ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულები
ღვთისმშობელმა იხსნა ლიმნი გერმანელებისგან
გულის შემძვრელი საოცრება მოხდა ფაშისტური გერმანიის მიერ საბერძნეთის ოკუპაციის დღეებში: 1944 წლის ივნისში გერმანელების რაზმი, რომელმაც მანამდე აღგავა პირისაგან მიწისა სოფელი დოსტომი (1944 წლის 10 ივნისი) და ორ დღეში გაანადგურა ექვსასზე მეტი ადამიანი, ახლა გადიოდა ევბეის კუნძულთან. მიზანი იყო ლიმნის სრული განადგურება.
ჯარისკაცთა კოლონამ მიაღწია სოფლის შესასვლელს. უეცრად დამსჯელი რაზმის მეთაურმა პირდაპირ შუა გზაში დაინახა ხელი, რომელიც გზას უღობავდა ჯარისკაცებს და ყურში ჩაესმა საიდანღაც მომდინარე ხმა:
– ეს ადგილი ჩემია! არ შეეხოთ მას!
შეშინებული მეთაური შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და შეშფოთებულმა და აღელვებულმა ჰკითხა:
– ვინ არის ამ ქალაქის მფარველი?
– ლიმნის ღვთისმშობელი, – უპასუხეს მას, – აქ არის ზღვაში სასწაულებრივად ნაპოვნი მისი სასწაულმოქმედი ხატი.
– მხოლოდ ღვთის ძალას შეუძლია ჩემი გეგმის შეცვლა, – აღიარა მეთაურმა და წავიდა ლიმნიდან.
ღვთისმოსავი მეზღვაურის ხსნა
ლიმნელმა მეზღვაურმა – ევანგელი პანტაზისმა ამ სოფლის მღვდლებს მოუთხრო შემდეგი შემთხვევის შესახებ: „იყო 1960 წლის 14 დეკემბერი, ზუსტად 02:30 საათი. ჩვენ გავდიოდით ბოსფორს გემით „მსოფლიოს ჰარმონია“, რომელიც ეკუთვნის ნაირხოსს. მე ჩემს კაიუტაში მეძინა, როდესაც უეცრად ქალის რაღაც ზებუნებრივი ხმა მომესმა, რომელმაც ხმამაღლა მიბრძანა:
– გადახტი ზღვაში!
უნდა ვაღიარო, რომ მე ყოველთვის განვიცდიდი განსაკუთრებულ მოკრძალებას ლიმნის ღვთისმშობლის ხატისადმი და დღედაღამ ვევედრებოდი მას, დავეცავით. უეცრად ვიგრძენი მკვეთრი ბიძგი. გემი მთელი კორპუსით შეირყა. მე ილუმინატორში გავიხედე და დავინახე, რომ ჩვენი ხომალდი ცეცხლშია გახვეული. ჩვენ შევეჯახეთ იუგოსლავიის ტანკერს, რომელსაც გადაჰქონდა საავიაციო ბენზინი და მაზუთი. ძლიერი დარტყმისგან ჩვენი გემის ცხვირი შუაში გაიხლიჩა, იუგოსლავიის ხომალდის ქიმზე კი წარმოიქმნა მეტრი სიღრმის ნაპრალი. გავიაზრეთ რა სიტუაცია, მე და ჩემი მეგობრები ჩავხტით ზღვაში ევროპული თურქეთის მხრიდან. სანამ ჩვენ მივცურავდით, ჩვენ ირგვლივ შეგროვდა მრავალი დელფინი – ასე გვიცავდნენ ისინი ზვიგენებისგან, რომლებიც უხვად იყვნენ ამ რაიონში.
ვიცურე რა ორსაათ-ნახევარი, მაინც მივაღწიე თურქეთის ნაპირამდე. ეკიპაჟის ორმოცდაათი წევრიდან მხოლოდ თერთმეტნი გადავრჩით.
ჩვენი ხსნა ჩვენ მივაწერეთ ჩვენს ლიმნის ღვთისმშობელს. ამიტომ, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გავემგზავრეთ ლიმნში, მის უწმინდეს ტაძარში დავესწარით ლიტურგიას და მადლობა გადავუხადეთ კეთილშობილ დედას მისი სიყვარულისთვის და ჩვენი ხსნისთვის“.