გადადის თუ არა ბედისწერა და წინაპართა ცოდვები გენეტიკურად შთამომავლებზე და როგორ გამოვიჩინოთ ამ მხრივ სიფრთხილე
ეზოთერიკოსებსა და პარაფსიქოლოგებს შორის გამუდმებული კამათია იმაზე, არის თუ არა კავშირი ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე, ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ გენებსა და ბედისწერას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამ აზრს ქართველი ეზოთერიკოსი, ბატონი გიორგიც ეთანხმება და ამბობს, რომ, აზრისა და ფიქრის დონეზე, ასევე გაუაზრებელი საქციელითაც, ბედის ცვლილება ნამდვილად შესაძლებელია. როგორ მოვიქცეთ, რომ თავი საფრთხეში არ ჩავიგდოთ, ჩვენი ცხოვრება სურვილისამებრ დავალაგოთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ, ამაზე თავად ბატონი გიორგი გვესაუბრება და რჩევებსაც მოგვცემს.
– ბატონო გიორგი, ბოლო დროს საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია ეზოთერიკოსებსა და პარაფსიქოლოგებს შორის საკითხმა – არსებობს თუ არა კავშირი ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის. ამაზე თქვენი მოსაზრება გაგაჩნიათ და, თუ არ ვცდები, თავადაც იყავით ჩაბმული დისკუსიაშიც. მაინც, რა კავშირია ბედისწერასა და გენებს შორის?
– ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ჩამოყალიბებული აზრი გამაჩნია, რომელიც ბოლო დროს ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გამიჩნდა. ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის უდიდესი კავშირი არსებობს; ასევე, არსებობს გარკვეული პერიოდები, როცა საშიშია საკუთარ ბედზე საუბარი, წყევლა თუ გაუაზრებელი ქცევა. დამიჯერეთ, ერთმა უაზროდ გაელვებულმა და გაუაზრებელმა ფიქრმაც კი, შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს და რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც ნამდვილად გადადის გენეტიკურად შთამომავლებზე და სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულება თითოეული ქცევისა თუ სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ გაცნობიერებულ საქციელზე. ბევრს ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული აზრი და შეხედულება აქვს. მაგრამ, აბა, დაფიქრდით, თუკი შეიძლება, ადამიანმა გენეტიკურად მიიღოს წინაპრისგან ნიჭი, გარეგნობა, ხასიათი, მანერა და ასე შემდეგ, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ბედისწერაც გენეტიკურად გადავიდეს შთამომავლობაზე?!
– ზოგს საერთოდ არ სჯერა ბედისწერის.
– დიახ, ზოგს მართლაც არ სჯერა ბედისწერის და ამაში მწარედ ცდება. მე ამ საკითხით ახალგაზრდა ასაკში დავინტერესდი. აგერ უკვე 50 წელს გადავაბიჯე და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დავაგროვე. გენური კოდის საშუალებით ჩვენ მართლაც ვიღებთ მემკვიდრეობით გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და, ამასთან ერთად, ბედისწერასაც. შედეგად კი, წინაპართა არასწორი ცხოვრების წესი შთამომავლის ბედისწერაზე აისახება. არც ერთი ჩვენგანი არ დაბადებულა უცოდველი, რადგან, გენებით მიღებული პროგრამა შთამომავლობით დაგვყვა თან. აი, სწორედ ეს არის ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს წინაპრებს მიუძღვით. მათი კარმული დავალიანება, არასწორი თუ სწორი საქციელი, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, სწორედ ჩვენს გენებშია ჩაწერილი. დამიჯერეთ, თითოეული ჩვენგანი გენური ინფორმაციის მატარებელი და გადამტანია.
– გამოდის, რომ შთამომავალმა წინაპრების ჩადენილი ცოდვების გამო უნდა ზღოს და საკუთარი ბედისწერა ამით დაამძიმოს?
– სწორედაც რომ ასეა. თქვენი შთამომავლების წარუმატებლობა, შესაძლოა, თქვენი ბრალი იყოს და ამიტომ, უნდა ეცადოთ, სწორი საქციელითა და ცხოვრების სწორი წესით შეუმსუბუქოთ მათ ბედისწერა.
– ესე იგი, მშობლები თავიანთი საქციელით განსაზღვრავენ შვილების ბედს?
– დიახ, ახლანდელი საქციელით ჩვენივე მომავალი შვილების ბედს განვსაზღვრავთ. უფრო მეტსაც გეტყვით: გენეტიკურ ცოდვაზე დიდი ცოდვა დედამიწაზე არ არსებობს და ვისაც ის შთამომავლობით გადაეცა, წარუმატებელი იქნება, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება და პირადი ცხოვრებაც გამწარებული ექნება. თუმცა, არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს თავს დამტყდარი ყველა უბედურება ჩვენი წინაპრების კისერზეა და მხოლოდ ისინი არიან დამნაშავე ჩვენს უიღბლობა-წარუმატებლობაში. მოკლედ, თითოეული ჩვენგანი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ პროგრამასაც ქმნის და იწერს გენებში, მაგრამ, როცა მემკვიდრეობითი პრობლემების გადახედვა, დამუშავება შეუძლებელი ხდება გენეტიკური ხაზით, ამ დროს გვარი არსებობას წყვეტს. ანუ, ასეთ ოჯახში არ იბადება გვარის გამგრძელებელი. როცა დედა შვილს გაბრაზებულ გულზე სწყევლის, ესეც საკუთარი გენის დაწყევლა და შთამომავლის ბედში არასწორი, გაუაზრებელი, საშიში ჩარევაა. ამ დროს გენური კოდი აქტიურდება და უფრო მეტად იწყებს მოქმედებას. გაბრაზებულ გულზე ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი კონკრეტული ადამიანის მიმართ, შესაძლოა, გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს. ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ მას ფიქრის, ანალიზისა და განჭვრეტის უნარი აქვს. ამიტომ, უნდა იფიქროთ ამ საკითხზე და კარგად გააანალიზოთ ჩემი ნათქვამი. ალბათ, გესმით, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ ყოველივეს ბედის ცვლილება, თქვენი ცხოვრების შეცვლა და გადაფასება შეუძლია.
– ბატონო გიორგი, თქვენ ახსენებთ მშობლების ცოდვებს, რის გამოც შვილები იტანჯებიან, მაგრამ, არსად გიხსენებიათ სიტყვა „დასჯა”. იქნებ, წინაპართა ცოდვების გამო შთამომავლები ვისჯებით და არა ვიტანჯებით?
– ამაში ვერ დაგეთანხმებით. სწორია „ტანჯვა“ და არა „დასჯა,“ როცა საქმე წინაპრისგან გადმოცემულ ბედისწერას და გენებს ეხება. შვილები იტანჯებიან არა მშობლების ცოდვათა გამო, არამედ იმიტომ, რომ მათმა მშობლებმა ცოდვის ჩადენით დაიზიანეს სული და სხეული, შემდეგ კი არ მოინანიეს და ეს ფაქტი მათ შვილებზე აისახა. სული უხილავი მაგნიტივით აკავშირებს ერთმანეთთან ჩვენი ორგანიზმის ატომებსა და მოლეკულებს, სტიმულს აძლევს ცილების სინთეზს ცოცხალ უჯრედებში, აწვდის მას სიცოცხლისუნარიანობის პროგრამას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლასა და თვითრეგულირებას. სულისა და სხეულის ერთმანეთთან დაშორებისას, ცილების სინთეზი უცბად წყდება, ენერგიას მოკლებული სხეული ცივდება და მისი ელემენტები, როგორც კი მაკავშირებელ ძალას კარგავს, იშლება და სიკვდილით ავადდება. ამიტომ, საკუთარ სულში უნდა ვეძებოთ იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირს, მათ შორის იმ დაავადებებსაც, რომელთა მიმართაც გვაქვს მიდრეკილება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თითოეული ჩვენგანი გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია. გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები, უნებურად, ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ მაშინაც კი, როცა სძინავთ ან ჩუმად არიან. ენერგიის გაცვლა მიმდინარეობს პერმანენტულად. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი გაცილებით მეტ ენერგიას იღებს და ნაკლებს გასცემს. თუ ქალი მამაკაცის მიმართ დადებითად არის განწყობილი და მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს, ესე იგი, ენერგიების გაცვლა ნორმალურად მიმდინარეობს; მაგრამ, თუ რომელიმე მათგანს არასასურველი განწყობა ექმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორემ ზედმეტი ენერგია მიითვისა. სხვისი ენერგია ძალიან ადვილად ასათვისებელია. ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ კი, შესაძლოა, შეყვარებული წყვილი ან თუნდაც ცოლ-ქმარი დააშოროს. ჯერ იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, კამათი, ჩხუბი და ამის შემდეგ წყვილი ხვდება, რომ მათ შორის რაღაც რიგზე ვერაა, თუმცა, პასუხი არ აქვთ. მე კი ასეთ წყვილს ვეტყვი, რომ, შესაძლოა, ეს მათ შორის ენერგიების არასწორმა გაცვლამ გამოიწვია. ამიტომ, სანამ ურთიერთობას დააკანონებთ, კარგად დააკვირდით, იღებთ თუ არა სასურველი ადამიანისგან საჭირო და სასურველ ენერგიას და, ასევე, კმაყოფილია თუ არა ის თქვენგან მიღებული ენერგიით.