კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ჰყავდა პირველი ავტომობილი ტფილისში და რა ისტორია აქვს მადამ ბოზარჯიანცის სახელით ცნობილ სახლს

თბილისის ცენტრალური უბნების ქუჩებზე, რომლებსაც წარსულში სულ სხვა სახელები ერქვა, არაერთი საინტერესო სახლი დგას. ამ სახლებს თბილისის ისტორიასთან უშუალო კავშირი აქვთ, რადგან იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ადამიანები, რომელთა გვარებს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის ყველა მოსახლე იცნობდა და პატივს სცემდა. ძველი ფოტოების დახმარებით საუკუნოვანი სახლების ისტორიის გაცოცხლებას შევეცდებით.

მადამ ბოზარჯიანცის სახლი

დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე, რომელიც წარსულში გუდოვიჩის ქუჩად მოიხსენიებოდა, ¹12-ში „მადამ ბოზარჯიანცის სახლის“ სახელით ცნობილი სამსართულიანი ნაგებობა დგას, რომელიც თბილისელ თამბაქოს მრეწველებს, ძმებ ბოზარჯიანცებს ეკუთვნოდათ. 1915 წელს ეს სახლი თბილისის საუკეთესო სახლის გამოსავლენ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მიიღო, თუმცა, საუკეთესო ფასადის მქონე სახლის სახელი მაინც ეწოდა, რადგან, ოქროს მედალი და, შესაბამისად, პირველი ადგილი, არავის აღარ მიაკუთვნეს – ორგანიზატორებმა ვერ ნახეს თბილისში სახლი, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატი გახდებოდა. „არტ-ნუვოს” სტილში აგებული შენობის არქიტექტორი მიხეილ ოგაჯანოვი გახლდათ. ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა შეძლებულ ბოზარჯიანცებს ევროპიდან, კერძოდ, ვენეციიდან და პარიზიდან გამოუწერიათ. არსებობს ლეგენდა, რომ ამ სახლის საძირკველში ბრილიანტებია ჩაყრილი – მდიდარი ბოზარჯიანცები და მათი მეგობრები ფაეტონებიდან ყრიდნენ ძვირფას თვლებსა და ბრილიანტებს სახლის ფუნდამენტში, რადგან, მათი აზრით, ბრილიანტი ბედნიერების მომტანი იყო, თუმცა, ოჯახის საქმე  1917 წლის რევოლუციის შემდგომ სულ სხვაგვარად წარიმართა. მაგრამ, მანამდე თამბაქოს წარმოებაზე მოგახსენებთ, რომლითაც დაკავებული იყო ბოზარჯიანცების ოჯახი. პირველი თამბაქოს საწარმო ტფილისში ბოზარჯიანცებმა 1858 წელს გახსნეს, რომელიც მოგვიანებით სააქციო საზოგადოებად აქციეს – „ბოზარჯიანცი და შვილები”. საწარმოს რამდენიმე საფირმო მაღაზია ჰქონდა გახსნილი სასახლის ქუჩაზე, სარაჯიშვილის სახლში და საწარმოსთან ახლოს, ვარდის მოედანზე, ავლაბარში. ცნობისთვის, შენობას „მადამ ბოზარჯიანცის სახლი“ იმიტომ დაერქვა,  რომ მთლიანი ქონება ძმებს თავიანთ მეუღლეებზე ჰქონდათ გადაფორმებული – იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი გაკოტრდებოდნენ. ბოზარჯიანცი მდიდარი ადამიანი რომ იყო, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ის იყო პირველი თბილისელი, რომელსაც ჰყავდა ავტომობილი და მას პარიზიდან ჩამოსული მძღოლი ემსახურებოდა. ავტომობილის სადგომი სახლის ეზოში დღემდეა შემორჩენილი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოზარჯიანცის სახლი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და იქ რამდენიმე ოჯახმა დაიდო ბინა, მათ შორის, ამ სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლავრენტი ბერია ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ 1898 წელს იოსებ სტალინი სწორედ ბოზარჯიანცის თამბაქოს საწარმოში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ წრეს და ამ და სხვა საწარმოების მუშების დახმარებით, 1900 წელს, გაფიცვები მოაწყო. გასაბჭოების შემდგომ ბოზარჯიანცის თამბაქოს მუშაობა არ შეუწყვეტია, აქ იწარმოებოდა ცნობილი სიგარეტი „პრიმა”. „მადამ ბოზარჯიანცის სახლი“ იმითაც არის საინტერესო, რომ ის საბჭოთა დროს გადაღებულ ორ ცნობილ ფილმში ფიგურირებს: „გაზაფხულის 17 გაელვება” და „დათა თუთაშხია“. 

ენფიაჯიანცის სახლი

ამბარცუმ ენფიაჯიანცის თამბაქოს ფაბრიკა თბილისში უძველესი იყო – ის 1852 წელს გაიხსნა. საწარმოს ტექნიკა მოსკოვიდან და დასავლეთ ევროპიდან ჩამოიტანეს და დღეში იქ 35 ათასი ცალი პაპიროსი იწარმოებოდა. 1893 წელს ჩიკაგოში გამართულ გამოფენაზე ენფიაჯიანცის პროდუქციამ უმაღლესი პრემია მიიღო. ენფიაჯიანცის პაპიროსების საფირმო მაღაზიები თბილისში რამდენიმე ქუჩაზე იყო გახსნილი: ვორონცოვის მოედანზე, გოლოვინის პროსპექტზე და ერევნელის მოედანზე, სასტუმრო „კავკაზის” პირველ სართულზე. თვით ენფიაჯიანცის შესახებ მცირე ცნობების მოძიება მოხერხდა: ცნობილია, რომ თამბაქოს საწარმოს გარდა, მას საკუთარი სტამბა ჰქონდა. მეწარმე ვაგზლის ქუჩაზე, ამჟამინდელ თამარ მეფის გამზირის ¹8-ში მდებარე ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. 

თბილისის ქალთა მესამე გიმნაზია

წარსულში ბებუთოვისა და ენგელსის, ამჟამად კი ლადო ასათიანის ქუჩის ¹28-ში მდებარე მე-6 საავტორო სკოლის შენობა სოლოლაკში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და მისტიკურ შენობად ითვლება. გოთურ სტილში აგებული სახლი 1905 წელს აშენდა თბილისელი არქიტექტორის – ალექსანდრ ოზეროვის პროექტით, რომელიც იმხანად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქტიტექტორი გახლდათ და მისი პროექტით იყო აგებული რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის: ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი წინანდალში, ძმები ფორერების სახლი მიხეილის (აღმაშენებლის) გამზირზე, თბილისის ფოსტის შენობა მიხეილის (აღმაშენებლის) გამზირზე და ბევრი სხვა. ლადო ასათიანის ¹28-ში აგებული შენობა თავიდანვე გიმნაზიაზე იყო გათვლილი და მშენებლობის ხარჯები მრეწველმა ანანოვმა გაიღო. ფასადს დღემდე აქვს შენარჩუნებული პირველადი იერი. რაც შეეხება არქიტექტორ ოზეროვს, ის მანგლისში იყო დაბადებული, განათლება სანკტ-პეტერბურგში ჰქონდა მიღებული და სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე ცხოვრობდა. ის 1922 წელს გარდაიცვალა და კუკიის ძველ სასაფლაოზეა დაკრძალული. 

скачать dle 11.3