რა სიურპრიზი მოუწყო დილის 6 საათზე მოსკოვში აგნესას საქმრომ და ვინ აყრიდა თავზე მას ვარდის ფურცლებს
მომღერალი აგნესა დიდი ხანია‚ სამარაში ცხოვრობს და საქმიანობს. თუმცა, წელიწადში ორჯერ‚ რამდენიმე კვირით‚ ყოველთვის ახერხებს თბილისში ჩამოსვლას და დასვენებას. ამჟამად აგნესას პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – თბილისში ის საქმროსთან, არტიომა ტონიანთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც საქართველოთი, ქართული კულტურითა და სტუმართმოყვარეობით ძალიან მოიხიბლა.
აგნესა: ახალ წელს ერევანში შევხვდი. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. იქ‚ პროექტიდან გამომდინარე, რომელშიც ადრე ვმონაწილეობდი, საკმაოდ ბევრი მომღერალი მეგობარი მყავს. თითქმის ყველანი იმ ღამეს ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში მუშაობდნენ. ძალიან მხიარული ხალხია და კარგად გავერთეთ. 1 იანვარს უკვე თბილისში ვიყავი. ერთი თვეა, ვისვენებ, თან აქედან სტავროპოლში მივდივართ (უკვე გაემგზავრა – ავტორი), ჩემმა მომავალმა მეუღლემ ბავშვი უნდა მონათლოს. შემდეგ დავბრუნდებით სამარაში და გავაგრძელებ მუშაობას. ერთი კორპორატიული საღამო უკვე მელოდება. ზაფხულში ისევ თბილისში ჩამოვალ და გელა გნოლიძე ახალ სიმღერას დამიწერს. რუსეთში ყოველთვის მაქვს ურთიერთობა კოტე ნონიკოვთან, შეიძლება დამიწეროს სიმღერა და მოსკოვში ჩავწეროთ კიდეც. ერევანშიც და მერეც, როცა საზღვარს გამოვცდი, თბილისში ხალხმა მიცნო, ემოციებით შემხვდნენ. შენი სიმღერები ისე მოგვწონდაო, მითხრეს, ამან დიდი სტიმული მომცა. თბილისში ერთ-ერთ ბარში ვიყავი მეგობრებთან ერთად, იქვე ახალგაზრდა გოგონები ისხდნენ და ერთმა თქვა: აგნესაო და უცებ ყველამ აიტაცა – ერთხმად დაიწყეს „ბედისწერის“ სიმღერა. შენ ჩვენი ნოსტალგია ხარ – გვახსენდება შუქი რომ არ იყო, „კერასინკის“ გარშემო ვისხედით და შენს სიმღერებს ვუსმენდით, კიდევ იმღერეო. ძალიან გამიხარდა და ამან უფრო მეტად წამახალისა.
– როგორც გავიგე, შენს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა.
– კი, უკვე საცოლე და საქმრო ვართ. მე და არტიომი დავინიშნეთ. ზაფხულში‚ როცა თბილისიდან მოსკოვში წავედი, რამდენიმე დღე მეგობრებთან ვაპირებდი დარჩენას, მან კი ვერ მოითმინა და სამარადან მოსკოვში ჩამომაკითხა. დილის 6 საათზე იყო რეისი. მკითხა: რომელ სასტუმროში ხარო, ვუთხარი, მაგრამ არც მიფიქრია, რომ ასე ადრე ჩამოვიდოდა. მოკლედ‚ ჩამოვიდა ჩემხელა ვარდებით და ქუჩაში, სადარბაზოს წინ მომცა ბეჭედთან ერთად. შოკი მივიღე, რადგან როგორც შეყვარებულებს ჯერ ახლო ურთიერთობა არ გვქონდა. გაოცებული ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი‚ რა ხდებოდა. ბოლოს მითხრა: ცოლად გამომყევიო. სიმართლე გითხრა, მაშინვე არ მითქვამს პასუხი. ახლა ისეთ ასაკში ვარ, არც მიქრის და რაც მთავარია‚ ასეთი საკითხებს უფრო სერიოზულად, სიფრთხილით ვუყურებ. დიდი ხნია‚ ვიცნობ, მაგრამ ისეთი ურთიერთობა არ გვქონია, რომ ამაზე მეფიქრა. თვითონ მითხრა: უკვე აღარ შემიძლია, დიდი ხანია‚ გიყურებ, მინდა‚ ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდეს და ამით გიმტკიცებ, რომ შენ მიმართ სერიოზული ზრახვები მაქვსო. დილის 8 საათზე ერთი კაფე იყო გახსნილი, იქ ვისხედით მე და ის: დიდი ვარდებით, შამპანურით, ბეჭდით ხელში. კლასიკური მუსიკა ჩაგვირთეს და ბოლოს დავთანხმდი.
– რას საქმიანობს შენი საქმრო?
– ბიზნესმენია. ოჯახურ ბიზნესშია ჩართული: ავეჯის ქარხანა აქვთ. გარდა ამისა‚ სხვა საქმეებითაც არის დაკავებული, ხან სტავროპოლშია, ხან – სამარაში.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი – ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით?
არტიომა: კი. რომ დავინახე, ერთ ადგილას გავჩერდი, არ შემეძლო გადაადგილება, არ ვიცოდი‚ რა გამეკეთებინა. ვფიქრობდი: რომ მივიდე, რა ვუთხრა-მეთქი. მაგრამ ისე წავიდა‚ გაცნობა ვერ მოვახერხე. 2-3 კვირის შემდეგ დაბადების დღეზე მივედი და იქ არ დავინახე?! სუფრასთან იჯდა. ვთქვი: ახლა შანსს ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან-მეთქი და გავიცანი.
აგნესა: საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა და სალაპარაკოც გაგვიჩნდა. რა თქმა უნდა‚ მეც მაშინვე მომეწონა.
არტიომა: მერე წავედით სავახშმოდ, დაახლოებით 4 საათი ვიყავით ერთად და ყველაფერი გასაგები გახდა: ეს ადამიანი იყო „ჩემი“.
აგნესა: ყველანაირ თემაზე ვისაუბრეთ. სერიოზული, საქმიანი ადამიანია, ნამდვილი მამაკაცი. როცა რაღაც თემაზე ვესაუბრებოდი, ვფიქრობდი: ნეტავ, ასე თქვას, ასე მოიქცეს-მეთქი და ზუსტად ისე ამბობდა, იქცეოდა – თითქოს მისმენდა და იმას აკეთებდა, რისი დანახვაც მინდოდა მასში. ყველაფერს ძალიან ლამაზად აკეთებს.
– რა გააკეთე იმისთვის, რომ დღეს აგნესა შენ გვერდით არის?
არტიომა: არაფერი ისეთი, უბრალოდ‚ გახსნილად, გულწრფელად ვიქცეოდი და იმას ვაკეთებდი‚ რაც შემეძლო. თან ღიად, პატიოსნად.
აგნესა: ჩვენ თავიდანვე არ დაგვიწყია შეხვედრა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად განვითარდა ყველაფერი. გაიგო‚ როგორი ადამიანი ვარ, როგორ უნდა მომქცეოდა. ძალიან უყვარს სიურპრიზები. მაგალითად‚ როცა სადმე წავიდოდი, მომიტანდა ყვავილების თაიგულს, ოღონდ ჩვეულებრივს კი არა – ეს იყო ყვავილებისგან გაკეთებული დათუნია, ან სხვა რამე. თან‚ იცის, რომ ძალიან მიყვარს სიურპრიზები, ოღონდ კი არ მეუბნება, რა გიყიდოო. დროთა განმავლობაში ხომ ვამბობ ხოლმე: ეს მომეწონა, ის მომწონს... იმახსოვრებს და მერე მჩუქნის. სულ ვეუბნები: ყოჩაღ, გადამიჯოკრე-მეთქი, რადგან მე სიურპრიზების კეთება არ შემიძლია. დაბადების დღეზეც ჯერ დედაჩემს დაურეკა: რომელ საათზე დაიბადაო. თავიდან პატარა საჩუქარი მაჩუქა: ვარდები იყიდა, სახლიდან რომ გავედი ზევით კაცი იდგა და ვარდის ფურცლებს თავზე მაყრიდა. შოკი დამემართა. 9 საათზე ვარ დაბადებული და როგორც კი 9 საათი გახდა‚ მაშინვე ულამაზესი საათი მაჩუქა. იცის, რომ მიყვარს. მეც მიყვარს სიურპრიზების გაკეთება, მაგრამ ამისგან უფრო ვსწავლობ. დაბადების დღე რომ ჰქონდა‚ მეც მინდოდა‚ რაიმე ისეთი გამეკეთებინა... მაგრამ ბოლოს ის ვაჩუქე‚ რაც მე მინდოდა.
– როდის და სად აპირებთ ქორწილის გადახდას?
– არ მინდა დიდი ქორწილი. მინდა, მეც ვისიამოვნო. დიდ ქორწილებში მხოლოდ სხვები იღებენ სიამოვნებას და შენ დაძაბული ხარ. არც საქართველოში გვინდა‚ არც სამარაში, რადგან ბევრი ხალხი შეგროვდება. ამიტომ, უცხოეთში წავალთ, სადმე ზღვაზე. გავაკეთებთ პატარა დადგმას ჩვენს მეჯვარეებთან ერთად, მეგობრებსაც დავპატიჟებთ და ვინც შეძლებს, ჩამოვა. ეს მოხდება დაახლოებით მარტში ან აპრილში. გელა გნოლიძემ მითხრა, ქორწილისთვის სიმღერას გაჩუქებო, ოღონდ, ერთად უნდა გამღეროთო. არტიომა არ მღერის, უთხრა: მე ისეთ რაღაცას არ ვაკეთებ, რაც არ ვიციო. არა, შენ ილაპარაკე, აგნესა კი იმღერებსო – მოკლედ, ბევრი ვიხალისეთ.
– მოგწონს აგნესას ნამღერი?
არტიომა: კი, ყველა სიმღერა მომწონს, განსაკუთრებით „ბედისწერა“. როდესაც სიმღერა ჰიტია, შეიძლება‚ ენა არ გესმოდეს, მაგრამ მელოდიას რომ ისმენ‚ ეს უკვე ახდენს შენზე შთაბეჭდილებას. მოკლედ‚ ყველა მისი სიმღერა მომწონს. რაც მთავარია, ამის კეთება მისთვის სასიამოვნოა – გაფანატებული არ აქვს და როგორც კი კარგი სიმღერა იქნება, მაშინვე კარგი კლიპიც კეთდება.
– როგორია აგნესა, როგორც მეგობარი, როგორც ქალი?
– კეთილი, თბილი, ჭკვიანი, სამართლიანია, არასდროს ამბობს ზედმეტს. ყველგან იქცევა ისე‚ როგორც იმ დროს არის საჭირო. ყველაზე კარგი ადამიანია, საუკეთესო.
– როგორ მოგეწონა საქართველო, ქართველი ხალხი?
– პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ აქ სახლის ყიდვა მომინდა. ხალხი ძალიან სასიამოვნო, მეგობრულია. ყველგან თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში. დისკომფორტი არსად მიგრძნია, არანაირ გარემოში. ქვეყანა ძალიან მომეწონა, ხალხი, მენტალიტეტი განსაკუთრებულია. რუსეთში ასეთი რამ არ არის. თქვენთან როგორც მეგობრობენ, ასეთ რამეს ვერ ნახავ რუსეთში. მოკლედ‚ აქ ბევრი სასიამოვნო რამ არის, რაც გაოცებას იწვევს. რაც შეეხება ცხოვრებას: ვიმუშავებთ რუსეთში და ვიგულავებთ საქართველოში.
აგნესა: საერთოდ‚ ევროპაში მინდა ცხოვრება. მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ევროპაში მიიღონ განათლება, ისწავლონ ინგლისური, ფრანგული.
არტიომა: ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, ყველაფერს ის გვიჩვენებს.
აგნესა: ახლა ბავშვი გვყავს გეგმაში. მას უნდა მინიმუმ სამი, მე ვეუბნები: რამდენსაც ღმერთი მოგვცემს-მეთქი.
არტიომა: 2 ბიჭი და ერთი გოგონა, მაგრამ ვნახოთ‚ ღმერთი რამდენს მოგვცემს.
P.S. 14 თებერვალს, ვალენტინობას აგნესამ და არტიომამ სამარაში ხელი მოაწერეს. გადაწყვეტილება ორ დღეში მიიღეს. „თბილისელები“ ვულოცავთ მშვენიერ წყვილს და დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ!