როგორ იპოვეს საქართველოში მცხოვრებმა ნათესავებმა ბიძის ცხედარი ესტონეთში
ჟურნალისტის შენიშვნა: სამამულო ომმა ათეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და დღემდე ეძებენ მათ საფლავებს. რუსეთში ცხოვრობს ჩემი კოლეგა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარება – 56 წლის ტატიანა ევგენის ასული მიშინა. ის ათი წელია, რაც ამ საქმეს ემსახურება. საქართველოდან კი 50 ადამიანს დაეხმარა დაკარგული ახლობლების პოვნაში. დღევანდელი ისტორია ეხება ისეთ შემთხვევას, რომელიც, ალბათ, საუკუნეში ერთხელ თუ მოხდება. კერძოდ, ესტონეთში იპოვეს სამამულო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი, საქართველოში კი, ჩოხატაურის რაიონში, ამ ჯარისკაცის ნათესავები ცხოვრობენ... დანარჩენს ჩვენს ინტერვიუში თავად ქალბატონი ტატიანა უამბობს მკითხველს.
– ტატიანა, თქვენ წლების განმავლობაში ეხმარებით ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში და, ვიცი, რომ მათ შორის ქართველებიც არიან. რომელ ისტორიაზე გაამახვილებდით ყურადღებას, რომელი ისტორია მიგაჩნიათ მათ შორის ყველაზე საინტერესოდ?
– საბედნიეროდ, მე მაქვს იმის საშუალება, რომ დავეხმარო ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში – ეს ჩემი ცხოვრებისეული ჰობია. ვიცი, რომ კარგად გამიგებთ (იცინის). ქართველებსაც არაერთხელ დავხმარებივარ. მაქვს ჩემი საკუთარი საიტი poisksvouh.ru, ასევე, ვიღებ თხოვნებს ელექტრონულ ფოსტაზე. ვცდილობ, არც ერთი ისტორია არ დავტოვო უყურადღებოდ, რაც, ცოტა არ იყოს, რთულიცაა. სულ ახლახან დამირეკეს ჩემმა ესტონელმა კოლეგებმა სამძებრო განყოფილება „ვირონიიდან“, რომლებიც დაკავებულნი არიან სამამულო ომის დროიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა პოვნითა და მათი ვინაობის დადგენით. ესტონეთის ტყეში ჩატარებული ძიების შედეგად, 2012 წლის 5 მაისს იპოვეს სამამულო ომის დროს დაკარგულად მიჩნეულ ჯარისკაცთა 12 ცხედარი. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა ორი მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის. რუსი კოლეგების დახმარებით, ესტონელებმა გაარკვიეს, ვის ეკუთვნოდა ეს მედლები (მედლების ნომრების წყალობით). პოდოლსკის არქივის მეშვეობით კი გაირკვა, რომ ორივე მედლის მფლობელი იყო ქართველი ჯარისკაცი – ალექსანდრე ილიკოს ძე ბერიძე, რომელსაც მედლები 1944 წლის 13 ივლისს გადაეცა.
– მაინც, როგორ დაადგინეს, რომ ნაპოვნი ჯარისკაცი ქართველია?
– ნაპოვნი ჯარისკაცი რომ ქართველია, მედლების წყალობით გაირკვა. გაიკრვა, რომ ალექსანდრე ილიკოს ძე ბერიძე, დაბადებული 1919 წელს, იყო ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუბნარიდან. ნაპოვნი ქართველი ჯარისკაცი პირველი მსროლელი ბატალიონის, 131-ე დივიზიის მეტყვიამფრქვევე ყოფილა. ის დაჯილდოებული იყო მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“, 743-ე მსროლელი პოლკის ბრძანებით. 1941-1945 წლებში სამამულო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეულთა დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ ნაპოვნი ჯარისკაცი იყო ქართველი, ჩოხატაურის რაიონიდან და რომ ის დაიღუპა 1944 წლის 3 აგვისტოს, ხოლო დასაფლავების ადგილი მითითებული არ იყო. იმავე დოკუმენტში ეწერა, რომ ალექსანდრეს ნათესავები ცხოვრობენ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუბნარში. ნათესავების შესახებ მეტი არანაირი ინფორმაცია არ იყო. მომმართეს თხოვნით, როგორმე დამედგინა ნაპოვნი ჯარისკაცის ნათესავების ვინაობა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუბნარში, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩემი მხრიდან მე ამ საქმეში ჩავრთე ჩემი ქართველი მეგობარი ქალბატონი, რომელმაც დამიდგინა, რომ ჩოხატაურის რაიონში მართლაც არის მსგავსი სახელწოდების სოფელი, თუმცა, მას ცოტა სხვაგვარი სახელი აქვს. მანანა დაუკავშირდა ამ სოფლის მცხოვრებლებს და მათი საშუალებით გაირკვა, რომ ნაპოვნი ჯარისკაცის გვარიც შეცდომით იყო დაწერილი – ის სინამდვილეში ბერაძე ყოფილა. ვიპოვეთ მისი ნათესავები, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ნაპოვნი მათი ბიძა იყო. ისინი ამჟამადაც ჩოხატაურში ცხოვრობენ და მაისში მიწვეულები არიან ესტონეთში, ბიძის გადასვენებაზე დასასწრებად და მათთვის მედლების გადასაცემად. ესტონელი მაძიებლები მოხარულნი იქნებიან დაკარგული ნათესავების ნახვით. პირადად მე ამ ისტორიის გახსენება ყოველთვის მიხარია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სასწაულია ათეული წლების წინ მომხდარი ამბის გახსნა და, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ ნაპოვნი ჯარისკაცის ნათესავებმა გაიგეს მათი ბიძის ქვეყნის წინაშე დამსახურების შესახებ.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.