წნორში ვისწავლე ორი წელი და სკოლა სიღნაღში დავამთავრე. როგორც კი პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, სამედიცინოს გარდა, სხვა ფაკულტეტზე არც მიფიქრია, ექიმების შვილი სხვაგან ვერსად წავიდოდა. სიმღერაზე მაშინ საერთოდ არც მიფიქრია. დედა საკმაოდ მკაცრი იყო და ალტერნატივის საშუალება არც მოუცია. თუმცა, მეც მეგონა, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მოწოდება. მოსკოვში ჩავაბარე პირველ სამედიცინო ინსტიტუტში. ძალიან კარგი კურსი შემხვდა. ჩემი მეგობრების უმრავლესობა ძალიან ცნობილი ექიმია, რომლებთანაც დღემდე ახლოს ვარ. ყველას, ვისაც ამ სფეროში დახმარება დასჭირდება, ჩემი მეგობრების საშუალებით ვეხმარები.
– როგორ დაიწყეთ მომღერლის კარიერა?
– სწავლის პარალელურად, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. კონკურსებსა და ფესტივალებზე აქტიურად ვმონაწილეობდი და სამედიცინოზე შვიდწლიანი სწავლის შემდეგ, ექიმობაზე ფიქრს თავი დავანებე. მთელი ცხოვრება ტაშ-ფანდურში გავატარე (იცინის). საბავშვო ანსამბლში ბას-გიტარაზე ვუკრავდი, ხან დასარტყამ ინსტრუმენტებზე მოვსინჯე ძალები, ვიყავი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის წევრი... ასე თუ ისე, მუსიკასთან სულ მქონდა კავშირი. ინსტიტუტში ჩაბარების პირველივე წელს რაღაც კონცერტზე აღმოვჩნდი, სადაც ჩემს მეგობარს აკომპანემენტს ვუკეთებდი. მერე მკითხეს, ქართველი ხარ და არ მღერიო? როგორ არ ვმღერი-მეთქი, ვუპასუხე და გვერდწითელის „ალავერდი” შევასრულე. ამის შემდეგ „ალავერდი“ ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა, ყველგან მამღერებდნენ. ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ ნეაპოლურ ორკესტრში მიმიყვანა ჩემმა ახლობელმა, სადაც მევიოლინე სჭირდებოდათ...
– როგორც ჩანს, ბევრ ინსტრუმენტზე უკრავთ.
– კი, ძალიან ბევრზე. სხვათა შორის, მუსიკათმცოდნეები სულ ამბობენ – ეთერი მომღერალი კი არა, მუსიკოსიაო. ეს ორკესტრი ერთი ოჯახივით ცხოვრობდა. ორკესტრი მაინც არაპროფესიონალების მიერ იყო დაკომპლექტებული – სამოყვარულო, სადაც განვითარებას ვერ შევძლებდი. ამიტომ, გადავწყვიტე, პროფესიული განათლება მიმეღო. ჩავაბარე საესტრადო ჯაზის კოლეჯში. გადარბენები მქონდა – ინსტიტუტიდან კოლეჯში და პირიქით. სწავლას ვამთავრებდი, როცა ერთ-ერთ კონკურსზე გავედი, რომლის გამარჯვებულიც გავხდი. კონკურსზე მონაწილეობას იღებდა ჯგუფი „ქულ ენდ ჯაზი”. ჯგუფში ერთი ადგილი გათავისუფლდა და შემომთავაზეს მათთან მემუშავა. ოთხწელიწად-ნახევარი ვიმუშავეთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყავით, უამრავ ფესტივალსა და კონკურსზე მივიღეთ მონაწილეობა. ერთ-ერთი იყო ავსტრიის ქალაქ გრაცში. გრანპრი პირადად ვორტ სვინგლმა გადმოგვცა. ცოტა ხანში ჯგუფში რაღაც კონფლიქტი განვითარდა და გადავწყვიტეთ, წამოვსულიყავით. შევქმენით ჯგუფი, სადაც ერთმანეთის პატივისცემით, ოჯახურად ვიქნებოდით. დავაარსეთ ჯგუფი „აკაპელა ექსპრეს”, რომელიც უკვე ათი წლისაა. განცხადებებით ისეთი კარგი გუნდი შევიკარით, ძალიან გაგვიმართლა. ახლა ამ ჯგუფში აღარ ვარ, შარშან დეკრეტში გავედი ორსულობის გამო. ბავშვის გასაჩენად საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი და ჩემ მაგივრად ერთი, არაჩვეულებრივი გოგო აიყვანეს. რუსეთში ასეთი სახელის მოპოვება ურთულესია, მით უმეტეს, ჯაზის სფეროში და ჩვენ ეს შევძელით.
– თქვენ დარჩით ჯგუფის გარეშე?
– ბავშვი გავაჩინე და რაღაც პერიოდი სახლში ვიყავი, მხოლოდ კერძო გამოსვლებით შემოვიფარგლებოდი. ჩემი დიდი ფრანგული პროგრამა მაქვს, „ბითლზის” სიმღერები გავაკეთე ჯაზის სტილში, მოსკოვის კლუბებში საკმაოდ ხშირად მქონდა გამოსვლები და საკმაოდ დიდი აუდიტორიაც მყავდა. შარშან გაზაფხულზე, არჩევნებამდე ხალხი ისეთი შეშინებული იყო, არავის ეკონცერტებოდა და მეც შედარებით ბევრი დრო მქონდა. ხან ლაიმა ვაიკულესთან ვმუშაობდი, ხან ვისთან, ხან ვისთან, მაგრამ ძირითადად, მაინც თავისუფალი ვიყავი. ჩემმა მეგობარმა მითხრა ერთ დღეს, მიუზიკლ „მამა მიას” ქასთინგი იმართება და წამოდი, სცადეო. ორმოცი წლის ქალისთვის რაღა დროს ქასთინგებია-მეთქი, გავაპროტესტე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც წავედი. არსებობს ასეთი კომპანია „სტეიჯ ინტერტეინმენტ”, რომლის რუსული წარმომადგენლობაც ატარებდა ქასთინგს. უამრავი მიუზიკლი აქვთ დადგმული. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ჩემი ახლობელი აღმოჩნდა, რომელმაც მითხრა, რაღა სიმღერა მინდა შენგან, გადასარევად ვიცი, რასაც მღერიო, მაგრამ რეჟისორმა მაინც მომისმინა. მეორე ტური იყო ცეკვის. თან, იმ პერიოდში ჩემი მეუღლე საქართველოში წამოვიდა, ოთხი თვის ბავშვთან ერთად მარტო ვიყავი მოსკოვში და მასთან ერთად დავდიოდი ქასთინგებზე. კართან ჩემს მეგობარს ვუტოვებდი საბავშვო ეტლით, შევქანდებოდი ქასთინგზე და გამოვრბოდი. ქორეოგრაფიის ტურიც გავიარე, რასაც მოჰყვა ტური რუს რეჟისორთან. მოგვცეს სცენა, რომელიც უნდა წაგვეკითხა და სამ-სამი ადამიანი ვთამაშობდით. თავიდანვე ვიცოდი, რომ როუზის როლს ვარაუდობდნენ ჩემთვის. ტექსტის სწავლა, როლზე მუშაობა ჩემთვის სრულიად უცხო ხილი იყო. სამი ადამიანი დავრჩით – მე, ლენა ჩარკვიანი, რომელიც მიუზიკლების ვარსკვლავია და ექვსი წლით ადრე დადგმულ „მამა მიაში” თამაშობდა – ალბათ იცით ლენა, ირაკლი ჩარკვიანის პირველი ცოლი და ასევე მეორე გოგო. მოკლედ, მე მათ მოვეწონე და მერე კიდევ ერთი ტური გვქონდა ინგლისელებთან, დამდგმელ რეჟისორთან და მუსიკალურ ხელმძღვანელთან. ასე აღმოვჩნდი პირველ შემადგენლობაში, რომელიც თურმე ძალიან კარგია. მაგრამ, ეს არც ვიცოდი. დასის ხელმძღვანელმა რომ დამირეკა პირველ შემადგენლობაში აგიყვანეთო, მაშინვე პანიკა დამეწყო – ვაიმე, ბავშვი, სასწრაფოდ ძიძა უნდა ავიყვანო... ეტყობა პაუზა ისე გაიწელა, იმ ქალმა მკითხა, იმედია, სასიამოვნო ამბავი შეგატყობინეთო (იცინის). მოკლედ, მოვაწერე კონტრაქტს ხელი.
თვე-ნახევარია, სპექტაკლები მიდის და სულ ანშლაგებია. ბილეთები მთელი კვირით ადრე იჯავშნება. ლენა ჩარკვიანის სცენაზე გამოჩენისთანავე, ისეთი აპლოდისმენტები იყო, სუნთქვა შეგეკვრებოდა.
– მომიყევით ლენას შესახებ, საქართველოში მისი სახელი ნაკლებად არის ცნობილი.
– საოცარი ადამიანია. ერთ საგრიმიოროში ვართ და ხშირად ვსაუბრობთ, განსაკუთრებით საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდზე. მის ინტერვიუებს დავსწრებივარ და ყოველთვის ეკითხებიან საქართველოში ცხოვრების შესახებ, იყო თუ არა საშიში მანდ ყოფნა... საშინლად ეშლება ნერვები. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იქ რა ხალხი ცხოვრობს. თბილისში სროლა ისმოდა მაგრამ ხალხი მაინც ქეიფობდა, მღეროდა, მხიარულობდა და ერთმანეთს გვერდში ედგნენო. არავის უგრძნობინებია ჩემთვის, რომ რუსი ვიყავი და არავისგან მიგრძნია აგრესიაო. ძალიან პოპოლარულია რუსეთში, ყველაფერი აქვს, რაც მიუზიკლის მსახიობისთვისაა საჭირო – ხმა, დრამატიზმი, არტისტიზმი... ისე თამაშობს, სისხლს ადუღებს. კარგი ადამიანია, მისი გვერდში დგომა არასდროს დამავიწყდება. არ შეუძლია საქმის სანახევროდ კეთება. მახსოვს, ამინდი იცვლებოდა და ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა. უთხრეს, თუ გინდა, „ვინერი” ამოვიღოთ, სცენაზე ცუდად არ გახდეო, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა. ამ არიას ელოდება მაყურებელი და იმედს ვერ გავუცრუებო. რასაც ჰქვია, საკუთარი თავი გადადო. შეიძლებოდა ინსულტი დამართნოდა ყოველ წუთს და მაინც ბოლომდე შეასრულა როლი. ერთი ასეთი ფაქტი უკვე მოხდა. ვინც ჩემს როლს ასრულებდა, ინსულტი დაემართა – მაღალი წნევით სცენაზე გავიდა და ახლა კომაშია. როცა ასეთ ემოციურ როლს თამაშობ, საკუთარ ჯანმრთელობაზე აღარ ფიქრობ, არადა იმ ათას ექვსასი ადამიანის ენერგეტიკა შენკენ მოდის და შენც გასცემ. ამ ენერგეტიკულ მიმოქცევაშია ის ბედნიერება, რის გამოც დგები სცენაზე. ამ ბედნიერების შეგრძნება ჩემთან ცოტა მოგვიანებით მოვიდა, როდესაც საშინელი ღელვა გადავლახე.
– ორი სიტყვით თქვენს პირად ცხოვრებაზეც მინდა მომიყვეთ.
– ჩემი მეუღლეა ბადრი ბირბიჩაძე – ძალიან თბილი და კარგი ადამიანი. ბადრის ოჯახს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენი დები მეგობრები არიან, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთმანეთზე სერიოზულად არ გვიფიქრია. ბადრი ქვრივია, თორმეტი წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ორი გოგონა დარჩა. მარტო იყო. მეც მყავდა რუსი მეუღლე. რვა წლის შემდეგ კი, როცა მივხვდი, ბავშვის ყოლას არ აპირებდა ჩემთან – არადა ბავშვებზე ვგიჟდები, გადავწყვიტე, ჩვენი ურთიერთობა უნდა დამთავრებულიყო. ჩემმა მულმაც კი მითხრა, იქნებ ფიქრობთ თქვენი ბედი ერთმანეთს დაუკავშიროთ, ორივე მარტო ხართო. ასეთ დაგეგმილ ქორწინებაზე ყოველთვის მეცინებოდა. რას წარმოვიდგენდი, რომ ასე მომიწევდა გათხოვება. ახლა უკვე გვყავს წლის და ოთხი თვის სოფიკო და უბედნიერესი ქალი ვარ მის გვერდით. ალბათ, ეს არის, რაც უნდა ინატრო ადამიანმა.