კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის რომელ ისტორიულ შენობას უწოდებენ „მოჩვენებების სასახლეს” და სად აღმოაჩინეს სტალინის ქართულ ენაზე ხელმოწერილი ფოტოსურათი

ლამაზი სასახლე, ქართველ თავადის ქალზე შეყვარებული ევროპელი პრინცი, საიდუმლო ოთახი, მოჩვენება და ტრაგიზმითა და ლეგენდებით გაჯერებული სიყვარულის ისტორია... არ გეგონოთ, რომ ეს რომელიმე ფილმის მოკლე შინაარსია, ეს არის სრულიად რეალური ისტორია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სასახლეს უკავშირდება, სადაც დღეს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული. სასახლის ისტორიაზე მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გვესაუბრება.

 გიორგი კალანდია: სასახლის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა, მათ სიზუსტეზე წყაროები თითქმის არაფერს გვამცნობს. მაგრამ, არსებობს სასახლის პროექტები, რომელთა მიხედვითაც ვიგებთ, რომ სასახლე 1895 წელს აშენდა, თუმცა, თავდაპირველად მას ასეთი სახე არ ჰქონდა. ძირითადი არქიტექტურული ფორმები შენარჩუნებული იყო, მაგრამ, „სიყვარულის კოშკი” მოგვიანებით მიაშენეს. სასახლის აშენების შესახებ არსებობს ასეთი გადმოცემა: თავიდან ეს შენობა აიგო გრაფინია ტიტელისთვის, თუმცა, მოგვიანებით ის გრაფმა ოლდენბურგმა შეიძინა თავისი საყვარლისთვის აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისთვის, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. 1885 წელს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა მიხაი ზიჩი, ის „ვეფხისტყაოსნისთვის” ცოცხალ სურათებს ხატავდა და მას ძალიან მოეწონა აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისა, რომელსაც შესთავაზა ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება „ვეფხისტყაოსნის” ცოცხალ სურათებში. ერთი ვარიანტის მიხედვით, მან ნესტან-დარეჯანის როლი შეასრულა, ხოლო მეორე ვარიანტით – თამარ მეფის როლი. ესაა ცნობილი ნახატი, რომლითაც იწყებს ზიჩი პოემის დასურათებას. სიმბოლურია და საყურადღებო, რომ ცოცხალი სურათების ორიგინალები ჩვენს მუზეუმში ინახება. დაიწყეს აგრაფინა ჯაფარიძის სურათების ხატვა და თბილისში ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა, რასაც ესწრებოდა თბილისური ინტელიგენცია, მათ შორის ამ სანახაობას პრინც ნიკო დადიანთან ერთად ესტუმრა გრაფი ოლდენბურგი, რომელმაც ნახა აგრაფინა ჯაფარიძე, ძალიან მოეწონა და  ვერაფრით შეძლო ამ ქალის დავიწყება. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ორად იყოფა. ერთი ვერსიით, მან ერთი მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზა აგრაფინა ჯაფარიძის მეუღლეს, პრინც ტარიელ დადიანს, რომ მისთვის ერთი ღამით დაეთმო მეუღლე, ამიტომ, ამ სასახლეს „ერთი ღამის სასახლესაც” უწოდებენ; მეორე ვერსიის თანახმად კი გრაფმა ოლდენბურგმა ტარიელ დადიანს ნარდში მოუგო აგრაფინასთან ერთი ღამის გატარება. მთელი თბილისი ხუმრობდა „ტარიელმა პრინცს მისცაო აგრაფინა კისკისაო”. მოკლედ, ნარდში წააგო თუ ნებით დაუთმო, ამის თქმა ძნელია, მაგრამ, ერთი კი ცხადია, რომ აგრაფინა ჯაფარიძე კონსტანტინე ოლდენბურგის კუთვნილება გახდა. ამბობენ, რომ თავად აგრაფინა ძალიან გაბრაზებულა ამ მოვლენაზე. მისმა ერთ-ერთმა შთამომავალმა მიამბო, რომ, თურმე, როდესაც ის ეტლში ჯდებოდა, ტარიელ დადიანმა დაუჩოქა და პატიება სთხოვა,  აგრაფინამ კი საპასუხოდ, მოიგლიჯა ოქროს გულსაკიდი, რომელშიც ტარიელის პორტრეტი იდო და ფეხებთან დაუგდო – ანუ, არანაირი პატიებაო. აგრაფინამ უარი თქვა პრინცთან შეხვედრაზე და ეს უარი დიდხანს გაგრძელდა. დასრულდა მაშინ, როდესაც დაიწყო სასახლის მშენებლობა, ანუ, აგრაფინას გული მოიგო. ამბობენ, როდესაც მშენებლობა დასრულდა, სამეჯლისო დარბაზში მიღება გაიმართა და მამაკაცებმა შარვლის ტოტები, ქალბატონებმა კი კაბები აიწიეს, რადგან, იფიქრეს, რომ წყალში შევიდნენ, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დაგებული იყო ბროლის იატაკი. სხვათა შორის, ეს ამბავი „ლაშარელაში” ფიგურირებს – ამ თქმულებას იყენებს გრიგოლ აბაშიძე თამარ მეფის სასახლის აღწერისას. იატაკის ისტორია მწერალს ამ სასახლიდან აქვს გაგონილი. 

– სასახლის არქიტექტორი ვინ იყო?

– ცნობილი თბილისელი არქიტექტორი პაულ შტერნი. სასახლე ნამდვილი არქიტექტურული შედევრია, მსგავსი შენობები თბილისში ძალიან იშვიათია. ეს არის ისლამური გოთიკა და შენობა შიგნიდანაც ძალიან ლამაზია. სასახლის შესახებ ორი თქმულება არსებობდა, ერთი ეხება „სიყვარულის კოშკს”, მეორე კი – მოჩვენებას. პირველის თანახმად, გრაფმა სასახლეს კოშკი მიაშენა. როგორც ჩანს, ქორწინების ამბავი ძალიან გაჭიანურდა. გრაფი რუსეთის იმპერატორის ბიძაშვილი გახლდათ, აგრაფინა ჯაფარიძე კი – ტარიელ დადიანის მეუღლე და გაყრის მომენტი მხოლოდ თქმულების დონეზეა ცნობილი. სანამ აგრაფინამ გრაფინია ზარნიკაუს წოდება არ მიიღო, მანამ ვერ დაქორწინდა. იმის გამო, რომ ურთიერთობას ოფიციალურ სახეს ვერ აძლევდნენ, კონსპირაციულად უხდებოდათ შეხვედრა და ამ შეხვედრებისთვის აშენდა კოშკი. თავდაპირველად ეს ისტორია ჩემთვისაც ლეგენდას წარმოადგენდა, მაგრამ, ჩვენთვის მოულოდნელად, ისე, რომ არც ერთმა თანამშრომელმა არ იცოდა, დახვეული კიბეების ზემოთ აღმოჩნდა საიდუმლო ოთახი, რომელში შესვლაც მხოლოდ სახურავიდან არის შესაძლებელი. არსებობს მეორე თქმულება, რომელიც ამ სასახლეს უკავშირდება და რამაც სასახლეს გაუჩინა მესამე სახელი –  „მოჩვენებების სასახლე” (მანამდე „სიყვარულის სასახლე” და „ერთი ღამის სასახლე” ერქვა). ამ სასახლეში აგრაფინა ჯაფარიძის შემდეგ ცხოვრობდა (ამის დამადასტურებელი ცნობები არსებობს) პრინცი ნიკო დადიანი, თუმცა, მოპირდაპირე მხარეს ციციშვილების სახლია და იმათ გვიამბეს, რომ აქ ცხოვრობდა პრინცი მიურატი, რომელსაც ციციშვილის ქალი შეუყვარდა. პრინცს გაკეთებული ჰქონდა საჩრდილობელი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ და ყავას სვამდნენ. ასევე, არსებობს ლეგენდა, რომ პრინცმა გაათხრევინა გვირაბი, რომლის საშუალებითაც ეს ორი სახლი ერთმანეთს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, აგრაფინა ჯაფარიძის წასვლის შემდეგ აქ ბინა დაიდო მოჩვენებამ. არსებობს ვერსია, აგრაფინასი და მისი შვილების ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა – თითქოს აგრაფინა აქ დაახრჩვეს; მეორე ვერსიით კი აგრაფინა ჯაფარიძე ქუთაისში გარდაიცვალა. ეს ისტორიაც მისტიკითა და ბურუსით არის მოსილი, თუმცა, როგორც ყვებიან გარშემო მცხოვრებნი და ამ სასახლის რამდენიმე ვიზიტიორი, თითქოსდა კოშკის თავზე ჩნდებოდა ქალის მოჩვენება, რომელიც ტიროდა. ეს თემა ძალიან აიტაცა ხალხმა, მე პირადად მოჩვენება არ მინახავს (იცინის), მაგრამ, ამ ხმების გავრცელების წინააღმდეგი არ ვარ.

– საიდუმლო ოთახზე რას გვეტყვით?

– ეს არის მართლაც საიდუმლო ოთახი, რომელსაც სხვა არქიტექტურული ჩანაფიქრი არ გააჩნია. არ შეიძლება, რომ ოთახს ჰქონდეს სამეურნეო ან საყოფაცხოვრებო დანიშნულება და მასში შესვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ სხვენში ასვლით. გარდა ამისა ფაქტია, რომ მას აქვს შენიღბული ფანჯრები, ანუ, შორიდან ფანჯარა არ ჩანს. ოთახს მე და ჩემმა მოადგილემ, ირაკლი ზამბახიძემ, სრულიად შემთხვევით მივაგენით, წვიმა მოვიდა, შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და, შეგვეშინდა, რომ სახურავიდან წყალი არ ჩამოსულიყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სახურავი შეგვემოწმებინა და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინეთ შემთხვევით ეს ოთახი. სასახლის დამთვალიერებლების დიდი ნაწილი ამ საიდუმლო ოთახით ინტერესდება, ამიტომ, ჩაფიქრებული გვაქვს ტური, რომ საგამოფენო დარბაზების ნახვის შემდეგ ადამიანი ავიდეს სხვენში, დაათვალიეროს კონსტრუქციები და მოინახულოს საიდუმლო ოთახი. 

- სასახლის გერბზე რას გვეტყვით?

– ეს არის ერთადერთი შენობა თბილისში, რომელზეც საგვარეულო გერბია გამოსახული. თვითონ გერბის შესახებაც რამდენიმე ვერსია არსებობს: ეს ცხენი ანუ მარტორქა, მითიური ცხოველი მონოცეროზი როგორც მას უწოდებენ,  დამახასიათებელია ქართული ჰერალდიკისთვის, კერძოდ, „ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ის გამოსახული იყო დავით აღმაშენებლის ჯვარზე. ლეგენდის თანახმად, დავითმა ასეთი ცხენი ნახა. როდესაც ამ საკითხის ძიება დავიწყეთ, ქართული საგვარეულოს წარმომადგენლებისგან მხოლოდ რუსიშვილებს ჰქონდათ ასეთი გერბი, თუმცა, ამ სასახლესთან რუსიშვილებს არასდროს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ. დიდი ხნის კვლევა-ძიების შემდეგ დავადგინეთ, რომ გერბი კვლავ აგრაფინა ჯაფარიძის სახელს უკავშირდება. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მონოცეროზი იყო ქალბატონის, წმიდა ქალწულის სიმბოლური გამოსახულება, ამასთანავე, რაინდები ხშირად გამოსახავდნენ მას თავიანთი შეყვარებულების სიმბოლოდ. როგორც ჩანს, პრინცმა ოლდენბურგმა ამ გერბით გამოსახა აგრაფინა ჯაფარიძის სიმბოლური გამოსახულება. ეს გერბი უშუალოდ არც ოლდენბურგებს უკავშირდება და არც, მით უმეტეს, ჯაფარიძეებს, ჩვენი ლოგიკური დასკვნით, ის პრინცის სიყვარულთანაა დაკავშირებული. საგამოფენო დარბაზის შუშებზეც ეს  ცხენია გამოსახული, რაც ნიშნავს, რომ მონოცეროზი სიყვარულის სიმბოლოა. 

– ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში სასახლეში ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი იყო განთავსებული, ამის შესახებ რას გვეტყვით?

– დიახ, საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში მართლაც იყო განთავსებული ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი.  ჩვენ ვიცით, რომ ყრუ-მუნჯი იყო ლავრენტი ბერიას და. ეს იყო თბილისში ყრუ-მუნჯთა ერთადერთი  სასწავლებელი და, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ აქ სწავლობდა ბერიას და და, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ სასახლე გადაურჩა დანგრევას. 1920-იან წლებში არქიტექტორმა როგოისკიმ დაიწყო ამ შენობის მეორე ნაწილის მიშენება, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო, რადგან, მალევე გარდაიცვალა და, მშენებლობა შემდგომ, უკვე 1940-იან წლებში, ლავრენტი ბერიას დროს დასრულდა. მისი და კი იყო ყრუ-მუნჯი, მაგრამ, მხედველობა ჰქონდა და მას უთხოვია ძმისთვის, რომ ამ შენობის იერსახე არ გაეფუჭებინათ და ეს ფლიგელი წინა ფასადის გამეორებით მიეშენებინათ. საბჭოთა არქიტექტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფასადი ძალიან კარგად არის გამეორებული. როგორც ჩანს, პრინცი ძალიან ჩქარობდა ამ სასახლის აშენებას და ამიტომ შენობას არ გააჩნდა საძირკველი – პირდაპირ მიწაზე იყო აშენებული. ამჟამად სასახლეს მთლიანად აქვს გამოცვლილი საძირკველი. 1989 წელს სასახლე მუზეუმს გადაეცა და იმ დროისთვის შენობა თითქმის მთლიანად იყო ამორტიზებული. ვფიქრობ, მუზეუმისთვის იდეალური შენობაა. შენობა შიგნით ძალიან გაფუჭებული იყო, თან, ბევრ ისეთ ადგილას იყო გადატიხრული, სადაც არ შეიძლებოდა; როგორც ჩანს, საბჭოთა დროს აქ რამდენიმე დაწესებულება განათავსეს. შენობის რეაბილიტაცია 2009  წელს დაიწყო, რაც ნელ-ნელა და წარმატებით მიმდინარეობს.

– სტალინის ავტოგრაფიანი ფოტოს აღმოჩენის ისტორიაც დააინტერესებს ჩვენს მკითხველს.

– ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმში ინახება ძალიან დიდი საგანძური; მთელი ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ინტელექტუალური ცოდნა აქ არის დაცული. პირველი ქართული ოპერები, ზაქარია ფალიაშვილის „დაისი” და მისი პარტიტურები, ნატო ვაჩნაძის არქივი და ასე შემდეგ. ეს არქივები ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა, გაუბედურებული და გაფანტული იყო. რაც უპირველესად გავაკეთეთ და ძალიან მეამაყება, ჩვენ დავიწყეთ ფონდებისა და საგანძურების მოწესრიგება და დღეს ფონდებში იდეალური მდგომარეობაა. მაგალითად, აგრაფინა ჯაფარიძის დროინდელი სარკე, რომელიც სარდაფში ვიპოვეთ დამტვრეული და დალეწილი; ასევე, მახსოვს, გზაში ვიყავი, როდესაც თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, სტალინის ხელნაწერი ვიპოვეთ სარდაფშიო. როგორც ჩანს, სტალინის ფოტო ავტოგრაფით სარდაფში მაშინ მოხვდა, როდესაც სტალინის კულტი იდევნებოდა, თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით. ძალიან საინტერესო ექსპონატია, დათარიღებულია 1937 წლის 23 იანვრით, როდესაც ქართველი ხელოვანები, მათ შორის ილიკო სუხიშვილი, დავით ჯავრიშვილი და სხვები, მოსკოვში ქართულ დეკადაზე იყვნენ ჩასულები და სტალინმა ამ დეკადის მონაწილეებს აჩუქა თავისი ფოტოსურათები. ცნობილია, რომ ეს ფოტოსურათი სტალინმა სამ ადამიანს აჩუქა: ილიკო სუხიშვილს, მიხეილ ჭიაურელსა და ელენე გვარამაძეს. ილიკო სუხიშვილისთვის მიცემული ფოტო, როგორც ვიცი, სუხიშვილების კოლექციაში ინახება, მიხეილ ჭიაურელის შესახებ ვერ გეტყვით, შესაძლოა, სახლ-მუზეუმშია, და მესამე ფოტო კი ჩვენს მუზეუმში ინახება. საყურადღებოა, რომ ფოტოზე სტალინის მიერ ქართულად არის გაკეთებული წარწერა: „ე. გვარამაძეს ი. სტალინისგან. 1937 წელი, მოსკოვი”. უცხოელები, განსაკუთრებით – გერმანელები, ინტერესდებიან ამ ფოტოთი და უკვირთ, რომ იმ პერიოდში სტალინი ქართულად აწერდა ფოტოს; პირადად მეც გამიკვირდა, რადგან, ვიცოდი, რომ სტალინი იმ პერიოდში მთლიანად რუსულ ენაზე იყო გადასული და, ამ თვალსაზრისით, საინტერესო ექსპონატია.

скачать dle 11.3