ვის საფლავზე აიტანა ნოდარ დუმბაძემ „წაგებული” ორი ბოთლი კონიაკი და რატომ დაარქვა მან თავის რომანს „ნუ გეშინია, დედა”
„... ნუ, გეშინია, დედა, ჩემს გვერდით არის ვანიჩკა ბიძია, რომლისგანაც ვსწავლობ, თუ როგორ ვიცხოვრო ამქვეყნად...” ასე ამშვიდებს თავის რომანში სიზმრად ნახულ დედას, ნოდარ დუმბაძის პროტოტიპი – ავთანდილ ჯაყელი. თუ ვინ იყო „ვანიჩკა ბიძიას” პროტოტიპი და რა ურთიერთობა ჰქონდა მას მწერალთან რეალურ ცხოვრებაში, ამას, ჩვენი რესპონდენტი პროფესორი ნორა კოტინოვი გვიამბობს:
– მე და ნოდარი, გარდა ბიძაშვილ-მამიდაშვილობისა, უდიდესი სულიერი მეგობრებიც ვიყავით. მახსოვს, „ნუ გეშინია დედაზე” რომ დაიწყო მუშაობა, მითხრა: ნორიჩკობა – როგორც დუმბაძეები მეძახდნენ, ვანიჩკა ბიძიაზე ვწერ რომანს, რომელსაც ერქმევა „კუკუდამალობანაო”. მე მაშინვე დავუწუნე რომანის სათაური. როგორც ჩანს, ჩემი აზრი ნოდარმა ამჯერადაც გაითვალისწინა და რომანს დაარქვა „ნუ გეშინია, დედა”.
– სინამდვილეში ვინ იყო ვანიჩკა ბიძია?
– ვანიჩკა ბიძიას პროტოტიპი იყო მამაჩემი, ვანიჩკა კოტინოვი, რომლის გვარი რომანშიც უცვლელად გადაიტანა ავტორმა. ივანე კოტინოვი იყო ნოდარის ღვიძლი მამიდის, შუშანას მეუღლე, ძირძველი თბილისელი და საოცრად კოლორიტული პიროვნება. ნოდარს ის უზომოდ უყვარდა. ვანიჩკაც არ არჩევდა მას საკუთარი სამი ქალიშვილისგან. მან ნოდარი საკუთარ ვაჟიშვილად მიიღო. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ. მამაჩემმა ნოდარს ჭადრაკის თამაში ასწავლა. ვანიჩკა ყოველთვის უგებდა ხოლმე. ერთხელაც ნოდარმა მოიგო. მამაჩემი გაგიჟდა: შენ როგორ მომიგე, მე თამაში დამავიწყდაო?! შენ კი არ დაგავიწყდა ვანიჩკა ბიძია, მე ვისწავლეო, – სიცილით მიუგო ნოდარმა.
აგარაკზეც ერთად დავდიოდით ხოლმე ზაფხულობით სოფელ ძეგვში ამანათიძეების ოჯახში. ამ ოჯახიდან ორი ვაჟი გიმნაზისტობის პერიოდში მამაჩემს მოუნათლავს ძეგვის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ძეგვში ძალიან შეიყვარეს ნოდარი. მახსოვს, მდინარის პირას ჩადიოდნენ ხოლმე და იქ ტატუირებას იკეთებდნენ. ნოდარს შუა თითზე ბეჭედი მიახატეს, რომელიც, ბუნებრივია, მთელი ცხოვრება შერჩა. ძეგველებს უთქვამთ: შენ ქალაქელი ხარ და კარგი ხატვა გეცოდინებაო. ნოდარს მოკეცილ მკლავზე დაუხატავს ერთ-ერთი მათგანისთვის ქალის სახე. როდესაც ბიჭს ხელი გაუშლია, ამ ქალის სახე ისე დაგრძელებულა, მის დანახვაზე ყველა სიცილით კვდებოდა, მათ შორის ნოდარიც: ბიჭოს, რა მხატვარი მე მნახესო.
მამას და ნოდარს უყვარდათ ერთად სმა. ეს მომენტი რომანშიც აქვს აღწერილი ნოდარს, როდესაც ვანიჩკა ბიძია აგზავნის მას ღვინის ამოსატანად. შეზარხოშებულები მღეროდნენ ხოლმე სიმღერას: „საქართველოო ლამაზო...”
„ვანიჩკა ბიძიას ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა, ის რომ მიყურებდა, მეგონა, ლამაზი ცისფერი ფარდები ირხეოდაო, – წერს ნოდარი რომანში „ნუ გეშინია, დედა”. მამა მართლაც მოხდენილი მამაკაცი იყო. გამოირჩეოდა თავისი ჯენტლმენური ხასიათით. ნოდარი, – ერთ მომენტში, როდესაც მისი გმირი პირველად ჩამოჰყავს ქალაქში ბაბუას, აფიქსირებს: ყველანი ხელით ვჭამდით, მარტო ვანიჩკა ბიძია მიირთმევდა დანა-ჩანგლითო.
– ქალბატონო ნორა, თუ კარგად მახსოვს, ვანიჩკა კოტინოვი, რომანში სომეხად არის გამოყვანილი...
– მარტო რომანში არა, მოთხრობაშიც „ასტვაც ინჩუ ჰამარ”, „ძია გევორქა” მამაჩემის პროტოტიპია... ეს ნოდარის ფანტაზიის ნაყოფი იყო. სინამდვილეში კოტინოვებს ევროპული წარმომავლობა გვაქვს. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ გვარს.
– გვიამბეთ?
– მე ვიცოდი, რომ მამაჩემი და ბიძაჩემი ცხოვრობდნენ თბილისში. რაც შეეხება გვარის წარმომავლობას, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შუა საუკუნეებში ეს გვარი კელტური წარმოშობის ყოფილა, ისინი ცხოვრობდნენ შოტლანდიაში და თავდაპირველი ფორმა ამ გვარისა იყო კოტინ. მოგვიანებით, ამ გვარის წარმომადგენლები რუსეთში მოხვდნენ ივანე მრისხანის კარზე. ამ პერიოდში ისინი გახდნენ კოტინოვები და იხსენიებოდნენ ერთ-ერთ წარმატებულ გვარად. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ბაბუაჩემი, სერგო კოტინოვი ჩამოსულა თბილისში და დასახლებულა გოგოლის ¹ 63-ში. ის ამ დროს უკვე მდიდარი მეწარმე ყოფილა. გაუხსნია ორი მაღაზია ვაგზლის ქუჩაზე, დღევანდელ თამარ მეფის გამზირზე. მაღაზიები ჩაუბარებია იმერელი „პრიკაზშიკისთვის”, ასე ვთქვათ, მენეჯერისთვის. ეს ადამიანი სერგოს ბავშვებს – ვანიჩკასა და ჟორასაც მეურვეობდა ამავე დროს. ამის დამადასტურებელი ფოტოც ინახება ჩვენს ოჯახში. სერგო ძალიან შეეწყო თბილისურ ცხოვრებას და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. იმდენად დიდი, რომ როდესაც კომუნისტები შემოვიდნენ 1917 წელს, სერგოს მაღაზიების დარბევის საშუალება არ მიუცია ხალხს, თურმე მათი ნაკადი კარს აფარებია და ასე გადაურჩენიათ იმ მომენტში. თუმცა, მოგვიანებით, ბაბუაჩემი გააკულაკეს და ამ ნიადაგზე ინფარქტით გარდაიცვალა 60 წლის ასაკში. ამ დროს მამაჩემი 14 წლის ყოფილა და ოცნებობდა ექიმობაზე. რადგან ეს სურვილი ვერ აისრულა, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბუღალტრის საქმეს დაეუფლა და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა „საქნავთობში“ მთავარ ბუღალტრად.
– არადა „ვანიჩკა ბიძია” ნოდარ დუმბაძის რომანშიც და მოთხრობაშიც – „ძია გევორქა” მძღოლია...
– ესეც ნოდარის ფანტაზიის ნაყოფია (იცინის)...
– სად და როდის გაიცნო ვანიჩკა კოტინოვმა ნოდარის მამიდა?
– ვანიჩკა ქუთაისში მსახურობდა ჯარში, შურა (იგივე შუშანა) ამ დროს, ამავე ქალაქში სავაჭრო ტექნიკუმში სწავლობდა და იქ მოხდა მათი გაცნობა. დედას მამა ერთი ნახვით შეყვარებია. გვარის გამო, იცოდა, რომ შურას ვანიჩკაზე დაქორწინების უფლებას არ მისცემდნენ დუმბაძეები. შურა ავად გამხდარა ამ ნიადაგზე. უფროს ძმას, გენერალ გაბრიელ დუმბაძეს, ის გერმანელების საავადმყოფოში დაუწვენია. ეს რომ მამაჩემს შეუტყვია, შეპარულა საავადმყოფოში, შუშანა წამოუყვანია თბილისში და მალულად უქორწინიათ. გაბრიელი რომ დის მოსანახულებლად მისულა, გაცეცხლებულა, მაგრამ რაღას იზამდა. დუმბაძეებმა ქორწილი გადაუხადეს მათ. ქორწილში გაბრიელი რომ დამთვრალა ღვინით სავსე ბოთლი უსვრია პატარძლისთვის, მაგრამ ასცდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– თქვენ თქვით, რომ ნოდარი ვანიჩკა ბიძიას მესაიდუმლეც ყოფილა...
– სხვათა შორის, ნოდარის კალმით გავიგეთ, რომ იტალიაში ტყვეობის პერიოდში მამაჩემის ცხოვრებაში გამოჩენილა, იტალიელი ქალბატონი ლუჩია... ომის დამთავრების შემდეგ მამა არ დარჩა მასთან და საქართველოში დაბრუნდა. საზღვარზე დააპატიმრეს და თეთრი ზღვის არხზე გადაასახლეს. დაკითხვაზე უკითხავთ: ყველა საბჭოთა ჯარისკაცს, ერთი ტყვია გულის ჯიბეში უდევს, რათა ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, თავი მოიკლას და მტერს არ ჩაბარდეს. შენ რატომ არ მოიქეცი ასე, ნუთუ ტყვია არ გქონდაო?! როგორ არა, მაგრამ დიდი ვინტოვკა მქონდა და ვერ შემოვაბრუნე, რომ თავი მომეკლაო, – უპასუხია. ამაზე ბევრი უცინიათ და გამოუშვიათ.
ბევრი ამგვარი ამბავი წაიღო იმქვეყნად ნოდარმა...
– როგორც ცნობილია, ილიკო და ილარიონი მოესწრო, რომ ეხილათ, როგორ გახდნენ ნოდარ დუმბაძის გმირების პროტოტიპები, „ვანიჩკა ბიძიაც” მოეწრო ამას?
– არა, მამაჩემი ნოდარის მწერლობას მოესწრო და მისი პირველი რომანის გამოქვეყნებასაც. ის ძალიან გახარებული იყო. ნოდარმა უთხრა ერთხელ: ვანიჩკა ბიძია, პაპიროსი მომაწევინეო. ბიჭო, მწერალი გახდი და კიდევ მე მთხოვ პაპიროსსო?.. – იცინოდა. ასეთი შეხუმრებულები იყვნენ. ამ ამბის შემდეგ ნოდარს და მამაჩემს ჭადრაკი უთამაშიათ. ნოდარს ვანიჩკა ბიძიასთან 2 ბოთლი კონიაკი წაუგია. მამას გარდაცვალების შემდეგ ნოდარი ვანიჩკა ბიძიას საფლავზე ასულა და წაგებული ორი ბოთლი კონიაკიც იქ, მესაფლავეებთან ერთად შეუსვამს. მოგვიანებით, ნაწარმოებშიც წერს გაკვრით ნოდარი ამის შესახებ. ძია გევორქას საფლავზე მყოფ ნოდარის პროტოტიპს მესაფლავეები ეკითხებიან, ყველა წავიდა სასაფლაოდან და რა გემართა შენ ამ კაცის, ამდენ ხანს რომ შეყოვნდიო. „სიყვარული მემართა...” – წერს ნოდარი.