აუცილებელია თუ არა ქრისტიანის მიერ ეკლესიისთვის შესაწირავის გაკეთება და როგორ უნდა იქცეოდეს ის საკუთარი ცხონებისთვის
ეკლესია არის ღვთივსულიერი საზოგადოება, ეკლესიას არჩენს, აკურთხებს უფალი ღმერთი და თუ ვინმე მოწყალებას გასცემს, ის ამას საკუთარი ცხონებისთვის აკეთებს, მისი მოვალეობაა. ახალ აღთქმაში პირდაპირ წერია: „იყავით მოწყალენი, რამეთუ თქვენი ზეციერი მამა არის მოწყალე... ნეტარ იყვნენ მოწყალენი‚ რამეთუ იგინი შეიწყალნენ.“ რა არის მოწყალება, როგორ უნდა გავცეთ ადამიანებმა მოწყალება, ამის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი);
– დიდი მამა იოანე ოქროპირი ამბობს: თუ შენ მოუსმენ გლახაკს, შენც მოგისმენენ სამსჯავროს დღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ, როდესაც დადგება ჩვენი განკითხვის დღე და მაცხოვარი მეორედ მობრძანდება, თქვენ არავინ შეგაქებთ იმის გამო, რომ აღსარებას ამბობდით, ეზიარებოდით, დადიოდით ეკლესიაში. ის გეტყვით: მე მშიოდა და არ მაჭამეთ, მე მწყუროდა და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, პატიმრობაში ვიყავი და არ მინახულეთ. უპირველეს ყოვლისა‚ ღმერთი ჩვენს მოწყალებას გადახედავს. ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან შეგახსენებთ, როგორ მდგომარეობაში ჩავარდნენ აბელი და კაენი. როდესაც შენ ბოროტის მოქმედი ხარ, ჩასაფრებულია ცოდვა შენთან. ამიტომ, როცა გაბოროტდები და იტყვი: დავდივარ ეკლესიაში, ვაკეთებ შესაწირს და ღმერთი მაინც არ იწირავსო, ვარდები კაენის ცოდვაში, შურში და განიკითხავ იმ ადამიანს, რომელიც შენზე კარგად გრძნობს თავს, შენზე მოწყალე და კეთილია. როდესაც ადამიანი რამეს სწირავს ღმერთს, ის შესაწირის რაოდენობას კი არ უყურებს, არამედ, უყურებს თქვენს გულს – როგორი განწყობილებით სწირავს მას შესაწირს. ღმერთმა თქვენ მოგცათ ჯანმრთელობა, გონება, აზროვნება და, თუ ამ ნიჭებს‚ წყალობას, რაც უფალმა მოგცათ, არ გასცემთ გულითა და სულით, მით უმეტეს, არ გასცემთ იმას, რაც შრომით, ხელფასით გიშოვიათ. ანუ, გაეცით ის‚ რაც ღმერთმა მოგცათ დაუშურებლად და ღმერთი ამ ყველაფერს შეიწყალებს და წყალობას მოგცემთ.
– რამდენი უნდა შესწიროს ადამიანმა ღმერთს საკუთარი შემოსავლიდან?
– იმაზე გაცილებით ცოტა, რასაც თქვენ ხარჯავთ ექიმებში, ვექილებში; იმაზე უფრო ცოტა, რასაც თქვენ ხარჯავთ გართობაში, ქეიფში, დროსტარებაში და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. ძველ აღთქმაში მალაქია წინასწარმეტყველი უფლის სიტყვით ბრძანებს: „მოიტანეთ მთელის მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში“. აქ საუბარია არა მოძღვრის სახლზე, არამედ, უფლის სახლზე. იაკობ მოციქული ბრძანებს, რომ ღმერთი არავის ცდის და ის არავისგან გამოიცდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში ის ბრძანებს: „აბა, გამომცადეთ თქვენი ცნობიერებით“. ანუ, თქვენ თუ მოიტანთ მეათედს, მე თქვენ ოჯახებს ავავსებ საგანძურით. ეს არის ღვთის სიტყვა. კარგად დაიმახსოვრეთ: რაც არ არის თქვენი‚ ის არ მოგხმარდებათ. თქვენი არის თქვენი ცოდვები, ხოლო „მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსრული, გული შემუსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“.
– მამაო, როგორ უნდა გასცეს ადამიანმა სულიერი და ხორციელი მოწყალებები, რა განსხვავება მათ შორის?
– ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის სულიერი და ხორციელი მოწყალება. აუცილებელი არ არის, რომ თქვენ ეკლესიას შესწიროთ გარკვეული თანხა. ბევრს ხელფასი არ აქვს და ფული არ გააჩნია. ამიტომ, მე გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი შესაწირი ღმერთმა შეიწიროს. მანამდე კი მინდა გითხრათ‚ ვინ არიან გლახაკები, რომლებსაც თქვენ უნდა დაეხმაროთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადამიანს უნდა უყვარდეს უფალი ყოვლითა გულითა, გონებითა, ნებითა და, მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ებრაელები ფიქრობდნენ, რომ მოყვასი მხოლოდ ებრაელი იყო, დანარჩენ, სხვა ეროვნების ადამიანებს მიიჩნევდნენ ძაღლებად და ღორებად. დღეს ბევრი მიიჩნევს ასე, არა მხოლოდ ებრაელები, არამედ, ბერძნები, რუსები, ქართველებიც, რომ ბერძენია ყველაზე კარგი ქრისტიანი, ქართველია ყველაზე კარგი ქრისტიანი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა‚ ეს ძალიან სამწუხაროა და არაეკლესიური სწავლებაა. კითხვაზე, თუ ვინ არის მოყვასი შენი, პასუხი ასეთია: ყველა ის ადამიანი, რომელიც შენგან მოითხოვს, სჭირდება დახმარება – ეს, შეიძლება, ნებისმიერი სარწმუნოების, აღმსარებლობის, ეროვნების ადამიანი იყოს. საეკლესიო სწავლებით, სამი კატეგორიის გლახაკი არსებობს.
– ვინ არიან ისინი?
– პირველი – ეს არის საზოგადო გლახაკები, რომლებიც მრავლად არიან ეკლესიის ეზოში. ბევრი საკუთარი უგუნური ცხოვრებიდან გამომდინარე გახდა გლახაკი, საკუთარი უსაქმურობისგან, სიზარმაციდან გამომდინარე და ეს უკვე მათი ცხოვრების წესად იქცა. რა თქმა უნდა‚ მათაც უნდა დაეხმაროთ; მეორე ტიპის გლახაკები არიან ნებსით გლახაკები, ანუ, ბერ-მონაზვნები. მათ ნებსით, საკუთარი ნებით მიატოვეს ამქვეყნიური ცხოვრება, ყველაფერი და წავიდნენ მონასტერში, ეგლახაკებიან უფალს, ხელგაწვდილები ევედრებიან ღმერთს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის. ეს აღმატებული გლახაკობაა – მათ ყველაფერი დუტევეს ქრისტესთვის, 24 საათი უნდა იყვნენ ლოცვაში, ვედრებაში, ღაღადისში და ღმერთს წყალობას უნდა გამოსთხოვდნენ; მესამე ტიპი – ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელიც უნებლიეთ გახდა გლახაკი. ანუ‚ ხართ პატიოსნები, შრომისუნარიანები, სამსახურიც გაქვთ, მაგრამ, ცხოვრების გარკვეულმა ჭირ-ვარამმა, არსებულმა რეჟიმებმა დაგაგლახაკათ. ხორციელი მოწყალება არის ის, როდესაც ქრისტე მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს და ეტყვის შემდეგ სიტყვებს: „მშიერი ვიყავი და დამაპურეთ, მწყურვალი ვიყავი და მასვით, მწირი ვიყავი და შემიფარეთ, უპოვარი ვიყავი და შემინახეთ, სნეული ვიყავი – მომინახულეთ და მომიარეთ, პატიმარი ვიყავი და მანუგეშეთ“. ასევე: მიცვალებულთა მართლმადიდებლად დამარხვა, რადგან, ამასთან დაკავშირებით ადამიანებმა ბევრი რამ არ იციან სწორად, ბევრი ცრუსწავლება არსებობს. ეს არის შვიდი ხორციელი საქმე და, თუ თქვენ არ გაქვთ მატერიალური შესაძლებლობა, დაეხმაროთ ვინმეს, შეგიძლიათ, ეს დაიმახსოვროთ და ასე გაიღოთ მოწყალება, დამშვიდდებით და ღმერთი თქვენგან შეიწირავს სულიერ მოწყალებას. პირველი – ლოცვას მიცვალებულთათვის ხომ არ სჭირდება თანხა?! შეგიძლიათ, მოძღვარს ჰკითხოთ‚ ვინ არის ეკლესიაში ცუდად, დაეხმაროთ, მოიხსენიოთ ლოცვებში. მოხარულებთან – იხარეთ, მოტირალებთან – იტირეთ‚ ამას სჭირდება მხოლოდ თქვენი ბაგეები, ლოცვა, სურვილი და რწმენა. მეორე – გზაშეცდომილთა მოქცევა – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მრავლად დაეხეტებიან ქუჩაში და ჩვენ ხშირად გვეზარება მათთვის იმის თქმა: წამოდი ეკლესიაში, წამოდი‚ ნახე იქ რა ხდება. ხედავთ‚ ვიღაც ლოთია, ვიღაც მრუშია, ბილწსიტყვაობს, მაგრამ, ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან, არ არის ჩვენი ახლობელი და ამიტომ არაფერს ვეუბნებით. წერია: დუმილით გაიცემაო ღმერთი. როცა შენ ხედავ უსამართლობას, უსულგულობას და ჩუმად ხარ, ესე იგი‚ შენც თანამონაწილე ხდები ამ ყველაფრის და, სხვის შვილს თუ არ დაარიგებ, არ მიანიშნებ იმას, რომ ცუდად იქცევა, მერე შენს ოჯახშიც შემოვა ეს უბედურება. მესამე: უგუნურთა დამოძღვრა ძალიან ძნელია, მაგრამ, მაინც უნდა ვეცადოთ. ოღონდ, ადამიანები უნდა ამხილოთ თქვენი პირადი ქმედებით, მოაქციეთ და არ აჰყვეთ, რომ მისი მსგავსი უგუნური არ გახდეთ. მეოთხე – ეს არის კეთილი რჩევის მიცემა. შენ თუ კეთილი ხარ, იცი კეთილისა და ბოროტის გარჩევა, მაშინ‚ შეგიძლია‚ სხვას მისცე რჩევა. ადამიანი ხომ უცბად არ ხდება ბოროტი, ცუდი. ამიტომ‚ სანამ დაეცემა, მანამდე მიდი და კეთილი რჩევა მიეცი. ვინც სიკეთის მიცემა იცის და არ აკეთებს, ის არის განშორებული უფალთანო‚ – ამბობს იაკობ მოციქული. მეხუთე – ნუგეშინისცემა მწუხარეთა. ასეთი ძალიან ბევრია. მათ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, რადგან, ვის კართან დაიჩოქებს ხვალ სნეულება, არავინ იცის. რაც მთავარია‚ ნუ გახდებით შემფასებლები და, პირიქით‚ დაეხმარეთ მათ ისე, როგორც შეგიძლიათ. მეექვსე მდგომარეობა – ეს არის შურის არ ძიება, ანუ, არ უნდა იყოთ შურისმაძიებლები, არ უნდა თქვათ ვინმეზე: „ხედავთ‚ ღმერთმა როგორ დასაჯა, რა დაემართა!“ ნუ იქნებით ბოროტები, რადგან შეიძლება‚ იმავე განსაცდელში თქვენ ჩავარდეთ და, ის ადამიანი, რომელსაც განიკითხავდით, აქეთ დაგეხმაროთ. ღვთის სამართალზე დიდი და უკეთესი არაფერი არსებობს. მეშვიდე – ეს არის‚ შეუნდო შენს მაგინებელთა. ამის გაკეთება ძალიან გვიჭირს, არ შეგვიძლია მათთვის მიტევება. არადა‚ უფალი გვეუბნება: მიუტევე და შენც მოგეტევებაო. იყავით მოწყალენი, რადგან, თქვენი ზეციური მამა არის მოწყალე.