ამერიკის საკალათბურთო ლიგის ახალი ვარსკვლავები
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყოველი ახალი სეზონის დაწყებამდე საკალათბურთო ექსპერტები, მენეჯერები და უბრალო ქომაგები ლიგაში მოთამაშე ნაკლებად ცნობილ სპორტსმენებზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ. ზოგიერთი მათგანი ამართლებს გაცემულ ავანსებს, ზოგი – არა. დღევანდელ ნომერში გთავაზობთ იმ ათი კალათბურთელის შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც ამ სეზონის დასრულების შემდგომ ვარსკვლავებად შერაცხავენ.
ჯეიმს ჰარდენი
ჯეიმს ჰარდენი დიდი ხნის განმავლობაში ლიგის ერთ-ერთ უსუსტეს მოთამაშედ მიაჩნდათ და მის გადასვლას „ჰიუსტონ როკიტსში” სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა, ჰარდენს ზუსტად სამი მატჩი დასჭირდა, იმის დასამტკიცებლად, რომ არცთუ ხელწამოსაკრავი მოთამაშეა და საჭირო დროს გუნდში ლიდერის როლის შესრულებაც ძალუძს. ამჟამად ჯეიმს ჰარდენი ლიგის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ნაცვლად ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ დამცველად ითვლება.
ლერი სენდერსი
„მილუოკი ბაქსის” დამცველს, ლერი სენდერსს, ზუსტად სეზონის ნახევარი დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. წარსულში სენდერსს უამრავი ტატუირებითა და უაზრო თამაშით იცნობდნენ. ის არ ითვლებოდა გუნდის ძირითადის მოთამაშედ და მუდმივი კონფლიქტები ჰქონდა ხან მწვრთნელთან, ხანაც გუნდის მფლობელებთან. 2012-2013 წლების სეზონზე კი მოედანზე სულ სხვა სენდერსი გამოჩნდა, რომელმაც ბლოკ-შოტის ხელოვნება ახალ მწვერვალზე აიყვანა.
ჯეი არ სმიტი
სმიტი სკოლის მერხიდან მოხვდა ნაციონალურ ლიგაში და ამ ფაქტმა ლიგის მესვეურები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, რომ საჭიროა ასაკობრივი ზღვარის დაწესება. კარიერის პირველ წლებში სმიტს მიზნად ჰქონდა, NBA-ს ჰაილაითებში მოხვედრილიყო და ამის გამო თავისი გუნდის არაერთი შეტევა ჩაშალა დაუფიქრებელი და გაუაზრებელი უზუსტო ტყორცნებით კალათში. სმიტი ეგოისტ მოთამაშედ ითვლებოდა და „ნიუ-იორკ ნიქსის” მწვრთნელებისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, წლევანდელ სეზონზე სმიტი შეიცვალა და, სნაიპერისთვის დამახასიათებელ თვისებებთან ერთად, გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
ნიკოლა ბატიუმი
გასულ ზაფხულს ფრანგი ნიკოლა ბატიუმის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს „პორტლენდი” და „მინესოტა” დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ ფრანგი უნივერსალი „პორტლენდელების” ნადავლი გახდა. „მფრინავმა ფრანგმა”, როგორც ბატიუმს უწოდებენ ლიგაში, თავის მეხუთე ამერიკულ სეზონზე მოახერხა საუკეთესო თვისებების წარმოჩენა და პორტლენდური კლუბი აუტსაიდერიდან საშუალო დონის კერკეტ გუნდად აქცია.
ოჯეი მაიო
დირკ ნოვიცკის არყოფნისას ოჯეი მაიო ვერ იქცა „დალას მავერიქსის” მშველელად, თუმცა მან მოახერხა საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა. „მემფისის” სათადარიგო სკამზე გატარებული პერიოდის შემდეგ მაიო „დალასის” რიგებში გაიხსნა და გარკვეული ხნის განმავლობაში გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. მართალია, ნოვიცკის დაბრუნების შემდეგ მან მეორე პლანზე გადაიწია, თუმცა, საკუთარი დამაჯერებელი თამაშით მაინც მოახერხა მწვრთნელის გულის მოგება და კლუბში უკვე ფიქრობენ მაიოსთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე.
პოლ ჯორჯი
რამდენიმე ხნის წინ „ინდიანას” მწვრთნელი როი ჰიბერტი პოლ ჯორჯს ინდიანაპოლისის ქუჩებში დაატარებდა და მასხარად გამოჰყავდა, თუმცა, მიმდინარე სეზონზე ჯორჯი გუნდის მასხარადან ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა და კლუბის ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი მასთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის დადებაზე. შედეგიან თამაშთან ერთად, ჯორჯი საკუთარ ფართანაც საიმედოდ დგას დაცვაში და დენი გრეინჯერის არყოფნაში „ინდიანა პეისერზის” ლიდერად ყალიბდება.
სტივენ კარი
სტივენ კარი, რომელიც წარსულში ტრავმებით უფრო იყო განთქმული, ვიდრე საიმედო თამაშით, მიმდინარე სეზონზე ჯერჯერობით გადაურჩა ტრავმის მიღებას და „გოლდენ სტეიტ უორიორზის” ლიდერად იქცა. კლუბი დასავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერია და თუკი კარი მიმდინარე სეზონზე ტრავმებს გადაურჩება, სავსებით შესაძლებელია, პლეიოფის საგზურსაც გამოჰკრას ხელი.
დრიუ ჰოლიდეი
„ფილადელფიამ” გუნდიდან გაუშვა ანდრე იგუდალი და მის პოზიციაზე მოიყვანა დრიუ ჰოლიდეი, რომლის პროგრესი ამ სეზონში თვალშისაცემია და, არავის გაჰკვირვებია, როცა ის აღმოსავლეთის გუნდის წევრი გახდა ყველა ვარსკვლავის მატჩში. ჰოლიდეის ამჟამად ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის სახელი აქვს და თავის პოზიციაზე კლუბში უალტერნატივოა.
ბრუკ ლოპესი
ბრუკ ლოპესი თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია „ბრუკლინ ნეთსში”. მისგან დიდხანს ელოდნენ მოედანზე გახსნას და მიმდინარე სეზონში ეს მოვლენა დაფიქსირდა კიდეც. ლოპესი ლიგის ყველაზე შედეგიანი ცენტრი და „ნეთსის” მთავარი დამრტყმელი ძალაა. მიხაილ პროხოროვისა და ჯეი-ზის კლუბისთვის იგი ამჟამად ყველაზე ფასეული მოთამაშეა და სწორედ მისი ტრავმიანობის პერიოდს დაემთხვა „ბრუკლინელების” წაგებათა სერია, რასაც მოჰყვა კიდეც მწვრთნელის – ევერი ჯონსონის მოხსნა.
კაირი ირვინგი
„კლივლენდის” ახალგაზრდა გამთამაშებლისგან, კაირი ირვინგისგან, მიმდინარე სეზონში ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას ელოდნენ და ირვინგმაც არ დააღალატა – იგი 2012-2013 წლების სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია და, მიუხედავად იმისა, რომ კლივლენდურ კლუბს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს კონფერენციაში, ირვინგის სახით მათ ნამდვილი ლიდერი და ვარსკვლავი ეზრდებათ, რომელმაც თავისი ფეერიული თამაშით უკვე დაჩრდილა კიდეც ლეგენდარული ალენ აივერსონი, როგორც ლიგის ყველაზე კაშკაშა კალათბურთელი.