კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე სწყდება გული ირაკლი ალასანიას სიდედრს და რის გამო აკრიტიკებს ის შვილებს

დალი ფანჯიკიძე – ცნობილი გერმანისტი და მთარგმნელი, გურამ ფანჯიკიძის მეუღლეა. ის საზოგადოებისთვის კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათიას და მინისტრ მაია ფანჯიკიძის დედაა. 

– ქალბატონო დალი, ოჯახში ორი მინისტრი გყავთ, ცნობილი ადამიანის მეუღლე ბრძანდებით, თავადაც ცნობილი ქალბატონი, წარმატებული შვილების დედა. როგორები იყვნენ ნათია და მაია ბავშვობაში, მკაცრი დედა იყავით?

– განსაკუთრებით მკაცრი დედა არასდროს ვყოფილვარ. ჩემი მეუღლე კი, მით უმეტეს, საკმაოდ ლიბერალი იყო – მათ შორის შვილებთან მიმართებაში. უბრალოდ, ყურადღებიანი ვიყავი სულ და ძირითადად, მათ ინტერესებს მე წარვმართავდი. ჩემი მითითებები და ჩანერგილი ჩვევები მეტ-ნაკლებად გამოადგათ ცხოვრებაში და დღეს ძალიან წარმატებულები არიან, რაც მახარებს. თუმცა, რომ გითხრათ, მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და ტოლებივით ვიყავით მეთქი, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ თავიანთ საიდუმლოებებს მიყვებოდნენ. არ მიყვარს მშობელი და შვილი ასაკით გაიგივებულები რომ არიან. უხეშად არასდროს ჩავრეულვარ ჩემი შვილების ცხოვრებაში და არჩევანში. ისეთი გარემო იყო ჩვენთან, ამდენი წიგნი ირგვლივ – მშობლების პროფესია იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, თითქოს გეზის მიცემა აღარც იყო საჭირო. 

– სადამსჯელო ფუნქციებს რომელი ითავსებდით, თქვენ თუ თქვენი მეუღლე?

– (იცინის). ეგრეთ წოდებული „დამსმენი დედა” არასდროს ვყოფილვარ. შემეძლო თავად მომეთხოვა და მეგებინებინა პასუხი შვილებისთვის და ამის გამო მეუღლე არ შემეწუხებინა. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით დასჭირვებოდათ ეს, ცოტათი უფრო ნათიას. ამის გამო ერთხელ სიმწარეც იწვნია – გარაჟების სახურავებზე დარბოდა, ფეხქვეშ თუნუქი ჩაუტყდა და კარგადაც დაშავდა. „გესტაპოელი” მშობლები არ ვყოფილვართ, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, სად იყვნენ ჩემი შვილები და რას აკეთებდნენ. მაია და ნათია გარეგნულადაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ხასიათითაც ხომ საერთოდ არ ჰგვანან. მაიას ნამდვილი გერმანული ხასიათი აქვს, ნახევრად გერმანულმა აღზრდამ მაინც მოახდინა გავლენა, ყოველთვის ძალიან ორგანიზებული, მოწესრიგებული და პუნქტუალური იყო. ნათია უფრო ხელოვანის ტიპი, თავისუფალი და ლაღი... შემაწუხებელი ბავშვი არც ერთი არ ყოფილა. ასაკში სხვაობა მათ შორის 11 წელია, მაია რომ სტუდენტი გახდა, ნათია დაწყებით კლასებში სწავლობდა. არ მახსოვს, კონფლიქტი და ხელჩართული ბრძოლა ჰქონოდათ, როგორც ხშირად დებს აქვთ ხოლმე.

– მაია როგორი უფროსი და იყო, ახლოს იყვნენ დები ერთმანეთთან?

– მაინცდამაინც ახლოს არ ყოფილან. იცით, ორივეს თავისი სამყარო, ინტერესები და სამეგობრო წრე ჰყავდა. ერთმანეთის საქმეში არ ერეოდნენ. 

– ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ჩარეულხართ შვილების ცხოვრებაში?

– არც პირად და არც პროფესიულ არჩევანში უხეშად არ ჩავრეულვართ. მაიამ განათლება გერმანიაში მიიღო, ჩემი გზა აირჩია და გერმანისტიკაზე ჩააბარა, იმ დროს საუკეთესო სტუდენტებს არჩევდნენ და სტაჟირებაზე გერმანიაში აგზავნიდნენ. მაიაც შეარჩიეს და გადაწყდა მისი იენის უნივერსიტეტში გაგზავნა. რა თქმა უნდა, აღფრთოვანებით შევხვდი ამ ამბავს, მაგრამ აი, მამა ცოტა წინააღმდეგი იყო (იცინის). იმის მიუხედავად, რომ გურამი ძალიან პროგრესულად მოაზროვნე იყო და ასეთ რაღაცეებს თავისუფლად ეკიდებოდა, მაინც განიცდიდა, არ უნდოდა მაიას გაშვება. ბუზღუნებდა, ამ სიშორეზე შვილის გაგზავნა არ უნდოდა, თან ამბობდა, გათხოვება დაუგვიანდებაო. მაგრამ ქალებმა მაინც ჩვენი გავიტანეთ. ძნელი იყო ამდენი წელი შვილის გარეშე, შორს გვყავდა და სულ ვფიქრობდით, მაგრამ, მაია არ იყო ისეთი, რომ მასში ეჭვი შეგვპარვოდა. მიმაჩნია, რომ კარგი სკოლა გაიარა გერმანიაში, ამან მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, რთული იყო, სტუდენტი გოგონა მარტო... სამოგზაუროდ კი იყო სკოლის პერიოდში ნამყოფი ევროპაში, მაგრამ მარტო პირველად წავიდა. 

– არ უშვებდით იმის შესაძლებლობას, რომ მაიას გერმანიაში შეექმნა ოჯახი? 

– იცით რა, შეიძლება ჩემი მეუღლე სწორედ მაგასაც უფრთხოდა, თუმცა ახლა რომ არის ასე გაიოლებული უცხოელებთან ქორწინებები, მაშინ არ იყო. თავში აზრადაც არ მოგვსვლია ასეთი რამ, არ გვიფიქრია, რომ გერმანელს გაჰყოლოდა მაია. 

– თქვენი შვილები საჯარო პირები არიან, ერთი მინისტრია, მეორე – მინისტრის მეუღლე. კრიტიკული ხართ მათ მიმართ?

– საკმაოდ კრიტიკული ვარ, მაგრამ ობიექტური. ყველაფერს არ ვუწონებ – ეკრანზე რომ ვხედავ „შენ გენაცვალოს დედა, რა მყავხარ-მეთქი,” არ ვფიქრობ. ვნერვიულობ, სულ განვიცდი, ყურადღების ცენტრში რომ არიან თავიანთი საქმიანობის გამო. მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. შვილებით აღფრთოვანებული, ენამოჩლექილი, ტრადიციული დედა არ ვარ. თუ თვითონ გამიზიარებენ საფიქრალს და რჩევას მკითხავენ, მივცემ რჩევას. შენიშვნებსაც ვაძლევ – ის ასე უნდა გეთქვა და გაგეკეთებინა-მეთქი. 

– ელოდით, რომ თქვენი შვილები პოლიტიკაში წავიდოდნენ?

– კი, მაია მაინც 16 წელი მუშაობდა დიპლომატის რანგში – ჯერ გერმანიაში, შემდეგ ჰოლანდიაში. ბუნებრივად მოხდა მისი პოლიტიკაში წასვლა. დამოუკიდებლობის მოპოვების მერე გერმანია იყო პირველი ქვეყანა, სადაც საქართველოს საელჩო გაიხსნა. ელჩად დაინიშნა კოტე გაბაშვილი და მან როგორც გერმანულის კარგ მცოდნეს, მაიას შესთავაზა თანამშრომლობა. საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ, მხარში ედგნენ ერთმანეთს.  თუმცა, არ ვარ სენტიმენტალური ადამიანი, მაგრამ თავისებურად რთულია მაინც, როცა ნათიაც და მაიაც ისეთი დატვირთულები არიან, ფიზიკურად დრო არ რჩებათ და  საკუთარ შვილებს ხშირად ვერ ვხედავ, რაზეც ვწუხვარ და გული მწყდება.

– გარდა საჯარო ცხოვრებისა, რა ჰობი, გატაცება აქვთ კიდევ თქვენს ქალიშვილებს?

– ნათიაც და მაიაც სერიოზულად გატაცებულები არიან მებაღეობით, გაშენებული აქვთ ბაღნარი და საკუთარი ხელით უვლიან მცენარეებს. არიან ძალიან კარგი კულინარები. მაიას დრო ნაკლებად აქვს, თორემ კულინარია ძალიან უყვარს. ხშირად უცხოური რეცეპტებით ჩემთვისაც საგანგებოდ ამზადებს. 

– თქვენ მესამე შვილიც გყავთ, ლაშა, მასზეც გვიამბეთ. 

– ლაშა ხელოვანია, მოქანდაკე, თუმცა ძალიან ცუდ დროს მოუწია საქმიანობა და პოლიტიკური კატაკლიზმების გამო, თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია, თუმცა საკმაოდ ნიჭიერია. ისე მოხდა, რომ ქალიშვილები უფრო რეალიზებულები აღმოჩნდნენ.  

– რა ინტენსივობით ახერხებთ შვილების ნახვას?

– შედარებით იშვიათად, სხვათა შორის, დღეს დამირეკეს და აპირებენ მოსვლას. მე ჩემს ვაჟთან ერთად ვცხოვრობ. ოჯახური შეკრებები გვაქვს ხოლმე და როცა სცალიათ მაიას და ნათიას, ერთად მოდიან.

– პოლიტიკაზე თუ საუბრობთ?

– არა, ნამდვილად არა (იცინის). პოლიტიკა ისეთი დოზით არის ისედაც შემოჭრილი ჩვენს ოჯახსა და ყოველდღიურობაში... რა თქმა უნდა, მაინტერესებს ქვეყანაში რა ხდება და ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს, მაგრამ დიდი დოზით პოლიტიკა მოსაბეზრებელია. ტელევიზორში არ ვარ შემძვრალი. ჩემი შვილების გამოსვლებს ყოველთვის ვუყურებ და მერე შენიშვნებსაც ვაძლევ. მიუხედავად ყველაფრისა, პოლიტიკა ყოველთვის შორს იყო ჩემგან – მე ვარ მეცნიერი და შემოქმედი, მთარგმნელი. თარგმნილი მაქვს: თომას მანის სამი რომანი – „ბუდენბროკები“, „ჯადოსნური მთა” და „ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება,” ასევე, მაქს ფრიშის – „ჰომო ფაბერი” და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი”, რაინერ მარია რილკეს – წერილები, ჰერმან ჰესეს – მცირე პროზა. 

– სამოსთან დაკავშირებით თუ აძლევთ ხოლმე რჩევებს?

– აქეთ მაძლევენ ეგეთ რჩევებს (იცინის). თვითონაც არ ვარ ისეთი, რომ ასაკის შეუფერებლად ჩავიცვა. ასე რომ, იშვიათად ვიმსახურებ შენიშვნებს. არც მე და არც ჩემი შვილები ჩაცმა-დახურვაზე გადარეულები არასოდეს ვყოფილვართ – ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. სხვათა შორის, ეს შარფი ახლა რომ მიკეთია, ჩემი სიძის, ირაკლის ნაჩუქარია და ძალიან მიყვარს. ჩვენს ოჯახში არ არის აუცილებლობა, მაინცდამაინც დაბადების დღეზე, ან სხვა დღესასწაულზე გავუკეთოთ ერთმანეთს საჩუქარი. ნათიამ და მაიამ იციან ჩემი გემოვნება და ყოველთვის იმას მჩუქნიან, რაც მომწონს. არა მარტო იმას, რაც მე მომწონს, რაც თვითონ უნდათ რომ მეცვას, იმასაც (იცინის). მაია თავიდანვე უფრო კლასიკურად და მკაცრად იცვამდა, მანამდეც, ვიდრე მინისტრი გახდებოდა. ნათია უფრო თავისუფალ სტილს ამჯობინებს, უყვარს ფრიალა კაბები. ეგრეთ წოდებულ შოპინგებზე არ დავდივართ ხოლმე. თუ უცხოეთში მიდიან, იქიდან ჩამოაქვთ ხოლმე საჩუქრები. 

– ესე იგი, სიძეც გიკეთებთ საჩუქრებს.

– დროდადრო. კარგი გემოვნება აქვს.

– ნათიამ, როგორც ვიცი, საკმაოდ ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი. თქვენ როგორ შეხვდით უმცროსი ქალიშვილის ამ გადაწყვეტილებას?

– ძალიან ჩვეულებრივად. 20 წლის ქალის გათხოვება არ მიმაჩნია ნაადრევად, სავსებით ნორმალურია. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლის დიდხანს ვიცნობდი მანამდე, საკმაოდ ხანმოკლე რომანის შემდეგ გადაწყვიტეს დაქორწინება და მშობლებიც საკმაოდ ადრეულ ასაკში გახდნენ. ცერემონიით და ოფიციალურად ქალიშვილის ხელი არ უთხოვია ირაკლის – მძიმე პერიოდს დაემთხვა მათი შეუღლება, 90-იანი წლები, გაჭირვება... არც ქორწილი ჰქონიათ. საკმაოდ სადად და უბრალოდ მოხდა ყველაფერი. 

– ესე იგი, სასიძო მოგწონდათ.

– კი, რა თქმა უნდა. თუმცა ახლა სიძეზე საუბარი და მისი ქება ულამაზოდ მიმაჩნია.

– ირაკლი და ნათია თუ ახერხებენ ხშირად თქვენთან მოსვლას?

– ჩემი სახლი თავშეყრის ადგილია. ვცდილობ, რაც ირაკლის უყვარს, ის მოვუმზადო. თუმცა, მიზეზიანი და პრეტენზიული არ არის. ძალიან სადა და ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ორივე სიძესთან. როგორც სიდედრი, თავს ბევრის უფლებას არ ვაძლევ, არ ვერევი მათ ცხოვრებაში და ეს მომწონს. 

– შვილი რომელი გგავთ ხასიათით?

– ვერ ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც მგავს რომელიმე. თუმცა, მე საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ვარ. ჩემი შვილებიც ასეთები არიან. 

– შვილიშვილებზეც გვითხარით ორიოდ სიტყვით. 

– მყავს 6 შვილიშვილი, მათ შორის ერთი უკვე დაოჯახებულია და 3 შვილი ჰყავს, 3 ულამაზესი შვილთაშვილი მყავს. ასე რომ, ამ მხრივაც მოხდილი მაქვს ვალი. ერთი შვილიშვილი გერმანიაში სწავლობს. 

– თქვენი შვილები თუ არიან მკაცრები თავიანთ შვილებთან? 

– მაიაც და ნათიაც საკმაოდ თავისუფლად ზრდიან შვილებს. 

– ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლაზე თუ გიფიქრიათ ოდესმე, ქალბატონო დალი?

– არა, არასოდეს გვიფიქრია. ისიც კი არ დაგვიშვია, რომ მაია შეიძლება, გერმანიაში დარჩენილიყო სამუდამოდ. 

скачать dle 11.3