რატომ აგინა გურამ გუგენიშვილმა მოწინააღმდეგეს რინგზე და რატომ ვერ უძლებენ მას 2 წუთზე მეტხანს მეტოქეები
გურამ გუგენიშვილი – პანკრატიონში, ანუ, როგორც ჩვენში უწოდებენ, „ბრძოლა წესების გარეშე“, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. თავდაპირველად, ის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გახლდათ. შემდეგ კი რინგზეც გამოვიდა და დიდი წარმატებებიც ჰქონდა. მასზე ამბობენ, რომ ორ წუთზე მეტხანს ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ უძლებსო. გურამი მცირე ხნით დაბრუნდა თბილისში, ხოლო შემდეგ კარიერის კვლავ უცხოეთში გაგრძელებას აპირებს.
გურამ გუგენიშვილი: ბავშვობიდანვე, ჩემი აღნაგობის მიუხედავად, ძალიან სპორტული ვიყავი, ბევრ სახეობაზე დავდიოდი. თავიდან ვვარჯიშობდი თავისუფალი სტილით ჭიდაობაზე, თუმცა მძიმე ტრავმა მივიღე და 3 წელი იძულებული ვიყავი, შემესვენა. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ ჩემმა ახლობელმა, ლუკა კურტანიძემ, რომლის ბავშვის ნათლიაც ვარ – მიიღო შემოთავაზება იაპონური ორგანიზაცია „პრაიდისგან“. იქ სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის, ქართველებიც ჩადიოდნენ. „პრაიდი“ იყო ასეთი ტიპის ორგანიზაცია: ყოფილ მსოფლიო ჩემპიონებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს სთავაზობენ კონტრაქტებს – რინგზე ერთმანეთს სხვადასხვა სახეობის სპორტსმენები ხვდებიან, მაგალითად, მოჭიდავე და მოკრივე. ცოტა უხეში სპორტია. თუმცა, რომ ჰგონიათ, ამ სახეობაში წესები საერთოდ არ არის, ასე არ ხდება. მოკლედ, ლუკამ 8 შეხვედრაზე მოაწერა ხელი. იმ პერიოდისთვის მეც დავინტერესდი პანკრატიონით, ოპერაცია გავიკეთე – მენისკი მქონდა გამწვავებულ ფორმაში. რამდენიმე ბრძოლა მეც ჩავატარე, მაგრამ არ გამიმართლა, ქვეყანაში ომი დაიწყო, არეულობა და ამ საქმისთვის აღარავის ეცალა. იმ დროისთვის საქართველოს არ ჰქონდა „M 1-ის“ ლიცენზია ბრძოლების ოფიციალურად ჩასატარებლად. ზუსტად 2009-ში „M 1-მა“, რომელიც რუსული ორგანიზაციაა, უკრაინას მისცა ლიცენზია და მე და კიდევ ერთი ქართველი გავემგზავრეთ კიევში უკრაინულ კლუბში, – ლეგიონერებად. ჯერ კიევის „მაქ ფართში“ ვიყავი, შემდეგ დონეცკის კლუბში გადავედით. საკლუბო ჩემპიონატში გავიმარჯვეთ, გავხდით ჩემპიონები და წლის საუკეთესო სპორტსმენები. ამის შემდეგ უფლება, ანუ ლიცენზია მოგვეცა, ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური გამოსვლისთვის. ვიასპარეზე ევროპის ჩემპიონატზე და გავიმარჯვე, ასევე გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი – დავიცავი მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი. თუმცა, შემდეგ სერიოზული პრობლემები შემექმნა ოჯახში – ჩემს პატარა ძმისშვილს ლეიკემია აღმოაჩნდა და ძალიან დიდი თანხა დასჭირდა სამკურნალოდ. ჩემი თავისთვის აღარ მეცალა, ვცდილობდი, როგორმე მეშოვა ეს თანხა.
– მშობლები რა აზრის იყვნენ შენს არჩევანზე?
– დედაჩემი დღემდე ვერ უყურებს ჩემს გამოსვლებს, ქალია და უჭირს, მაინც ნერვიულობს. აქ თითქმის არ არის წესები, უხეში, მძიმე სპორტია, ამიტომ ქალები ნაკლებად უყურებენ. გულისხეთქვები აქვს ხოლმე (იცინის).
– ჩხუბისთავი არ იყავი ბავშვობაში?
– რუსთაველი ვარ და რუსთავში ხშირად ვჩხუბობდი, თბილისშიც ჩამოვდიოდი საჩხუბად. გოგოს და სიყვარულის გამო არასდროს მიჩხუბია, სიმართლის დასაცავად ვჩხუბობდი. რა ვქნა, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი (იცინის).
– რა ტიტულების მფლობელი ხარ?
– დასავლეთ ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი. ორგანიზაცია „M-1-ის“ ეგიდით ტარდება. M-1 ნიშნავს – Mix ¹1 (მიქს ფართ ნამბა ვან). რუსეთშიც და უკრაინაშიც ძალიან მგულშემატკივრობდნენ – დარბაზი სულ სავსე იყო ხალხით და ყველა მე მიჭერდა მხარს. პუტინიც ესწრებოდა ჩემს შეხვედრას, ტრიბუნაზე იჯდა და მაგრად მქომაგობდა „დავაი, გურამ, კრუწი-ო,“ – ყვიროდა. შევხვედრივარ კიდეც პუტინს. თვითონაც ხომ ძიუდოისტია, ძალიან უყვარს სპორტი და ხელსაც უწყობს. სხვათა შორის, ქართველი სპორტსმენების მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი, არა მარტო პუტინი, ჩვეულებრივი, რიგითი რუსებიც – ქუჩაში მაჩერებდნენ, მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ, კეთილგანწყობას გამოხატავდნენ, რაც საქართველოში არასოდეს მიგრძნია. მაღაზიებშიც სულ ფასდაკლებებს მიკეთებენ. უკრაინაშიც ასე იყო – სხვათა შორის, შეცდომით ჰგონიათ, რომ უკრაინის სახელით გამოვდიოდი. მე ვიყავი უკრაინული კლუბის ლეგიონერი – საქართველოს სახელით. როგორც, ვთქვათ, კალაძე „მილანში“.
– პუტინთან შენი შეხვედრა როგორი იყო?
– ძალიან კარგი, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. პრეზიდენტი იყო მაშინ. გარნერთან, ამერიკელ სპორტსმენთან ბრძოლის წინ შევხვდი. ხელი ჩამომართვა და წარმატებები მისურვა. ასეთი რამ მითხრა: „მჯერა, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებ“. სამწუხაროდ, ის შეხვედრა წავაგე.
– ლუკა კურტანიძესთან შენი დაახლოება როგორ მოხდა?
– მე რომ ჭიდაობა დავიწყე – 2003 წელს ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში და პარალელურად, ვვარჯიშობდი გია გალდავასთან. შემდეგ გიამ მიატოვა მწვრთნელის კარიერა და ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყურადღებას მაქცევდა, ლუკა იყო. მაშინ მოქმედი სპორტსმენი გახლდათ. ძალიან ბევრი რამ მასწავლა ლუკა კურტანიძემ და ბევრი რამ გამიკეთა.
– ფსიქოლოგიურად რთული პერიოდები გქონია?
– კი. როცა ტრავმები მქონდა, თან, საკმაოდ მძიმე ტრავმები. ჩემი კერპი იყო ჩემივე ალალი ბიძაშვილი, ზაზა გუგენიშვილი, რომელმაც სპორტის მიმართ სიყვარული ჩამინერგა. სხვათა შორის, ბავშვობაში ძალიან გამხდარი და სუსტი აღნაგობის ვიყავი, მაგრამ ძალიან მოძრავი და თავს არავის ვაჩაგვრინებდი. ბევრი ტრავმა მივიღე სპორტული კარიერის განმავლობაში – ყურები მქონდა დამტვრეული, კოჭი, ცხვირი – გატეხილი, ასევე, თითების ფალანგები... რა ვიცი... (იცინის) ჭიდაობისას მივიღე ტრავმა და საშუალებაც არ მქონდა, რომ მემკურნალა. ჩამოვშორდი აქტიურ სპორტს, მაგრამ მაინც ჯიუტად ვვარჯიშობდი. ორი ოპერაცია დამჭირდა. მუხლი მქონდა სახსრიდან ამოვარდნილი, თან ექიმებმა წესიერად ვერც გამაგებინეს, რა მჭირდა. ღამეები არ მეძინა დარდით და ნერვიულობით.
– ახერხებდი სპორტისა და სწავლის შეთავსებას?
– სპორტის გამო არასდროს დაუწერიათ ნიშანი. მასწავლებლის შვილი ვიყავი და ცოტას კი ვზარმაცობდი, მაგრამ დედაჩემი მაკონტროლებდა. უნივერსიტეტშიც სტიპენდიანტი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი. ომის მერე სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე – ოფიცერთა მომზადების სკოლაში და უფროსი ლეიტენანტი ვარ.
– ქალბატონები როგორ გამოხატავენ სიმპათიებს?
– ქალებზე ლაპარაკი არ მიყვარს საერთოდ (იცინის). არ არის საინტერესო.
– რომელიმე ბრძოლას თუ გაიხსენებ გამორჩევით?
– უკრაინაში კლუბურ ჩემპიონატზე კინაღამ მომხსნეს შეჯიბრიდან, თან, ფინალი იყო. უკრაინელმა ისეთი ილეთი გააკეთა, რომელიც აკრძალულია – წაქცეულს მუხლი მომარტყა თავში. ისე მომეშალა ნერვები, ვაგინე – უცენზურო სიტყვები ვუთხარი. არადა, ჩემი წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია – საკმაოდ გაწონასწორებული ვარ.
– ამერიკელ გარნერთან ბრძოლაზე მინდა გკითხო.
– ამერიკელთან პირველი ბრძოლა მოვიგე, მეორე – წავაგე. ჩემი პრობლემა ის არის, რომ მოწინააღმდეგეს სათანადოდ არ ვაფასებ და ზედმეტად თავდაჯერებული ვარ. მეორე ბრძოლაში იდაყვის ტრავმა მქონდა. თან, ცოტა ადრე მომიწია რინგზე გასვლა, მომზადება ვერ მოვასწარი და წავაგე. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ დაუმარცხებელი სპორტსმენი არ არსებობს. გარნერი სხვანაირი მეტოქე იყო, უხერხული მეტოქე – განსხვავებული, არატექნიკური. მის მოქმედებას წინასწარ ვერ გათვლი. არადა, ხანდახან მიფიქრია: რა დამიშავა, ხელი რატომ უნდა დავარტყა-მეთქი. მაგრამ, რას იზამ, თუ შენ არ დაარტყამ, ის დაგარტყამს.
– შენზე ამბობენ, რომ 2 წუთსაც ვერ გიძლებენ მოწინააღმდეგეები.
– კი, ასეა. თუმცა, ხანდახან მეც ვაგებ. უფრო სწორად, ხშირად ვაგებ, ვიდრე ვიგებ. გული მწყდება, რომ საქართველოში ამ სპორტს საერთოდ არ აფასებენ.
– დოპინგი მიგიღია?
– დოპინგზე ხალხს არასწორი წარმოდგენა აქვს... დოპინგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ჭარბადაა სისხლში და არა მაინცდამაინც ნარკოტიკი? მაგალითად, აფრიკული წარმოშობის ხალხს რაღაც ნივთიერება, გენეტიკურად, უფრო მეტი აქვს სისხლში, ვიდრე ევროპელებს. ამიტომ, აფრიკელ სპორტსმენებს სხვანაირად ამოწმებენ დოპინგზე. არსებობს სხვადასხვა დამხმარე საშუალება, რომელიც ჭარბი რაოდენობით პროტეინებს, ცილებს შეიცავს. მე მძიმე წონით კატეგორიაში გამოვდივარ – 93+, ამიტომ კვების შეზღუდვა არ მაქვს. მაგრამ, რეჟიმი მაინც საჭიროა. ბევრის მჭამელი და მსმელი მაინც არ ვარ (იცინის).
– ამჟამად რა გეგმები გაქვს?
– სხვადასხვაგან ვარ – ევროპაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში... თუმცა, ევროპელები მაინცდამაინც არ მომწონს, ქალაქის ტიპის დასახლებებში ძაღლის ყოლა აკრძალულია, ყეფს და მცხოვრებლებს აწუხებსო (იცინის). მოსაწყენია ჩემთვის ევროპა...