კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა სალომე ჩიგოგიძე საერთაშორისო მასშტაბის მსაჯი და რატომ ვერ მოირგო მან მწვრთნელის პროფესია

ჩვენი რესპონდენტის ცხოვრება ყინულს 4 წლის ასაკიდან უკავშირდება. წლების განმავლობაში ის წარმატებული მოციგურავე იყო, შემდეგ კი მსაჯი გახდა. სალომე ჩიგოგიძე ერთადერთი ქართველი მსაჯია, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს მსაჯობს. ამჟამად კი დიდი იმედი აქვს, რომ ოლიმპიადაზეც იმსაჯებს. როგორც თავად აღნიშნა, ბედნიერია, რადგან წლების განმავლობაში აკეთებს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და უდიდეს სიამოვნებასაც ანიჭებს. მის ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ ახალი ეტაპი დაიწყო – ერთი კვირის წინ სალომე გათხოვდა.  

– ფიგურულ სრიალში მხოლოდ თქვენ ხართ ქართველი მსაჯი თუ კიდევ არის ვინმე?

– საქართველოში ჯერჯერობით ერთი ვარ, თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში ამ საქმის კეთებას  ახალგაზრდებიც მოინდომებენ. 25 წლიდან შეუძლიათ საერთაშორისო სერტიფიკატის აღება, მერე სემინარების გავლა და 26-27 წლიდან – უკვე მსაჯობაც. ახალგაზრდებს შეუძლიათ მხოლოდ ნაციონალურ ტურნირებზე იმსაჯონ და გვყავს ასეთიც. სამწუხაროდ, უკვე მეორე წელია, თბილისის ყინული დაკეტილია – სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, არის ბათუმსა და ქუთაისში და ახლა ზუგდიდშიც კეთდება. ამიტომ, ბოლო ორი წელია, საქართველოს ჩემპიონატი  ბათუმში ტარდება, სადაც სტანდარტული მოედანია. 

– საერთაშორისო ასპარეზზე თქვენ გარდა თუ მსაჯობს სხვა ქართველი?

– არა, მხოლოდ მე ვარ. სხვათა შორის, არის ერთი ქალბატონი, მარინა სანაია, რომელიც კარგა ხანია, რუსეთის სახელით მსაჯობს. ის უფრო მაღალი კატეგორიის მსაჯია, თუმცა მას მხოლოდ გვარი აქვს ქართული. 

– ანუ, ქართველი მხოლოდ ერთი ხართ.

– დიახ. ორივე კატეგორიაში „ისუს“ წოდება მაქვს და ყველანაირი სახეობის ტურნირის მსაჯობის უფლება მაქვს. ცეკვებში უკვე მესამე წელია, ვმსაჯობ, ხოლო ერთეულებში – მეორე.

– რა გიმსაჯიათ?

– ევროპა, მსოფლიო, იუნიორთა მსოფლიო. მსაჯების წილისყრით თუ მოვხვდი,  მერე უკვე ამ ოლიმპიადაზეც წავალ.  

– რამდენი წლიდან უკავშირდება თქვენი ცხოვრება ყინულს?

– 4 წლის ვიყავი, როცა საბავშვო ბაღში მოვიდნენ და 10-15 ბავშვი შეგვარჩიეს, ნორმატივების ჩაბარების შემდეგ კი ორი გოგო და ორი ბიჭი დაგვტოვეს. მას მერე ამ სპორტში ვარ. 22 წლამდე ვისრიალე. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვიყავი წლების განმავლობაში. 19 წლიდან ევროპის ორგზის მონაწილე ვარ, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. საბჭოთა კავშირის დროს, 8 წლიდან „დინამოს“ ნაკრებში ვიყავი. რაღაც პერიოდი მწვრთნელადაც ვიმუშავე, მაგრამ, მივხვდი, რომ მწვრთნელობა ჩემი არ არის, რადგან, იმდენად მკაცრი არ ვარ. 

– მსაჯობა რატომ გადაწყვიტეთ?

– ირაკლი ჯაფარიძე იყო ჩვენი სკოლის დირექტორი და ფედერაციის პრეზიდენტი იმ პერიოდში. აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო არენაზე სპორტსმენები გვყავდა, მაგრამ,  მსაჯი – არა. ამ შემთხვევაში ფედერაციამ უნდა იქირაოს რომელიმე ქვეყნის მსაჯი. ირაკლი ჯაფარიძემ შემომთავაზა, ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი და სემინარზე წავსულიყავი. მაშინ მსაჯობის არაფერი გამეგებოდა, ვიჯექი, ვკითხულობდი და ვმეცადინეობდი. მსაჯობას იურისტის სპეციალობას შევადარებ: რომ იმსაჯო, ეს სფერო უნდა იცოდე და მერე მიჰყვე კანონებს. აქტიური უნდა იყო, სულ უნდა იკითხო, ინტერნეტში გაეცნო ყველა სიახლეს, რადგან, ამ სფეროზე ყველა მუშაობს, სულ აახლებენ და ართულებენ. 

 ნებისმიერ სპორტში მსაჯზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ახალი სისტემაა და 0,01 ქულასაც კი უკვე მნიშვნელობა აქვს, მოიგებს თუ წააგებს სპორტსმენი. ჩვენც ყოველთვის გვაკონტროლებენ, როგორ ვიცით მიმდინარე წლის წესები. 

– მსაჯებზე განაწყენებული სპორტსმენები თუ არიან თქვენს სფეროში?

– ყველას ჰგონია, რომ ყველაზე ძლიერია, ამიტომ, განაწყენებული სპორტსმენები ყოველთვის არიან. ამის გამო ევროპა-მსოფლიოზე სისტემა შეცვალეს. თუ ადრე სპორტსმენმა და მწვრთნელებმა ზუსტად იცოდნენ, რომელი მსაჯი რა ქულას წერდა, ახლა ასე აღარ არის. ამჯერად მხოლოდ კომისიისთვის არის ცნობილი და ჩვენთვისაც, რადგან, ვხვდებით, ვინ რა ქულა დაწერა. თათბირის დროს განხილვები გვაქვს, ანუ, ყველა ვასაბუთებთ, რისთვის დაწერა ესა თუ ის ქულა. 

– ამჯერად საით გაქვთ გეზი აღებული?

– 26 თებერვალს მილანში მივდივარ, სადაც იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატია; 12 მარტს კი ელენე გედევანიშვილთან ერთად კანადაში გავემგზავრებით დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე. 

– დღევანდელი გადმოსახედიდან, სპორტსმენობა უფრო რთული იყო თქვენთვის თუ მსაჯობა?

– სპორტსმენობა ძალიან რთულია, რადგან, მთლიანად სპორტისთვის უნდა იყო გადადებული და პირადი ცხოვრება აღარ არსებობს. 4 წლის რომ ვიყავი, დედაჩემი ხანდახან მეუბნებოდა – მოდი, დღეს არ წავიდეთ ვარჯიშზეო, რადგან, დილის 07:30-ზე იქ უნდა ვყოფილიყავი. მართალია, ჯერ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ, უკვე გამომუშავებული მქონდა, რომელ საათზე უნდა ავმდგარიყავი დილით. ციგურებგადაკიდებული, შევცუნცულდებოდი დედასთან და ვაღვიძებდი – წასვლის დროა-მეთქი. ძალიან მიყვარდა და, ვერ ვიტყვი, რომ ვინმე იძულებით მავარჯიშებდა. დედაჩემის დიდი მადლობელი ვარ, რომ მაინც არ დაიზარა და მატარა. 

– როგორც აღნიშნეთ, როცა სპორტში სერიოზულად ხარ ჩართული, პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიო. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

– მართალია, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ, ერთი კვირის წინ გავთხოვდი. ქორწილი ზაფხულში გვაქვს დაგეგმილი. 

– ყინულთან მასაც აქვს კავშირი?

– არა, ჩემი მეუღლე პარლამენტში მუშაობს და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსია.

– ასეთი აქტიური და დაკავებული მანდილოსნის ცხოვრების ტემპის შეგუება რთული არ არის?

– ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, რადგან, ბევრი ჩემი თაყვანისმცემელი ამას ვერ იგებდა. ეს ჩემი ცხოვრებაა, რაშიც ძალიან ბევრი შრომა ჩავდე. ფედერაციის გენერალური მდივანი ვარ, ასევე, საგზაო ინსტიტუტშიც ვმუშაობ, რადგან, პროფესიით ქიმიკოს-ეკოლოგი გახლავართ. რაღაცნაირად ვუთავსებ ყველაფერს ერთმანეთს. ჩემი მეუღლე გაგებით ეკიდება ჩემს რეჟიმს და ბედნიერია, რომ ჩემი საქმე მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. 26-ში კი ერთად მივდივართ მილანში. ასე რომ, პირად ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა.

– ამდენი წლის შემდეგ, ადვილად გადაწყვიტეთ დაოჯახება?

– არა. დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. შეიძლება, ვინმემ რომ შემომხედოს, ფიზიკურად ნაზი ვეგონო, მაგრამ, რეალურად, გაცილებით მაგარი ვარ ბუნებით. ძალიან ბევრს ვფიქრობ და ის ტიპი არ ვარ დღეს შემიყვარდა, ხვალ გავთხოვდე. ჩემი მეუღლე სწორედ ის ადამიანია, ვისაც ამდენ ხანს ველოდი.

– თუ გაქვს იმის სურვილი, როცა შვილი გეყოლებათ, მისი ცხოვრებაც ყინულს დაუკავშიროთ?

– თუ გოგო მეყოლება და მასაც ენდომება, რა თქმა უნდა, რადგან, მართლა ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა. 

– რა შეგძინათ ფიგურულმა სრიალმა გარდა იმისა, რომ წარმატებული სპორტსმენი იყავით და ასევე წარმატებული მსაჯი ხართ?

– ჯანმრთელობა – თავისთავად და, ასევე, დისციპლინა. სულ რეჟიმში ვიყავი. 8 წლის ასაკიდან „დინამოს“ ნაკრებში ამიყვანეს, თან ყველაზე პატარა. სპორტულ შეკრებებზე დავდიოდით და ძალიან დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი. რომ გავიზარდე, მერე უკვე მოსკოვში გავდიოდი წვრთნებს. არასდროს კონტროლი არ მქონია მშობლების მხრიდან, რადგან ჩემში დარწმუნებულები იყვნენ. 

скачать dle 11.3