როგორ დააწყებინა ზაზა მარჯანიშვილს ახალი ცხოვრება მეოთხე ცოლმა და როგორ შექმნა მან თბილისში „ახალი ორლეანი“
მას შემდეგ, რაც ამერიკიდან თბილისში დაბრუნებულმა ნიჭიერმა მუსიკოსმა ზაზა მარჯანიშვილმა ცხოვრება მარინა სალუქვაძეს დაუკავშირა, მის ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო. ახალ, საინტერესო შემოთავაზებებს ამერიკული კლუბის – „ზაზანოვას” გახსნაც მოჰყვა, სადაც ზაზა მუსიკას უძღვება, მარინა კი, რომელიც მუსიკოსის აზრით, ბედის საჩუქარი აღმოჩნდა – კლუბის კომერციულ მხარეს.
ზაზა: ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი მაქვს, მიმიწვიეს რამდენიმე ტელეპროექტში. თბილისში წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვედი ამერიკიდან, სადაც 18 წელი ვცხოვრობდი. მე, ფაქტობრივად, თავიდან მომიწია ქართული ცხოვრების სტილის შესწავლა. მეგობრები დღემდე ხუმრობენ ჩემზე – ეს ისევ ამერიკაშია ჩარჩენილიო. საკუთარ თავს ვატყობ, რომ ხშირად ამერიკულად ვაზროვნებ, რადგან, ჯერ კიდევ გაურკვეველია ბევრი „ჩვენებური საკითხი”. ჩვენთან ურთიერთობის კანონებიც სხვანაირია, ბევრი ჩახლართული ისტორია უკავშირდება ერთმანეთს. მარტივ მაგალითს გეტყვით, ტაქსი რომ გააჩერო რუსთაველზე და უთხრა: აქედან ვაკემდე რამდენად წამიყვან, ისიც კი არ გეუბნება სათქმელს პირდაპირ და, რამდენსაც მომცემო – „გთავაზობს”.
– ამასაც აქვს თავისი ხიბლი. თქვენ მართლაც ამერიკულ სტანდარტებზე დარჩენილხართ მორგებული.
– ეს არაა სტანდარტი, ჩემი წასვლის შემდეგ აქ ბევრი რამ შეცვლილა. ვგიჟდები ამერიკაზე, სულ მენატრება იქაურობა – ქალაქი, სადაც ვცხოვრობდი; ამერიკელი მეზობლებიც კი მენატრებიან ხოლმე. თქვენ გგონიათ, მეზობლობა მარტო ქართველებმა ვიცით? არა, რა თქმა უნდა. ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანს შორის, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა, ისევე, როგორც განსხვავება იქნება თბილისსა და ტალინს შორის. ნიუ-ორლეანელები, როგორც სამხრეთელები, ჩვენ ძალიან გვგვანან. ტორტს რომ გამოაცხობს რომელიმე ზანგი მეზობელი, აუცილებლად მოგიკითხავს და ჩვენც იმავეს ვაკეთებდით. ქართულ სოფლებში დღემდეა შემორჩენილი ძველი ტრადიცია, რომ აბსოლუტურად უცნობ ადამიანს უნდა მიესალმო და ოჯახი მოუკითხო. ახალ ორლეანშიც არის ასეთი წესი: ადამიანი რომ შეგხვდება, აუცილებლად გკითხავს: დედა როგორ არის?
– ნიუ-ორლეანში მეზობლებთან გქონდათ ურთიერთობა?
– მქონდა რომელია! იქ ყველა იცნობს ერთმანეთს. მე, როგორც აქ, იქაც ვიცავდი კანონებს და 11 საათის შემდეგ ყურსასმენებით ვმუშაობდი. თუ დღესასწაული იყო, ყველა მეზობელს ჩავუგდებდი ხოლმე წერილს საფოსტო ყუთში: „მაპატიეთ, დღეს სტუმრები გვყავს და, შეიძლება, გვიანობამდე შეგაწუხოთ“. იმავეს აკეთებდნენ ისინიც.
– ცოტა ხნის წინ თბილისში გააკეთეთ პოპულარული კლუბი – „ზაზანოვა”. ბიზნესს როგორ უძღვებით, აღმოგაჩნდათ კომერციის ნიჭი?
– კომერციის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ღმერთის მადლით, აქ არის საშუალება, რაც შეიძლება მეტი მუსიკოსი ეზიაროს სცენას. კვირაში შვიდი დღე გვაქვს ცოცხალი მუსიკა. კლუბში ჩემი „ნიუ-ორლეანი“ მაქვს: ფერები, სამზარეულო, სერვისი, განწყობა... ამიტომაც, ბევრი ამერიკელი მოდის ჩვენთან, მათ შორის არიან ჩემი მეგობრებიც, ჩამოდიან სტუმრად. მალე მე და მარინაც ვაპირებთ ამერიკაში წასვლას – ალბომი უნდა ჩავწერო იქ. კლუბში ყველას მკაცრად გვაქვს კლასიფიცირებული ჩვენი საქმე: კომერციული მიმართულება მარინას აბარია, ჩემი საქმე მუსიკა და მასთან დაკავშირებული თემებია.
– მარინა კარგი ბიზნესპარტნიორიც აღმოჩნდა?
– მარინა იმდენად ნიჭიერი ქალია, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი კარგად გამოსდის, დაწყებული კერძის მომზადებით, კლუბის მართვითა და სიმღერით დამთავრებული. მას სისხლში დები იშხნელების სისხლი ურევია, ასე რომ, მუსიკისა და სიმღერის ნიჭი გენეტიკურად მოსდგამს. მარინა ჩემს ახალ ალბომშიც აქტიურ წვლილს შეიტანს. ჩვენ ბევრ რამეს ვაგვარებთ ერთად, მაგრამ, მარინა, ფაქტობრივად, მაინც ამ კლუბის გენერალური მენეჯერია.
– არ მითხრათ, რომ საკუთარ კლუბში ყავისა და ვახშმის ფულს გახდევინებთ მეუღლე.
– დიახ, მე ჩემი ყავით მოვდივარ კლუბში (იცინის).
მარინა: აშკარად ხუმრობს, ასეც არაა საქმე.
ზაზა: მე უფრო მეტს ვფიქრობ მუსიკაზე, მის ჟღერადობაზე და რეპერტუარზე. არ შეიძლება, ერთმა კაცმა იფიქროს, რამდენი კარტოფილი და ხორცია საყიდელი და რომელი გიტარისტი უნდა მოვიყვანოთ. ამაზე უფრო მარინა ზრუნავს, მე ჩემს ამბავში ვარ ჩართული.
– მარინა თქვენთვის მეოთხე ცოლია ორი ქართველი და ერთი ამერიკელი მეუღლის შემდეგ. მრავალცოლიანი კაცის რეპუტაცია გაქვთ. ფიქრობთ, რომ საბოლოოდ ჩაუშვით ღუზა?
– ოთხი ცოლი მრავალცოლიანი კაცის რეპუტაციას მიქმნის? ეს ხომ წარსულში იყო, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. სიმართლე გითხრათ, მარინამ დააბალანსა ის, რაც მაკლდა. მე ვფიქრობ, პირადი ცხოვრება ასეა: ზოგს უმართლებს, ზოგს – არა; ზოგი გვიან იზრდება, ზოგი – ადრე. ყველას თავისი დრო აქვს, ვფიქრობ, რომ ჩემი დრო მარინასთან მოვიდა, ალბათ, ცხოვრება ახლა დავიწყე. რამდენნაირი ეროვნების, ფსიქიკის, გემოვნების ქალთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ, ასეთი უნივერსალური და საინტერესო ქალი ბევრი არ მინახავს. მე სულით მონარქისტი ვარ და, ეტყობა, მარინას „ცისფერი სისხლიც“ მიზიდავს, რაც მის საქციელსა თუ ხასიათში, სიკეთის გაკეთებასა და გაცემაში ვლინდება. მოკლედ, მარინა ბედის საჩუქარია ჩემთვის.
– ამერიკელი ცოლი ცუდად შემორჩა თქვენს მოგონებებს?
– არა, ამერიკელები ძალიან კარგები არიან – თბილები, გულღიები, პირდაპირები, უფრო პურიტანებიც კი, ვიდრე ქართველები. პერანგსაც ურეცხავენ ქმარს, თუ ქმარი სთხოვს; თუ ცოლი ავადაა, ქმარსაც არ რცხვენია ის გააკეთოს, რაც ოჯახისთვის არის საჭირო... ასე რომ, ლურსმანი და ჩაქუჩი მეც მჭერია ხელში. თბილისშიც დამიჭრია ხახვი, მარინასთვისაც, როცა თვითონ სხვა რამეს აკეთებდა და არ ეცალა.
– წინსაფარს იკეთებდით სამზარეულოში?
– მე დიდხანს ვიცხოვრე დამოუკიდებლად და სამზარეულოშიც ვერკვევი. ქალსა და სამზარეულოს საწინააღმდეგო ბანაკად და მტრად არ აღვიქვამ – ამერიკელი მამაკაცები ძირითადად ასე, მტრად აღიქვამენ ქალს. არ ვიცი, აქ როგორაა, ცოლი მყავს და ქალებზე დაკვირვებები არ მიწარმოებია. მე ვიცი, რომ მარინას გვერდით ცხოვრება სხვანაირად მიხარია.
– და მუზებიც უფრო ხშირად გესტუმრებიან ხოლმე?
– მუსიკას მაწერინებს, ჩემი პირველი მსმენელია, ძალიან ვენდობი.
მარინა: როცა ზაზა მუსიკას წერს, ფეხის წვერებზე დავდივარ, ოღონდ, იძულებით არა, ჩემი ნებით. ვგიჟდები ზაზას მუსიკაზე, მიხარია, როცა ახალ მუსიკას ქმნის და ყველანაირად ხელს ვუწყობ.
ზაზა: ეს ხომ ჩვეულებრივი რამაა: მეც დავდივარ ფეხის წვერებზე, როცა მარინას სძინავს – ასე ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს ოჯახი.
– ოჯახური თანაცხოვრება ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინათ?
– არც მიფიქრია, თუ რამე უნდა წარმომედგინა. ხანდახან მგონია, რომ იქაც ერთად ვცხოვრობდით. მაშინაც კი, როცა მასთან არ ვიყავი, სულ მინდოდა მასთან ყოფნა. როცა ურთიერთობა დავიწყეთ, ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიმალავს, მე ზუსტად ვიცოდი, ვისთან ჩამოვდიოდი. ჩვენ არც ასაკი გვქონდა ისეთი, რამე გვეთამაშა ერთმანეთთან – ეს არ დაგვჭირვებია. ჩვენ ისეთ ასაკში შევხვდით ერთმანეთს, როცა ხვდები, რომ გავიდა ცხოვრება და, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაიწყო.
მარინა: როცა თავიდან ფეხებამდე იცნობ ადამიანს, მერე იოლია ურთიერთობის აწყობა. ზაზა ძალიან კარგი, ნიჭიერი და საყვარელი ადამიანია, ამიტომაც, ბევრი ქალი გიჟდებოდა მასზე, მაგრამ, ტენდერში მე გავიმარჯვე და ამით ძალლიან ვამაყობ. თუ კვლავ იქნება შემოტევები, დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გავუმკლავდები.
ზაზა: ჩვენ უფრო გავაძლიერეთ ერთმანეთი. მარინას მეგობრები ჩემი მეგობრები გახდნენ, ჩემი მეგობრები – მისი. ჩემთვის მთავარია, რომ მასთან ერთად ვცხოვრობ ჩემს ქალაქში. ვხუმრობ ხოლმე, „სიყვარულის პარტია“ შევქმენით- მეთქი (იცინის).
– პარტიის თავმჯდომარე ვინაა?
მარინა: პარტიის თავმჯდომარე ზაზაა, მე ვარ პარტიის სწავლული მდივანი და მძღოლი, რადგან, მე ზაზაზე უკეთესი მძღოლი ვარ.
ზაზა: იმიტომაა ჩემზე უკეთესი მძღოლი, რომ მე არ ვარღვევ მოძრაობის წესებს, კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თბილისში კი ეს არ შეიძლება. მარიკოს კარგად გამოსდის ხაზიდან ხაზში სიარული (იცინის).